რატომ ადანაშაულებენ მოქალაქეები თვითმმართველობის სტრუქტურებს?!

დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სამეზობლო დავების დროს, როდესაც ხელისუფლებას მოსაგვარებლად მიმართვენ, შედეგს ვერ აღწევენ.

„ქრონიკა+“-ს თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ესაუბრებიან:

სარა ქალიაშვილი:

_ რუსთავის გზატკეცილზე #271-ში ვცხოვრობ 1982 წლიდან, კორპუსის წინ მოსახლეობამ უნებართვოდ ააშენა ავტოფარეხები, პირველ სართულზე ვცხოვრობ და ჩემი ფანჯრების წინ არავის მივეცი უფლება, რომ იქაც აეშენებინათ. ქვეყანაში არეულობა რომ იყო და სამხედრო საბჭო მართავდა, მაშინ უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობდა. ჩემი ადგილის მიმდებარედ კი ავტოფარეხები, დაახლოებით, 2000-2001 წლებში ააშენეს და იმდენად პატარა მანძილია, ჩემი სარეცხის თოკის ქვეშ დადიან მანქანები. ამას წინათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რომ იყო, მაშინ კორპუსს ირგვლივ ბორდიური გაუკეთეს, ყველგან გააკეთეს ნორმალურად, თუ სხვისი ბინებიდან ბორდიურის დაცილება არის 1 მ და 38 სმ, ჩემი ბინის წინ _ 42 სმ-ა. მაშინ მხედველობის პრობლემა მქონდა და ვერ დავინახე, რას აკეთებდნენ, მშენებლობის ხელმძღვანელმა რომ უთხრა მუშებს, როგორ დაეშორებინათ ბორდიური კედელთან, გავიგე, გავედი და ვუთხარი, _ ამას ნუ იზამთ-მეთქი. მიპასუხა, _ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ გვითხრა და ასე უნდა გავაკეთოთო. მარტო ჩემთან გააკეთეს ასე. როდესაც კორპუსის მიწა დააკანონეს, ამისთვის ამხანაგობის თავმჯდომარემ თანხა შეაგროვა კორპუსში. ვისაც ავტოფარეხი ჰქონდა, მათგან 20-20 ლარი აკრიფა და ვისაც არ ჰქონდა _ 10. ამ ადგილს რომ არავინ შეხებოდა, 20 ლარი გადავიხადე. მერე ეს თანხა უკან მომიტანა, „გარაჟი“ არ გაქვს აშენებულიო. 2010 წელს კი მოვიდა მისი მეუღლე და ამ ადგილის მიყიდვა მთხოვა, არადა, მას ავტოფარეხი აშენებული აქვს და გაქირავებული იყო, პლუს ამას ორი ადგილი შემოკავებული ჰქონდა და ესეც მოინდომა. უარი ვუთხარი. მერე მითხრა, _ არც შენ აკეთებ ავტოფარეხს, არც სხვას აკეთებინებ, ჩამოვივლი კორპუსში, ვისაც სურს ავტოფარეხი, მოვაწერინებ ხელს და მაინც ავაშენებინებო. რადგან მას არ მივეცი ეს ადგილი, ამიტომ მოიქცა ასე.

_ ქალაქის მერიას არ მიმართეთ?

_ მერიაში დავწერე განცხადება, როდესაც მერიის წარმომადგენელი მოვიდა, თქვა, _ ავტოფარეხები სასწრაფოდ დააკანონეთო. მერე მე მითხრა, _ თუ ავტოფარეხის მშენებლობას დაიწყებ, განცხადება შემოიტანე, ახლა აქ არაფერი ხდება და რა რეაგირება უნდა მოვახდინოთო? მერე გვერდით „გარაჟის“ მეპატრონე მოვიდა და მითხრა, _ ამ ავტოფარეხების დანგრევას აპირებენ და გთხოვ, ნუ დაანგრევინებო. ვუპასუხე, _ ამხელა ცოდვას არ დავიდებ, მაგრამ ჩემი ბინის წინ ადგილს ყველა შეეშვას და ფანჯარასთან შუაღამეზე მანქანებს ნუ მიგრიალებთ-მეთქი. ამ ამბის შემდეგ ავად გავხდი, საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, დამიდგინეს: ინსულტი, ქრონიკული დიაბეტი, ინფარქტი, ეს ყველაფერი ბორდიურზე ნერვიულობამ დამმართა. ახლა გვერდით სადარბაზოში მცხოვრები დაეპატრონა ამ ადგილს და იქ რაღაც მასალები დამიყარა. მითხრა, _ რის საფუძველზე მიკრძალავ ამ ადგილის გამოყენებას, დაკანონებული არ გაქვს, ეს მასალებიც „გარაჟის“ გადასახურად მჭირდებაო. ეს მოხდა ამ წლის მარტში, ავდექი და ისევ შევიტანე მერიაში განცხადება. სანამ მერიიდან პასუხს მივიღებდი, ეს მეზობელი ჩემს წინ ადგილში მივიდა და ხეების მოჭრა დაიწყო. ვუთხარი, _ დღეს ამ საკითხზე განცხადება შევიტანე მერიაში და ნუ ჭრი-მეთქი. გააგრძელა და მიპასუხა, _ არავის საქმე არ არის, ჩემს „გარაჟში“ რას მოვჭრიო. პოლიციაში მივედი და ვთხოვე, შეეჩერებინათ. მიპასუხეს, _ ჩვენ არ გვეხებაო. მეორე დღეს სკვერში გამგებელი იყო მოსული, ავუხსენი მდგომარეობა, იმან საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტის თანამშრომელს დაავალა, რომელმაც თქვა, _ ბორდიურს არ გავაკეთებთო. ისევ დავწერე განცხადება, ისევ მოვიდა მერიის წარმომადგენელი. ვინც ჩემ წინ გარაჟს დაეპატრონა, იმან უბნის ბიჭები შეკრიბა და მეუბნება, _ ნაბიჭვარო, „კამერაში“ ჩაგსვამ ამ „გარაჟის“ გულისთვისო. მე გავჩუმდი, მერიის წარმომადგენელმა კი უთხრა, _ ამ ხეების მოჭრა ავტოფარეხის გაკეთებაზე ძვირი დაგიჯდებაო. სხვა განცხადება რომ მქონდა დაწერილი, იმის თაობაზეც მოვიდა მერიის წარმომადგენელი და რომ ნახა, მითხრა, _ ეს რა ხეებია, რაღაც ამონაყარია, ამაზე როგორ შეგვაწუხე, თუ კიდევ დაწერ განცხადებას, გისოსები რომ გაქვს ფანჯრებზე გაკეთებული, იმის გამო 800 ლარით დაგაჯარიმებ, მერე რა, რომ კომუნისტების დროს არის გაკეთებულიო. არადა, ზემოთ რომ აიხედო, სულ გისოსებში აქვს ხალხს ჩასმული ბინები, მე კიდევ პირველ სართულზე ვცხოვრობ. მერიის თანამშრომელი დამემუქრა, თან მითხრა, _ რამდენიც გინდა წერე, პასუხს არ გამოგიგზავნიო. გამგებელმა კიდევ მომწერა, _ კერძო საკუთრებაა და ჩვენ ვერ შევეხებითო. ბორდიურს არავინ ახსენებს, ამ დროს ყველა განცხადებაში ამას ვწერ.

_ ახლა თქვენი მოთხოვნა რა არის?

_ ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ჩემი ბინის წინ ბორდიური ისე გაკეთდეს, როგორც სხვა ბინებთან არის. ამის გაკეთება იმიტომ მინდა, რომ ვწუხდები განსაკუთრებით შუაღამით, როდესაც ჩემს ფანჯრებთან მანქანები დადის.

 

ნატალია მენთეშაშვილი:

_ მე-6 წელია, სოფელ ფონიჭალაში ბინა ვიყიდე, ადრე ამ ადგილზე მეურნეობა იყო, სამი ბარაკია აშენებული და ვინც იქ იყო დასაქმებული, ისინი ცხოვრობდნენ. 90-იან წლებში ეს ტერიტორია ხალხმა თვითნებურად დაიკავა, შემდეგ სოფლის გამგებელმა ამ ტერიტორიაზე 12 ფინური სახლი ჩადგა და თავისი დედმამიშვილები და ნათესავები ჩაასახლა. ქონების პრივატიზაცია რომ მოხდა, აქაც დაკანონდა ეს ადგილები. 16 წელიწადი საბერძნეთში ვიყავი და 2005 წლის დასაწყისში ჩემმა შვილმა იყიდა იქ ბინა. ბარაკის ტიპის ერთსართულიან სახლში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთ ჭერქვეშ ვართ 6 ოჯახი. ჩემს მეზობელთან, ვისთანაც პრობლემა მაქვს, იმან 2003 წელს იყიდა, ბინა გაფორმებულია ზაურ ნიჟარაძეზე, მაგრამ ამ კაცს იქ ერთი დღე არ უცხოვრია, უშგულში ცხოვრობს. მისი გოგონა _ ნინო ნიჟარაძე, 2010 წლიდან ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. საბერძნეთიდან რომ ჩამოვედი, საშინელი მდგომარეობა დამხვდა, სანამ ჩამოვიდოდი, ჩემი გოგონა ერთი წლით ადრე ცხოვრობდა მანდ, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს ჩვენი ოჯახის შევიწროება, ჩვენს კედელზე დამპალ და ჭუჭყიან მასალებს აყუდებდნენ, ჩემი სიძე სთხოვდა, რომ აეღოთ, მაგრამ არ ითვალისწინებდნენ. ახლა ჩემი საძინებლის წინ ეზო შემომიღობეს და მიითვისეს. რამეს რომ ვეტყვი, დამცინიან, ენითაუწერელ მდგომარეობაში ვარ, 6 წელი ხდება, 24 საათი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვიმყოფები. ბლოკით ღობე რომ ამიშენეს, ის არ ეყოთ და 5 მეტრში ამიშენეს სოფლის სტილის ტუალეტი. საძინებლიდან რომ გამოვიხედავ, ტუალეტს ვუყურებ. ვისგანაც სახლი იყიდეს, იმათ თავიანთი სახლის წინ ჰქონდათ ტუალეტი და ამათ აქ ამიშენეს. სამზარეულოს წინ 6 წლის მანძილზე მიღვრიდა წყალს, რასაც სამზარეულოში რეცხავდნენ, ჩემი ფანჯრების წინ იღვრებოდა და ხელოვნურად შექმნილი ჭაობი იდგა. დაველაპარაკე ადამიანურად, ვუთხარი, _ გადავიტანოთ  საპირფარეშო, მეც დაგეხმარებით-მეთქი. _ ეს ბინა ჩემი არ არის, მამაჩემის და ჩემი ძმისაა, რომ ჩამოვლენ, იმათ დაელაპარაკეო. თითქმის ერთი წელი ველოდე, რომ ჩამოსულიყვნენ და როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. აივანზე იდგნენ, მივესალმე, ხმა არ გამცეს, 20 წლის ბიჭი იდგა და ვკითხე, _ თქვენ ნინოს ძმა ხომ არ ბრძანდებით-მეთქი? ხმა არ ამოიღო. ნინომ მიპასუხა, _ დიახ, ჩემი ძმაა და რა გინდაო? კიდევ ვთხოვე, მეც დაგეხმარებით, იქნებ, საპირფარეშო გადავიტანოთ და აქ დაღვრილ წყალსაც მიმართულება მივცეთ-მეთქი. მომიბრუნდა ეს ბიჭი, თითს მიქნევს და მეუბნება, _ თუ არ გაჩერდები, თავს მოგაჭრი და ტუალეტში ჩაგფლავო, რამდენჯერმე გამიმეორა. ვუპასუხე, _ არ გინდათ ადამიანური ლაპარაკი და მაიძულებთ, სხვა ნაბიჯი გადავდგა-მეთქი. დედის გინებით გამომყვა ეზოს გარეთ. გამწარებული ინსტინქტურად ჩავჯექი ავტობუსში და პოლიციასთან ჩამოვედი, მდგომარეობა რომ ავუხსენი, განცხადება დამაწერინეს და მითხრეს, _ გავაფრთხილებთ ამ ბიჭს, მაგრამ ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის და მერიის ზედამხედველობის სამსახურს უნდა მიაკითხოო.

_ მიმართეთ მერიას?

_ მეორე დღესვე წავედი მერიაში და განცხადება დავწერე, დაიწყეს საქმის წარმოება. ზედამხედველობის სამსახურიდანაც მოვიდნენ წარმომადგენლები და თქვეს, რომ ღობე მთლიანად უნდა დაენგრიათ. ვუთხარი, _ შრომის ფასი ვიცი, ამდენ ნაწვალებს ნუ დაანგრევინებთ, ჩემს მხარეზე 5 მეტრი რაც არის, მხოლოდ ის მოშალონ-მეთქი. გამიბრაზდნენ, _ ქალბატონო ნატალია, ჩვენ იმიტომ მოვედით, რომ დაგეხმაროთ და კანონით როგორც არის საჭირო, ისე გავაკეთოთ და თუ თქვენ თავს იკავებთ, მაშინ ჯერ მოიფიქრეთო. უკან დავიხიე, ვუთხარი, _ კიდევ დაველაპარაკები-მეთქი და მერე აქეთ შემომიტიეს. მერე მივხვდი, რომ ისინი მართლები იყვნენ. 2013 წელს კიდევ შევიტანე საჩივარი, ხათუნა ბერძენიშვილი იყო კრწანისის რაიონის გამგებელი, დამირეკა და მითხრა, _ თქვენს ჭიშკართან ვდგავარ და მოდიო. იქიდან გამომდინარე, რომ სახლამდე მისვლაში რამდენიმე საათი მჭირდებოდა, შეხვედრა მეორე დღისთვის გადავდეთ. ბერძენიშვილი სამი მანქანა ხალხით დამადგა თავზე, ზედამხედველობიდან და მუნიციპალიტეტიდან ჰყავდა ხალხი მოყვანილი. ვუხსნი მდგომარეობა და ბერძენიშვილი მეუბნება, _ მე თვითონ ავუყვან ნიჟარაძეების ოჯახს ადვოკატსო. ვანახე, რა მდგომარეობაში მიწევს ცხოვრება და ისევ თითს მიქნევს და მეუბნება, _ ახლავე დავურეკავ პოლიციის უფროსს და სასტიკად გავაფრთხილებ, რომ ყურადღება მოგაქციოსო. ვინ მისცა გამგებელს ამის უფლება, ხატის წინ დავიფიცებ, ბედი მაწყევლინეს, ნეტავ, საბერძნეთიდან არ ჩამოვსულიყავი-მეთქი, მაგრამ მოხუცების აწევით ხერხემალი დამიზიანდა, ეს პრობლემა რომ არ მქონდეს, დღესვე წავიდოდი, ისეთ დღეში ჩამაგდეს. გადის-გამოდის გამგებელი და ლაპარაკობს, _ ვატყობ, აქ ვიღაცას დაიჭერენო. ჩემი ახლობელი იურისტი იყო სტუმრად და მერე იმან ამოიღო ხმა, _ ჯერ ერთი, რა უფლება გაქვთ, მოდიხართ მოქალაქის ოჯახში, აშანტაჟებთ, აშინებთ და ასე ცინიკურად ელაპარაკებითო?! იცით, რა უპასუხა? _ მე დაბადებიდან ცინიკოსი ვარო! მეორე დღეს მეზობლებმა მითხრეს, ბერძენიშვილს ხალხი მიუყენებია კუთხეში და უთქვამს, _ იცოდეთ, თუ ხელს არ მოაწერთ ამ განცახდებას (ჩემ საწინააღმდეგოდ დაწერა და მერე პოლიციაში გააგზავნინა), ყევლას მოგინგრევთ, რაც უკანონოდ გაქვთ აშენებული და თუ ხელს მოაწერთ, ლეგალიზაციას გაგიკეთებთო. მერე რამდენიმეს მართლა დაეხმარა და გაყალბებული საბუთებით გაუკეთა ლეგალიზაცია. ქალი მარტო ვცხოვრობ, რა ვიცი, რას გამიკეთებდნენ, თავი დავიზღვიე და პოლიციაში ვუჩივლე გამგებელს. მერე ზედამხედველობის სამსახურიდან კიდევ მოვიდა წარმომადგენელი და მეუბნება, _ ამ ღობეს დემონტაჟს არ გავუკეთებო. _ რატომ-მეთქი? _ იმიტომო, _ ასეთი პასუხი გამცა. შეაშინა ბერძენიშვილმა!

_ ადგილობრივი ხელისუფლება რომ შეიცვალა, მაშინაც ვერ მოაგვარეთ ეს პრობლემა?

_ 2014 წელს განცხადება დავწერე მერიაში, რომ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შევხვედროდი. ბედის ირონია იყო, უნდა შევიდე და კაბინეტის კართან აწერია: უფროსი გეგი ნიჟარაძე, ამათი ნათესავი. ჯერ ბერძენიშვილი იცავდა, ახლა ნიჟარაძე მათი ნათესავი აღმოჩნდა. ნორმალურად შემხვდა, რომ ავუხსენი მდგომარეობა, დამპირდა, ღობეს არ დავანგრევთ, მარტო თქვენ წინ მოვაშლევინებო. წამოვედი, გავიდა თვეები და არაფერი… ვრეკავ, ვაწუხებ, მოვიდნენ ისევ მერიის წამომადგენლები, საკუთარი ყურით გავიგე. იცით, რა უთხრეს? _ საჩივარი დაწერეთ და მაგასაც გამოვუძებნით რამესო! მოსახლეობას ერთმანეთთან აპირისპირებენ! როგორცკი მერიის თანამშრომლები წავიდნენ, იმათაც დაწერეს ჩემ წინააღმდეგ საჩივარი, ორი დღის შემდეგ დამადგნენ თავზე. ჭიშკარს შიგნიდან ვკეტავ ბოქლომით და გამიკვირდა, ეზოში როგორ შემოვიდნენ, მივედი და შემონგრეული იყო. შევეკიხე, _ თქვენ ადრე სად მუშაობდით, ასე რომ მოიქეცით-მეთქი? და სადღაც სპეცრაზმში უმუშავია. ასეთები შეიძლება დანიშნო თანამდებობაზე?! 3 წელი ვჩიოდი, ყურადღება არავინ მომაქცია, იმათ კიდევ დაწერეს განცხადება და ორ დღეში თავზე დამადგნენ! ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები როგორცკი წავიდნენ, ვითომ გახსნილი ღობე, ნიჟარაძემ ისევ ფანერებით და თუნუქით ამოჭედა.

_ დღეს რა მდგომარეობაა?

_ ისეთი საშინელი სუნი და ანტისანიტარია იყო, ბუნების დაცვის სამსახურში დავრეკე, მოვიდნენ, სურათები გადაიღეს და ნიჟარაძეებს უთხრეს, _ ამაზე დაჯარიმდებითო. უპასუხა, _ ჩემი მეუღლე ავად არის, ფსიქოტროპულ წამლებს სვამსო. იმას გადააბრალა, ამით სპეკულირებს. ვინც ფსიქოტროპულ წამლებს სვამს, ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს?! უბნის ინსპექტორი იყო მოსული ჩვენს ეზოში, მინდოდა, შემეყვანა და მეჩვენებინა, მაგრამ არ შემომყვა, უფლება არ მაქვსო. ნიჟარაძემ პატრული თვითონ გამოიძახა, გადაირივნენ, რომ ნახეს, რა მდგომარეობაში მამყოფებს, გარედან 5-ჯერ ჩამიკეტეს ჭიშკარი. პატრული რომ წავიდა, მერე მოვიდა ზედამხედველობის სამსახური, მათ თვალწინ ავაცალე ფანერების ღობე. წავიდნენ თუ არა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, ნიჟარაძის ქმარი დადგა და ისევ ამოაშენა. როგორც იყო მივაღწიე, რომ 6 წლის თავზე ტუალეტი გადაიტანეს, ჭაობსაც ეშველა, ახლა დარჩა ეს ღობე! ენით აუწერელი სასწაული ხდება, საშინელ დღეში ვიმყოფები!

 

თამარ ბატიაშვილი