როგორ მალავენ სამინისტროები საჯარო ინფორმაციას?!

„ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტი“ სამინისტროებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სირთულეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ, ამ მხრივ, საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე _ ვლადიმერ ლაგვილავა:

_ თქვენი გაზეთის მეშვეობით ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სამინისტროების მივლინებების ხარჯებზე. ახლა ყურადღება მინდა გავამახვილო სამინისტროების მიდგომაზე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით. ამ მხრივ სრული კატასტროფაა. რა ინფორმაციასაც ვითხოვდით, აუცილებლად უნდა წარმოებდეს, პირველ რიგში, ეს გახლავთ სამივლინებო ხარჯები. ჩვენ ვითხოვდით მივლინებაში ნამყოფი თანამშრომლების სიას და თითოეულ მათგანზე გაწეულ სამივლინებო დანახარჯს 2016 წლის პირველი იანვრიდან პირველ აგვისტომდე. ყველა სამინისტროს 6 აგვისტოს წერილები გავუგზავნეთ და სამივლინებო მოხსენებითი ბარათების მიხედვით მივლინებების შედეგებს ვითხოვდით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სად იყო მივლინება, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ? რა იყო მივლინების მიზანი? რა იყო ღონისძიებაში ქართული მხარის მიზანშეწონილობა? ინფორმაცია მონაწილეთა შესახებ; ღონისძიებების შინაარსი; რა სარგებელი მოვიპოვეთ ჩვენ ამ მივლინებით და შემდგომი ნაბიჯები _ რეკომენდაციები თუ იყო გაცემული ამ ყველაფერთან დაკავშირებით? როგორც ადრე მომზადებულ მასალაში აღვნიშნეთ, ძირითადად, ერთიან ციფრებს გვიგზავნიდნენ. რამდენიმე სამინისტრომ თითოეულ პერსონაზე მოგვაწოდა ინფორმაცია, ზოგმა, მაგალითად, მაღალი თანამდებობის პირებსა და სხვა თანამშრომლებზე დაგვიმალა, სახელი და გვარი არ დაგვიწერა, მაგრამ გვითხრა, რომ კონკრეტული ადამიანი მიუნხენში რაღაც ვიზიტზე იყო და ამდენი დახარჯა. ეს რაღაც ვიზიტი ზოგი ჩანს და ზოგი _ არა. რაც უფრო კატასტროფულია, ქვეყნის შიგნით მივლინებებზე ძალიან დიდი თანხები იხარჯება.

_ ამ საკითხის მიმართ ყველაზე ცუდად დამოკიდებულება ვის ჰქონდა?

_ ერთ-ერთი ყველაზე აგდებული პოზიცია ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც ორჯერ გამოგვიგზავნა წერილი, რომ ბმულზე შევსულიყავით. ბმულზე რომ შედიხარ, ინფორმაცია განთავსებულია, მაგრამ მხოლოდ ციფრები, ვინ იყო და სად იყო, არ წერია.

კონკრეტულ, შს სამინისტროს მაგალითზე გეტყვით: ყველამ კარგად ვიცით, რომ თუ 10 სამუშაო დღის ვადაში რომელიღაც კონკრეტული სახელმწიფო უწყება ჩვენ მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე არ გვიპასუხებს, თუ ეს სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს, უფლება გვაქვს, რომ ინფორმაციის გაუცემლობაზე სასამართლოში ვუჩივლოთ. ამათ შემდეგი ხრიკი მოძებნეს _ ჩვენ რასაც ვითხოვთ, იმას არ გვიგზავნიან და რაღაც სხვა ინფორმაციას გვაძლევენ, რომ არ ვუჩივლოთ. კონკრეტულ გაწერილ ციფრებს და საკითხს არავინ გვიგზავნის. ამ 19 სამინისტროდან უმეტესობაზე ვსაუბრობ, რამდენიმეს გამოკლებით. ხომ გავაგზავნეთ წერილი და დეტალურად ჩაშლილი საჯარო ინფორმაცია მოვითხოვეთ, ამათ მთლიანი ინფორმაცია გამოგვიგზავნეს, ვითომ ჭკუაში მოგვატყუონ, რომ შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე პრობლემა არ იყოს, მაგრამ ამას არ დავუშვებთ! მივმართეთ შს სამინისტროს, პირველი წერილი ამ სამინისტროს 6 აგვისტოს გავუგზავნეთ. ამ წერილზე შს სამინისტრომ 14 სექტემბერს გვიპასუხა. ეს მათი მოწერილი პირველი წერილი იყო, სადაც წერენ, რომ თქვენი ამა და ამ ნომერი წერილის პასუხად, რომლითაც ითხოვთ ინფორმაციის მიწოდებას შს სამინისტროს სამივლინებო ხარჯების შესახებ, გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება საჭიროებს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში შესაბამისი მონაცემების მოძიებასა და დამუშავებას, ამდენად, პასუხი გეცნობებათ ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთანავე. ეს წერილი მოგვივიდა 14 სექტემბერს, 6 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ძალიან ბევრი, 10 სამუშაო დღე არის გასული, სულ მცირე, ორი, ანუ ეს პირველი წერილიც დაგვიანებული იყო, მაგრამ რადგან მოგვწერეს, ცოტა შეიძლება ფოსტასაც დავაბრალოთ და გავჩერდით, დაველოდეთ ინფორმაციას შს სამინისტროდან. შემდეგ გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ თქვენთან ინფორმაცია გადმოგზავნილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ვამოწმებთ ელექტრონულ ფოსტას და არანაირი წერილი არ არის. ამის შემდეგ, 6 ოქტომბერს, ახალ წერილს ვამზადებთ. ვინც ჩვენ მოგვწერა და გვიპასუხა, ეს იყო შსს ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე თეონა კოზმანაშვილი და ამ ქალბატონის სახელზე, უკვე, 6 ოქტომბერს ვაგზავნით წერილს: თქვენი ამა და ამ ნომრის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ არის მოწოდებული. გთხოვთ, მოგვაწოდოთ საჯარო ინფორმაცია ფოსტის მეშვეობით. ამ ყველაფრის შემდეგ წერილს ვიღებთ 2016 წლის 21 დეკემბერს. პრაქტიკულად, 6 აგვისტოს წერილზე, 26 დეკემბერს მოგვდის პასუხი, სადაც გვწერენ, რომ თქვენი წერილის პასუხად გიგზავნით შს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ მონაცემებს თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯების შესახებ. აქვე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაციით, შს სამინისტრო აღრიცხვას არ აწარმოებს. შს სამინისტრო პირდაპირ გეუბნება, რომ მოხსენებით ბარათებს მივლინებების შესახებ არ ვაწარმოებთო! თან წერენ, დანართს გაეცანითო. რა არის ახლა ეს ერთი ფურცელი _ ეს არის საზოგადოების სრული დაცინვა! საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, წერენ, რომ ეს არის 2015 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტლის მონაცემები, ჯერ ერთი _ ჩვენ მესამე კვარტლის მონაცემები არ მოგვითხოვია, მეორე _ სამად გაყოფილ პატარა გრაფაში წერია: ქვეყნის შიგნით მივლინება, რამდენი დაიხარჯა თანამდებობის პირებზე და რამდენი დაიხარჯა სხვა თანამშრომლებზე. ქვეყნის გარეთ რამდენი დაიხარჯა თანამდებობის პირებზე, რამდენი დაიხარჯა სხვა თანამშრომლებზე. ეს არის სულ ის ინფორმაცია, რომლის მოწოდებასაც 6 თვე დასჭრდა.

_ რა დასკვნა გამოიტანეთ ამ ინფორმაციიდან, რამდენს ხარჯავს მივლინებებში შს სამინისტრო?

_ აქაც ძალიან საინტერესო ინფორმაციას წავაწყდით: როგორც შს სამინისტრო გვწერს, ქვეყნის შიგნით მივლინებებზე თანამდებობის პირებმა დახარჯეს, სამივე კვარტალში, 148 639,15 ლარი, თანამდებობის პირებმა, დაახლოებით, 7-8 თვეში დახარჯეს 150 000 ლარი ქვეყნის შიგნით მივლინებებზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ცალკე მანქანები ჰყავთ, ბენზინი და ა. შ., რომელიც არ შედის სამივლინებო ხარჯებში და მაინც ამხელა დანახარჯია. შს სამინისტროს სხვა თანამშრომლები, ქვეყნის შიგნით სამი კვარტლის მონაცემებით, ხარჯავენ 1 848 788, 28 ლარს, თითქმის, ორ მილიონს. ჯამურად: თანამდებობის პირებმა და სხვა თანამშრომლებმა ორ მილიონ ლარზე მეტი ქვეყნის შიგნით დახარჯეს 8 თვეში. ეს კოლოსალური ციფრია ქვეყნის შიგნით დახარჯულ მივლინებებზე. კარგად ვიცით, რომ პოლიცია და შს სამინისტროს უწყებები ყველა რაიონშია და რა იარეს ორი მილიონის, ძალიან საინტერესოა! რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მივლინებებს, თანამდებობის პირებმა 425 129,49 ლარი დახარჯეს, თითქმის ნახევარი მილიონი ლარი, ხოლო სხვა თანამშრომლებმა 394 516,55 ლარი. ჯამურად: ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ექსკურსიაზე იყვნენ თანამდებობის პირები, ხოლო სხვა თანამშრომლები შედარებით ნაკლებად; რომ ქვეყნის გარეთ მივლინებებზე უფრო მეტია დახარჯული, ვიდრე ქვეყნის შიგნით. რაც მთავარია, ჯამურად, თანამდებობის პირებმა სამ კვარტალში, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მივლინებებში დახარჯეს 573 768,64, ანუ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, ხოლო სხვა თანამშრომლებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ 2 243 304,83 ლარი, სულ 3 მილიონ ლარამდეა დახარჯული მივლინებებში, მაგრამ მხოლოდ თანამდებობის პირები და სხვა თანამშრომლები წერია. ეს თანამშრომლები კონკრეტული მასალების მოსაძიებლად წავიდნენ ბათუმში. ისვენებდნენ თუ არა მონაკოში, კაციშვილმა არ იცის და თანხა ჩვენთვის უცნობ თანამშრომლებზეა დახარჯული. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ საქმე ეხება ძალოვან უწყებას, შესაბამისად, შეიძლება რაღაც ნაწილი გასაიდუმლოებული იყოს, მაგრამ ინფორმაციის სრული მოცულობა საჯაროა. რაც ყველაზე მთავარია, ისინი სამარცხვინო მდგომარეობაში იგდებენ თავს!

კიდევ ერთი დეტალი: ჩვენ ეს წერილი, საბოლოო ჯამში, 21 დეკემბრით დათარიღებული მივიღეთ. მინდა, საზოგადოებამ აუცილებლად იცოდეს, რომ ეს წერილი 21 დეკემბერს არ ჩაგვვარდნია ხელში, თორემ აქამდე თქვენი მეშვეობით უკვე დავწერდით. ეს წერილი 21 დეკემბრით არის დათარიღებული, მაგრამ რეალურად იანვარში ავიღეთ: შს სამინისტროს წარმომადგენელი დაგვიკავშირდა, 19 სამინისტროს ჩვენ მიერ ათასობით გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე წერილის გამოგზავნის პრობლემა არ ჰქონია, ამათ გვითხრეს, რომ ვერ გიგზავნით, უკან გვიბრუნებენ და იქნებ, თქვენ თვითონ წაიღოთო. ჩვენ თვითონ ვეახელით შს სამინისტროს სპეციალურ განყოფლებაში და ჩვენივე ხელით წამოვიღეთ ეს წერილი. მით უმეტეს, რომ კონვერტზე მითითებულია ჩვენი ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციის თავმჯდომარის სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. როგორც ჩანს, ესეც შს სამინისტროს ახალი ხრიკია, რომ მერე პრობლემა არ ყოფილიყო. მით უმეტეს, „ანტიკორუფციული კვლევის ინსტიტუტის“ აქტიურობა ასეთ საკითხებში იციან. ადრეც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ ჩასაფრებულ პოზიციაში, რომ ფეხი გადაუბრუნდეთ და ამით რაღაც მინუსები დავუწეროთ, შესაბამისად, არც ერთი სამინისტროსთვის სასამართლოში არ გვიჩივლია, მაგრამ თქვენი გაზეთისა და სხვა მედიასაშულებებით მუდმივად ვცდილობთ, მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ისინი შეცდომას უშვებენ! გულწრფელად გვიკვირს, რომ ამის შეხსენება სჭირდებათ, დემოკრატიის პირობებში საზოგადოების ერთადერთი მოვალეობაა კონტროლი და მონიტორინგი გაუწიოს ხელისუფლების საქმიანობას, ხოლო ხელისუფლების ერთადერთი მოვალეობაა _ ღიად და გამჭვირვალედ წარმართოს თავისი საქმიანობა, რაც, ამ ეტაპზე, ნამდვილად არ ხდება. ხელისუფლების საქმიანობაზე მონიტორინგის გაწევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ქვეყნისთვის, ანუ ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც მწირი ფინანსური რესურსები აქვს, ასევე მნიშვნელოვანია მისი მიზანმიმართულება და ნორმალურად ხარჯვა. ამიტომ საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, ხელფასი, პრემია, მივლინებაში ყოფნის ხარჯები და ა. შ. ეს ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით იფარება, ბიუჯეტში შეტანილი ფულით და არა მათი მამა-პაპის მიერ დატოვებული ქონებით. როგორც წესი, საჯარო დაწესებულებებსა და მათ ხელმძღვანელებს უნდა აინტერესებდეთ ამ მონაცემების გამჭვირვალობა და ღიაობა, მაგრამ როგორ აინტერესებთ, კარგად ვხედავთ. საჯარო ინფორმაციის გაცემას ხელს კი არ უნდა უშლიდნენ, პირიქით, ხელს უნდა უწყობდნენ, მაგრამ ეს იმის ეჭვს იწვევს, რომ ყველაფერი კარგად არ არის და რაღაც ირღვევა. შს სამინისტროს ეს კონკრეტული მაგალითი ამის დადასტურებაა. არც ერთ სამინისტროს არ ჰქონია მოხსენებითი ბარათები, მით უმეტეს, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ. თავისუფლად შეუძლიათ ჩაბრძანდნენ ევროპის ქვეყნებში, მიმართონ მათ სამინისტროებს და ნახავენ, რომ ამის წარმოება საჭიროა, მით უმეტეს, როდესაც მივლინებაში უშვებ კონკრეტულ თანამშრომელს. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით როდესაც მივდივარ მივლინებაში, მიუხედევად იმისა, რომ უფროსი არ მყავს, რომელსაც ანგარიში უნდა ჩავაბარო, ჩემთვის ვწერ ანგარიშს, რომ ამა და ამ შეხვედრაზე ვიყავი, ვინ ესწრებოდნენ, რა შედეგი გამოიღო და ა. შ. ეს უნდა კეთდებოდეს, მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფო ფულით ფინანსდები და როდესაც ქვეყნის ინტერესები უნდა გატარდეს. თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამდაგვარი დოკუმენტი არც ერთ სამინისტროს საერთოდ არ გააჩნია და კომპეტენტურად მივიჩნევთ თავს, რომ ამ მიზანშეწონილობის შესახებ შევახსენოთ, რომელიც დაადასტურებდა მივლინებების მიზანშეწონილობას, ხოლო ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ გააჩენდა არც ერთ კითხვას.

_ რას აპირებთ?

_ ახლა ვაპირებთ, იმ მონაცემებზე, რომელზედაც გესაუბრეთ, ყველა სამინისტროში ახლიდან გავაგზავნოთ წერილები. უკვე გამოვითხოვთ მთელი წლის ინფორმაციას, რომ საზოგადოების წინაშე ეს ყველაფერი საჯაროდ გამოვიტანოთ და აქვე, თქვენი გაზეთის მეშვეობით, სახელმწიფო უწყებებს ვაფრთხილებთ _ არ შეეცადონ და თავი არ აარიდონ ჩვენ მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხს. ეს ხრიკები ჩვენთან აღარ გაუვათ, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ხელისუფლების მიმართ ლოიალურები ვყოფილიყავით, არ გავქცეულვართ სასამართლოში და ხელმეორედ მივწერეთ, კიდევ, რას გვიპასუხებენ. ეს იქნება ბოლო, როდესაც ამ ინფორმაციას საჯაროდ გამოვითხოვთ, ასევე გამოვითხოვთ საჯარო სამსახურის თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ მთელი წლის ინფორმაციას. თქვენი გაზეთის მეშვეობით ვაპირებთ, რომ საზოგადოებამ ფართოდ ნახოს ეს ყველაფერი, მაგრამ თუ საჯარო ინფორმაციის სრულად გაცემასთან დაკავშირებით რაიმე ხრიკები, შემაფერხებელი დეტალები იქნება და ინფორმაციას სრულად არ მოგვცემენ, უკვე აღარ ვაპირებთ გაჩერებას და, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოში ვიბრძოლებთ.

 

თამარ ბატიაშვილი