რატომ დაბლოკა პარლამენტმა მოსამართლეების მიმართ უძრავი ქონებების საკუთრების უფლებით გადაცემაზე უარის თქმის კანონპროექტი?

პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება ჩავარდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ორგანიზაციას უარი უთხრა წინადადების მხარდაჭერაზე, რომელიც ეხებოდა საკითხს საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ქონებების საკუთრების უფლებით გადაცემის აკრძალვაზე.

2017 წლის 6 მარტის ორგანიზაციის განცხადებაში პარლამენტის პოზიციებს გაუგებარი უწოდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა. „ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის ის ფაქტიც ცნობილია, რომ არჩილ კაიკაციშვილი, უკვე, ორი წელია, საერთო სასამართლოებში მოქალაქე როლანდ ბლადაძის ინტერესებს იცავს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისთვის გადაცემული ქონების დაბრუნებას მოითხოვს. ხელისუფლება ამ საქმეზეც დუმს და სამართლიანობის აღდგენის დაპირებებზე ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

რა მიზეზით არ მიიღო პარლამენტმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ კანონპროექტი? რა პრეტენზიები აქვთ დეპუტატებს? რას აპირებს ორგანიზაცია ინიციატივის ხელმეორედ განხილვისთვის? არის თუ არა „ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური სიუჯიუტე, გაიმეოროს მიხეილ სააკაშვილის შეცდომები, ან ისე მოეპყრას მოსამართლეებს სამომავლოდ, როგორც, თავის დროზე, „ნაციონალების“ მთავრობა მოიქცა 2007 წელს, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად გადასცა ბინები?

 

ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ლიდერი _ არჩილ კაიკაციშვილი:

_ არჩილ, რას ითვალისწინებდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება და რა შეფასება გექნებათ პარლამენტის დამოკიდებულებაზე? კომიტეტის პოზიციები პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდა, თუ სამართლებრივად დასაბუთებული?

_ კანონპროექტის მიმართ კომიტეტის დამოკიდებულებით იმედგაცრუებული ვარ. კომიტეტის მხრიდან კანონპროექტის მიმართ პოზიტიური დასკვნის მიუხედავად, კანონპროექტის მიუღებლობა რომელი ერთი გარემოებისა და კონკრეტული შენიშვნის გამო მოხდა, არ შემიძლია გითხრათ, რადგანაც ასეთი შენიშნვა არ დასახელებულა. შთაბეჭდილება მაქვს, რომ პარლამენტის წევრები კანონპროექტს სათანადოდ არ იცნობდნენ. გვთხოვეს, თავიდან წარგვედგინა, მაგრამ წარდგენილ კანონპროექტში რა ცვლილებები უნდა განგვეხორციელებინა, არ შემოუთავაზებიათ. კანონპროექტის განხილვის მიმართ არასერიოზული, ან მოუმზადებელი დამოკიდებულების განცდა დამრჩა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ხალხი ხედავს და საზოგადოება აფასებს. კანონპროექტის განხილვისა და მასზე საგნობრივი არგუმენტების უკმარისობა დამრჩა. მოსამართლეს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში რომ არ უნდა გადაეცეს, ამაზე დაუთანხმებლობა პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც დიდი შეცდომაა. კომიტეტის მხრიდან კანონპროექტის მიმართ უარი შეფასდა იმ გარემოებით, რომ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭირო იყო მასზე დეტალური და არსებითი მსჯელობა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონპროექტის შესახებ მსჯელობა მომავალში შეიძლება, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის შეხედულებით კი საყურადღებო იქნებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის წარმოდგენაც, რომელიც მოსამართლეთა მიმართ ქირითი უზრუნველყოფის ხარჯთეფექტიანობის საკითხს შეაფასებდა. პარლამენტში, კანონპროექტის რეგისტრაციის შემდეგ, ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენელთა სატელევიზიო განცხადებები, რომლებიც საჭიროებად მიიჩნევდნენ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. მეტიც, კომიტეტის დასკვნა წარდგენილ კანონპროექტზე, თავიდანვე, დადებითი იყო. მომხსენებელმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა კანონპროექტის საჭიროებას. სწორედ ყოველივე ამის შემდგომ იმედგაცრუებულები დავრჩით. კანონპროექტის განხილვიდან მეორე დღეს კომიტეტიდან წერილი მივიღეთ, ხელს ბატონი მათიკაშვილი აწერს, სადაც უკვე საუბარია: „კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ საკანონმდებლო წინადადება არ არის სათანადოდ დამუშავებული ფინანსურ-ეკონომიკური გაანგარიშების თვალსაზრისით, რის გამოც, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა განსახილველად წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და მიზანშეუწონლად მიიჩნია მის საფუძველზე კანონპროექტის მომზადება“. ორგანიზაციამ შექმნილ ვითარებაზე კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ოფიციალური წერილით 16 მარტს მიმართა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა კანონპროექტზე შემდგომი მუშაობის გაგრძელების მზაობა გამოხატა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მზად არის დაუბრუნდეს აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვას და მომზადებას იმ მითითებებით, რაც კომიტეტის 2017 წლის 7 მარტის წერილით, ფინანსურ-ეკონომიკური გაანგარიშების ნაწილში გამოითქვა. მზად ვართ, წინადადების ფარგლებში, კომიტეტთან შემდგომი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. ამასთან, მისაღები იქნება, თუკი კომიტეტი უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებს და გაიცვლება ურთიერთმოსაზრებები წარმოდგენილი არგუმენტის დასაბუთების თაობაზე, ვინაიდან არგუმენტები, რომელიც ამჟამად კანონპროექტის მიღებაზე უარის საფუძვლებს დაედო, არასაკმარისი და ორგანიზაციისთვის გაურკვეველია.

_ კერძოდ, თქვენი საკანონმდებლო წინადადების ფარგლებში რა ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო კანონმდებლობაში?

_ საკანონმდებლო წინადადების თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, მოსამართლეების მიმართ საცხოვრებელი ფართების გადაცემას დროებით სარგებლობაში, მოსამართლედ საქმიანობის ვადით. კანონპროექტის მიზანი ემსახურება სამართლის ნორმის მიზნიდან გამომდინარე, სწორი და არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც შესაბამისობაში მოდის საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ძირითად პრინციპებთან, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. არაფულადი სახის შეღავათებით მოსამართლეთა უზრუნველყოფამ შესაძლოა, ხელყოს მოსამართლის დამოუკიდებლობის საკითხი. შესაბამისად, შესაძლოა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეები მიკერძოებულად გადაწყდეს, რაც უშუალოდ ეწინააღმდეგება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპს, ცვლილება კანონპროექტში კი ეფექტიანია იმ მხრივ, რომ დაკონკრეტდება კანონის მიზანი, მოქმედების სფერო, რაც, ამავდროულად, დიდ წვლილს შეიტანს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებობასა და მიუკერძოებლობაში. თქვენ იცით, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში არსებობს ფაქტი, რომელიც დღემდე საზოგადოებრივი განსჯისა და პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის საფუძვლებს იძლევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის ივნისში მიღებული განკარგულების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს, სიმბოლურ ფასად, _ 1000 ლარად, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, უძრავი ქონებები საკუთრების უფლებით გადასცა. ამასთან, 2016 წელს, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნის განხორციელება დაისახა არსებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ახალი მოსამართლის მიმართ საცხოვრებელი ფართი, ასევე საკუთრების უფლებით უნდა გადაცემულიყო, სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად. 2016 წელს სახელმწიფოს მცდელობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან აქტიური პროტესტის გამო აღარ განხორციელებულა, თუმცა სახელმწიფოს უარი არ უთქვამს მოსამართლეების მიმართ უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად, საკუთრების უფლებით გადაცემის პერსპექტივაზე. აღნიშნული დაადასტურა კიდეც წარდგენილ კანონპროექტზე უარმა. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილში. ამასთან, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონს უნდა დაემატოს 11 პრიმა მუხლი, რომლის თანახმადაც, „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, საკონსტიტუციო სასამართლოს მართლმსაჯულების განხორციელების ადგილას, სახელმწიფო დროებითი სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით, ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ვადით“. ჩვენი ცვლილების მიხედვით, კანონში ზუსტდება საცხოვრებელი ფართების გამოყენება დროებითი სარგებლობით და მეორე _ მოსამართლის უფლებამოსილების ვადით.

_ როგორ ფიქრობთ, დაუბრუნდება თუ არა პარლამენტი ინიციატივის განხილვას?

_ პარლამენტი დაუბრუნდება ინიციატივის განხილვას მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ ნიშნავს, რომ სათანამშრომლო ველი დაიხურა. წარმოდგენილი კანონპროექტი სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის კონტექსტში უნდა დავინახოთ. მოსამართლის რეალური დამოუკიდებლობა არ უნდა იყოს მიბმული უძრავი ქონების ინტერესზე, რომელსაც მას სამუდამოდ, საკუთრების უფლებით გადასცემენ. ჩვენ ხომ ასეთი სასამართლო სისტემა არ გვინდა? ჩვენ ხომ ელიტური კორუფციის ეს შემთხვევები გავიარეთ? მიუხედავად ამისა, თქვენ საუბრობდით როლანდ ბლადაძის საქმეზეც. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძე, რომელმაც „პაპუაშვილის საქმეზე“ გადაწყვეტილება მიიღო, სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტზე მხილებულია და საქმეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად, საქართველოს მთავარი პროკურატურაც განიხილავს. სადავოა ფარქოსაძეების ოჯახის მიერ შეძენილი უძრავი ქონება თბილისში, როდესაც მოსამართლე რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში და თბილისში საქმიანობისთვის სახელმწიფოსგან ქირით უზრუნველყოფას არ ითხოვს. ისმის კითხვა: სად ცხოვრობს მოსამართლე ფარქოსაძე? ოჯახის მიერ ბინის შეძენის ფაქტი ტოვებს გარკვეული სახის კითხვებს, როდესაც მის ხელში გახლდათ „პაპუაშვილის საქმის“ განხილვა. ჩვენ საქმეზე გადაწყვეტილებებს ველოდებით, თუმცა მთავარი ის არის, რომ პროცესის მონაწილე მხარეებს ან მთლიანად საზოგადოებას, აღარ უნდა გაუჩნდეს კითხვები საქმეზე გადაწყვეტილებების მიღებისას რომელიმე მოსამართლის არაკეთილსინდისიერების როლზე. წარმოდგენილი კანონპროექტიც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება, რომელიც, წესით, დღეს ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს.

 

თამარ ბატიაშვილი