რატომ დაბლოკა გოგაშვილი ბიძინამ?

როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ გოგაშვილი კი არა, თავად დიტო სამხარაძეც დაბლოკა. პოლიტსაბჭოს წევრს, პარლამენტარს, რეგიონების პარტიის ხელმძღვანელსა და გოგაშვილის ნათელმირონს ბიძინა ივანიშვილმა ასევე მიუხურა კარი. ცოტა ხანი აცადა და ბოლოს, სულ რაღაც, რამდენმე კვირის წინ შეახსენა, რომ შემოდგომაზე ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ.
ამას დაემატა ისიც, რომ დიტო სამხარაძის კადრები რეგიონებში, უბრალოდ, ჩააჩოჩეს და მათ ნაცვლად ყველგან შტაბის ახალი უფროსები დანიშნეს.
გვერდით გაწეული ხალხი გაბრაზდა, თუმცა რა? _ პარტიამ ასე გადაწყვიტა, _ თქვეს და მორჩა!
უშუალოდ პრემიერ გახარიას მოთხოვნაა, _ ყველა რესურსი გამოვიყენოთ, მაგრამ არანაირად სამხარაძის „კამანდა“!
ყველაფერთან ერთად, მთავარი რაც მოხდა, ის არის, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, პარტიაში დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტი შეეშვა, რომელიც ზუსტ ციფრს ეტყოდა, სად წავიდა და აორთქლდა ფული.
პარტიის კულუარებში ამბობენ, რომ ეს იდეა ცოტა ხნით ადრე ბიძინა ივანიშვილს მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე შეხვედრის დროს, ყოველი შემთხვევისთვის, იკითხა, _ განა, თქვენ იმისთვის წვალობთ და შრომობთ, რომ თქვენი ნაშრომი უაზროდ იხარჯებოდეს, ბატონო ბიძინა?
სწორედ ეს წინადადება გახდა საბაბი იმისა, რომ ღარიბაშვილი სამაგიეროს გადახდას იწყებს. ვისთან? _ ჯერ გოგაშვილი-სამხარაძესთან და შემდეგ _ უკვე კალაძესთან.
რატომ გოგაშვილი და სამხარაძე?
იმიტომ, რომ ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ ამ ორმა პერსონამ სრულად და ძირეულად შეცვალა რეგიონების ჯგუფები. არათუ მარტო შეცვალა, არამედ ღარიბაშვილის მიმდევრები ბოლომდე ამოძირკვა პარტიიდან. უმეტესობა, ყოფილი მერი თუ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც 2014-ში ირაკლის კანდიდატურა იყო, სპეციალისტის დონეზეც არ დატოვეს.
სასაცილოა, მაგრამ სიმართლეა: ამ ადამიანების მოკითხვა-მოძიების მერე თავდაცვის მინისტრი მიხვდა, რომ მისი დასაყრდენების უმრავლესობა საქართველოში აღარ იყო _ ემიგრაციაში წასულიყვნენ. ყოფილი თანამდებობის პირები ასე ერთ ჯგუფად მიდიოდნენ კანადასა და ამერიკაში… სამი წლით ადრე ვინც მუნიციპალიტეტს მართავდა და პირველი პირი იყო, დღეს მათი უმრავლესობა კანადაში კოტეჯების ამწყობად მუშაობს ან ამერიკაში რომელიმე დიდი გადამზიდი ავტომობილის მძღოლია.
ბიძინა ივანიშვილის კითხვაზე, _ სად გაქრა მხარდამჭერთა არმია? რატომ გაიქცნენ ეგენი ქვეყნიდან და „ნაცები“ კი აქ დარჩნენ? _ დიტო სამხარაძემ სოსო გოგაშვილის მიმართულებით გაიშვირა ხელი… _ მე არაფერ შუაში ვარ, სოსოს ჰქონდა მათზე ინფორმაცია, რომ არ იყვნენ სანდო კადრები და ამიტომ გავუშვითო…
ბიძინას შეხვედრებიდან გამოსული სამხარაძე რომ გოგაშვილს იქით „აბოლებდა“, თითქოს დალაგებულია და გილაგებო, ეგ სხვა საკითხია…
_ ფაქტი კი ჯიუტია და ერთი, თუ ვინმე დარჩა მოტყუებული და გადაგდებული, დავრჩი მე! _ ამბობს ივანიშვილი და კითხულობს, _ სად იხარჯება ეს ფული და რატომ არ იმატებს მხარდამჭერთა რიცხვი?
შიდა აუდიტი დღემდე პარტიის ფულს ამოწმებს. 2017-2020 წლების აუდიტორულ დასკვნას, როგორც ამბობენ, ივანიშვილს სწორედ ივნისის ბოლოს შეუტანენ. ამ დასკვნის შემდეგ საბოლოოდ გადაწყვეტს, ვინ სად დარჩება და რა პოზიციაზე.
2 ადამიანი, რომელიც არ შეიცვლება და ბიძინას გვერდით იქნება არჩევნების დროს, არის გახარია და კობახიძე.
_ კობახიძე ერთადერთია, რომელიც ჩემს სათქმელს ამბობს უცხოელებთან და თქვენ, თქვენ რას ამბობთ?! _ ეკითხება ივანიშვილი თანაპარტიელებს (ზუსტად ვის, წყარო არ აკონკრეტებს). _ მხოლოდ კობახიძეს შეუძლია სიმართლის თქმა ქვეყნის გარეთ და აქ კი „ნაციონალებს“ გახარიას მეტი სხვა რატომ ვერ სცემთ ხმას?
ამბობენ, რომ ბიძინას ძალიან არ მოსწონს თალაკვაძე, რადგან არ ენდობა. ის მხოლოდ იმიტომ არის პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ამერიკელებს ენახათ, მათი გაზრდილი არჩილი რისი მაქნისი იყო.
ამერიკელებმა კი, როგორც ჩანს, ნახეს მტირალა თალაკვაძე, რომელიც ყველაფერს ბიძინას აბრალებს… და არა მხოლოდ თალაკვაძე…

რა მოხდება კახეთში?!

კახეთში ორი კანდიდატი იქნება _ დასავლეთ მხარეს თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში დეპუტატი მათიკაშვილი ან გუბერნატორი ქადაგიშვილი; აღმოსავლეთ კახეთისკენ კი დეპუტატი სონღულაშვილი ან ირაკლი ღარიბაშვილი.
მათიკაშვილის მაჟორიტარობა ნაკლებად სარწმუნოა, მიუხედავად იმისა, რომ მათიკაშვილის ბებია ჭორვილელი ქალი იყო და ივანაშვილებთან ნათესაობდა. სწორედ ბებიის ნათესავების სიტყვის წახმარებით აღმოჩნდა დათო „ქართუში“. პოლიტიკაში მისი წამოყვანა ივანიშვილის ინიციატივა არ ყოფილა, ეს თავისმა კურსელებმა ითავეს და მდინარაძისა და კობახიძის წყალობით აღმოჩნდა აქეთ.
როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, დაყენებული სახით კი გველაპარაკება ცისფერი ეკრანიდან და გვმოძღვრავს, მაგრამ მაინც „უშანგიჩია“. პოლიტიკოსობაზე უკეთესად სიმღერა უფრო გამოსდის, თურმე…

ეჰ, რაღა დროს სოსოა…

კაცი ბჭობდა და ბიძინა იცინოდაო…
ორად გაყოფილი კახეთის ბედი კი მოგეხსენებათ, _ ჯერ რომ 8 მაჟორიტარი გვყავდა ყველა მუნიციპალიტეტს, მერე _ 6, ახლა კი 2-ზე ჩამოვედით…
ისე, ეს ორი როგორ უნდა გაგვწვდეს თუ გასაწვდომია?
ერთდროულად პარლამენტის ბიურო უნდა ჰქონდეს საგარეჯოშიც, დედოფლისწყაროშიც, სიღნაღშიც და გურჯაანშიც….
ცოდოა, ისე, კახეთის მომავალი აღმოსავლეთ-დასავლეთ მაჟორტარების ბედი…
ქვეყანას როგორ ააშენებენ, არ ვიცი, თუმცა ჯანმრთელობის დაზღვევა რომ მოუწევთ, ეგ კი ვიცი…
ხანდახან ოჯახშიც იწყება დაძაბულობა, როცა პარლამენტარის სავარძელს ეხება საქმე…

დედოფლისწყარო-სიღნაღი-გურჯაანი-საგარეჯოს მაჟორიტარობა, დაახლოებით, ასე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, კახი-ნუხი-ზაქათალა-ბელაქანი-ლაგოდეხის მაჟორიტარი რომ იყოს კაცი…
სიღნაღში 29 600 კაცი ცხოვრობს,
დედოფლისწყაროში _ 21 221 ადამიანი,
საგარეჯოში _ 51 761, გურჯაანში კი _ 54 337…
ანუ ისე, „ქართულ ჯიგრულ პონტში“ რომ ვთქვათ: მამა თუ დედოფლისწყაროელი გყავს, დედა გურჯაანელი უნდა გყავდეს, ცოლი _ საგარეჯოელი, და კიდევ სიღნაღში უნდა იყოს გათხოვილი სანაქებო ოჯახზე და მორჩა, კი გაქვს ყველგან რაღაც ფესვი…
ხოდა, იმ „ჯიგრულ ქართულ“ ქიზიყურზე გიყვებოდით. ბატონი ბიძინა, მაგ მხარის მაჟორიტარად ჩვენს სოსოს რომ არ განიხილავს, ეგ ამბავი კი ვიცით, მაგრამ სოსო რომ განიხილავდა საკუთარ თავს, ეგეც ვიცოდით….
ჰოდა, რაღა დროს სოსოა…
ახლა 2 კანდიდატი განიხილება იქითა ფრთაზე, _ ერთი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე კი დავით სონღულაშვილი. სიმართლისთვის რომ ვთქვათ, სონღულაშვილისთვის რეგიონი რთული ასათვისებელი არ არის, როგორც არც ღარიბაშვილისთვისაა ეგ მხარე რთულად მოსაგები.
და თუ ამ ამბავს იმასაც დაუმატებთ, რომ დედოფლისწყარო ისევ ჩრდილო კორეის სტატუსის მატარებელია, სიღნაღსა და გურჯაანში კი ენმ-სა და ბოკერიას ფრთებს შორის ისევ ძველი შიდა ომი მიდის…
საგარეჯოში ის კვერცხების დეპუტატი სახლში ბრუნდება, რომ კვლავ კრუხ-წიწილას მოუაროს და ხალხს საგარეჯოში თავისი მაჟორიტარი დღემდე ირმა ინაშვილი ჰგონია… ამ ყველაფრის ფონზე პირიქითა კახეთში არ აქვთ „ქოცებს“ დიდად რთული მდგომარეობა…
მაგრამ, აი, ვინ _ ირაკლი თუ დათო?
ამბობენ, ბატონ ბიძინას ირაკლი მარად ეყოლება სათადარიგო მოთამაშედო… შესაძლოა, ის მართლა გამოიყვანოს მაჟორიტარობის კანდიდატად, თუმცა დროებით. მთავარი მაინც ის არის, რას ეტყვის ირაკლის მისი მთავარსარდალი. თუ ეტყვის ბატონი ბიძინა, რომ ირაკლი, შვილო სახლში წასვლის დროაო… ადგება ირაკლი და წავა… ირაკლი ახლა უნდა დაიძინოო, _ ისიც დაიძინებს და როცა უთხრა, _ წამოდი, მიხედე ჯარსო, _ კი დგას ჯარის თავში უთოფო გენერლად. მოკლედ, ახლა მისი ადგილი თავდაცვაშია და მომავალში სადაც იქნება, კი ვნახავთ…
მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ივანიშვილმა ირაკლიზე შეაჩეროს ყურადღება. უფრო გურჯაანის მოქმედ მაჟორიტარზე დადებს ფსონს…
პრობლემა ისაა, რომ დედოფლისწყაროში ადგილობრივი „ოცნების“ ტიპები ამბობენ, თუ მათ გურჯაანელ დათოს დაუნიშნავენ კანდიდატად არჩევნებში, ამომრჩეველი მხოლოდ პარტიულ ბიულეტენს შემოხაზავს.
თუ არ იქნება ირაკლი ან ვინმე ირაკლის კაცი, დედოფლისწყარო არ დაუდგება გვერდით. თუმცა იყო დრო, როცა 2012-ში დედოფლისწყაროს მოგება ლექსო თამაზაშვილმაც ვერ შეძლო. მაგრამ ეს სხვა დრო იყო… ახლა სხვა დროა

P. S. საბოლოო ჯამში, რა მოხდება მაშინ, როცა ივანიშვილს მაგიდაზე მოწვეული აუდიტი 2017-2020 წლების პარტიის „ლევსა და პრავს“ გაუშიფრავს?!
მოხდება ის, რასაც დიდი ხანია, ელოდება როგორც ღარიბაშვილი, ისევე _ გახარიაც.
პირველს მას მოსთხოვენ პასუხს, ვინც თანხას განკარგავდა, მეორეს _ გამცემს, ანუ ჯერ გოგაშვილი-სამხარაძით დაიწყება „პერესტროიკა“, ხოლო მერე ჯერი კალაძეზე მიდგება. მანდ კობახიძის როლი იქნება მნიშვნელოვანი.
ჩემმა ერთგულმა მეგობრებმა მითხრეს, რომ განსაკუთრებით საინტერესო სანახაობა 19 ივნისიდან იგეგმება, რასაც ვნახავათ და, თურმე, ჩვენც კი გაგვიკვირდება.

მაკა მოსიაშვილი