რას უყვება შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილს?!

„ომეგა ჯგუფის“ სკანდალი გრძელდება. ორშაბათს „რუსთავი 2“-მა ამჯერად უკვე ვიდეომასალების გამოქვეყნება დაიწყო. პირველი მასალა ფარცხალაძის „პადვალში“ მომხდარ დიდ ავარიასა და სპორტის ყოფილი მინისტრის მიჯირყვნას უკავშირდება. ვიდეოკადრები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ავთენტურობასა და მონტაჟზე საუბარმა აზრიც კი დაკარგა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ძალოვანი უწყება და მასთან დაახლოებული პირები არწმუნებდნენ, რომ ზაზა ოქუაშვილს ვიდეოკადრები არ ჰქონდა და აუდიოჩანაწერებზე გაუთავებლად შეიძლებოდა საუბარი, რომ ის დამონტაჟებულია. ხელისუფლებას იმდენად ნულოვანი ნდობის მანდატი აქვს, რომ არც ბრიტანული ექსპერტიზის, არც სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ჩანაწერის მონტაჟის თაობაზე დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მით უმეტეს, ექსპერტიზაზე არა ჩანაწერების დედნები, არამედ ტელევიზიაში გასული დამონტაჟებული სიუჟეტები გაიგზავნა. ხელისუფლების მტკიცების პარალელურად, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, ბრიტანულ ექსპერტიზას ჩანაწერების სრული ვერსიის ორიგინალები წარუდგინა და დასკვნად გამოაქვეყნა, რომ ჩანაწერები ავთენტური და უწყვეტია.
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა ახლო გარემოცვის მტკიცებას დაუჯერა და სალომე ზურაბიშვილის წარდგენის მერე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე თანაგუნდელებს მოსთხოვა, როცა ჩანაწერებზე მიდგება საქმე, კომენტარები თამამად გააკეთეთ და ჩემი ჩანაწერი მოითხოვეთო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილის ამ განცხადებას „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი დაუფარავი ირონიით შეხვედრია, _ რაც მოითხოვა, აუცილებლად მიიღებსო. იგივე წყარო ამბობს, რომ ოქუაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს არა ერთხელ, არამედ ორჯერ არაოფიციალურ გარემოში შეხვდნენ და ორივე შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ზაზა ოქუაშვილს აქვს. როგორც მოახერხა მან ივანიშვილის ჩაწერა? ჰყავდა თუ არა მას ხელშემწყობი ივანიშვილის დაცვაში? რატომ არ იმუშავა სიგნალის ჩამხშობმა მოწყობილობამ? _ ამ კითხვებზე პასუხი, ჯერჯერობით, არ არსებობს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელსაც პირადად აქვს ნანახი შეხვედრის ვიდეოვერსიის ფრაგმენტები, ბიძინა ივანიშვილი ვიდეომასალაში ზაზა ოქუაშვილს ოთხ მილიონზე ესაუბრება, _ ე ბიჯო, რა გაატ…ე საქმე, მიეცი ბიჭებს ის ოთხი მილიონიო. და ასევე საკმაოდ პიკანტურად ყვება ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის დეტალებს. გამოაქვეყნებს თუ არა ოქუაშვილი ივანიშვილთან შეხვედრის ვიდეო ვერსიას, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ლევან ყიფიანი, რომელსაც ამ დრომდე „ქართულ ოცნებაში“ არ იცნობდნენ, კადრში უკვე გამოჩნდა სარდაფის პიკანტური ავარიის პიკანტური დეტალებით. გაირკვა ისიც, რომ ფარცხალაძე-ყიფიანის დაპირისპირებაში პოეტი დავით მაღრაძე და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი _ „ზარალაც“ ჩარეულან. ეს უკანასკნელი ოთარ ფარცხალაძის ხელისმომკიდეა.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ „ოცნებაში“ „ომეგას“ სკანდალის მერე დიდი არეულობა დაიწყო: ერთი ჯგუფი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის დაკავებას ემხრობოდა, _ საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ეგ საკუთარი სახელით აფერისტობდა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები საერთოდ არაფერ შუაში არიანო. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შიშობდნენ, რომ განწირული ლევან ყიფიანი დაფრთხებოდა და უარეს სკანდალებს მოყვებოდა. ამ შიდა გარჩევებში კვირაზე მეტი გავიდა, საბოლოოდ კი ლაშა ნაცვლიშვილის სცენარმა გაიმარჯვა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ სპორტის ყოფილ მინისტრს პირადად ლაშა ნაცვლიშვილმა დაუწერა ის ვერსია, რომელიც პროკურატურის ჩვენებაში უნდა დაეფიქსირებინა. ნაცვლიშვილის იდეა იყო ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმის გასაჯაროებაც. საბოლოო ჯამში, ჩანაწერების დადგმულობის ვერსიამ სერიოზული უკუეფექტი გამოიღო, „ომეგა ჯგუფის“ სკანდალის ნამდვილობა იმ ხალხმაც კი დაიჯერა, რომელსაც მასში ეჭვი ეპარებოდა.
„ომეგა ჯგუფის“ სკანდალი ერთადერთი არ იყო, რამაც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. არანაკლებ სკანდალური აღმოჩნდა გლდანის მერვე დაწესებულებაში მირზა სუბელიანის, ვიქტორ ჯაფარიძისა და დავით ცუხიშვილის შეხვედრის აუდიოჩანაწერის გასაჯაროებაც. გასული წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩის ტრაგედიის მერე, „ქრონიკა+“ იყო პირველი, რომელმაც მირზა სუბელიანის გვარი საჯაროდ დაასახელა. მოზარდების ჩხუბი მირზა სუბელიანის შვილის გამო დაიწყო, მან საკუთარ დეიდაშვილს, მიხეილ კალანდიას დაურეკა და დახმარება სთხოვა. დანებით შეიარაღებულმა მოზარდებმა ხორავას ქუჩის ფარდულში ორი მოზარდი მოკლეს, _ ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. დადუნაშვილის ოჯახს საქმე გამოძიებულად მიაჩნია და ხელისუფლების მისამართით პრეტენზიები არ აქვს, ზაზა სარალიძე კი ათი თვეა, სამართალს ყველა უწყებაში, მეორმოცე დღეა კი პარლამენტთან ქუჩაში ეძებს.
ამ ხნის განმავლობაში მას უამრავი ტალახი ესროლეს, ათასი ჭორი გაუვრცელეს, იკადრეს ისიც, რომ მან ფული აიღო, დღეს კი ყველა ერთხმად თანხმდება: მირზა სუბელიანი იყო ის პირი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოძიება იმ სცენარით წასულიყო, როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი.
სცენარში კორექტივები მხოლოდ ხალხმრავალმა პროტესტმა და პოლიტიკურმა ინტრიგებმა შეიტანა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და თანამდებობიდან გადააყენა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მაგრამ ბოლომდე ვერ გათვალა და თანამდებობის დატოვება თავადაც მოუწია. საზოგადოების პროტესტის დაშოშმინებისთვის ასევე აუცილებელი გახდა მირზა სუბელიანის დაკავებაც. გარიგება სასჯელზე, განსაკუთრებული პირობები ციხის საკანში, ოჯახის უსაფრთხოება და ფინანსური უზრუნველყოფა, _ ის, რაც ამ დრომდე მხოლოდ მოარული ხმებით ვიცოდით, მირზა სუბელიანმა თავად დაადასტურა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან საუბრისას. თუმცა აღმოჩნდა, რომ სუბელიანი პროტესტის გასანელებლად გამოიყენეს და, უბრალოდ, გადააგდეს. ის უჩივის პირობებს საკანში; ციხის საკვებს; მასთან აღარ თანხმდება საჯაროდ გასავრცელებელი ვერსიები; ემუქრება ქ. თბილისის პროკურორ მიშა შაყულაშვილს, „ქართული ოცნების“ მთავარ იდეოლოგ ლაშა ნაცვლიშვილს; უკმაყოფილოა სოზარ სუბარით და ასევე მმართველ გუნდს ახსენებს საკუთარ დამსახურებებს; არ ავიწყდება ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზე საუბარი; დახმარება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ძმას აღმოუჩინა; მოწმეებზე ზეწოლა, რომლის მეშვეობითაც გახმაურებული საქმეები გაიხსნა; საკნიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანის გამოძიება და ა. შ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე გამოიძია, ჯანდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი თანამშრომელი და გენერალურ ინსპექციაში მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დავით ცუხიშვილია. ეს ის პირია, რომელიც დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად გლდანის ციხეში მირზა სუბელიანთან იმყოფება პაემანზე. სწორედ დავით ცუხიშვილი ახსენებს ჩანაწერში ჩემს გვარს და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ეს პირი სარგებლობდა მირზა სუბელიანის განსაკუთრებული ნდობით.
სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო „ქართული ოცნება“ იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ წინასაარჩევნო კლიპში მონაწილეობაზე ქართველმა მომღერლებმა საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდაც კი უარი თქვეს. ამიტომ ამ დრომდე უცნობია, გაიმართება თუ არა სპორტის სასახლეში „ოცნების“ საფინალო საარჩევნო კონცერტი-შეხვედრა. წინასაარჩევნო კლიპიც მეტისმეტად უსახური და აბსოლუტურად უფერული აღმოჩნდა. ე. წ. ცნობილები მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერს იმეორებენ და ხმა მიეცითო, იმასაც კი ვერ მოუწოდებენ. განსაკუთრებით თვალშისაცემი ცნობადი სახეების სიმწირეა, ამიტომ საარჩევნო კლიპში ოჯახიდან ორ-ორი კაცი მონაწილეობს, მათ შორის, ცნობილი საარჩევნო ჰიტის ავტორი, ჯემალ სეფიაშვილი, მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობს ქალიშვილთან ერთად.
მართალია, მმართველი პარტია გვიმტკიცებს, რომ შიდა კვლევებით არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში, 53%-ით იგებს, მაგრამ ყველა შიდა და სუს-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, ზურაბიშვილი კატასტროფულად მარცხდება, განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობაა აჭარასა და სამეგრელოში. ამ ორ რეგიონში სუს-ი უკვე დეტალურად სწავლობს კომისიის წევრების ბიოგრაფიებს, აგროვებს კომპრომატებს და პარტიის შავი სალაროდან კომისიის წევრების მოსასყიდად დიდი ოდენობით ფულია მობილიზებული. თუ ოპოზიციის კომისიის წევრები არ შეშინდებიან, არ გაიყიდებიან და გაყალბებულ ოქმებს ხელს არ მოაწერენ, „ოცნების“ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ვერ გაიფორმებს.
არადა, ხელისუფლება არჩევნების ტოტალურად გასაყალბებლად ემზადება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სრულად იქნება მობილიზებული ადმინისტრაციული რესურსი და საჯარო მოხელეები, რომლებსაც საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების სრული მობილიზაცია ევალებათ. განსაკუთრებული ნდობით საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მერების ოჯახის წევრები და ნათესავები ისარგებლებენ და მათ ე. წ. სომხურ კარუსელში გამოიყენებენ. წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები ექნებათ „ქართული ოცნების“ კომისიის წევრებს და ეცდებიან, ბიულეტენები შეუმჩნევლად მოათავსონ საარჩევნო ყუთში. ცესკოს თავმჯდომარისთვის ეს ბოლო არჩევნებია, თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ეწურება და ის, როგორც ჩანს, ბოლოჯერ შეასრულებს ოცნების პარტიულ დავალებებს იმ გარანტიით, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მას ცესკოს ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯულ თანხებს არ მოჰკითხავენ.
რა მოხდება არჩევნების მეორე დღეს, ანუ 29 ოქტომბერს? არის თუ არა მზად ოპოზიცია საარჩევნო ხმების დასაცავად?
განმეორდება თუ არა 2016 წლის ნარატივი, როდესაც ბოკერიამ და მისმა გუნდმა უარი თქვა საარჩევნო ხმების დაცვაზე და „ქართულ ოცნებას“ გაყალბებული არჩევნები „გაუპრავა“?
ამ კითხვაზე ოპოზიციის ლიდერები საჯაროდ ჯერ არ საუბრობენ.
ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ევროპის ქალაქებიდან ემიგრანტების კოლონები საქართველოში მოემართება და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკვე ღიად დააფიქსირა პოზიცია, რომ ის საქართველოში ბრუნდება. გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში სააკაშვილის დაბრუნება გაცილებით მარტივია _ მას ვაშაძე შეიწყალებს და სამშობლოში ლეგალურად დაბრუნდება. თუ ვაშაძე პრეზიდენტი ვერ გახდა და გაყალბებული არჩევნებით პრველივე ტურში სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს გამარჯვებულად, ხალხი აუცილებლად გამოვა საპროტესტო აქციაზე და ამ ვარიანტში მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სცენარის განმეორება მოუწევს. მან საზღვარი მომხრეებთან ერთად უნდა გადმოკვეთოს.
დააკავებენ თუ არა საზღვარზე შემოსულ მიხეილ სააკაშვილს და ეყოფა თუ არა ამის რესურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს?
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქართულ ჯარში სრული ქაოსია და თავდაცვის მინისტრის სიტყვას არც ჯარისკაცებისთვის, არც სამხედრო ოფიცრებისთვის არანაირი ფასი არ აქვს. სერიოზული უკმაყოფილებაა პოლიციაში, რიგითი პოლიციელები დღემდე ვანო მერაბიშვილს მისტირიან, როცა პროფესიაც დაფასებული იყო და ანაზღაურებაც ნორმალური ჰქონდათ. ბალასტ მღებრიშვილის დროს პოლიციელებს ფორმებსაც კი არ ურიგებდნენ _ ორი ხელი პოლიციის ფორმა მორიგეობით ირეცხებოდა. შეასრულებს კი ამ მდგომარეობაში მყოფი პოლიცია მინისტრ გახარიას ბრძანებებს? ძნელი სათქმელია, როგორ მოიქცევა სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმი, რომლის უფროსიც, მეტსახელდ „ხარება“, „ნაცებიდანაა“ პორტირებული. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები კი გოგაშვილის „მალიარები“, მშენებლები და „სვარშიკები“ არიან.
ერთი სიტყვით, საარჩევნო ბოლო კვირის ათვლა უკვე დაიწყო.
შეიცვლება თუ არა სახელისუფლებო ბალანსი საპრეზიდენტო არჩევნების მერე, სულ რამდენიმე დღეში გამოჩნდება.
საპრეზიდენტო არჩევნებზე განსაკუთრებული ინტერესი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან. წინასაარჩევნოდ საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი ჩამოდის. ის ჯერ მოსკოვში ჩავა და მერე ეწვევა საქართველოს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საინტერესო მესიჯებსაც ჩამოიტანს თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან. ჯონ ბოლტონი ცნობილი ანტირუსია და მოსკოვშიც საგანგებო მისიით ჩადის _ აშშ ბირთვული შეიარაღების შეთანხმებიდან გადის და რუსეთთან ახალ ცივ ომს იწყებს. ამ პროცესში კი ამერიკისთვის საქართველო ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი ხდება.

ელისო კილაძე