რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი 2016 წელს ქართულ პოლიტიკაში?!

2016 წლის მთავარ პოლიტიკურ პროცესებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ-პოლიტოლოგებს ესაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი:

_ 2016 წლის დასაწყისი ნამდვილად ოპტიმიზმის მომგვრელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს, განსხვავებით მისი წინამორბედისგან, არ ჰქონია პრეზიდენტთან ურთიერთობის რაიმე პრობლემა. საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა ის გამაოგნებელი სტატუსი პრემიერ-მინისტრისა, რომელსაც აკრძალული ჰქონდა კომუნიკაციები პრეზიდენტთან და რაიმე სახის ღონისძიებაზე პრეზიდენტის სასახლეში მონაწილეობის მიღება. ამას თუ იმასაც დავამატებთ, რომ საქართველოს პარლამენტს უაღრესად შედეგიანი თავმჯდომარე ჰყავდა ბატონი უსუფაშვილის სახით, ეს უმაღლესი თანამდებობების მქონე სამი პირი, გამომდინარე ურთიერთკეთილგანწყობისგან და მზაობისგან მუდმივი თანამშრომლობისა, ალბათ, არცთუ ცოტა ქვეყნისთვის იქნებოდა სანატრელი. რაც უფრო ვიჭრებოდით გაზაფხულიდან შემოდგომისკენ იმავ სივრცეში, ნათელი ხდებოდა, რომ საქართველოში პარტიულ ინტერესთა მიმართ ბევრად უფრო დიდი ყურადღება იყო ხელისუფლების მქონე სუბიექტისგან და უკვე პარტიულმა ინტერესებმა შემოდგომაზე მიჭირხვნა სახელმწიფო ინტერესები, რასაც, სამწუხაროდ, ამჟამადაც ვამჩნევთ. როდესაც ერთი პირის მიერ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე გვყავს, რამდენი ასეული წევრიც არ უნდა გყავდეს ერთსა და იმავე პოლიტიკურ სუბიექტს პარლამენტში, მათი ხელის აწევით დადასტურება საკუთარი მხედრის ასეთ დანიშვნასთან დაკავშირებით, როგორიც არის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, რასაკვირველია, მხოლოდ პარტიული ინტერესის ნიშანი იყო და არა სახელმწიფოს ინტერესისა, რადგან ჩვენს ქვეყანას რომ შესძლებოდა, წინმსწრები ყოფილიყო მისთვის სახელმწიფო ინტერესები, როგორმე მოიძიებდნენ ამ თანამდებობისთვის ისეთ პირს, რომელიც უფრო ახლოს იქნებოდა თავისი გამოცდილებით, თავისი ბიოგრაფიული მონაცემებით უკანასკნელ პარლამენტის თავმჯდომარესთან მიახლოებით. იმხელა ნაპრალია უსუფაშვილსა და კობახიძეს შორის, ამის დაშვება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, თუ ვისი პრიორიტეტი იქნებოდა სახელმწიფო ინტერესები, ნამდვილად არ შეეშლებოდა. გარდა ამისა, ისიც გულდასაწყვეტია, რომ დღევანდელმა ხლისუფლებამ არ ითაკილა და ყველა მიუღებელი ნაბიჯი, რასაც ადგილი ჰქონდა მათი წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან საარჩევნო პროცესში, გაიმეორა. რაღა მოეხერხებინა და მოახერხა კიდეც, ფაქტობრივად, კონსტიტუციის პრივატიზაცია. ახლა ჩვენ ცრემლმორეულნი ველოდებით ცვლილებებს, რომელსაც პრივატიზებული კონსტიტუცია იგრძნობს და თუ ზომიერების განცდა დაუჩლუნგდა „ქართულ ოცნებას“, არ გამოირიცხება, რომ მათი გამოღვიძება მოუწიოს სრულიად საქართველოს. ჩემთვის ისიც მიუღებელია, ახალ მთავრობას, რომ ერთ წუთსაც არ აძლევენ ამოსუნთქვისთვის და მუდმივად ყველა, იქნება ეს პარლამენტარი, პოლიტიკური პარტიის წევრი თუ ექსპერტთა წრის წარმომადგენელი, რატომღაც, მათთვის, როგორც ჩანს, სიამოვნების გრძნობის გამომხატველია დღევანდელი მთავრობის მუდმივი ლანძღვა, რომელსაც, ფაქტობრივად, საქმიანობა ჯერ არც დაუწყია. კი ბატონო, გავიდა ერთი თვე ახალი პარლამენტის საქმიანობისა და უმალ ახალი მთავრობის შემადგენლობაც მოიწონა, მაგრამ თავად ამ მთავრობას, რასაკვირველია, ხელს უშლის მუდმივი, იმდენად არა აუცილებლობა, არამედ, თვითვალდებულება, რომ თავი იმართლოს ყველას წინაშე მიუხედავად იმისა, რა საფუძველი უდევს კრიტიკას, რომელიც არ ჩერდება მთავრობის მიმართ. ჩემთვის კი ყველა პრობლემა მოგვარებადია, თუ იქნება გონიერ სუბიექტთა სურვილი, რომ არა ტელეკამერების წინ, არამედ სამუშაო კაბინეტში ისაუბრონ და რაიმე საერთო შედეგებამდე მივიდნენ, დაივიწყონ საკუთარი განსხვავებული პარტიობის წევრობა და საერთო საქართველოზე იზრუნონ. ჩვენ ამას სამწუხაროდ, ვერც ვხედავთ, ვერც ვგრძნობთ, ხოლო სატელევიზიო სივრცე გადატენილია სწორედ იმ თემებით, უმთავრესად არაკომპეტენტური ინფორმაციებით, რასაც ჰქვია საქართველოს კეთილდღეობის პერსპექტივა. რასაკვირველია, მთავრობის პასუხისმგებლობა მაღალია, მაგრამ ისეთ ვითარებაში, როგორშიც აღვმოჩნდით, ჩემთვის ყველაზე უფრო მიუღებელია მცდელობა ეკონომიკური ჩიხიდან გამოსვლისა რკინიგზისა და სტრატეგიული გაზსადენის ნაწილის გაყიდვის შემთხვევაში. ეს ღვთისგან ბოძებული ჩვენი გეოპოლიტიკური არსებობის გამამყარებელი ორი ობიექტი არაერთხელ იყო ასეთი საფრთხის წინაშე და არც ერთ მთავრობას ასეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რადგან იყო ყოველთვის ბევრად მეტი არგუმენტი იმისა, რამდენად უფრო ზიანის მომტანია საქართველოსთვის ჯერ პოლიტიკურად, შემდგომ ეკონომიკურადაც ამ სიმდიდრის გასხვისება, მით უმეტეს, როდესაც ვუყურებთ პოლიტიკურ რუკას და მარტივად არის წარმოსადგენი, ვის ინტერესებში შედის საქართველოს ორი, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდება, მაგრამ ვიდრე ეკონომისტები კალკულატორებით ითვლიან შემოსავლებს და გასავლებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაიზრონ, რა სახის პოლიტიკური საფრთხეების წინაშე აყენებენ საკუთარ სახელმწიფოს. უფრო მეტიც, ახლა უკვე აღმოჩნდა, რომ, თურმე, რკინიგზისა და გაზსადენის მფლობელის ვინაობა არის გასაიდუმლოებული. ადრე ეს ასე არ იყო. გამეხარდება, თუ თქვენ ამ კითხვას საჯარო რეესტრს დაუსვამთ და თქვენ იქნებით პირველნი, ვინც შეძლებს გაგვაგებინოს, ვინ, როდის, რატომ გაასაიდუმლოა ეს საკითხი და რეალურად, ვის ხელშია. ღმერთმა ნუ ქნას, ჩუმად უკვე გაყიდული იყოს! ეს საკითხი წამოწეულია ძალიან სანდო წყაროს მიერ, რომელიც მიმაჩნია ყველაზე გონიერ ეკონომისტად და სამშობლოს მოყვარულ ადამიანად. ის ფაქტი, რომ ამის უკან რაღაც იმალება, ჩემთვის იქიდანაც მიმანიშნებელია, რომ ნავთობის სახელმწიფო კომპანია საერთოდ არ არის საქმის კურსში და ტელევიზიიდან იგებს, რომ ნაწილი უნდა გაიყიდოს. არანაირი კონსულტაცია, არავითარი სახის დისკუსია არ შემდგარა, ვიღაცამ ბოდიში და დააბრახუნა, _ მოდი, გავყიდოთ ეს და მივიღოთ ფული. კი მაგრამ, ნუთუ, ჩვენი არსებობის ისტორიაში დღევანდელი მთავრობაა ყველაზე ღარიბი და ღატაკი?! არა მგონია, ეს ასე იყოს! ამიტომ ვიდრე გაჟღერდება რაიმე შემოსავლის წყარო, ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ წყაროდან ერთი ყლუპიც კი შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის მავნებელი.

 

რამაზ საყვარელიძე:

_ 2016 წელი საინტერესო და კარგი იყო იმ მხრივ, რომ ცენტრალური მოვლენა ამ წელიწადს ჩემთვის არის არჩევნები, რომელიც სრულიად მოულოდნელი მიმართულებით წარიმართა. ყველა ელოდა, რომ ხელისუფლებისა და მთავარი ოპოზიციური ძალის უკმაყოფილების გამო, მოსახლეობა აირჩევდა სხვა პოლიტიურ პარტიებს, ამაში ეს პარტიები თითქმის დარწმუნებული იყვნენ და ამ დროს აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი რევოლუციას გეგმავს, რომ მოსახლეობისთვის ეს ფაქტი მიუღებელია, რომ ძლიერი დამცველი სჭირდებათ და ამ ყველაფერმა უმრავლესობით მოიყვანა „ქართული ოცნება“. ეს შედეგები სრულიად მოულოდნელი იყო ასეთივე გაგრძელებით, _ ერთმანეთის მიყოლებით ზოგი პოლირიკოსი სახლში წავიდა, ზოგი პარტია შიგნით დაიყო და ა. შ., ანუ პარტიებმა შეიცვალეს ის მდგომარეობა, რომელიც მანამდე ჰქონდათ. მოკლედ, 2016 წელს ვიმყოფებოდით სიურპრიზების რეჟიმში და ველოდებით მომავალ სიურპრიზებს, ეს კი კარგი და საინტერესოა!

 

ხათუნა ლაგაზიძე:

_ შიდა პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, ერთგვარად, ფატალური შედეგით დასრულდა. მოსუფთავდა არა მხოლოდ პოლიტიკური ველი, არამედ, სამოქალაქო სივრცეც. როგორია ძალთა განლაგება საქართველოს პარლამენტში _ საკონსტიტუციო უმრავლესობით არის „ქართული ოცნება“ და მან შეძლო შეესრულებინა ის დაპირება, რომელსაც მისგან ამომრჩეველი 2012 წელს ითხოვდა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ განეიტრალება. ის, რაც დღეს ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, სხვა არაფერია, თუ არა ამ პოლიტიკური ძალის განეიტარლების მცდელობა. ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, ეს ასე ჩანს და გარდაუვალია. გაიყოფა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, ის არის გაცილებით უფრო მძიმე გამოცდის წინაშე, ვიდრე ის იყო 2012 წელს, რადგან გაყოფის შემთხვევაში სააკაშვილისგან ჩამოშორებულ ჯგუფს რჩება „პერსპექტივა“, რომ ერთგვარ პოლიტიკურ კლუბად გადაიქცეს, მაგალითად, როგორიც იყო და არის „რესპუბლიკური პარტია“, რომელსაც დამოუკიდებლად სახელისუფლებო ამბიციები არასდროს ჰქონია და ვერც ექნება იმიტომ, რომ ამ ჯგუფს ყოველთვის ექნება ქარიზმატული ლიდერის დეფიციტი. გასაგებია, რომ სწორედ ამ ქარიზმატულ ლიდერს ეძებენ სწორედ გიგი უგულავაში, მაგრამ რამდენად შეიძლება იყოს უგულავა ქარიზმატული ლიდერი, ამ ეტაპზე, რთული სათქმელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არავინ იცის, რამდენ ხანს დაჰყოფს საპყრობილეში. მეორე მხრივ, სააკაშვილის ფრთის ქვეშ დარჩენილი ფლანგისთვისაც არ იქნება მარტივი ცხოვრება, რადგან სერიოზული ინტელექტუალური რესურსი გამოალდება განაყოფის სახით და მეორე _ თავად სააკაშვილის ყოფნა დისტანციაზე არის ის მთავარი გამოწვევა, რომელიც მის ფრთის ქვეშ დარჩენილებს ემუქრება. ეს სკანდალი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაპირობა იმან, რომ ძალიან რთულია დისტანციიდან პროცესების მართვა. ბუნებრივია, საქართველოდან 4-წლიანი შორს ყოფნით სააკაშვილმა დაკარგა პარტიის მართვის ბერკეტები. რა მიზეზებითაც არ უნდა იყოს განპირობებული განხეთქლება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მთავარი ის არის, მათი ლიდერი ქვეყანაში არ იმყოფება და მივიღეთ ეს სურათი. სააკაშვილის დაბრუნების პერსპექტივა იმაზე უფრო ბუნდოვანია, ვიდრე გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლა, ამიტომაც მისი ფრთხის ქვეშ დარჩენილი ფლანგიც საკმაოდ იქნება დასუსტებული. კიდევ ერთი საპარლამენტო ძალა, ეს გახლავთ „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც კომფორტული ოპოზიცია იყო როგორც საპარლამენტო ძალისთვის, ისე „ნაციონალებისთვის“ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგს ზედა ზღვარი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველი ყველაზე მზარდი შეიძლება იყოს, რადგან ის აერთიანებს ულტრაკონსერვატორულ და სოციალისტურ იდეებს, მისი ერთგვარი ნაზავია და, ფაქტობრივად, მათი ამომრჩეველი დღეს არის ამ იდეების მომხრე საზოგადოება. ამ ამომრჩევლის რიცხვი დღეს ყველაზე მზარდია საქართველოში, ისევე როგორც მთავარი ბრენდია დღეს ევროპაში და ამერიკაში, მაგრამ როგორც აღვნიშნე, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს თავისი რეიტინგის ზედა ზღვარი, დამოუკიდებლად, სახელისუფლო პარტიად ჩამოყალიბების რესურსი მას ამ ეტაპზე არ აქვს. რადგან ამ პარტიის რესურსი ფარგლებით არის შემოსაზღვრული, ამიტომაც არის ის კომფორტული ხელისუფლებისთვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ათვისება შეუძლია. რაც შეეხება არასაპარლამენტო ფლანგს, აქ ვხედავთ რა სავალალო ვითარებაა, აბსოლუტურად გადარეცხილია ეს სივრცე, ერთადერთი, ვინც შეინარჩუნა პარტია, არის ნინო ბურჯანაძე და ერთი საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა დავით უსუფაშვილი, რომელსაც დღემდე აქვს შემორჩენილი რესურსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლური ახალი პოლიტიური სახეები თუ ჯგუფები თავისი ფიგურის ირგვლივ გააერთიანოს. კიდევ ერთი ფიგურანტი, რომლის გააქტიურებასაც 2017 წელს ველი, ეს არის გიორგი მარგველაშვილი, ამას აანონსებს კიდეც მისი გარემოცვა, მაგრამ ის არ არის თავად იმ ტიპის ლიდერი, რომლის მოთხოვნაც არის დღეს საზოგადოებაში. რა გამოვა, ამას მომავალი გვიჩვენებს, ის ძალიან იღბლიანი ადამიანია, იშვიათია საქართველოს ისტორიაში ადამიანი, რომელსაც პირდაპირ აჩუქეს პრეზიდენტობა და რატომ არ შეიძლება მას ფორტუნამ მეორედაც გაუღიმოს?! ხელისუფლების უბეში გარინდული სამოქალაქო სექტორიც უნდა ვახსენოთ, შეიძლება პარალელი გავავლოთ 2004 წელთან, რომლის ძირითადი ნაწილი გადავიდა ხელისუფლებაში. ამჟამად ხელისუფლებაში გადასვლა არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან საეჭვოდ არის გარინდული. რა თქმა უნდა, არ არის საუბარი ყველაზე, რომ ხელისუფლების უბეში დაივანა ადგილი და შეიძლება, იმედგაცრუების ბრალი იყოს. წლის მთავარი მოულოდნელობა კი იყო განხეთქილება საპატრიარქოში. მოულოდნელი ის კი არ იყო, რომ დაპირისპირებაა, არამედ ამის სააშკარაოზე გამოსვლა. ის ჩაკეტილი სივრცეა და როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული პროცესები მიდის, რადგან ღია სახე შეიძინა. თუ საპატრიარქოში ეს დაპირისპირება გაღრმავდა, ყველაზე მონოლითური და გავლენიანი ინსტიტუცია დაკარგავს თავის გავლენას და ძალაუფლებას. შესაბამისად, ხელისუფლება სრულიად თავისუფალი იქნება თავის ქმედებებში.

 

თამარ ბატიაშვილი