რა პირობებში უწევს მუშაობა ბერლინში პოპულარულ ქართულ რესტორანს?

ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს რესტორანსალხინოსმფლობელ სოფო შელიასთან:

სოფო, გერმანიაში განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული, მუშაობა შეწყვიტა თითქმის ყველა დიდმა და მცირე ბიზნესმა. თქვენი ოჯახი ბერლინში ქართულ რესტორანს ფლობს. საინტერესოა, რა გამოწვევების წინაშე დგახართ?

– ჩემი ოჯახი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ფლობს ქართულ რესტორან „სალხინოს“. თავდაპირველად შეზღუდვა გამოცხადდა სამუშაო საათებზე, კონკრეტულად, ნება დაგვრთეს გვემუშავა 18:00 საათამდე. დადგენილებიდან რამდენიმე დღეში ახალი შეზღუდვა გამოგვიცხადეს, ამჯერად რესტორნებს დართეს უფლება, მხოლოდ მიტანისა და თავად წაღების სერვისებით ემუშავათ. 15 მარტიდან დღემდე ასე გრძელდება. ჩვენი რესტორანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და რთული იყო ადგილის მიღება ჯავშნის გარეშე, განსაკუთრებით სამუშაო კვირის ბოლოს. ჩვენთვის ძალიან მკაფიო და მტკივნეულია კონტრასტი დღევანდელობასა და გუშინდელს შორის.

რას აკეთებს გერმანიის სახელმწიფო ბიზნესსექტორის დასახმარებლად?

– შეზღუდვების გაკეთების პარალელურ რეჟიმში გამოცხადდა, რომ ყველა ბიზნესი, პირველ რიგში კი მცირე და საშუალო, სახელმწიფოსგან მიიღებდა დახმარების პროგრამაში ჩართვის საშუალებას. პროგრამა ითვალისწინებდა ორ მიმართულებას:

1. არადასაბრუნებელი ფულადი თანხა, რომელიც შედგებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან + კონკრეტული რეგიონის მიერ გამოყოფილი თანხებისგან. თანხა კი განისაზღვრა სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის რაოდენობის მიხედვით და შეადგინა 15 000-მდე ევრო;

2. შესაძლებლობა ბანკიდან უპროცენტო კრედიტის მიღებისა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გერმანული ბიუროკრატიისა, განცხადებების განხილვა და დადასტურება ზემოხსენებული პროგრამებისთვის ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ასევე გადავადდა წინასწარი საშემოსავლო გადასახადის გადახდის თარიღები. ობიექტების მფლობელებს მიეცათ ქირისა და სხვა რეგულარული გადასახადების, საჭიროების შემთხვევაში, სამი თვით გადავადების საშუალება, გამქირავებლებსა და სხვადასხვა სერვისის მომწოდებლებს კი, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შეღავათების გაკეთების ვალდებულება.

თქვენს ობიექტზე დასაქმებულების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. ამ შემთხვევაში მათ რა სახის დახმარება შეეხება?

– ჩვენთან მომუშავე პერსონალი 100%-ით ქართველებისგან შედგება. ვინაიდან უმრავლესობა სტუდენტია და ე. წ. მინიჯობზე იყო, რაც გულისხმობს არასრულ სამუშაო დღეს და ხელფასს, სამუშაო საათების მიხედვით, მათი დროებით განთავისუფლება მოგვიწია. რამდენიმე თანამშრომელი და ჩვენ, ოჯახის წევრები ვუმკლავდებით იმ სამუშაო დატვირთვას, რაც დღეს გვაქვს. ზოგადად კი არსებობს სახელმწიფოს დაპირება, რომ დასაქმებულს, რომელმაც დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა სამუშაო საათების რაოდენობა და, შესაბამისად, ხელფასი, აუნაზღაურდება ხელფასის, დაახლოებით, 60%. ამისთვის საჭიროა განაცხადის გაკეთება და აქ უკვე საბუთების დამუშავების ხანგრძლივ პროცესს ვეხებით.

დაბოლოს, რა მოლოდინი გაქვთ და თქვენი ოჯახის ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია კარანტინის დროს?

– ვფიქრობ, ის, რაც მოხდა და ხდება დღეს, დიდ კვალს დატოვებს ყოველ ჩვენგანზე. ზოგადად, ვცდილობ, ვიყო ოპტიმისტი და ამასთანავე – რეალისტი. მინდა, ხვალ გავიღვიძოთ დედამიწაზე, სადაც გვაქვს ვაქცინა და წამალი, დამარცხდა კოვიდ-19, მაგრამ მგონია, რომ ამას თვეები დასჭირდება და მირჩევნია, ფსიქოლოგიურად მზად ვიყო. თუ აქამდე დროის დეფიციტი გვქონდა, ახლა ყველაფერი პირიქითაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვრჩებით სამსახურში, რათა ჩვენი სტუმრები დარჩნენ სახლში, ეს ჩვენი ნორმალური დატვირთვის 2%-იღაა. თავისუფალ დროს ვიყენებთ ჩვენი ბიზნესის განვითარების დაგეგმვაზე; მიზნად დავისახეთ ფილიალის კონცეპტის განახლება. ეს ყველაფერი რომ ჩაწყნარდება, ვფიქრობთ, განახლებული ინტერიერით და გაორმაგებული ენთუზიაზმით შევხვდებით ჩვენს სტუმრებს. მინდა გისურვოთ, დარჩეთ ჯანმრთელად ფიზიკურად და სულიერად. ყველაფერი კარგადაა და კიდევ უკეთესად იქნება!

ლევან ქემოკლიძე