რა თანხას ხარჯავენ სამინისტროები უცხოეთში ვიზიტებზე?!

ii

„ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტმა“ საქართველოში არსებულ 16 სამინისტროსა და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან თანამშრომელთა მივლინებების ხარჯებისა და მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

რა ხარჯები მიდის ქვეყნის ბიუჯეტიდან მინისტრებისა და მათი თანამშრომლების უცხოეთში ვიზიტებზე?

ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე _ ვლადიმერ ლაგვილავა:

_ „ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტის“ უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს, ხელისუფლებას მოსთხოვოს ანგარიში და გამჭვირვალე საქმიანობა. ამას ვაკეთებთ ჩვენ და ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ ვინმეს საქმიანობაში ნაკლოვანება აღმოვაჩინოთ, არამედ იმიტომ, რომ განვახორციელოთ საზოგადოების ფუნქცია _ საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლების საქმიანობაზე. საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, უპირველესად, სახელმწიფო სტრუქტურების საჯაროობას მოითხოვს, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ განცხადება. იგი რეალურად უნდა შესრულდეს. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ საზოგადოებისთვის არაფერია დამალული, ეს ხელს უწყობს საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას მართვის პროცესებში და რაც მთავარია, ასუსტებს კორუფციის შესაძლებლობებს.

ჩვენმა ორგანიზაციამ საქართველოში არსებულ თექვსმეტივე სამინისტროსა და სამ სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიმართა წერილით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებების ხარჯებისა და მიზნობრიობის შესახებ. მიზნობრიობა გამყარებული უნდა იყოს სამივლინებო მოხსენებითი ბარათებით, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მივლინება ქვეყნის შიგნით და გარეთ; მივლინების მიზანი; ღონისძიებაში ქართული მხარის მონაწილეობა; მონაწილეთა ზოგადი ინფორმაცია (ქვეყნები, რაოდენობა), ღონისძიების შინაარსი, განხილული საკითხები; სარგებელი, რომელიც მიიღო საქართველომ ამ მონაწილეობით; შემდგომი ნაბიჯები, რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის. სამინისტროს უმრავლესობამ ჩვენ მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე გვიპასუხა. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სამინისტროებში საერთოდ არ არის დანერგილი მოხსენებითი ბარათების წერის პრაქტიკა, რითაც „მართლდება“ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. განვიხილოთ სამინისტროთა ნაწილიდან მიღებული ინფორმაცია და შევაჯამოთ მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის 01.01 და 01.08-მდე ხარჯები:

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შვიდი თვის საერთო ხარჯია 130531.02 ლარი, მათ შორის, საზღვარგარეთ 93844.27 ლარი. ქვეყნის შიგნით 36686.75, ლარი. მინისტრმა აღნიშნული თანხიდან მივლინებისთვის მოიხმარა 19936.49 ლარი, ხოლო 37973.03 ლარი გაცემულია ისეთ პიროვნებებზე, რომელთა ვინაობასაც სამინისტრო არ ასაჯაროებს. არ აქვთ მოხსენებითი ბარათები.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შვიდი თვის საერთო ხარჯია 98307.48 ლარი, მათ შორის, საზღვარგარეთ 77440.80 ლარი, ქვეყნის შიგნით 20866.68 ლარი, მინისტრმა აღნიშნული თანხიდან მივლინებისთვის მოიხმარა 27631.26 ლარი, ხოლო 35384.28 ლარი გაცემულია ისეთ პიროვნებებზე, რომელთა ვინაობასაც სამინისტრო არ ასაჯაროებს. 35% მეტს წარმოადგენს ხარჯები ისეთ ადამიანებზე, რომელთა ვინაობაც არ ვიცით, ხოლო მინისტრის ერთკვირიანი ვიზიტი გადასახადის გადამხდელებს დაგვიჯდა 19000 ლარი. არ აქვთ მოხსენებითი ბარათები.

საქართველოს დევნილთა სამინისტროს შვიდი თვის საერთო ხარჯია 121750.15 ლარი, მათ შორის, საზღვარგარეთ 48393.93 ლარი, ქვეყნის შიგნით 73356.66 ლარი, მინისტრმა აღნიშნული თანხიდან მივლინებისთვის მოიხმარა 6274.17 ლარი. საინტერესო და გამოსაყოფია ორი ფაქტი: სამინისტროს ქვეყნის შიგნით მივლინებებზე უფრო მეტი ხარჯი აქვს და მინისტრი სუბარი ყველაზე „ეკონომიური“ მინისტრია, მან ყველაზე ცოტა გახარჯა მინისტრებს შორის. არ აქვთ მოხსენებითი ბარათები.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შვიდი თვის საერთო ხარჯია 29247.02 ლარი, მათ შორის, საზღვარგარეთ 29247.02 ლარი, ქვეყნის შიგნით მივლინება არ არის, მინისტრმა აღნიშნული თანხიდან მივლინებისთვის მოიხმარა 7039.33 ლარი, არ აქვთ მოხსენებითი ბარათები. ორი ფაქტია აღსანიშნავი. ამ სამინისტროს ყველაზე ნაკლები ხარჯი აქვს მივლინებებში და „ეკონომიურ მინისტრებში“ მეორე ადგილზეა მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შვიდი თვის საერთო ხარჯია 890228.48 ლარი, მათ შორის, საზღვარგარეთ 818167.11 ლარი, ქვეყნის შიგნით 72061.37 ლარი. მინისტრმა აღნიშნული თანხიდან მივლინებისთვის მოიხმარა 108912.34 ლარი, ხოლო 401735.87 გაცემულია ისეთ პიროვნებებზე, რომელთა ვინაობასაც სამინისტრო არ ასაჯაროებს, არ აქვთ მოხსენებითი ბარათები. აღსანიშნავია, რომ ძალიან მაღალია 40%-ზე მეტი ხარჯვითი ნაწილი ისეთ პიროვნებებზე, რომელთა ვინაობასაც სამინისტრო არ ასაჯაროებს. მხოლოდ მინისტრის მიერ დახარჯული თანხა გასცდა სხვა სამინისტროების საერთო ბიუჯეტს მივლინებებში. გამოსაყოფია მინისტრ ხიდაშელის სამი მივლინება: უნგრეთში სამდღიანი მივლინება დაჯდა 12419.10, რვა დღე 17141 ლარი, ხოლო 13-დღიანი მივლინება 5 ქვეყანაში 28626.40 ლარი.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დიასპორის საკითხებში შვიდი თვის საერთო ხარჯია 74008 ლარი, მათ შორის, საზღვარგარეთ 74008 ლარი. ქვეყნის შიგნით 00.00 ლარი. მინისტრმა აღნიშნული თანხიდან მივლინებისთვის მოიხმარა 44879 ლარი, ხოლო 20960 ლარი გაცემულია ისეთ პიროვნებებზე, რომელთა ვინაობასაც სამინისტრო არ ასაჯაროებს. არ აქვთ მოხსენებითი ბარათები. ხარჯის 60%-ზე მეტს მინისტრი მოიხმარს, ხოლო სხვა თანამდებობის პირებზე მხოლოდ 8169 ლარი დაიხარჯა. ყველაზე ცუდი ფაქტი ისაა, რომ შტატგარეშე თანამშრომლებზე გახარჯულია კოლოსალური თანხები, მათი და მინისტრის მრჩევლების ხარჯები ძვირი უჯდება ბიუჯეტს.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში შვიდი თვის საერთო ხარჯია 78880.29 ლარი, მათ შორის, საზღვარგარეთ 71866.46 ლარი, ქვეყნის შიგნით 7013.83 ლარი. მინისტრმა აღნიშნული თანხიდან მივლინებისთვის მოიხმარა 35699.19 ლარი. არ აქვთ მოხსენებითი ბარათები. ხარჯის 45%-ზე მეტს მინისტრი მოიხმარს. მრჩევლების ხარჯები ძვირი უჯდება ბიუჯეტს.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში   შვიდი თვის საერთო ხარჯია 293372.31 ლარი, მათ შორის, საზღვარგარეთ 267877.65 ლარი. ქვეყნის შიგნით 25496.66 ლარი. მინისტრმა აღნიშნული თანხიდან მივლინებისთვის მოიხმარა 72343.51 ლარი. 86754.68 ლარი გახარჯულია ისეთ პირებზე, რომელთა ვინაობასაც სამინისტრო არ ასაჯაროებს. არ აქვთ მოხსენებითი ბარათები. ხარჯის 60%-ზე მეტს საზოგადოებისთვის უცნობი ხალხი მოიხმარს.

ნახევარ მილიონ ლარზე მეტი 582807.86 გახარჯულია ისეთ პირებზე, რომელთა ვინაობასაც სამინისტროები არ ასაჯაროებენ, ვითომდა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს საჯარო დწესებულებაში დასაქმებულ პირთა ვინაობა (სახელი, გვარი) საკონტაქტო ინფორმაცია, ხელფასი, გაცემული პრემია-დანამატი, მივლინებაში ყოფნის ხარჯები და ა. შ., რადგან ეს ხარჯი ხალხის მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფულით ხორციელდება.

ჯამური მაჩვენებლები ასეთია: 1 716324.75 ლარი გახარჯა 8 სამინისტრომ შვიდ თვეში, აქედან 1 480845.21 ლარი საზღვარგარეთ მივლინებებში, 235479.54 ქვეყნის შიგნით მივლინებებში, ხოლო რვა მინისტრი შვიდი თვის განმავლობაში ბიუჯეტს დაუჯდა 322715.29 ლარი.

_ როგორც აღნიშნეთ, სამინისტროები ამ ინფორმაციას არ გაწვდიან იმ მიზნით, რომ პერსონალურ მონაცემებთან გვაქვს საქმე…

_ პირველ რიგში, სამინისტროს თანამშრომლებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებლები არიან, ერთმანეთში ერევათ, რა არის პერსონალური მონაცემები. ერთ-ერთმა სამინისტრომ გამოგვიგზავნა კიდეც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ გამოცემული ბრძანება. ის, რომ სახელი და გვარი ვიცოდეთ და ის, რომ თუ ამ ადამიანზე რა არის სახელმწიფოს, ანუ ჩევნი ფულიდან დახარჯული, ჩვენ ხომ ბიუჯეტში შეგვაქვს თანხა, ის ხომ სამინისტროს თანამშრომელია, არ აქვს მნიშვნელობა მის თანამდებობას, ის რომ საჯარო სამსახურის თანამშრომელია, უნდა ვიცოდეთ მისი ვინაობა. ზუსტად იმიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ხომ არ არის აქ რაღაც გადაცდომები, რასაც ხელისუფლებას ედავებიან? მაგალითად, ხომ არ არის ნეპოტიზმი, ხომ არ ჰყავთ დასაქმებულები ოჯახის წევრები და ა. შ.? გადავხედოთ, მაგალითად, ერთ-ერთია სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. მას შტატგარეშე თანამშრომლებზე მივლინების ხარჯები იმხელა აქვს გაწერილი, ერთჯერადად 3000 ლარი აქვს დახარჯული მივლინებაში. კიდევ ადამიანს, რომლის სახელი და გვარი არ ვიცით, მას აქვს დახარჯული 7000 ლარი. ასეთი ციფრები როდესაც გვხვდება, რა თქმა უნდა, საეჭვოა. მით უმეტეს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტი ხშირად არის საზღვარგარეთ სხვადასხვა ვიზიტზე, ჩვენ ვხედავთ ხოლმე მიზნობრიობას. როგორ იქცევიან ეს ადამიანები, ძალიან ბევრი სამინისტროს თანამშრომელი მივლინებაში მიდის მხოლოდ ექსკურსიის გამო, რომ ნახოს უცხო ქვეყანა. ასევე მნიშვნელოვანია, მაგალითისთვის, ჟენევაში გაეროს რომელიმე საკითხზე იმართებოდეს სხდომა, მაგრამ ეს სხდომა არ ეხებოდეს საქართველოს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა და ბევრი ფაქტი გვინახავს, რომ გარემოს დაცვის საკითხებს ეხებოდა აფრიკის კონტინენტზე და წარმოდგენილი იყო ქართული მხარე. ის არ არის აპრიორი, რომ თუ ადამიანი ვიზიტით მიდის, ემსახურება თუ არა საქართველოს ინტერესებს. მოხსენებითი ბარათები, რა თქმა უნდა, არავის მოუცია, ზოგიერთმა სამინისტრომ მოგვაწოდა მინისტრის ბრძანებები, რომ რომელიღაც თანამშრომელს უშვებს საზღვარგარეთ და დაურთო მოწვევა. კი ბატონო, გასაგებია, როცა მოწვევა მოდის სამინისტროზე და მერე მინისტრი უშვებს ამ ადამიანს, მაგრამ როცა უშვებს შტატგარეშე თანამშრომელს, ვისი სახელი და გვარი ჩვენ არ ვიცით, რამდენად მიზანშეწონილია მისი იქ გაშვება, თავისთავად, ეს უკვე მეორე საკითხია. აქ რომ გამოიყენონ პერსონალური მონაცემების დაცვა, ცალსახად შეცდომაა სამინისტროს მხრიდან.

_ პრაქტიკაში დამკვიდრებული მოხსენებითი ბარათების არქონა მიზანმიმართულად არის გაკეთებული, რომ რაღაც დაიმალოს, თუ უცოდინარობის შედეგია?

_ სულ მცირე, ეს არის უცოდინარობა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო პრეტენზიას აცხადებს ევროპულ ქვეყნობაზე, ვიზალიბერალიზაციასა და ა. შ., აიღონ საზღვარგარეთის სამინისტროები და ნახონ თითოეული თანამშრომლის მონაცემები განვითარებული ქვეყნების სამინისტროებში, ნებისმიერი თეთრი, რომელიც ბიუჯეტიდან არის გახარჯული, მიზანმიმართულად უნდა იყოს გათვლილი. თუნდაც, როცა მინისტრი ვარ და ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს ვაგზავნი საზღვარგარეთ კონკრეტული ვიზიტით, როცა მიდის, უნდა მიიღოს რაღაც გამოცდილება, ან კონკრეტული შედეგი მოიტანოს, ამის შესახებ უნდა მომახსენოს. ჩემთვის ცნობილია პრაქტიკა, რომელიც საქართველოში წინა ხელისუფლების დროს იყო, როდესაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი იბარებდა საქართველოს საგარეო სამინისტროდან ასეთ ანგარიშებს. ამის შემდეგ მე არსად მესმენია, რომ ამაზე ყოფილიყო საუბარი. წარმოიდგინეთ, თანამშრომელს უშვებ ვიზიტით ჟენევაში, ამ შემთხვევაში ან ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია, ან საგარეო საქმეთა სამინისტრო, კონკრეტული ოფიციალური ვიზიტით და ამის შესახებ არანაირი დოკუმენტაცია არ მაქვს, რა შედეგები მიიღო, იქ მონაწილე მხარეები ვინ იყვნენ, საქართველოსთვის რა შედეგი დადგა. ჩვენი თითოეული ვიზიტი ხომ გამოყენებული უნდა იყოს ქვეყნის საჭიროებისთვის, თუ მხოლოდ ექსკურსიას ეხება, ისიც გვითხრან. არც ერთ სამინისტროს არ ჰქონია, ძალიან ბევრმა სამინისტროს თანამშრომელმა ტელეფონზე დაგვირეკა, ვერც კი გაერკვნენ, როცა მოხსენებითი ბარათები ვითხოვეთ, რას ნიშნავდა. შემდეგ როცა მათ ვუხსნიდით, განმარტებაც კი ვერ გაიგეს, ზოგმა პირდაპირ გვითხრა, რომ ასეთი რამ პრაქტიკაში არ გვაქვს, ზოგმა, _ მაინც ვერ მივხვდი, რა არისო, ზოგიც ადგა და მინისტრის ბრძანებულებები გამოგვიგზავნა, რომელიც კონკრეტული პირის წარგზავნას ემსახურება, რისთვის იყო და რა ჩამოიტანა იქიდან. არავინ იცის, ეს თანხა, რეალურად, რისთვის დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას არავინ გვაწვდის. ეს შიდასამსახურებრივი დოკუმენტი ნამდვილად არ არის, ამას არ ვთხოვ თავდაცვის, ან შს სამინისტროს. ყველას გვესმის, რომ იქ შეიძლება იყოს საიდუმლო ინფორმაცია და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ვერ გაამჟღავნებ, მაგრამ, მაგალითად, როდესაც ამას ვთხოვ კულტურის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ან ნებისმიერ სხვას, აქ არ უნდა იყოს რაღაც პრობლემა. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი სამინისტროები არ არის დახვეწილი და არ არის თანამედროვე სტანდარტებს მორგებული. რაც მთავარია, საზოგადოების საჭიროებებს არ არის მორგებული _ მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ საზოგადოების მოთხოვნის იგნორირება არ შეიძლება და ანგარიში უნდა ჩაგვაბარონ. მით უმეტეს, საჯარო ინფორმაციის დამალვა, ან უსაფუძვლო უარი ინფორმაციის გაცემაზე არა მარტო დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფაა, არამედ, გაცილებით მეტი, კონსტიტიციაში ჩანაწერს საქართველოს მოქალაქეობის  მოთხოვნების შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმიტომ, რომ ხელისუფლების მთავარი მაკონტროლებელი ძალა ისევ ჩვენ ვართ. ჩვენ ასეთი დამოკიდებულებაც მოგვისმენია: იცით, რა, ჩვენ ხალხის მიერ არჩეულები არ ვართ. ისინი ვერ საზღვრავენ იმას, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისა და მთავრობის დანიშნულები არიან და ისევ ხალხს უნდა ემსახურონ.

_ რას აპირებს თქვენი ორგანიზაცია, გააგრძელებთ კვლევას?

_ რა მასალებიც მოგაწოდეთ, კონკრეტულად ეს არის 8 სამინისტროს შესახებ, ასევე დამუშავების პროცესშია რამდენიმე სამინისტრო. სამწუხაროდ, 5 სამინისტროდან ჯერ საერთოდ არ მიგვიღია ინფორმაცია, თუ არ მივიღეთ, შემდეგ სასამართლოს ძალით მოვითხოვთ, რომ აღნიშნულ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი გაგვცენ. ვიმედოვნებ, თქვენი გაზეთის მეშვეობით, წლის ბოლოს შემაჯამებელ ინფორმაციას მოგაწვდით და წლიურ ხარჯებსაც გამოვაქვეყნებთ. წარმოიდგინეთ, 7 თვეში დახარჯული მილიონ 700 000 ლარი შეიძლება, ერთი მხრივ, კოლოსალურ თანხას არ წარმოადგენდეს, მაგრამ 7-დან 12 თვემდე რამდენად იზრდება ეს ხარჯები, ეს კაციშვილმა არ იცის. მეორე: აქ არის საინტერესო ციფრები, მაგალითად, როცა თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის შიგნით მივლინებაზე ხარჯავს 72 000 ლარს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თავდაცვის სამინისტრო, ძირითადად, ისევ და ისევ, თავის ბაზებზე გაუშვებს თანამშრომლებს და არ გაუშვებს ისეთ ადგილას, სადაც ამ სამინისტროს შეხება არ აქვს. 72 000 ლარი როცა ქვეყნის შიგნით იხარჯება, თავისუფლად როცა შეიძლება, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა იცხოვრონ სამინისტროს ბაზაზე, როცა, მაგალითად, თავდაცვის მინისტრის ბათუმში ვიზიტი 2000 ლარი ჯდება, ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ბათუმში ყოფნაში 3000 ლარს ვიხდით, ეს უკვე საზოგადოების შეურაცხყოფაა, გადამეტებულ ხარჯებზე თუ არ ვილაპარაკებთ. კარგად ვიცით, რომ ფინანსთა სამინისტრომ სპეციალური ბრძანება გამოსცა, სადაც ყველა ქვეყანაში საცხოვრებელი ხარჯები აქვს გაწერილი. მაგალითად, დღიური ნორმა სასტუმროში რა უნდა გადავიხადოთ და ა. შ. თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი 3-დღიანი ვიზიტი უნგრეთში დაგვიჯდა 12 000 ლარი. ეს არის კატასტროფული თანხა, შეიძლება ადამიანი წავიდეს საზღვარგარეთ, 12 000 ლარი დახარჯოს და ეს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწერილი ხარჯების თანახმად, მაქსიმალური ღირებულება სასტუმროსი უნგრეთში არის 150 ევრო. ვთქვათ, 3 დღე 500 ევრო, რომელიც ლარში არის 1500 ლარი, ავიაბილეთი თუ ბიზნესკლასი არ არის, 1500 ლარი, ესეც 3000 ლარი, დღიური ნორმაც რომ შევადაროთ, ესეც, მაქსიმუმ, 1500 ლარი და, საბოლოო ჯამში, 4500 ლარია, მინისტრს ხარჯი აქვს 12 000 ლარი. ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ ბიზნესკლასის ბილეთი აქვს აღებული. ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში ასევე 18 000 ლარი დაჯდა. როცა ხარჯები გამოვითხოვეთ, სხვადასხვა სამინისტრომ ინფორმაცია სხვადასხვაგვარად მოგვაწოდა: თავდაცვის სამინისტრო გვეწერს, რომ 3 დღე დაჯდა 12 0000 ლარი და ამ თანხაში რა შევიდა, არ ვიცით, მაგრამ როდესაც ჯანდაცვამ მასალები გამოგვიგზავნა, იქ წერია, რომ მინისტრის ვიზიტი დაჯდა 18 000 ლარი, მაგრამ აქედან 11 000 ლარამდე დაჯდა მგზავრობის ხარჯი, ანუ ავიაბილეთი. ჩვენი მთავრობა გვეუბნებოდა, რომ ქამრები უნდა შემოვიჭიროთ, ხარჯებს უნდა გავუფრთხილდეთო და მინისტრები ბიზნესკლასით დაფრინავენ და 11 000 ლარს მხოლოდ კომფორტულ მგზავრობაში იხდიან.

ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა იცოდეს!

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა:

_ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობასაც მოიცავს. ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაცია სამინისტროს მხრიდან ხელმისაწვდომია ყველა დაინტერსებული ორგანიზაციისა და პირისათვის, მათ შორისაა უწყების მიერ გაწეული ხარჯები თანამდებობის პირებისა, თუ თანამშრომლების მივლინებებისთვის. ამასთან, სამინისტრო საკუთარი ოფიციალური ვებგვერდის, ასევე, სოციალური ქსელითა და მედიის მეშვეობით, მინისტრისა და სხვა თანამდებობის პირების ვიზიტების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მუდმივად აწვდის.

„ქრონიკა+“ ასევე დაუკავშირდა ენერგეტიკის სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ სამუშაო საათები ამოწურული იყო და გვირჩიეს, მომავალ დღეს წერილობით მიგვემართა. კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროდანაც. ტელეფონით დაკავშირება ვერ შევძელით დევნილთა და თავდაცვის სამინისტროსთან. სახელმწიფო მინისტრების აპარატში კი აცხადებენ, რომ წერილობითი მიმართვის საფუძველზე ყველა კითხვას უახლოეს მომავალში უპასუხებენ.

 

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი