რატომ ითხოვენ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის გადადგომას?!

13 ივლისს „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა „საქართველოს ეროვნულ ბანკთან“ საპროტესტო აქცია გამართეს და მისი პრეზიდენტის _ კობა გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.

რამ გამოიწვია დაზარალებულების პროტესტი და რას მოითხოვდნენ ისინი კობა გვენეტაძისგან? ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს დაზარალებულების ადვოკატი _ მარიკა არევაძე ესაუბრა:

_ მარიკა, რამდენიმე დღის წინათ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებმა „ეროვნულ ბანკთან“ აქცია გამართეს და „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. რამ გამოიწვია მათი პროტესტი?

_ ეს დაზარალებულების მეორე საპროტესტო აქცია იყო „ეროვნულ ბანკთან“. როგორც იცით, 30 იანვარს მომხდარმა ხანძარმა დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა ასობით იქ მომუშავე ადამიანს. ბევრ მათგანს სასესხო ვალდებულებები ჰქონდა, რომელსაც პირნათლად ასრულებდა ხანძრამდე, ვინაიდან შემოსავლის წყარო ჰქონდა. მომხდარი ხანძრის შემდეგ ამ ხალხის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო სესხების შეჩერება ერთი წლით, ისე რომ დაპაუზების პერიოდში სესხზე პროცენტი და პირგასამტეხლო არ დარიცხულიყო.

_ რამდენად შესრულდა ეს მოთხოვნა?

_ სამწუხაროდ არ შესრულდა. მათ გარკვეული შეღავათი გაეწიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რეალურად, სესხები არ დაპაუზებულა, არამედ, გადავადდა 3-დან 6 თვემდე ვადით. ოღონდ ამ პერიოდზე დაზარალებულებს დაეკისრათ დამატებით კიდევ პროცენტები, ანუ საშეღავათო პერიოდზე სესხებს ერიცხება პროცენტები, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს ამ საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ _ ზოგ შემთხვევაში ერთიანად, საშეღავათო პერიოდის ამოწურვისთანავე, ზოგ შემთხვევაში კი განწილვადებულად (სპეცტერმინი, _ რედ). მოგეხსენებათ, მიუხედავად გასული დროისა, ამ დრომდე გამოძიება არ დასრულებულა და არ გამოვლენილა პასუხისმგებელი სუბიექტი. შესაბამისად, ეს ხალხი _ დაზარალებულები, ვერ ახერხებენ მოითხოვონ და მიიღონ ზიანის ანაზღაურება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ისინი, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ არიან მზად, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდგომ დაიწყონ სესხების დაფარვა. ეს პერიოდი ზოგს უკვე დაუსრულდა, დანარჩენს კი აგვისტოდან უსრულდება. ვსვამ კითხვას, _ რა ქნას ამ ხალხმა? ხალხმა, რომელსაც ქონება გაუნადგურდა, რომელიც ამდენი ხანი იბრძვის, რომ გამოძიებისგან მიიღოს პასუხი, ხალხი, რომელიც პატიოსანი გადამხდელი იყო და დამოუკიდებელი მიზეზებით, დღეს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არის.

_ „ეროვნული ბანკი“ აპირებს რაიმე ფორმით ამ საკითხში ჩართვას?

_ როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე დღის წინათ მეორედ მოუწიათ დაზარალებულებს პროტესტის დაფიქსირება „ეროვნულ ბანკთან“. პირველად, რამდენიმე კვირის წინათ, ხალხი „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა „ეროვნული ბანკის“ სხვა თანამშრომელი შეგვხვდა, მოგვისმინა და განგვიმარტა, რომ გვენეტაძე საქართველოში არ იმყოფებოდა, ის მომდევნო კვირას უნდა ჩამოსულიყო და შემდეგ შეხვდებოდა ხალხს. ბევრი მომდევნო კვირა გავიდა მას შემდეგ, მაგრამ რა, თქმა უნდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვერ მოიცალა ხალხთან შესახვედრად. მეტიც, წერილობითი პასუხი მოგვივიდა, სადაც ეროვნული ბანკი პირდაპირ უარს აცხადებს ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართვაზე. მეორე აქციაზე ხალხს კვლავ სურდა გვენეტაძესთან შეხვედრა, მაგრამ შეხვედრა ისევ არ შედგა, რის შემდეგაც ხალხმა ადგილზევე მოითხოვა მისი გადადგომა.

_ რამდენად ევალება „ეროვნულ ბანკს“ მსგავსი პრობლემების მოგვარება?

_ „ეროვნული ბანკი“, ბუნებრივია, იმპერატიულად ვერ დაავალებს ვერც ბანკებსა და ვერც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომ კონკრეტული შეღავათები გაუწიონ ამ ხალხს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა „ეროვნული ბანკის“ მიმართ არის ის, რომ მან მედიატორის როლი შეასრულოს და მოლაპარაკების მაგიდასთან დაგვსვას გამსესხებლები და დაზარალებულები. ეს იმდენად სპეციფიკური შემთხვევაა, რომ გამსესხებლები ხალხის მდგომარეობაში უნდა შევიდნენ და მათ რეალური შეღავათები გაუწიონ. ეს, ხალხი რა თქმა უნდა, არ ითხოვს სესხების პატიებას, მათი მოთხოვნაა სესხების დაპაუზება, სანამ მათი ზიანი არ ანაზღაურდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულების მხოლოდ ნაწილს აქვს სასესხო ვალდებულებები და ისიც სხვადასხვა სუბიექტთან, ამიტომ მათთვის გაწეული შეღავათები არც ბანკებისთვის იქნება მძიმე ტვირთი და ზარალი.

_ რას აპირებენ დაზარალებულები, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება?

_ ჩემი ინფორმაციით, ისინი კვლავ აპირებენ გვენეტაძესთან შეხვედრის მოთხოვნით „ეროვნულ ბანკთან“ შეკრებას, ასევე აპირებენ ყოველდღიური აქციების დაწყებას კონკრეტულ გამსესხებლებთან, თითო დღეს თითო ბანკისა თუ სხვა გამსესხებლის სათავო ოფისთან, სანამ ამ ხალხის გაჭირვებას რეალურად არ გაიაზრებენ და არ შეუწყობენ ხელს ფეხზე წამოდგომაში. ამ ხალხმა 30 იანვარს დაკარგა საარსებო წყარო და შემოსავლის გარეშე დარჩა, დღეს კი ერთადერთი საცხოვრებელი სახლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან და, სამწუხაროდ, რეალურად, არც ერთი უფლებამოსილი პირი არ გამოჩნდა, ვინც მათ პრობლემების მოგვარებასა და საქმის ხელახლა დაწყებაში მიეხმარებოდა, არადა, მათი ხელახლა ამოქმედება ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ხალხის დასაქმებას, გადასახადების გადახდასა და სასესხო ვალდებულებების შესრულებას ნიშნავს.

 

თამარ ბატიაშვილი