რამაზ საყვარელიძე: „პრეზიდენტს ფუნქციები არ გააჩნია და ორი სასახლე გვაქვს, ესეც ქართული პოლიტიკური კომიზმის გამოვლინებაა“

პრეზედენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, აცხადებს, რომ „ქართველ ხალხს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა სურს და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მოვუწოდებ, რომ დაინიშნოს პლებისციტი, სადაც მოსახლეობა ნათლად გასცემს პასუხს კითხვაზე, თუ როგორ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი“.

აბაშიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ახალმიღებულ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი შესაძლოა ჩასწორდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში განიხილება საკითხი, რომ პრეზიდენტი არა საარჩევნო კოლეგიამ, არამედ მხოლოდ პარლამენტმა აირჩიოს.
გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებები, ქმედებები და დისკუსიები კვლავ არათანმიმდევრულად გრძელდება, როგორც ეს ერთი წლის წინათ იყო. ცოტა კომიკური სახე მიიღო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საუბრებმა. ხან ხმოსნებზეა საუბარი, ხან პარლამენტის მიერ არჩევაზე და ხან პირდაპირი წესით არჩევაზე. საბოლოოდ, არ არის ამდენი წვალება საჭირო, ჩამოყალიბდნენ, რა სურთ და ასე ვთქვათ, რით ვერ დაასრულეს მათ პრეზიდენტ მარგველაშვილთან მუდმივი, მათი აზრით, კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნა?
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კონსტიტუციის 50-ე მუხლში შესაბამისი შესწორების შეტანის საკითხი უკვე გუნდში განხილვის საგანია და მოსალოდნელია, რომ სათანადო ცვლილებები იმ პროექტში აისახება, რომელზედაც საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტს 300 ხმოსნისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია ირჩევს. საარჩევნო კოლეგია შედგება პარლამენტის, აჭარისა და აფხაზეთის წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრისგან და, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრება:
_ პატრიარქს რომ იდეა ჰქონდა, საქართველოსთვის კონსტიტუციური მონარქია კარგი მმართველობა იქნებაო, მგონია, რომ ის დრო დაგვიდგა, ხელახლა მონარქი დავაბრუნოთ და მისი მემკვიდრეების ცვლილებით კონსტიტუციაში ის როლი შევავსოთ, რასაც პრეზიდენტი უნდა ასრულებდეს. ამდენი ჭიდაობა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რომელსაც, პრაქტიკულად, არანაირი ფუნქცია არ გააჩნია, უკვე ღიმილის მომგვრელიც აღარაა, უბრალოდ, მომაბეზრებელია.
ესეც გასაგებია, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს. ამით საპრეზიდენტო სკამსაც ის პარტია მოიგდებს ხელში, რომელიც ქვეყანას მართავს. ან ამ პარტიას რაში სჭირდება საპრეზიდენტო ძალაუფლების კონტროლი, რადგან, რეალურად, მის ხელში ძალაუფლება არ არის. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ამდენი ტვინის ჭყლეტა პრეზიდენტის პოსტზე გაუგებრად მეჩვენება.
ეკონომიკური და იურიდიული თვალსაზრისით გამართლებულია, რომ ის საერთო-სახალხო წესით არჩეული არ ყოფილიყო. რატომ უნდა დახარჯულიყო ამხელა ენერგია და ფული იმ არჩევანზე, რომელსაც იმავე ხალხისთვის არანაირი შედეგი არ ექნებოდა?
მაგრამ კოლეგიაზე უარი ითქვას და პარლამენტმა აირჩიოს, ეგ კიდევ მეორე უკიდურესობაა. პრაქტიკულად, ისევ პოლიტიკური კონტროლის შემოტანის მცდელობაა. ღმერთმა ქნას, მეშლებოდეს, მაგრამ პარლამენტის არჩევანი ყოველთვის იმ პარტიაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ან უმრავლესობა ეყოლება, ან თუ ეს გადამწყვეტი მაჩვენებელი არ ექნება, ვიღაცასთან ალიანში შევა და საკითხს ისინი გადაწყვეტენ.
კი ბატონო, იყოს ასე არჩეული, მაგრამ ეს პროცესი სერიოზულ შთაბეჭდილებას მაინც არ ტოვებს.
_ არსებული რეალობის გათვალისწინებით, იმავე საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევა უფრო მისაღებად გამოიყურება?
_ დღევანდელი რეალობა რომც არ იყოს, ისედაც საარჩევნო კოლეგია უფრო მისაღებად გამოიყურება. სხვა ქვეყნებს კოლეგიები რატომ ურჩევნიათ, ეს ნაკლებად არის პოლიტიკურ ვაჭრობასა და კონიუნქტურაზე დამოკიდებული. დავუშვათ, არაა უმრავლესობაში ერთი პარტია, სამი-ოთხია, ისინი რომ შეეკვრნენ ერთმანეთს, ხომ შეთანხმდებიან პრეზიდენტის საკითხზე? ისევე, როგორც პრემიერზე შეთანხმდებიან პარტიები, თუ ერთ-ერთ მათგანს უმრავლესობა არ ექნება. ეს ყველაფერი სუფთა პოლიტიკურ პროცესად გადაიქცევა, მათ შორის, პრეზიდენტის თანამდებობაც,
განსხვავებით საარჩევნო კოლეგიისგან, სადაც საზოგადოების ნაწილიც მონაწილეობს. ამიტომ პრეზიდენტის არჩევნების პოლიტიკურ პროცესად გადაქცევა გაუმართლებლად მიმაჩნია, თუკი შანსი არის, რომ საზოგადოებამ მასში ამა თუ იმ სახით მონაწილეობა მიიღოს.
_ მაინც, როგორი უნდა იყოს ამ გზით არჩეული პრეზიდენტი, ე. წ. არბიტრი?
_ აქ არბიტრობა მეტაფორად უნდა მივიღოთ და ეს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ცოტა არ იყოს, დაიჩემა, რადგან აქ კომიკური არბიტრობა იკვეთება. არბიტრი, მსაჯი, სპორტული თამაშების დროს სასტვენს რომ ჩაჰბერავს, თამაში ჩერდება. ანუ ნებისმიერ მათგანს ძალა აქვს მინიჭებული. ამან რამდენჯერაც არ უნდა დაუსტვინოს, ამით არც ერთი პროცესი არ გაჩერდება.
ხომ ნახეთ, რამდენ კანონზე პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მაგრამ ამის შემდეგ არაფერი მოხდა. იმაზე ლაპარაკი, რომ ამ კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი არბიტრია, ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა, ის არბიტრიც არ არის.
ასე რომ, როგორი უნდა იყოს, ეს საკითხი საერთოდ არ დგას. პრაქტიკულად, არანაირი როლი არ აქვს და რა უნდა მოითხოვოს ადამიანმა?
პრეზიდენტი უნდა იყოს წარმომადგენლობითი, შეხვედრებზე სათანადოდ გამოიყურებოდეს, გეამაყებოდეს, რომ ასეთი კარგი კაცი შენი პრეზიდენტია, დანარჩენი როგორი იქნება, რა მნიშვნელობა აქვს.
ქალი თუ იქნება პრეზიდენტი, მთლად უკეთესი. აი, ახლა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ჩამოდის, შესანიშნავი კინოვარსკვლავი გეგონება. ანალოგიური რომ იყოს შენი ქვეყნის პრეზიდენტი, ეს მხოლოდ კარგი და მისასალმებელი იქნება.
_ და ეს ყველაფერი პოსტის არსებობას ამართლებს?
_ უნდა არსებობდეს, რაღაც მინიმალური ამოცანები შესასრულებელია. მაგალითად, ვიღაცამ უნდა მოიწვიოს პარლამენტი, ან დაშალოს იგი, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, ეს შემავსებელი ნაბიჯები ვიღაცის მიერ უნდა გადაიდგას. და ეს ვიღაც პრეზიდენტია ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით.
_ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება გაქვთ?
_ მთლიანობაში, ჩვენი საპრეზიდენტო სასახლე უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე პრეზიდენტის რეალური ფუნქციები სახელმწიფოში. რა უნდა მოხდეს ამასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ეგ უკვე პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გადაწყვიტოს. ეს სირთულეები მათი შექმნილია და მათვე უნდა მოაგვარონ.
რეალურად, ორი საპრეზიდენტო სასახლე გვაქვს და საკითხავია, ეს ყველაფერი როგორ უნდა გადაანაწილონ? ფაქტია, პრეზიდენტს ფუნქციები არ გააჩნია და მისთვის ორი სასახლე გვაქვს. ესეც ქართული პოლიტიკური კომიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
_ ბოლო ადგილობრივ არჩევნებსაც გადავხედოთ, რა მთავარ დამახასიათებელ ნიშნებს გამოყოფთ?
_ ბოლო არჩევნები უმნიშვნელო არ ყოფილა, პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების ნიშნით გამოვყოფდი. ერთ-ერთი გამოვლინება ის იყო, რომ ალეკო ელისაშვილმა, როგორც არაპარტიულმა წარმომადგენელმა, ძლიერი მხარდაჭერა მიიღო. თვითონ კახი კალაძის მიმართ მხარდაჭერაც ნაწილობრივ ამას ასახავდა, რადგან კალაძე არ აღიქმება, როგორც ტიპური პარტიული ნომენკლატურა. საგულისხმოა ის პროცენტიც, რომელიც საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე.
ეს სამი ელემენტი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიები ძალიან ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდნენ. მოსახლეობას ეს პარტიები აღარ უნდა, არც დიდი არც პატარა, არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციური. სახელისუფლებოს კიდევ ცოტა უკეთესი თვალით უყურებენ, ამის ნიშანი იყო ეს ბოლო არჩევანი.
_ შეძლებს თუნდაც ოპოზიცია სათანადო დასკვნების გაკეთებას?
_ დასკვნების კეთება 2012 წლიდან უნდა დაეწყოთ, მაგრამ არაფერი ეტყობათ, რომ განვლილ ხუთ წელიწადში ეს დასკვნები გააკეთეს. ოპოზიციამ თუ ამდენ ხანში ეს ვერ შეძლო, ვერც აწი გააკეთებს, მეეჭვება ეს ამბავი.
თუმცა ახლად გაჩენილმა ოპოზიციურმა პარტიებმა (ზოგიერთი მათგანი „ნაციონალებს“ გამოეყო), არ არის გამორიცხული, რომ ამ მხრივ რაღაც ახალი სტრატეგიები აირჩიონ. წინასწარ ძნელი სათქმელია, ამას რამდენად მოხერხებენ.
_ დედაქალაქის ახალმა მერმა რა მთავარ გამოწვევებს უნდა უპასუხოს?
_ ქალაქის გამოწვევები იმდენად დიდია, რომ მათში მთავარი რომელია, ძნელი სათქმელია. ყველა მენეჯერმა (მერობას თუ მენეჯერობად მივიღებთ), უპირველესად, თავისი სამენეჯერო აპარატი უნდა გამართოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კალაძემ მერიის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოახდინოს, რაც დაწყებული აქვს. თუ ეს ინსტრუმენტი გამართული არ იქნა, დედაქალაქის მართვაში ბევრი რამ პრობლემური იქნება. მართვის ინსტრუმენტის გამართვის მერე კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა უფრო ადვილი აღმოჩნდება.

გელა მამულაშვილი