პრემიერის მეგობარი რუსი ბიზნესმენი

მთავრობის დამტკიცების დღეს საქართველოს პარლამენტში მომხდარმა სკანდალმა გიორგი კვირიკაშვილის პრეზიდენტობაზე ოცნებებს, სავარაუდოდ, წერტილი დაუსვა.
როდის დატოვებს ის მთავრობის მეთაურის სავარძელს, დროისა და ბიძინა ივანიშვილის გუნება-განწყობის ამბავია.
ამასობაში კი მისი ახლო გარემოცვა ფინანსური გავლენების შენარჩუნებაზე ფიქრობს.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პრემიერი კვირიკაშვილი, წინამორბედისგან განსხვავებით, საკუთარ ნათესავებს ბიზნესში, თითქმის, არ რევს და, ამ მხრივ, სანათესავო სკანდალებიც ნაკლებად აწუხებს. სამაგიეროდ, ფინანსურ სქემებს, როგორც „ქრონიკა+“ უკვე წერდა, მისი ბიზნესპარტნიორები ალაგებენ.
ტენდერები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ბაზარი, უძრავი ქონება, საბაჟო ტერმინალები, ეს მათი გავლენის სფეროების არასრული ჩამონათვალია.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კვირიკაშვილის გარემოცვაში მისი ბიზნესპარტნიორების რაფიელ სურამელაშვილისა და ლევან ნოზაძის გარდა, რამდენიმე გავლენიანი ბიზნესმენი და თანამდებობის პირი მოიაზრება, მათ შორის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე, რომელიც ამ ჯგუფის ინტერესებს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან ლობირებს.
პრემიერის გარემოცვაში მოიაზრება ასევე მისი მეგობარი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძე.
ზაზა ნიშნიანიძე არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქე და რაინდ ლევან ვასაძის ახლო მეგობარია, საქართველოში მას პუტინსა და სტალინზე შეყვარებულ სუბიექტად იცნობენ.
პირველ სკანდალში მისი ოჯახი ძალიან დიდი ხნის წინ გაება, როცა მისმა ძმამ, გიამ, ამერიკელ ცოლ-ქმარს საქართველოში ბავშვი აშვილებინა და ამ საქმეში საკმაოდ დიდი ფული გააკეთა. მოგვიანებით, საქართველოში ბავშვის მამა გამოჩნდა, რომელიც მხედრიონელი გახლდათ და შვილის დაბრუნება მოითხოვა. გია ნიშნიანიძე ამერიკაში გაემგზავრა, ის ამერიკელ ცოლ-ქმარს აშინებდა და ბავშვის დაბრუნებას სთხოვდა. მას FBI-ში უჩივლეს და ციხეში ჩასვეს. ზაზა ნიშნიანიძეს საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა და გავლენიანი ამერიკელი ადვოკატების დაქირავება მოუწია, რომ ძმა ციხიდან გამოეხსნა.
ფული რუსეთში იშოვა, ცხადია, იქაურ სპეცსამსახურებთან და პუტინის გარემოცვასთან ახლო კავშირები აქვს. საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა. ის რამდენიმე კომპანიის მფლობელია.
მათ შორის, ყველაზე მსხვილი შპს „მეიდან ჯგუფია“, ის ასევე ფლობს წილებს შპს „ფროფერთი მენეჯმენტში“, შპს „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში“, შპს „ბაზის ესეტ მენეჯმენტში“, შპს „რივერ ტურში“, შპს „ონლაინ ფაინენსში“, სს „არდი დაზღვევაში“, შპს „აგროტექნოლოჯში“, შპს „გორგასალში“, შპს მეცენატთა საზოგადოება „თბილისში“, შპს „ჩაინა თაუნში“, მათგან ოთხ კომპანიაში თავად იკავებს დირექტორის პოზიციას.
ზაზა ნიშნიანიძე შპს „მეიდან ჯგუფის“ პარტნიორი 2016 წლის მარტში გახდა. მასთან ერთად კომპანიის დამფუძნებელი შპს „ტერმიტელ ასეტს კორპი“ და იური ხუნდაძეა, 2016 წლიდან კომპანიის დირექტორი ქეთევან ხუროძეა.
შპს „ფროფერთი მენეჯმენტის“ პარტნიორი ზაზა ნიშნიანიძე 2017 წლის მაისში გახდა, მასთან ერთად ამავე წლიდან კომპანიის პარტნიორია ლაშა ქევანიშვილი, კომპანიის დირექტორი კი გიორგი გიგინეიშვილი გახდა.
2017 წელს ზაზა ნიშნიანიძე თამაზ ხუროძესთან და თამაზ ჩხიკვაძესთან ერთად შპს „ალექსანდრე ალადაშვილის“ კლინიკის პარტნიორიც გახდა, ამავე წლის თებერვალში კლინიკის დირექტორის პოსტი ქეთევან ბეთანელმა დაიკავა.
ოფიციალური ინფორმაციით, „მეიდან ჯგუფი“ ქონების მართვისა და განვითარების კომპანიაა, რომელიც 2000 წელს დაარსდა. კომპანიის მიზანია თბილისის ძველ უბნებში ინვესტიციებისა და ახალი პროექტების განხორციელება, რათა შენარჩუნდეს ამ ადგილების აქტუალობა თანამედროვე თბილისის ცხოვრებაში და ამასთან არ დაიკარგოს მათი ისტორიული მნიშვნელობა, არქიტექტურული იერსახე და ტრადიციული ელფერი.
კომპანიის მიერ შერჩეული ტერიტორიები ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ეკლექტური სტილითა და დაარსების საინტერესო ისტორიით გამოირჩევა, ყოველ ადგილს თავისი ისტორია აქვს და გარშემორტყმულია თანამედროვეობის გაცოცხლებული ძველი თბილისის ტრადიციებით. ამ პათეტიკური ფრაზების მიღმა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მილიონობით ლარი და „ატკატი“ დგას.
2017 წლის იანვარში თბილისში, ორთაჭალაში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი გაიყიდა, რომლის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობდა. კურორტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, დანგრევის პირას მისული სარეაბილიტაციო ცენტრი რამდენიმე წელია, უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ფრანტებით გარემონტდა და აღიჭურვა. ბალნეოლოგიური კურორტის ახალი მფლობელი „მეიდან ჯგუფია“, მან ობიექტი 1999 წლის მდგომარეობით შეფასებულ მიზერულ ფასად შეიძინა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, რომლის უკან პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დგას.
„მეიდან ჯგუფის“ ხელმძღვანელი, ქეთევან ხუროძე, „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებდა, რომ არ არის გამორიცხული, ადგილზე მსოფლიო ბრენდის სასტუმრო შემოვიდეს. როგორც კომპანია განმარტავს, ობიექტის შესყიდვაზე ტენდერი და აუქციონი არ ჩატარებულა, კომპანიასა და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელშეკრულება ურთიერთგაცვლის შესახებ გაფორმდა.
სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და ძალზე ღირებული ქონების ურთიერთგადაცემის სანაცვლოდ, შპს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი „თბილისი SPA“ ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის 100%-იანი წილის სანაცვლოდ სახელმწიფოს გადაეცა ძალზე ღირებული 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მაღალი სამშენებლო კოეფიციენტითა და კომუნიკაციებით უზრუნველყოფილი. მიუხედავად სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაცემული ძალზე ღირებული ტერიტორიისა, სახელმწიფომ ფასთა შორის სხვაობა განგვისაზღვრა 2 357 234 ლარით, რასაც ჩვენი კომპანია დასთანხმდა, _ განაცხადეს მაშინ „მეიდან ჯგუფში“.
ზაზა ნიშნიანიძე სპს „გორგასალში“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი 2014 წლიდანაა, 2014 წლიდანვე ფლობს შპს „გასართობ ცენტრ მედანს“, სადაც ასევე 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. 2017 წლიდან ნიშნიანიძე შპს „რივერტურის“ პარტნიორია ლაშა ქევანიშვილთან და დავით ჭედიასთან ერთად, შპს „ონლაინ ფაიანენსში“ ზაზა ნიშნიანიძისა და კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორ რაფიელ სურამელაშვილის კვალი იკვეთება. 2016 წლის ნოემბრიდან სურამელაშვილი ამ კომპანიის პარტნიორი ხდება.
სს „არდი დაზღვევაში“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არმაზ თავაძეა, ხოლო ზაზა ნიშნიანიძე კომპანიის პარტნიორია.
სს „არდი დაზღვევას“ გასულ წელს გამოცხადებული 145 ტენდერიდან მოგებული აქვს 28%, საერთო ღირებულებით 2 მილიონ 900 ათასი ლარი, გამარტივებული შესყიდვა განხორციელებული აქვს 51 შემთხვევაში.
„არდი დაზღვევას“ ტენდერი მოგებული აქვს ენერგეტიკისა და კულტურის სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციაში, ფინანსურ პოლიციაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ეროვნულ არქივში, სპორტის სამინისტროსა და ა. შ.
ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ზაზა ნიშნიანიძის კიდევ ერთი კომპანიის, შპს „აგრო ტექნოლოჯის“ დამფუძნებელთა სია.
მისი დირექტორი და პარტნიორი 2014 წლიდან კარსტენ კარლ თეოდორ ვებერ ჩუბაისია, ხოლო მეორე პარტნიორი ასევე რუსეთის მოქალაქე ირინა ფომინა.
ზაზა ნიშნიანიძე შპს „გორგასალი 1“-ის მფლობელი 2013 წლიდანაა. ასევე არის შპს „ბაზის ესეტ მენეჯმენტის“ პარტნიორი, ამავე წელს იგი გახდა მეცენატთა საზოგადოება თბილისის დირექტორი, რომლის პარტნიორიც შპს „ახალი კაპიტალია“.
2011 წლიდან ნიშნანიძე შპს „ჩაინა თაუნის“ პარტნიორია, რომლის დირექტორიც ჰუა იუა.
შპს „რივერ ტური“ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს მტკვარზე ბორნებით გასეირნებას სთავაზობს. თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ მთელი მტკვარი ტურისტულ კომპანიებს უკანონოდ აქვთ მითვისებული და უახლოეს მომავალში ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. ვარაუდობენ, რომ საფინანსო კომპანიების მსგავსად, აქაც სხვა წვრილ ტურისტულ კომპანიებს შეზღუდავენ და მონოპოლიას მტკვარზე პრემიერ კვირიკაშვილის მეგობარი ზაზა ნიშნიანიძე მიიღებს.
ეს საქართველოში რუსეთის მოქალაქე და პრემიერ კვირიკაშვილის მეგობრის, ზაზა ნიშნიანიძის ბიზნესინტერესების არასრული ჩამონათვალია, რაც შეეხება სადაზღვევო ბაზარს, აქ უპირობოდ ლიდერობს კვირიკაშვილის კიდევ ერთი მეგობრის, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას მეუღლე, ნინო კოღუაშვილი, რომელიც სადაზღვევო კომპანა „იმედი L“-ის გენერალური დირექტორის პოსტის პარალელურად, კიდევ რამდენიმე შპს-ს დირექტორია.
სს „იმედი L“-ს მონაწილეობა აქვს მიღებული 550 ტენდერში, მათგან 62% მოგებული აქვს. ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 37 მილიონი ლარი აქვს მიღებული, ხოლო 25 გამარტივებული შესყიდვიდან დამატებით მიიღო მილიონ ნახევარი ლარი.
მართალია, სამთავრობო კორუფციაზე ხმამაღლა, ჯერჯერობით, მხოლოდ პრემიერის ერთი მეგობარი, გია გაჩეჩილაძე ალაპარაკდა და მისი საქმეც გამოსაძიებლად ფინანსურ პოლიციას გადაუგზავნეს, „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ეს სკანდალი ასე მარტივად არ დასრულდება. მართალია, გიორგი კვირიკაშვილის გამო უფროს და უმცროს „გრეჩიხებს“ შორის დიდი ჩხუბიც მომხდარა, „უცნობი“ უკან დახევას მაინც არ აპირებს, გია გაჩეჩილაძე არასამთავრობო ორგანიზაციით და ერთ-ერთ არხზე ახალი სატელევიზიო პროექტით ბრუნდება.
„ქრონიკა+“ აგრძელებს კვირიკაშვილის მეგობრების ფინანსურ სქემებზე მუშაობას და თემის გაგრძელებას მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

ელისო კილაძე