რა გამოატანეს თეა წულუკიანს ზესტაფონიდან ივანიშვილისთვის გადასაცემად?

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელისუფლებო გუნდი არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც კი მეორე ტურის გამართვის ალბათობას არ გამორიცხავს.

 

ზესტაფონში საარჩევნო კურიოზები საერთოდ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო. ჯერ იყო და ბორჯომის ხანძრის დროს ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე საარჩევნო შტაბის სხდომის გამართვას და ზესტაფონის მერობის კანდიდატის დასახელებას აპირებდა, მაგრამ პრემიერ კვირიკაშვილის ზარმა კიკნაველიძის გეგმები თავდაყირა დააყენა. მაჟორიტარი დეპუტატის რჩეული, არც მეტი არც ნაკლები, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ზონდერი, ალექსანდრე მახათაძე იყო, რომელიც 2012 წლის არჩევნებისას „ქართული ოცნების“ აქტივისტებს აშინებდა და მათზე ზეწოლას ახდენდა. ამ კანდიდატურას „ოცნების“ საარჩევნო შტაბში ისეთი პროტესტი მოჰყვა, შტაბის წევრები და აქტივისტები ქუთაისში გიორგი კვირიკაშვილის მიერ იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენაზე არც კი ჩავიდნენ. ამას დაემატა ისიც, რომ შალვა კიკნაველიძე ალექსანდრე მახათაძის რეკომენდატორად ბიძინა ივანიშვილის ძმას ასახელებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ალეკო ივანიშვილს ზესტაფონის მერობის კანდიდატთან არანაირი შეხება არ ჰქონდა.

საბოლოო ჯამში, ზესტაფონში მერობის კანდიდატის ვინაობა შეიცვალა და ალექსანდრე მახათაძის მაგიერ „ქართულმა ოცნებამ“ მერის პოსტზე მისი ძმა, კახა მახათაძე დაასახელა.

კახა მახათაძე საპატრიარქოსთან დაახლოებული პირია და როგორც „ქრონიკა+“-ს ადგილობრივები უყვებიან, იგი ღვინის ქარხნის დირექტორიც იყო, ქარხანა გააკოტრა და მერე საკუთარ შვილს მიჰყიდა.

წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში კახა მახათაძე საპატრიარქოს სახელს სისტემატურად იყენებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს რუხმა კარდინალმა, შორენა თეთრუაშვილმა, რამდენჯერმე დარეკა ადგილობრივ ეპარქიაში, მეუფეებსა და მღვდლებს მახათაძის კანდიდატურის მხარდაჭერა სთხოვა.

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) 21 სექტემბერს ეპარქიაში გამართულ შეხვედრაზე ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის ეპარქიის სასულიერო პირები ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. ამავე შეხვედრაზე ეპისკოპოსმა  ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახა მახათაძეც მიიწვია, იქ მყოფ სასულიერო პირებს კი მოუწოდა, არჩევნებში სწორედ ამ კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კახა მახათაძეს არჩევნების მოგება ზესტაფონში ძალიან გაუჭირდება, ის პერიოდულად მის ძმას ეუბნება ხოლმე, _ ასეთი რა გაქვს გაფუჭებული ამ ქალაქში, ჩვენი გვარის ხსენებაც კი არავის უნდაო.

მისი მთავარი კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატი გიზო გოგლიჩიძეა, ეს უკანასკნელი წინა ხელისუფლების დროს დააკავეს, მას ბიზნესების გადაფორმებას სთხოვდნენ,  გლდანის ციხეში გოგლიჩიძე სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის გამო დაინვალიდდა და დღესაც ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. კახა მახათაძემ მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში გიზო გოგლიჩიძესთან დებატებზე კატეგორიული უარი თქვა. სამაგიეროდ, ფრიად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც წინასაარჩევნოდ ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში იუსტიციის სახლის გასახსნელად ჩავიდა, შეხვედრაზე ჩასულ წულუკიანს გიზო გოგლიჩიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია გადასცა და ბიძინა ივანიშვილთან დააბარა, _ ეს სია ჩაუტანე, იქნებ, ნახოს, ყოფილი ნაცებითაა სავსეო.

იუსტიციის მინისტრმა გიზო გოგლიჩიძეს სია გამოართვა, იუსტიციის სახლი გახსნა და ზესტაფონიდან ისე წავიდა, არც ღონისძიების საზეიმო ნაწილს, არც ბანკეტს და არც „ქართული ოცნების“ ტორტის გაჭრას დასწრებია.

უცნობია, თეა წულუკიანი გადასცემს თუ არა ზესტაფონის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას ცენტრალურ შტაბს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია _ „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივ არჩევნებში პირველ ტურში გამარჯვების რესურსი არც ზესტაფონში აქვს.

ელისო კილაძე