როგორია თაღლითური სქემა, რომელსაც დედაქალაქში მაკლერები ახორციელებენ?!

„ქრონიკა+“-ს დაზარალებულმა მოქალაქემ მიმართა. მან დედაქალაქში მოქმედი თაღლითური სქემა ამხილა, რომელსაც მაკლერები ახორციელებენ. ქალბატონის თხოვნით, მის ვინაობას არ ვასახელებთ, თუმცა ის მზადაა, სამართალდამცველ ორგანოებთან თავისუფლად ისაუბროს.

„ქრონიკა+“-ს დაზარალებული ქალბატონი ესაუბრება:

_ ჩემი ქალიშვილი უცხოეთში მუშაობდა, იქიდან რომ ჩამოვიდა, თბილისში 8000 აშშ დოლარად ბინა დაიგირავა. როდესაც ბინაში უნდა გადავსულიყავით, ბინის მეპატრონის მაზლმა არ შეგვიშვა, ერთმანეთში რაღაც დავა ჰქონიათ და უფლებას არ აძლევდა. ბინის მეპატრონე იმ ღამეს საზღვარგარეთ მიფრინავდა და ჩვენ ფულის დაბრუნება სასწრაფოდ მოვთხოვეთ. ძალიან განერვიულდა, ფული ვერ იშოვა და მაკლერ სვეტა ვარგანიანთან მიგვიყვანა. გვითხრა, _ ეს ქალბატონი იქნება პასუხისმგებელი, ბინას გადააგირავებს და თქვენს ფულს დაგიბრუნებთო. ჩემი ქალიშვილი მაკლერს პერიოდულად აკითხავდა. ერთხელაც, ასეთი შეხვედრის დროს, ვარგანიანმა უთხრა, _ როდესაც ფულს მიიღებ, ბინა აღარ დაიგირავო, კაცი ვიცი, რომელსაც ძვირადღირებული მიწა ბევრი აქვს, 1500 კვ.მ. მიწაში ჩაუდე ეგ თანხა და თვეში პროცენტს 300 დოლარს გადაგიხდის, იმით ბინის ქირასაც დაფარავ და ფულიც დაგრჩებაო.

_ დაეთანხმეთ მაკლერის შემოთავაზებას?

_ ჩემი ქალიშვილი დააინტერესა და გვითხრა, რომ მეორე დღეს შემოთავაზებულ მიწას გვაჩვენებდა. მართლაც ვნახეთ, ცენტრალური გზის პირას მდებარეობდა, ირგვლივ სულ სამსართულიანი სახლები იყო აშენებული. ადგილი მოგვეწონა. გვითხრეს, რომ იქ 1 კვ.მ. მიწა 20-25 დოლარი ღირს და თუ ფულს ვერ დააბრუნებდნენ, არ დავზარალდებოდით, მაგრამ მაინც მოტყუებულები დავრჩით. მაკლერმა სხვა მიწა გვაჩვენა და იპოთეკის ხელშეკრულება სულ სხვა მიწაზე გავაფორმეთ, რომელიც სოფელ კრწანისში მდებარეობს და მიწის მეპატრონე თემურ დადეშქელიანიც იქ ცხოვრობს.

_ არ გადაამოწმეთ საჯარო რეესტრში, რაზე აფორმებდით ხელშეკრულებას?

_ ეჭვი არ გაგვჩენია, რომ საჯარო რეესტრში კოდებით დაგვეწყო მიწის ძებნა. მეორე დღესვე გავაფორმეთ ხელშეკრულება ნოტარიული წესით, მაკლერიც იქ იყო და მიწის მეპატრონეც. თანხაც ნოტარიუსის თვალწინ გადავეცით. 300 დოლარი, რომელიც პროცენტის სახით ყოველთვიურად უნდა ეხადა, 3 თვის, _ 900 დოლარი _ წინასწარ დატოვა. გავიდა სამი თვე და მეოთხე თვის გადასახადის დრო რომ დადგა, გაქრნენ, აღარც ტელეფონზე გვპასუხობდნენ. ერთხელაც ჩემი ქალიშვილი ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ თვის ბოლოს გადაიხდიდნენ, მაგრამ 3 თვე ასე გაწელეს. 6-თვიანი ხელშეკრულება დავდეთ და უკვე ის დრო მოვიდა, რომ იმ სამი თვის პროცენტთან ერთად მთლიანი თანხა უნდა დაებრუნებინათ. ერთხელ ტელეფონზე თემურ დადეშქელიანი დავიჭირეთ და გვიპასუხა, _ მე არ უნდა გადავიხადო ეს თანხა, სვეტას გადასახდელიაო. ვუთხარი, _ ხელშეკრულებაზე ხელი შენ გაქვს მოწერილი და მაკლერმა რატომ უნდა გადაიხადოს-მეთქი?! მიპასუხა, _ სვეტამ თქვა, მე გადავიხდიო. რამდენჯერმე ასე მიპასუხა. თუმცა ხელშეკრულება რომ უნდა გაგვეფორმებინა და ამ კაცს შევხვდით, მაშინ არ უთქვამს, რომ ეს თანხა მას არ უნდა გადაეხადა, პირიქით, ამბობდა, ამ ფულით სათბური უნდა ავაშენოო. ასე რომ გვცოდნოდა, არ დავთანხმდებოდით. ერთ დღესაც დადეშქელიანს შეხვედრაზე შევუთანხმდი, შევხვდით და ვკითხე, _ რატომ არ აბრუნებდა ფულს? მანქანაში ჩამსვა, მიწას განახებ და თან ვისაუბროთო. სადღაც ტრიალ მინდორში მივედით, მანქანა შუაში გააჩერა და მეუბნება, _ ეს მიწააო. გადავირიე, ვუთხარი, _ სვეტამ სხვა მიწა გვაჩვენა-მეთქი. მიპასუხა, _ არ ვიცი, ვინ რა გაჩვენათ, იპოთეკაში ეს მიწაა ჩადებული, ფული არ მაქვს, აგერ მიწა და გაიფორმეთო. მაშინ მივხვდი, რომ მოტყუებულები ვიყავით. დადეშქელიანმა ჩემ თვალწინ დაურეკა სვეტას და უთხრა, _ ცოდოა ეს ხალხი, ჩემთან მოვიდნენ და რა ვქნათო? იმან უპასუხა, _ ორშაბათს შევხვდეთ და დაგარიგებო. ვუთხარი, რომ მათ შეხვედრას მეც დავესწრებოდი. ეს არის მათი თაღლითური სქემა.

_ თქვენ მსგავსად არიან სხვა დაზარალებულებიც?

_ დიახ, ანალოგიური სქემით სხვებიც არიან მოტყუებულები. ერთის გვარი კაპანაძეა, თვითონ გამოგვეხმაურა, ზუსტად ასეა ამოტყუებული, სხვა მიწა რომ აჩვენა და ხელშეკრულება სხვაზე გაუფორმეს. ბევრნი არიან, სხვა ჯგუფიც ჰყავთ და პროკურატურასთან არიან შეკრულები, იქ მიაქვთ ფულები. დადეშქელიანმა თქვა, _ სვეტა ჩემთან მოვიდა და მითხრა, 8000-დოლარიანი კლიენტი მყავს, ახლა ფული ძალიან მჭირდება და შენი მიწა მათხოვე, სასწრაფოდ გამოყავი 1500 კვ.მ. და იპოთეკაში ჩაუდე, ფულს მე წავიღებ, 1500 დოლარს შენ მოგცემ, მერე პროცენტსა და ძირს გადავიხდი, მიწასაც გამოვიხსნი და მოგებული დარჩებიო. ახლა კიდევ არ იხდის, მეც არ მაქვს ფული და მიწა გაიფორმეთო. 800-დოლარიანი მიწა 8000 დოლარში უნდა მომასაღოს, ყველას ასე უკეთებენ! არანაირად არ ვარგა ის მიწები, საძოვრადაც კი, მარილიანი მიწაა და ბალახი არ იზრდება, ადამიანის ჭაჭანება იქ არ არის და რად გვინდა ის მიწა?! არც გაიყიდება, ვის რად უნდა!

_ სამართალდამცველებს არ მიმართეთ?

_ მაშინვე შევიტანეთ განცხადება ქალაქის პროკურატურაში, ჩუღურეთის პროკურატურას დაეწერა, ნოტარიუსში, სადაც გავაფორმეთ, იმ ადგილის მიხედვით განისაზღვრა. გამომძიებელია ელზა სონღულაშვილი, დაკითხვაზე დაგვიბარა. ჩვენი ადვოკატიც მათ გაურიგდა, ყველაზე გადიან! გუშინ მივაკითხე პროკურატურას და მეუბნებიან, _ არ გამოიკვეთა დანაშაული და სასამართლოში შეგიძლიათ სამოქალაქო წესით იჩივლოთ, ან მორიგდეთო. არადა, რაც გითხარით, ამაში ნამდვილად არის სისხლის სამართლის დანაშაული, თაღლითობა და როგორც გაირკვა, სულ ტყუილებში ვიყავით, ამაზე მეტი დანაშაული რა უნდა იყოს?! არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, წერილობით მივაწოდე ინფორმაცია, როგორც მოწმე დავეკითხე, მაგრამ დოკუმენტები უკან გადმომიდეს.

_ სასამართლოს მიმართავთ?

_ არა, სასამართლოთი ჩვენს ფულს ვერ ამოვიღებთ. ის მიწა რომ აუქციონზე გავიტანოთ, არ გაიყიდება, ვინ რას გადაიხდის იმ მიწაში?!

_ აბა, რას აპირებთ?

_ ზემოთ ხომ გითხარით, რომ ჩვენნაირად დაზარალებული გამოგვეხმაურა, ერთობლივად დავწერეთ წერილი და ახლა მთავარ პროკურატურაში შევიტანეთ. მან განცხადებაში ის ადამიანებიც მოიხსენია, რომლებიც ჩვენნაირად დაზარალდნენ და ამის შესახებ იცოდა. კაპანაძემ ყველაფერი იცის ამ საქმის ირგვლივ, ორი წელია, ამას დასდევს. ისიც ანალოგიურად არის მოტყუებული, მაგრამ საქმეში სხვადასხვა მაკლერი ფიგურირებს. ამ მიწებზე მაკლერები შესეულები არიან, დაიჭერენ ჩვენნაირ ხალხს და ატყუებენ. ამ ხალხს ზურგი რომ არ ჰქონდეს, მსგავსს ვერ გაბედავდა! კაპანაძე პროკურატურაში მაკლერებისა და გამომძიებლების საუბარს შეესწრო და დასკვნის გაკეთება იქიდანაც შეიძლება. თუმცა დეტალებს ვერ მოვყვები, რადგან უშუალოდ მე არ ვყოფილვარ ჩართული. ჩვენს გამომძიებელს აშკარაა, რომ უთხრეს, ეს საქმე ჩაფარცხულიყო! საქმეების გაერთიანების შესახებ მთავარ პროკურატურას რომ მივმართეთ, საქმეს ჯერ მსვლელობა არ მისცემია. მათ ველოდები, რას მოიმოქმედებენ და თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ: დაიწყონ სამართლიანი გამოძიება, ნუ გვაიძულებენ, რომ თვითონ დავიწყოთ სამართლის აღსრულება, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის თეიმურაზ დადეშქელიანს დაუკავშირდა:

_ ჩემს სახელზე კი არის ხელშეკრულება გაფორმებული, მაგრამ სვეტა ვარგანიანმა ეს თანხა ისესხა და მაშინვე წაიღო. პროცენტებს ხომ აძლევს სვეტა?! მე თვითონ ჩამადებინეს მიწა იპოთეკაში, სვეტას ვათხოვე.

_ თქვეენც მოტყუებული ხართ?

_ ასე გამოდის, მაგრამ სვეტა მეუბნებოდა, პროცენტს ვაძლევ და ძირის ფულსაც მივცემო. ამ წუთში არ მაქვს, მაგრამ მივცემო. ჩემს სახელზე გაფორმდა ეს ხელშეკრულება, ფული, კიდევ, სვეტამ წაიღო, პროცენტსაც ის აძლევდა, 8000 დოლარი რომ აიღო, იმ ფულიდან მაშინვე მისცა სამი თვის პროცენტი და მერეც აძლევდა.

_ სხვა მიწა რატომ აჩვენეთ ამ ქალბატონს?

_ მე არ მიჩვენებია, სვეტამ აჩვენა თუ არა, არ ვიცი. ესეც ტყუილი მგონია, თითქოს სხვა მიწა აჩვენა სვეტამ. თავიდან ამბობდა, არ მინდა ჩვენებაო და მერე როდის აჩვენა?!

_ თქვენ მაკლერთან გაქვთ ურთიერთობა. აპირებს, რომ ეს საქმე მოაგვაროს? ეს ხომ თქვენი ტვირთიც არის? პროკურატურაში ჩივიან ამის თაობაზე…

_ დიახ, გამომძიებელთანაც ვიყავი, დამკითხეს და როგორც იყო, ჩვენება მივეცი. სინამდვილეში, სვეტას მისცა ფული და ჩემს სახელზე გაფორმდა. ზარალზე მე თვითონ ვზივარ, რომ სვეტამ არ გადაიხადოს ეს თანხა, ამ მიწას ხომ დავკარგავ?! ცუდი ადგილი კი არ არის, რუსთავსა და თბილისს შუაა, დიდებული ადგილია.

_ რატომ ჩაუდეთ მაკლერს ეს მიწა, რაიმე სახის სარგებელი გქონდათ?

_ დიახ, 1500 დოლარი მომცა ამის სანაცვლოდ. მითხრა, რომ არანაირი პრობლემა არ შემექმნებოდა და თანხას თვითონ გადაიხდიდა. თვითონვე აღიარა სვეტამ, რომ თანხა მან აიღო.

 

„ქრონიკა+“ სვეტა ვარგანიანთან დაკავშირებასაც ცდილობდა, მაგრამ ტელეფონის ნომერი, რომლითაც ის სარგებლობდა, ამჟამად სხვის საკუთრებაშია.

 

თამარ ბატიაშვილი