რატომ შეუჩერეს დევნილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესი?

2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტ „ჩემი სახლის“  განსახორციელებლად დიდი თანხა დაიხარჯა, საქმე ბოლომდე არ მისულა. აფხაზეთიდან დევნილმა იური ქვაჩახიამ, რომელიც ქალაქ ოჩამჩირეში ოთხ უძრავ ქონებას ფლობს, საქმის საბოლოო მიყვანა სასამართლოს გზით სცადა, მაგრამ საჯარო რეესტრი დღემდე არც სასამართლო გადაწყვეტილებას ასრულებს.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება იური ქვაჩახია:

_ 2006 წელს გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო. ამ პროექტს ჰქვია „ჩემი სახლი“. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ შექმნა თავისი კანონი, სადაც ნახავდით ჩამონათვალს: რა საბუთები იყო საჭირო და რის საფუძველზე შეიძლებოდა აპლიკაციის შევსება? დევნილები საბუთების წარსადგენად მიდიოდნენ და, რა თქმა უნდა, ამაში მეც ჩავერთე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ ოჩამჩირეში არსებული ოთხი უძრავი ქონების პატრონი. კანონში მითითებულია, რომ 10 დღის ვადაში ბეჭდით დადასტურებული საბუთი უკან უნდა დაგბრუნდებოდა იმის დასტურად, რომ დოკუმენტაცია ჩაბარებული გაქვს. გავიდა წლები, თუმცა, მიუხედავად ამისა, საბუთი არავის მოუცია. სამინისტროსთან მიწერ-მოწერა მქონდა, მეუბნებოდნენ, რომ ჯერ არ იყო დამთავრებული რეგისტრაციის პროცესი. რადგან იგი ძალიან გაჭიანურდა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ კონსულტაციისთვის მივმართე. მათი რჩევით, მთავრობაში ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრე, _ რატომ არ მაძლევდნენ დამადასტურებელ საბუთს და რატომ აგვიანებდა სამინისტრო ამ დოკუმენტაციის გადაცემას საჯარო რეესტრისთვის? რამდენიმე შეხვედრა შედგა, ბოლოს სამინისტროდან წერილი მოიტანეს, თითქოს ევროკომისიიდან უნდა ჩამოვიდეს დასკვნა, რის საფუძველზეც უნდა შეიქმნას კომისია და მან უნდა გადაწყვიტოს საკითხი, ამის შემდეგ კი დაიწყებოდა გადაგზავნის პროცესი. თუმცა არც პრეზიდენტისა და არც სხვა ბრძანებაში ამ დასკვნის შესახებ არაფერია მითითებული. საბოლოოდ, საქართველოს მთავრობამ აღიარა, რომ ეს ქონება ჩემია, საბუთები წესრიგშია, მაგრამ კომისიის გადაწყვეტილებას უნდა დავლოდებოდით. ეს ყველაფერი ხდება 2013 წელს.

_ რა დაასკვნა ევროკომისიამ?

_ რადგან პრეზიდენტის ბრძანებაში მსგავსი არაფერი ეწერა, გადაწყვეტილება მივიღე, რომ სასამართლოსთვის მიმემართა და ის მუხლი გავასაჩივრე, სადაც სწორედ ეს დათქმა იყო. ევროკომისია და მისი დასკვნა არსად ფიგურირებდა და რა დასკვნას უნდა დავლოდებოდი?! პირველ ინსტანციაში სამინისტროს პოზიცია მოსამართლემ გაიზიარა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრე, სადაც გადაწყვეტილება ჩემ სასარგებლოდ გამოვიდა. ახლა დევნილთა სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში, რომელმაც განსახილველად საერთოდ არ მიიღო და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ავკინძე დოკუმენტაცია და რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრს მივმართე. თავიდან გადარეკ-გადმორეკვები და სიცილი დაიწყეს, მაგრამ, საბოლოოდ, დოკუმენტები მაინც ჩაიბარეს. მითხრეს, რომ პასუხი უახლოეს მომავალში მეცნობებოდა. ეს უახლოესი მომავალი დაიწყო 2016 წლის დეკემბრიდან. 20-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მივედი, ორჯერ კიდევ 20 დღით გადამიწიეს, მერე თვითონ მიმართეს სასამართლოს, ნამდვილად იყო თუ არა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული. ახლა ამას ველოდე, საჯარო რეესტრის უფროსსაც შევხვდი, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. მივდივარ ყოველთვიურად და მაძლევენ საბუთს, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, _ ნუ ნერვიულობთ, თქვენი ქონება დარეგისტრირდებაო და ამით მთავრდება ყველაფერი. განცხადებით მივმართე ასევე სახალხო დამცველს, რომელმაც ჩემი განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის უფროსს მიმართა. ერთი თვე გავიდა და პასუხი არ არის. პრაქტიკულად, სამართლებრივი გზა ამოწურულია და მეტი არაფერი დამრჩენია.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „აფხაზთა კრების“ წარმომადგენელი, იურისტი _ მალხაზ პატარაია:

_ საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2006 წელს მიღებულ ბრძანებულებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ. ამ ბრძანებულების მიხედვით, დევნილი მოსახლეობის ქონება უნდა აღრიცხულიყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, მისი სისტემატიზაცია და რეგისტრაცია წინასწარი რეგისტრაციის ფორმით. თავის დროზე, ვინც ეს ბრძანებულება დაწერა, საკმაოდ კარგად ჩაიხედა საქმეში და ფორმაც შეარჩია, რადგან შემდეგ ეს არ გამხდარიყო დევნილთა მიმართ დამატებითი მანიპულირების საგანი, ვინმეს არ გამოეყენებინა მათი მდგომარეობა და ჩალის ფასად არ ჩაეგდო ხელში მათი ქონებები. მოგეხსენებათ, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არის უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აქედან გამომდინარე, წინასწარი რეგისტრაცია ჩვეულებრივი რეგისტრაციისგან განსხვავდება მხოლოდ ერთადერთით _ არ შეიძლება გასხვისება და სხვა სანივთო უფლებით დატვირთვა, სანამ არ მოხდება ფაქტობრივი იურისდიქციის აღდგენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ეს ქონება შეიძლება გადავიდეს მემკვიდრეობით, სხვა თვალსაზრისით, ეს არის ჩვეულებრივ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე. სხვათა შორის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეს ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ საქართველოს სახელმწიფო აღიარებს დევნილის საკუთრების უფლებას და მზადყოფნას აცხადებს ამ უფლების დასაცავად. ამისთვის შეიქმნა სპეციალური სამსახური, დაიხარჯა საკმაოდ დიდი სახელმწიფო თანხა და ეს იყო ძალიან სერიოზული აქცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის გამყარებისა და განმტკიცებისკენ. ამით უნდა ამოქმედდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და მისი დაცვის ქვეშ შესვლა იძულებით მიტოვებულ ტერიტორიებზე.

_ თქვენ რას უკავშირებთ, რატომ არ განხორციელდა ეს პროექტი?

_ მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება და საერთოდ შეაჩერა ეს პროგრამა, ბრძანებულებას ვერ შეაჩერებდა და იმ ათასობით ადამიანის დოკუმენტაციას ვერაფერს უზამდა, მაგრამ მსვლელობა არ მისცა. ეს, ალბათ, რუსეთისადმი კონსტრუქციული პოლიტიკის საერთო კონტექსტში გაკეთდა. შესაბამისი სტრუქტურა გაუქმდა, დოკუმენტაცია დარჩა დოკუმენტაციად. ბატონი იურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ბრძოლა გააგრძელა. კონსტიტუცია რომ შეიცვალა და პრეზიდენტის უფლებამოსილებები მთავრობის უფლებამოსილებებში გადავიდა, ასეთი ტიპის დოკუმენტების გამოცემების უფლება უკვე პრეზიდენტს აღარ აქვს, მაგრამ სოზარ სუბარის უწყებამ მიიჩნია, ვინაიდან ეს უფლებამოსილებები მთავრობას გადაეცა, დებულება აღარ მოქმედებს. არადა, თავის დროზე, დათქმა იყო მიღებული, რომ თუ მთავრობა ახალ დოკუმენტს არ მიიღებს, ძველი ძალაში რჩება. ეს ძალიან ბევრ ურთიერთობას ეხება, სადაც პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი იყო გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების რეგლამენტირება. ბატონ იურის გაჭიანურების მიზნით დაუწერეს, რომ ეს ბრძანებულება არ მოქმედებსო და სხვა მსგავსი უამრავი სასაცილო  პრობლემა შექმნეს. როგორ უნდა აღუდგე ამ ყველაფერს წინ, როდესაც უკვე სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს?! რადგან ეს ქონებები საქართველოს კანონმდებლობის დაცვის სფეროში შემოდის, ასევე შემოდის სასამართლოების დაცვის სფეროში, ამიტომ, ამ ქონების ვერსარგებლობასთან დაკავშირებით, დევნილებს შეუძლიათ უკვე ოკუპირებული ტერიტორიების კანონის საფუძველზე მიმართონ როგორც ადგილობრივ სასამართლოებს, ასევე ევროპის სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ინსტანციების განსჯის საგანი გახადონ ეს პრობლემა. როგორც ევროპის სასამართლოების ადრინდელ საქმეებზე დადგინდა პრაქტიკა, ძირითადად, კვიპროსის საქმეებზე, სადაც მოპასუხე თურქეთი იყო, ამ შემთხვევაში მოპასუხე იქნება რუსეთი და ყველა ზიანის ანაზღაურება, ამ ქონებებთან დაკავშირებით, მოუწევს რუსთის სახელმწიფოს. მკითხველს წარმოდგენა რომ ჰქონდეს, რა ზიანზეა საუბარი: ევროპის სასამართლომ ლუი ძი დუს ცნობილ საქმეზე, რომელიც თავისი ქონებით ვერ სარგებლობდა, დაადგინა ერთ ოჯახზე მილიონ 100 000 დოლარი. გარდა ამისა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებებით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით და, რა თქმა უნდა, იურიდიული მექანიზმების მაქსიმალურად გამოყენებით. ოკუპანტი მანამ იქნება ოკუპანტი, სანამ მას ოკუპაციას ჩვენ ძვირად არ დავუსვამთ! სანამ მისთვის ოკუპაციის შედეგები უფრო ძვირი არ იქნება, ვიდრე ოკუპაციის განხორციელება! ამიტომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან ქმედითი მექანიზმი, რომ სერიოზული სამართლებრივი დისკომფორტი შევუქმნათ უკვე აგრესორსა და ოკუპანტს. წარმოიდგინეთ, მასობრივად საჯარო რეესტრი არეგისტრირებს ამ ქონებას, ავრცელებს საკადასტრო სისტემას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, ანუ საკადასტრო კოდით ინომრება ქალაქები, სოფლები, ქუჩები, მიწის ნაკვეთები, სახლები და ა. შ. საჯარო რეესტრის ამონაწერს აწერია საქართველო, პირობითად ოჩამჩირე და კონკრეტული ქონების მფლობელის მონაცემები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ქვეყნის საჯარო რეესტრს აქვს უტყუარობის პრეზუმპცია ყველა ქვეყანაში. ამას აქვს უამრავი მოხმარების შესაძლებლობა: პოლიტიკური, სამართლებრივი და, რაც მთავარია, დევნილებისთვის ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით. ამას კი საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ აკეთებს. ჩვეულებრივ რეგისტრაციას სჭირდება რამდენიმე დღე და ზოგადად, ადმინისტრაციული წარმოების ვადაა 30 დღე. მეათე თვეა, უკვე იური ქვაჩახიას პასუხს არავინ აძლევს. რაც მთავარია, ეს ღონისძიება გაგრძელებადია და სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი. ამას ლოგიკურად უნდა მოჰყვეს ყველა სახელმწიფო ქონების რეგისტრაცია, იურიდიული პირების ქონების რეგისტრაცია: პორტი, აეროპორტი, რკინიგზა, ადმინისტრაციული შენობები, დასასავენებელი სახლები და ა. შ. მთელი ეს ქონება უნდა აღიწეროს და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს ყველა შესაბამისი სამართლებრივი შედეგით. საქართველოს მთავრობა ამით აცხადებს, სეპარატისტული რეჟიმი სადაც არის განთავსებული, ის საქართველოს სახელმწიფოს ქონებაა და შენ უკანონოდ გიკავია. დასასვენებელ სახლებში რუსები რომ ისვენებენ, ეს ყველაფერი საქართველოს საკუთრებაა და ამით ბიუჯეტმა შესაბამისი შემოსავლები უნდა მიიღოს. თუ არ იხდის შემოსავალს, ზიანი უნდა გადაიხადოს იმან, ვინც უკანონო ოკუპაციას ახორციელებს. როგორც სხვა შემთხვევებში, დასავლეთის ყველა ცენტრში საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან რეალურად მოხსნილია, სათანადო აქტიურობას საქართველოს ხელისუფლება გარეთ არ იჩენს, მან ეს ჩაანაცვლა აბაშიძე-კარასინის ფორმატით და დასავლეთს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ პრობლემას მოაგვარებს, სინამდვილეში კი საკითხის ნიველირება ხდება. აშკარა, ღია პრორუსული პოლიტიკის კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს საკითხიც, არ უნდათ, რომ ახალი პრობლემა შეუქმნან რუსეთს და პუტინს, ამიტომ ითრევენ ფეხს, თორემ ეს რა დიდი პრობლემაა?! ამ თვალსაზრისით, ერთი პრეცედენტის დაშვება გამოიწვევს აფეთქებას და მას მოჰყვება ძალიან სერიოზული სამართლებრივი პროცედურები, რომლის მნიშვნელობა ძალიან დიდია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის!

 

თამარ ბატიაშვილი