რას მოუტანს საქართველოს სამინისტროების რაოდენობის შემცირება?!

m8

გასულ კვირას აქტიურად განიხილებოდა სამინისტროების რაოდენობის შემცირების საკითხი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ თემაზე არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ იმსჯელებენ. მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილება ეფექტიანობის პრინციპიდან და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება.

ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისში სამინისტროების ოპტიმიზაციის აუცილებლობის საკითხზე ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ისაუბრა და იქვე დასძინა, რომ ამ გზით სახელმწიფო მილიონობით ლარს დაზოგავს. ეს ინიციატივა ამავე პერიოდში ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ ეკონომიკური პროგრამის წარდგენისას გააჟღერა. „გირჩის“ პროგრამის მიხედვით, ქვეყანას მხოლოდ 8 სამინისტრო სჭირდება, ხოლო მათი შემცირების ხარჯზე დარჩენილი მილიონობით ლარი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს. ახალი პოლიტიკური ცენტრის მესვეურები იმასაც აცხადებენ, რომ სამინისტროების შემცირების შედეგად 25-30 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩება.

დღეს საქართველოში 19 სამინისტროა, ამას დამატებული პრემიერ-მინისტრის აპარატი. სამინისტროების ბაზაზე შექმნილია უამრავი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. თითოეული სამინისტრო სტრუქტურულ ერთეულებადაა დაშლილი და სხვადასხვა დანიშნულების დეპარტამენტს, სამმართველოს, ცენტრსა და სააგენტოს აერთიანებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 10 დეპარტამენტად იყოფა; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შემადგენლობაში 5 დეპარტამენტი შედის; ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 14 დეპარტამენტითაა წარმოდგენილი; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 8 დეპარტამენტი აქვს; თავდაცვის სამინისტროს _ 13; იუსტიციის სამინისტროს _ 12; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს _ 9; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს _ 10; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 3 დეპარტამენტს აერთიანებს; საგარეო საქმეთა სამინისტრო _ 19-ს; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში 3 დეპარტამენტი შედის; სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემადგენლობაში _ 6; ფინანსთა სამინისტროში _ 8; შს სამინისტროში _ 22; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში _ 12; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში _ 10; ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტრო 12 დეპარტამენტითაა წარმოდგენილი.

 

რას მოუტანს საქართველოს სამინისტროების რაოდენობის შემცირება? რომელი სამინისტროები უნდა გაუქმდეს და რა ფორმით? უკანასკნელი 4 წლის მანძილზე რომელი სამინისტროს მუშაობა იყო უფრო ეფექტიანი? „ქრონიკა+“ ამ კითხვებით დაინტერესდა.

 

პეტრე მამრაძე _ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი:

_ შეგახსენებთ, რომ „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, მაშინვე, საჯაროდ დავიწყე იმაზე საუბარი, რომ აუცილებელი იყო მთლიანად მართვის სისტემის ოპტიმიზაცია. აღმასრულებელი ხელისუფლება, რაც ნიშნავს მინისტრთა კაბინეტსა და მათზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს, მხოლოდ ნაწილია. ჩვენთან ყურადღებას ამახვილებენ, რამდენი სამინისტროა და რამდენი მინისტრია. პატარა და ღატაკი ქვეყნისთვის 20 მინისტრი პრემიერ-მინისტრთან ერთად აღებული და 19 სამინისტრო ეს აშკარად 2-ჯერ მეტია, ვიდრე უნდა იყოს. ჩვენზე დიდ და განვითარებულ ქვეყნებში 12-13 სამინისტროა, მაგრამ მექანიკური შემცირება არ არის სწორი. საჭიროა ფუნქციების ხელახლა გაწერა, ისეთი, როგორიც საქართველოს სჭირდება. ველოსიპედის გამოგონება არ გვინდა. თუნდაც, ავიღოთ პოსტსაბჭოური, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც უკვე ნატოს წევრებიც არიან და ევროგაერთიანებისაც. რამდენი სამინისტროა იქ და როგორ ფუნქციონირებს, ეს ყველაფერი შევისწავლე და დიდხანს ვმუშაობდი მსგავს საკითხებზე. ეს პირველსავე წელს იყო გასაკეთებელი, მაშინ უფრო ადვილი გახლდათ. ნაცვლად ამისა, „ოცნებამ“ მოირგო და შეირგო სააკაშვილის მიერ ბოლო წლებში გაბერილი სახელმწიფო სტრუქტურები. სამინისტროებზე მკითხეთ, მაგრამ დავამატებ, რომ გუბერნატორის ინსტიტუტიც გასაუქმებელია, ასევე გასაუქმებელია სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის მიერ სოკოებივით მომრავლებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ ის პრივილეგირებული თემები შეექმნათ, რომელიც მათ მხარს დაუჭერდა, ხოლო ქვეყნას სასიკეთოდ არ წაადგებოდა. უნდოდათ დაესაქმებინათ თავიანთი, როგორც უწოდებდნენ, ერთგული ადამიანები. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ეს შეინარჩუნა. პირველ რიგში, ეს იყო გასაკეთებელი და სხვათა შორის, ამას არ სჭირდებოდა არანაირი საკონსტიტუციო უმრავლესობა, გარდა გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებისა. ეს კი გაწერა სააკაშვილმა კონსტიტუციაში, მაგრამ დანარჩენის გაკეთება შეიძლებოდა. არ გააკეთეს და ახლაც არ მჯერა, რომ კოსმეტიკური ცვლილების გატარების გარდა რაიმე რეალურის გაკეთებას შეძლებენ. არ ჩანს არც პოლიტიკური ნება და არც ცოდნა იმისა, რომ ეს გააკეთონ, აუცილებელი კი არის!

ჩემთვის გაცილებით ადვილია იმაზე პასუხი, რომელი სამინისტროები უნდა დარჩეს. ყველასთვის ცხადია, რომ უნდა არსებობდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ როდესაც სააკაშვილმა კულტურის სამინისტროდან გამოყო და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნა, ეს ხომ აბსურდია?! ასევე ცალკეა რეგიონული განვითარების სამინისტრო, ცალკეა ევროინტეგრაციის, პენიტენციური სისტემის სამინისტროები. უცხოეთის არც ერთ ქვეყანაში ასე არ არის და აბსურდია. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ ადეიშვილსა და მერაბიშვილს ხელი დაებანათ, იქ თუ რამე არასწორი ხდებოდა, მათ არ შეხებოდათ და ის მინისტრი გადამდგარიყო, არადა, თვითონ მართავდნენ. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ თუ გაერთიანებულ სამეფოში _ ბრიტანეთში არსებობს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ეკოლოგიის ერთი სამინისტრო, ჩვენთან რატომ უნდა იყოს ცალკე სოფლის მეურნეობისა და ცალკე გარემოს დაცვის სამინისტრო?! მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ შეუძლებელია ჩვენი მასშტაბის ტერიტორიით, მოსახლეობითა და, თითქმის, ნულოვანი ეკონომიკით ქვეყანას სჭირდებოდეს 12-ზე მეტი სამინისტრო! ეს არის მხოლოდ ფრაგმენტი და ხაზს გავუსვამ, _ მართვის სისტემების ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ შეუძლებელია, რაღაც ფრაგმენტს შეადარო რეფორმა და დანარჩენი დატოვო, ერთიანად არის გასაკეთებელი, გუბერნატორის ინსტიტუტი იქნება ეს, სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრის აპარატები თუ სიპები, იმიტომ, რომ სავალალო შედეგია, ოთხჯერ მეტი ადამიანი იღებს ხელფასს საბიუჯეტო ორგანიზაციებში საქართველოში, ვიდრე კერძო სექტორში! ანუ ამ ადამიანებს ინახავენ არა ჩვენი ბიზნესით, არამედ უცხოეთში წასული ქართველების ფულით.

რაც შეეხება თქვენს კითხვას კონკრეტული სამინისტროს ეფექტიანობის შესახებ, ვერ გამოვყოფ და ყველას მოვუწოდებ: თუ ამ კითხვას უპასუხებენ, შეაფასონ სამინისტროს მუშაობა, საჭიროა შეიქმნას რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი კომპეტენტური კომისია და იმ კომისიამ შეისწავლოს ყველაფერი, რისი გაკეთება იყო საჭირო, რეალურად შესაძლებელი და რა გაკეთდა? ჩვენთან აფასებენ ხოლმე მინისტრების, ან სამინისტროების წარმომადგენელთა ტელეგენურობას, როგორ გამოდის და რას ამბობს ტელევიზიით. შეიძლება, ვინც ყველაზე ტელეგენური და მოლაპარაკეა, ის იყოს ყველაზე ნაკლებად ეფექტიანი მინისტრი, ან პირიქით. ამიტომ ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ და არც ერთმა პროფესიონალმა არ უნდა იკადროს მსგავსი შეფასებები. მაგალითად, ხიდაშელი სულ ჩანდა, როგორც თავდაცვის მინისტრი და ამას პიარისთვის იყენებდა, მაგრამ მოდიოდა სამინისტროდან ხმები, რომ არაფერი რეალურად არ კეთდებოდა, გარდა საკუთარი პიარისა. ამას სანდო ადამიანები მეუბნებოდნენ. მაგალითად, საგარეჯოში გამოიყენა ჯარი; ან ხელი მოაწერა, რომ არ იყოს ჯარში გაწვევა და მსგავსი რაღაცები. არადა, სულ ჩანდა, თანაც შემტევი პოზიციით. კარგად ვიცი, რომ კახი კახიშვილი ნამდვილი პროფესიონალია. ვიცი, რომ კარგად მუშაობს და ექსპერტები დადებითადაც აფასებდნენ, მათ შორის, საერთაშორისო, რომ კარგი ძვრებია პენიტენციურ სისტემაში. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ეს სამინისტრო არ უნდა იყოს! კარგა ხანია, გასაუქმებელია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. ის შეიქმნა, როცა საჭიროება იყო და ახლა სულ სხვა სამინისტროებმა უნდა აიღონ ამ ადამიანებზე ზრუნვის ფუნქცია. რომ ჩავყვეთ ამ 19 სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრის აპარატს, აქედან უნდა დავტოვოთ, მაქსიმუმ, 12.

 

ვახტანგ ხმალაძე _ „რესპუბლიკური პარტია“:

_ სამინისტროების გაუქმების შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო პროგრამაში გვიწერია, რომ შესაძლებელია, სამინისტროები შემცირდეს 12-მდე და მითითებულია, რომელი სამინისტროების ხარჯზე. მაგალითისთვის გეტყვით, რა შეიძლება შემცირდეს და რატომ უნდა შემცირდეს, ეს არგუმენტირებულიც გვაქვს. მაგალითად: შს სამინისტრო, რომელიც დღეს რეალურად წარმოადგენს პოლიციის სამინისტროსა და ყველას თვალში შს სამინისტრო გაიგივებულია პოლიციასთან, მას ძალოვან სტრუქტურასაც უწოდებენ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სამინისტრო უნდა გარდაიქმნას სამოქალაქო სამინისტროდ, რომელშიც პოლიცია უნდა იყოს მისი საქმიანობის ერთი ნაწილი. შეიძლება იყოს სამი საპოლიციო ტიპის სტრუქტურა, ერთი ეს არის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, მეორე _ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და მესამე _ კრიმინალური პოლიცია, რომელიც დანაშაულის გამოძიებით იქნება დაკავებული. ამასთანავე, იმ რამდენიმე უწყებას, რომელსაც თავისი საგამოძიებო სამსახური აქვს, მაგალითად, ფინანსურ პოლიციას, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარება, მათ ყველას უნდა ჩამოერთვას საგამოძიებო ფუნქციები და გამოძიებამ თავი უნდა მოიყაროს კრიმინალურ პოლიციაში. შს სამინისტროში სხვა ნაწილები უნდა იყოს, რაც სამოქალაქო საქმეს ემსახურება. მიგვაჩნია, რომ ამ სამინისტროს სახელი უნდა შევუცვალოთ და დავარქვათ საშინაო საქმეთა სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სამინისტრო. პირველი რესპუბლიკის დროსაც ამ სამინისტროს სახელი იყო საშინაო საქმეთა სამინისტრო. ეს არის, მაგალითად, სახანძრო დაცვა, სამაშველო სამსახური, 112-ის სამსახური. ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს სხვადასხვა მომსახურება, მაგალითად, იუსტიციის სახლში რა სერვისებიც არის, ეს გახლავთ საშინაო საქმეები, რომლებიც, თავისი არსით, არ უნდა იყოს იუსტიციის სამინისტროში, არამედ უნდა ექვემდებარებოდეს საშინაო საქმეთა სამინისტროს. ვფიქრობთ, რომ უნდა გაუქმდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო და მისი ფუნქციები უნდა გადაეცეს საშინაო საქმეთა სამინისტროს. ასევე ვფიქრობთ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უნდა გაუქმდეს და ამ საქმეს უნდა ეწეოდეს ის უწყება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. ის არ შეიძლება პოლიციასთან ერთად, ციხე ცალკე უნდა იყოს და ამიტომ უნდა დაექვემდებაროს არა საშინაო საქმეთა, არამედ, იუსტიციის სამინისტროს; ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის სამსახური, ვფიქრობთ, რომ უნდა შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს; დიასპორის საქმეთა სახელმწიფო სამინისტროს არსებობა ცალკე სრულიად ზედმეტია და ისიც უნდა შეუერთდეს საშინაო, ან საგარეო საქმეთა სამინისტროს; კონფლიქტების მოგვარების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა _ იდეაში ეს ფუნქციაც უნდა ჰქონდეს საშინაო საქმეთა სამინისტროს, თუმცა პოლიტიკური მოსაზრებების გამო შესაძლებელია, ეს ინსტიტუტი დროებით შენარჩუნდეს; ინფრასტრუქტურისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტრო _ ინფრასტრუქტურული საქმიანობა რაც აქვს ამ სამინისტროს, ვფიქრობთ, რომ საქმიანობის ეს ნაწილი უნდა გადავიდეს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ხოლო მეორე ნაწილი _ რეგიონული პოლიტიკა, სანამ მიმდინარეობს თვითმმართველობის რეფორმა, მანამდე შესაძლებელია დარჩეს ცალკე სამინისტროდ, მაგრამ რეფორმის დასრულების შემდეგ უნდა გადაეცეს საშინაო საქმეთა სამინისტროს; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო _ ვფიქრობთ, რომ თავისუფლად შეიძლება შეუერთდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან კულტურის სამინისტროს. ადრე იყო კიდეც ასე. შეიძლება, რომელიმე გამომრჩა, მაგრამ დიდი ნაწილი ჩამოვთვალე, ძირითადად, ამის ხარჯზე შეიძლება სამინისტროების შემცირება. მთავარი აქ არის ფუნქციები, რომელიც დღეს აქვს ცალკეულ სამინისტროებს, რაც თავისი არსით აშკარად სხვა სამინისტროების ფუნქციებში უნდა შედიოდეს. ევროპასთან ინტეგრაცია რატომ უნდა იყოს ცალკე და არა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან? სამინისტროების რაოდენობის შემცირება შტატების დიდ შემცირებას თავისთავად ვერ გამოიწვევს. თუ სამინისტრო ოპტიმალურად არის დაკომპლექტებული, მაშინ ეს გადატანა ძალიან მცირე რაოდენობის შტატებს გამოათავისუფლებს. თუ ოპტიმალური არ არის და გაბერილია, ბუნებრივია, იმდენი უნდა იყოს, რაც ამ საქმის გაკეთებას სჭირდება.

უფრო გამიადვილდება იმ სამინისტროების ეფექტიანობაზე საუბარი, რომლებიც ჩემთან სამსახურებრივ შეხებაში იყვნენ მოქცეულები: იუსტიციის სამინისტრო, შს სამინისტრო, ცალკე ინსტიტუტები, მაგალითად, იურიდიული დახმარების სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური, მერე როცა გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ უწყებებიდან, პირველ რიგში, დავასახელებდი იურიდიული დახმარების სამსახურს, რომელიც კარგად განვითარდა და საკმაოდ ეფექტიანად მუშაობდა. რომ ნახოთ ამ სამსახურის მუშაობის შედეგები, როდესაც სოციალურად დაუცველებს იურიდიულ დახმარებას უწევდა, მათ მრავალი სისხლის სამართლის საქმე აქვთ მოგებული სასამართლოში, ანუ ეფექტიანობის ხარისხი მაღალი იყო და კარგად განვითარდა. საკმაოდ ეფექტიანი იყო იუსტიციის სამინისტროს მუშაობა, ძალიან აქტიური იყო კანონშემოქმედებით ნაწილში. ის სამსახურები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარებიან, პირველ რიგში, იუსტიციის სახლები, აღსრულების ეროვნული ბიურო, განსაკუთრებით იუსტიციის სახლების მუშაობის დონე იყო მაღალი. ნაკლებად ეფექტიანად მიმაჩნია პროკურატურის მუშაობა, ძალიან დიდი რაოდენობის საქმეა, განსაკუთრებით 2004 წლიდან შემდგომ არსებული საქმეები, უსამართლოდ გადაწყვეტილი საქმეები, მათი რევიზია და სამართლიანობის აღდგენა უაღრესად ნელა მიმდინარეობდა და, ჯერ კიდევ, ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით. პოლიციის მუშაობაში მაღალი ხარისხი იყო, მაგრამ დარღვევებიც გახლდათ. პოლიციამ 100 საქმე რომ გააკეთოს კარგად და ერთი ცუდად, ის ერთი ისეთივე ეფექტს ახდენს, როგორც ერთმა კოვზმა კუპრმა ერთი კასრი თაფლი რომ გააფუჭა. ამიტომ კმაყოფილების ხარისხი ასეთ დროს მაღალი ვერ იქნება. არ შემიძლია არ აღვნიშნო სასჯელაღსრულების სამინისტროს მუშაობა, რეფორმები, რომლებიც იქ გატარდა, შედეგად მოგვცა ის, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა თავისუფლება აღკვეთილთა მდგომარეობა, სისტემური ხასიათის რეფორმები დაიწყო, მხედველობაში მაქვს ის, რომ პატიმრებმა იმუშაონ, პროდუქცია შექმნან, რაც მათი რესოციალიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დამნაშავეთა დაყოფა რისკის კატეგორიებად და მათი განცალკევება. ეს პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ მიმართულება სწორია.

 

გიორგი ახვლედიანი _ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“:

_ საქართველოში დღეს არაადეკვატურად ბევრი სამინისტრო გვაქვს და, სამწუხაროდ, სამინისტროებია დღეს ქვეყანაში მთავარი დასაქმების წყარო. 20 წელზე მეტია, უმუშევრობის პრობლემა გადაუწყვეტელია ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ არც ერთი ხელისუფლება არ ფიქრობს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე, რომელმაც ხალხი უნდა დაასაქმოს. ამიტომ ვამრავლებთ სამინისტროებს, დეპარტამენტებს და საბიუჯეტო ორგანიზაციებს. სამინისტრო უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ დარგს, არსებობს ასეთი დარგი, მაგალითად როგორიც არის შერიგება? ჩვენ გვაქვს შერიგების სამინისტრო! არ არსებობს დარგი ინტეგრაცია, ჩვენ ამის სამინისტრო გვაქვს! ნატოში გაწევრიანება დარგი არ არის, ეს ყოვლად არასაჭირო სამინისტრო გვაქვს! პრობაციის სამინისტრო არ გვჭირდება, უნდა იყოს დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროში, ჩვენ ცალკე სამინისტრო გვაქვს! დევნილთა პრობლემების მოგვარებას სამინისტრო არ სჭირდება, მაგრამ ჩვენ ეს სამინისტროც გვაქვს! შერიგებას სამინისტრო კი არ სჭირდება, სჭირდება ამ საქმის პროფესიონალი ადამიანები, დიპლომატები, შერიგების საქმის სპეციალისტები, რომელთაც დაევალებათ კონკრეტული ურთიერთობების დამყარება დაწყებული სახალხო, დამთავრებული სახელმწიფო დიპლომატიით. დევნილთა სამინისტროს ფუნქციები და მოვალეობები შეიძლება გადანაწილდეს როგორც იუსტიციის სამინისტროზე, ასევე აფხაზეთის ხელისუფლებაზე; ცხინვალის ყოვლად უფუნქციო ადმინისტრაცია რომ გვაქვს და რისთვის გვაქვს, არ ვიცით. ინტეგრაციის სამინისტრო ნამდვილად არ არის საჭირო, რამდენიმეკაციანი ჯგუფი საკმარისია საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეს არის რეალობა და სამინისტროების შემცირება ჩვენს ქვეყანას ნამდვილად წაადგება, სერიოზულ ფინანსურ და საბიუჯეტო ხარჯების ეკონომიასაც განახორციელებს. რა თქმა უნდა, ამის პარალელურად დადგება საკითხი, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა უმუშევარი დარჩება, მაგრამ სახელმწიფოს დიდი ხანია, უკვე უნდა დაეწყო ზრუნვა, რომ სერიოზული საგადასახადო და ეკონომიკური შეღავათებით ხელი შეეწყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომ სწორედ მისი განვითარების წყალობით მომხდარიყო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ გზას დაადგა ყველაფერში და ძალიან მაღალი გადასახადებით ახრჩობს მცირე და საშუალო ბიზნესს. სამინისტროები არაადეკვატურად ბევრი რომ გვაქვს, ფაქტია. 19 სამინისტრო აქვს პატარა საქართველოს, როდესაც ათჯერ დიდ ქვეყნებს 12 სამინისტროზე მეტი არ გააჩნიათ.

მკითხეთ, რომელმა სამინისტრომ დაგამახსოვრათ თავი ეფექტიანი მუშაობითო? სამწუხაროდ, ვერც ერთ სამინისტროს ვერ გამოვყოფდი, რომელთაც დარგის მიხედვით ცვლილებები უნდა განეხორციელებინათ, ამის დაპირება და რეალური საშუალება ნამდვილად იყო. მაგალითად ის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ერთი მილიარდი ჩაიდებოდა, ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო, საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაეხადა ეს ფული, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ 4 წლის განმავლობაში 300-350 მილიონი ლარი დაიხარჯა მთლიანად ამ პროექტებში, 10%-ც არა, რაც დაგვპირდნენ. არავითარი ძვრები არ მომხდარა ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ძირეული ძვრები არ განხორციელებულა განათლების თვალსაზრისით. უნდა გაუქმებულიყო ეროვნული გამოცდები და სკოლებში მაღალი დონის გამოცდების მეშვეობით უნდა მოხვედრილიყვნენ უკვე აბიტურიენტები წლევანდელი წლიდან მოყოლებული უმაღლეს სასწავლებლებში. ასე იყო გაწერილი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმდა და საქართველო უნდა გადასულიყო დასავლურ, ცივილიზებულ სტანდარტზე აბსურდული ეროვნული გამოცდების გარეშე, მაგრამ ამაზე არავინ იზრუნა და ერთი მიმინოშვილის სკამს გადავაყოლეთ ამხელა რეფორმა. ასეთი სიტუაციები ქვეყანაში ბევრი გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთადერთი, რაც ადამიანების საკეთილდღეოდ წარიმართა, არის ოპერაციების დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაგრამ ამისთვის ერთი მილიარდი მთლიანად ამოიღეს ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, რომელიც ყოველწლიურად იხარჯებოდა, საზოგადოებაში ფულის მასა ტრიალებდა და სოციალური მიმართულებით გადადეს. რა თქმა უნდა ის, რომ ადამიანები ავადმყოფობის გამო არ იღუპებიან, ძალიან კარგია, მაგრამ სახელმწიფო ასე ვერ განვითარდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტი არ გაზრდილა და ისევ 10 მილიარდის ფარგლებში ტრიალებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე მართავს სრულიად გამოუცდელი ადამიანების კრებული. ეს კიდევ რა სირთულეებს მოიტანს ქვეყანაში, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ, როდესაც ამ ყველაფერს დაემატება პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობა. მივიღებთ ძალიან მძიმე სურათს, სამწუხაროდ, ეს რეალობა თავიდან ვერ ავიცილეთ!

 

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი