რეპორტაჟი ოსიაურიდან: რომელიც ნაქირავებ შენობაში ფუნქციონირებს

განათლება შეისწავლის და ნერგავს იმ ქმედებათა პროცესს, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. განათლებაში, აგრეთვე, იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას.

განათლების თაობაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ პროცესს ორგანიზებას უკეთებს ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი და ა. შ., ხოლო მათი მოვალეობაა, ბეჯითად შეისწავლონ ყველაფერი, ანუ აქტიურად მიიღონ შესასწავლი მასალა. მე-20 საუკუნიდან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული სწავლისთვის გადამწყვეტი ფაქტორია შინაგანი მოტივაცია. ამის შესაბამისად, მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო სწავლების სისტემის რეფორმირება.
გლობალიზაციის პროცესი კაცობრიობას სტიმულს აძლევს, რათა ხელახლა გავიაზროთ აღზრდისა და განათლების მთელი სისტემა.
ისტორიის განმავლობაში, ყველა ახალ ეტაპზე, კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვამდა საკითხს, _ როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით? ძიების პროცესი, ისევე როგორც თვით კაცობრიობის განვითარება, განუწყვეტელია, რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი, უმეტეს შემთხვევაში, გვავიწყდება არა განათლების „სუბიექტი“ თუ „ობიექტი“, არამედ პიროვნება, რომლის გამოც და რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს სისტემა _ ბავშვი, მოსწავლე.
სკოლა კი, ზოგადად, არის დაწესებულება, სადაც მოსწავლეები სწავლობენ მასწავლებლებისგან. უფრო კონკრეტულად: სკოლა შეიძლება აღნიშნავდეს საშუალო სკოლას, ასევე რაიმე სპეციალიზებულ სასწავლო დაწესებულებას, ან უმაღლეს სასწავლებელს.
სხვა მნიშვნელობით სკოლა არის მეცნიერული, სასწავლო-საგანმანათლებლო, ან შემოქმედებითი მოღვაწეობის, საშუალებების, რესურსების ერთობლიობა.
ახმეტაში სულ 20 სკოლაა, აქედან ერთ-ერთი სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაა. ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამორტიზებულ შენობაში სწავლობენ: დაბზარულია კედლები, დაზიანებულია ჭერი და კარ-ფანჯარა. ავარიული შენობის გამო მოსწავლეების ნაწილი სხვა სკოლებში გადავიდა. მათი მშობლები, კი ვისი შვილებიც ამ სკოლაში დადიან, შიშობენ, რომ ბავშვებს საფრთხე ემუქრება. სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ პედაგოგებიც.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ოსიაურის სოფლის საჯარო სკოლაში ამ დროისთვის 33 მოსწავლე სწავლობს. სკოლის ე. წ. შენობაში დაბზარულია კედლები, არ აქვს კარი, დაზიანებულია კარ-ფანჯრები, გაფუჭებული ჭერიდან წვიმის დროს წყალი უხვად ჩამოდის, იატაკი სავალალო ვითარებაშია, მოსწავლეები და მასწავლებლები ზამთრის სიცივეს კვლავ შეშის ღუმლით უმკლავდებიან, თუმცა უშედეგოდ, რადგან სკოლას სითბო ზამთარში არ უწერია.
ამ ყველაფრის გარდა, სივიწროვის გამო, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ერთსა და იმავე საკლასო ოთახში იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, სასწავლო პროცესი ჩაშლილია.
სკოლას არ გააჩნია სველი წერტილი, პირსაბანი, წყალი და ვერ აკმაყოფილებს ჰიგიენურ მოთხოვნებს.
ყველაფერთან ერთად შენობის ფართი, რომელშიც სკოლა 2012 წლიდანაა განთავსებული, ნაქირავებია და სკოლა მასში 350 ლარს იხდის ყოველთვიურად.
მართალია, დირექტორი ამბობს, რომ განათლების სამინიტრო საქმის კურსშია, მაგრამ გამოსავალი, ჯერჯერობით, არ არსებობს. უბრალოდ, სამინისტრო პირობას დებს, რომ სოფელს სკოლას აუშენებს. როდის? ეს ჯერ არავინ იცის

ზურაბ პავლიაშვილი _ ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
_ ჭერი გაფუჭებულია და შენობა სრულიად ამორტიზებულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, სასწავლო პროცესს ხომ ვერ ჩავშლით? სამინისტროდან გვეუბნებიან, რომ ახალი სკოლის მშენებლობა იგეგემება და ოსიაურის საჯარო სკოლა გეგმაში ზის, თუმცა უცნობია, როდის იქნება ეს მშენებლობა, _ 2019-ში თუ 2020-ში? ფართის სიმცირე და სკოლაში არსებული პრობლემები აწუხებს ყველას მოსწავლესაც და პედაგოგსაც.
უკვე 6 წელია, რაც ამ დაქირავებულ ბინაში ვასწავლით ჩვენს ბავშვებს, მაგრამ მაინც, ასეა თუ ისე, ვცდილობთ, მიზანს მივაღწიოთ. პრაქტიკულად, გმირობის ტოლფასია ჩვენი მასწავლებლების მუშაობა ამ გარემოში. არ გვაქვს ფართი და ასე ვიწრო პირობებში ვართ.

ყველაზე მთავარი პრობლემა: მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში გადადიან, აქ დარჩენილი ბავშვები კი განათლების სამინისტროს დროულ რეაგირებას სკოლისთვის შენობის აშენებას სთხოვენ.
სკოლის მოსწავლეების მშობლებმა არაერთხელ მიმართეს წერილობით სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ციცინო ქროზაშვილი, მშობელი:
_ ყოველდღე მეშინია, ჩემს შვილს სკოლაში რომ ვუშვებ, არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს, _ ჭერიდან წყალი ჩამოდის, სკოლა ინგრევა, ბავშვები დიდი საფრთხის ქვეშ არიან, მაგრამ ბავშვების სხვა სკოლაში ტარების საშუალება არ მაქვს. ბავშვს რომ წყალი მოუნდეს, სკოლაში წყალი არ მოდის და მეზობლად ვინმეს სახლში უნდა გადავიდეს დასალევად. ყოველ წელს ვწერთ წერილს განათლების სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ, მომკითხავი არავინ არის.

თეონა თედეიშვილი _ მშობელი:
_ ყოველდღე შიშით ვცხოვრობ, ან რაიმე არ დაეცეს, ან იატაკი არ ჩაინგრეს და ბავშვი სადმე სარდაფში არ ჩავარდეს.
განათლების სამინიტრო კი განმარტავს, რომ დოკუმენტების მოგვარება მიმდინარეობს, რომ ტენდერი გამოცხადდეს და სკოლა შემდეგ აშენდება, მაგრამ სოფელში სამინისტროს ამ დაპირების, რატომღაც, არავის სჯერა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლა ბავშვს იმ უნარ-ჩვევებს აძლევს, რასაც ვერც ერთი სხვა სოციალური ინსტიტუტი და სასწავლო დაწესებულება ვერ მისცემს, ამიტომ გამართლებულია განათლების სოციოლოგიის საგნად სკოლისა და სასწავლო პროცესის მიჩნევა. სკოლის მერხიდან უკვე განსაზღვრულია ბავშვის ადგილი საზოგადოებაში. თუ ადრე ელიტურ საზოგადოებას ქონება და წარმოშობა განაპირობებდა, დღეს ამ საზოგადოებას განათლება და კვალიფიკაცია ქმნის. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ განათლება ნელ-ნელა უფრო დაფასებული ხდება. უმრავლესობა განათლებისკენ მიისწრაფის, რადგან იცის, რომ თანამედროვე სამყაროში განათლების გარეშე საკუთარ თავს ვერ იპოვი. განათლება ადამიანს ეხმარება, რომ სწორი ორიენტაცია დაიჭიროს ცხოვრებაში.
თუმცა აქვე რჩება ოსიაურის სკოლის როლი მის აღსაზრდელებში…
და რა უნდა მისცეს ოსიაურის სკოლამ ბავშვებს, გარდა იმისა, რომ პედაგოგები ცდილობენ, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვთა სწავლების პროცესი?
ოსიაურის სკოლა ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც ბავშვებს სკოლაში წასვლის წინ მშობლები, ალბათ, პირჯვარს სწერენ და ეუბნებიან: „უფალმა დაგლოცოს, შვილო, ნეტავ, დღეს სახლში მშვიდობით დაბრუნდე“.
როცა სკოლა ნებისმიერი ფორმით საფრთხეს შეიცავს, იქ განათლებაზე საუბარი უკვე წარმოუდგენელია!

მაკა მოსიაშვილი