რვა ნაბიჯით უკან მსოფლიო ეკონომიკაში

2018 წელს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, საქართველო 67-ე ადგილზეა. მაჩვენებელი ითვალისწინებს პოზიციას 137 ქვეყნიდან. წლევანდელი რეიტინგი საქართველოსთვის მომგებიანი ნამდვილად არ აღმოჩნდა _ გასულ წელთან შედარებით ჩვენმა ქვეყანამ რვა საფეხურით უკან დაიხია.

„ქრონიკა+“-ს ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე ესაუბრა:

_ 2004 წლის დასაწყისისთვის კალიფორნიის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა გადაწყვიტა, ისეთი მაჩვენებელი შეემუშავებინა, რომელიც ქვეყანას აბსოლუტურად კომპლექსურად წარმოაჩენდა _ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს კონკრეტულ სახელმწიფოს იმისთვის, რომ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ღირსეულად წარდგეს მსოფლიოს წინაშე, კონკურენციის თვალსაზრისით. ზოგს ქვეყანას, მაგალითად, იაფი სამუშაო ძალა აქვს, ზოგს საგადასახადო სისტემა აქვს კარგი, ზოგს _ მოსახერხებელი გეოგრაფიული მდებარეობა, ფინანსურ ბაზრებთან სიახლოვე, დაბალი საგადასახადო პროცენტი, ინფლაცია და ა. შ. მან სრულიად საზოგადოებას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შესთავაზა, რომელიც, დაახლოებით, 113 ინდიკატორის გათვალისწინებით გაინგარიშა.
_ კონკრეტულად რა ინდიკატორების მეშვეობით ითვლიან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგს?
_ როგორც აღვნიშნე, იყენებენ 113 ინდიკატორს: ითვალისწინებენ სახელმწიფო ინსტიტუტების ხარისხს, რა მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის მხრივ, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ჯანდაცვას, განათლებას, შრომის ბაზარს, ფინანსურ ბაზარს და ა. შ. ამის მიხედვით თითოეულ სახელმწიფოს საკუთარი შეფასება ეძლევა. ინფორმაციის შეგროვების ორი წყარო არსებობს: 1. ღია სტატისტიკური მონაცემები; 2. ცნობილი კომპანიისა და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული შეფასებები კითხვარების გამოყენების მეშვეობით. ინფორმაცია გროვდება, დაახლოებით, 137 ქვეყნის მიხედვით. ეს შედარებით ნაკლები რიცხვია, ვიდრე, მაგალითად, ადამიანის განვითარების ინდექსზე რომ აკეთებს შეფასების გაეროს გავითარების პროგრამა _ ამ შემთხვევაში ინფორმაცია 186 ქვეყნის მიხედვით გროვდება და მუშავდება.
ცხადია, ჩვენი ქვეყნისთვის კარგი მდგომარეობა არ არის. ფაქტობრივად, ჩვენ გარდამავალი ქვეყანა ვართ. ეს მხოლოდ ხატოვანი გამონათქვამი არ არის, ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ მაინც, სისტემურ წარმატებებთან შედარებით, სეგმენტური წარმატებები გვაქვს. მაგალითად, დავუშვათ, საქართველოში მიდის მშენებლობები, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ბათუმს და ნაკლებად არის ჩართული საქართველოს სხვა ტერიტორიები. გვაქვს ცალკეული წარმატებები სხვადასხვა სფეროში, მაგრამ, საერთო ჯამში, სფერო არ არის განვითარებული. ბოლო პერიოდის მიხედვით პირველ ადგილზე ვიმყოფებით ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით. ეროვნული კომპანიების მონაწილეობის მხრივ ბიზნესის სფეროში, შედარებით, უკანა პოზიციებს ვიკავებთ და ა. შ. ბევრი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, დღეისთვის, ბიზნესისა და ეკონომიკის თვალსაზრისით, არასტაბილური ქვეყანა ვართ. სტაბილურობის განცდა ფიზიკურად არ გაგვაჩნია.
ჩვენი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებასა და მის ხარისხზე საუბრისას მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის კომპონენტი, რომლითაც ფასდება ქვეყნის მდგარობა და კონკურენტუნარიანობა, მისი როლი და გავლენა მსოფლიო ბაზარზე, განსაზღვრული იყოს ყველა თანმდევი კომპონენტის სიმყარით.
_ რა არის დღეს საქართველოში ხელშემშლელი ან ხელშემწყობი ფაქტორები ბიზნესის კეთებისთვის?
_ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ბევრად იოლია ჩვენს ბაზარზე შემოსვლა და დამკვიდრება. ეს დასტურდება წლევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგითაც. რთული გახლავთ ბიზნესში ჩართულობა _ ბიზნესისთვის საბანკო კრედიტის ფასი ჩვენ გაცილებით ძვირი გვიჯდება. ერთ-ერთი ინდიკატორია შემდეგი _ რამდენად აღქმადია ეკონომიკა ნიჭიერი ადამიანების, ტალანტების გამოყენების მხრივ. აქაც ძალზე უკანა პოზიციებს ვიკავებთ. მსოფლიო ეკონომიკაში წარმატებას აღწევს ის სფერო და ის ბიზნესი, სადაც კრეატიულობა ღირსეულად ფასდება. ამ მხრივ ჩვენ საკმაოდ მოკრძალებული მდგომარეობა გვაქვს. მართალია, წინა წლებთან შედარებით, უმაღლესი განათლების დონის მხრივ, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ დაწყებითი განათლების სფეროს რაც შეეხება, აქ ძალიან მოვიკოჭლებთ და დაბალ დონეზე ვიმყოფებით.
შრომით ბაზართან დაკავშირებით, პირიქით, წინა წლებთან შედარებით უკან წავედით. წეღან ვახსენე, რომ ნიჭიერი ადამიანების მოზიდვის თვალსაზრისით 115-ე ადგილზე ვიმყოფებით ამ 137 ქვეყანაში. რატომ მიდიან საქართველოდან ყველაზე ნიჭიერი, ამბიციური, განათლებული პიროვნებები? ის ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სურთ წარმატების მიღწევა და საკუთარი უნარების შესაბამისი გარემო? იმიტომ, რომ საქართველოში მათ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება ნაკლებად აქვთ. სხვაგან მეტი შესაძლებლობა აქვთ. ქვეყანამ მაქსიმალური შესაძლებლობა უნდა მისცეს ახალგაზრდებს, რომ ხელი შეუწყოს, თუნდაც, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას.
_ ამ სფეროში რამდენად სპეციალიზებული კადრები ჰყავს დღეს ჩვენს ქვეყანას?
_ ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის საქართველოს ერთ-ერთი ბოლო პოზიცია უკავია ტექნიკური განათლების თვალსაზრისით. საბჭოთა პერიოდში სტუდენტთა რაოდენობა ტექნიკურ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, თითქმის, თანაბარი იყო. დღეს კი ჩვენ ვამზადებთ, დაახლოებით, ოთხჯერ მეტ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს ტექნიკური განათლების მსურველთან შედარებით. არადა, ქვეყანას ტექნიკური უნარების მქონე ადამიანები სჭირდება. სამაგიეროდ, ბევრი გვყავს ისეთი, ვინც დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, ეკონომიკური ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება და სხვ. აქ უკვე ხარისხის საკითხი დგება ბაზრის მოთხოვნასთან შესაბამისობაში. ნაკლებად იკვლევენ ბაზრს და პოტენციური დამსაქმებლების გამოკითხვა არ მიმდინარეობს. უკვე გვიან აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონკრეტული მიმართულების სპეციალიზებული კადრები საჭირო აღარ არის. სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები და კონკრეტული ოჯახების მიერ გაწეული ხარჯები კი უკვე დიდ რაოდენობას შეადგენს.
განათლების სფეროში საკმაოდ დიდი თანხები იდება. ამას დამატებული ოჯახების მიერ გაწეული სახსრები და, ფაქტობრივად, ასეთ გარემოში შედეგი გაცილებით თვალსაჩინო და ხარისხიანი უნდა იყოს.
_ ბიზნესის დაწყება ნულიდან _ დღევანდელ რეალობაში რა არის დამწყებისთვის მოტივაცია და რამდენად რეალურია მისი ამბიციები, „გამდიდრდეს“ სწრაფად და მარტივად?
_ წარმატებული ბიზნესმენობა გარკვეულ ცოდნას, ნიჭსა და უნარებს მოითხოვს. ყველას არ უნდა ჰქონდეს მოთხოვნა და მოთხოვნილება, რომ ფეხი შედგას ბიზნესის სამყაროში. ქართველებს ნამდვილად ჰგონიათ, რომ საბაზრო ეკონომიკა სწრაფი და იოლი გამდიდრების შესაძლებლობას იძლევა. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. საჭიროა ყოველდღიური, რუტინული, თანდათანობითი შრომა. საჭიროა მეტი ცოდნა ბიზნესთან დაკავშირებით. ცოდნა ბიზნესის წარმოების კვალდაკვალ მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ბოლო პერიოდის რეგულაციები საბანკო სფეროში, რომელიც სულ მალე ამოქმედდება, სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ ადამიანებს გაურთულდებათ ბიზნესსესხის აღება და ბიზნესის წამოწყება. ადამიანი რაღაც საქმიანობას რომ იწყებს, ის ინფორმირებული და გაფრთხილებული უნდა იყოს, რა რისკებთან არის დაკავშირებული მისი მომავალი საქმიანობა, აქვს თუ არა ამას პერსპექტივა და რა თანმდევი ნაბიჯები შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერ პროცესს. შესაძლოა, მან დაკარგოს კიდეც ის თავდაპირველი კაპიტალი, რაც ჰქონდა. ამ დროსაც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს? სახელმწიფომ უნდა იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და გარკვეული კატეგორიების ბავშვებზე, რომლებიც მოკლებულები არიან მზრუნველობას. დანარჩენ შემთხვევაში ადამიანებმა თავად უნდა აგონ პასუხი საკუთარ მოქმედებებზე.
_ როგორ უნდა ერეოდეს სახელმწიფო ბიზნესის კეთების საკითხში?
_ ამ შემთხვევაში საჭიროა ზომიერი დამოკიდებულება. სახელმწიფო უნდა წევდეს გარკვეული სახის მომსახურებას ცოდნისა და ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. ეს იქნებოდა იდეალური შემთხვევა. სახელმწიფო სტრუქტურებშიც არიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ საკუთარი თანამდებობით და არაკეთილსინდისიერ ბიზნესგარიგებებზე მიდიან საკუთარი კეთილდღეობისთვის. ეს არის კორუფცია, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი _ ეს არის მსოფლიო მოვლენა. ამოცანა გახლავთ ის, რომ ნებისმიერი ჩინოვნიკის ნებისმიერი ქმედება იყოს გამჭვირვალე და არსებობდეს საზოგადოებრივი კონტროლი ჯერ შიდა კოლექტივის მიერ და შემდეგ გარედან _ საზოგადოების მიერ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყოს ზიანის მომტანი არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფისთვის.
_ ბიუროკრატიული ბარიერების არსებობის დონე როგორია დღევანდელ ქართულ ბიზნესსამყაროში?
_ ჩვენთვის პრობლემა არის არა იმდენად სამართლებრივი ბარიერები, რამდენადაც მოხელეთა კომპეტენტურობა. ჩვენ გაცილებით მეტი თანამდებობა გვაქვს იმასთან შედარებით, ვიდრე გვყავს თანამდებობის ადეკვატური და ღირსეული პირები. ფაქტობრივად, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, არსებული კადრები ან თანამდებობებს „აცდენენ“ ან ადეკვატურ კადრებს ბარიერის მოხსნის ნაცვლად პირიქით _ უქმნიან. სახელმწიფოებრივი ცნობიერების მატარებელი ჩინოვნიკების ბიუროკრატიის წილი აშკარად ჩამორჩება არსებულ თანამდებობათა რაოდენობას. ამიტომ, ხშირად, კორპორაციული ინტერესები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
_ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველომ ის პოზიცია მაინც აღიდგინოს, რაც ერთი წლის წინათ ჰქონდა?
_ გარკვეული კრიტერიუმების შემთხვევაში ჩვენ გაუმჯობესებული მდგომარეობაც გვაქვს _ 12 პოზიციიდან სამის გათვალისწინებით წინსვლაა, თუმცა, ცხადია, საერთო ჯამში, მაინც ცუდი შედეგია. აუცილებელია, რომ, თითოეული ინდიკატორის გათვალისწინებით, მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ, ქვეყნის ადგილს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ დაქირავებული იმ საზოგადოების მიერ, რომელიც ფულს გვიხდის და ჩვენი ნებისმიერი ქმედება აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი.

მარიამ ტიელიძე