„პრარაბი“ პარლამენტარები, „პეროიანი“ „სასტავები“ და ახალი ფეოდალური კლანები კახეთში

როგორ დალაგდება და რომელი ფეოდალური გვარები გაძლიერდება არჩევნების მერე თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში?

 

 

2012 წლის შემდეგ კახეთში მედიისგან ფეოდალისა და ფაშის სტატუსი მაშინდელმა გუბერნატორმა და პარლამენტის ახლანდელმა წევრმა, ირაკლი შიოლაშვილმა დაიმსახურა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სანამ მთელი ყურადღება მისკენ იყო გადატანილი, ამასობაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, პატარა მეწარმეები დიდ ფეოდალებად იქცნენ.

 

მაშ, ასე! როგორ გახდა პარლამენტის წევრი ფეოდალი, როგორ დაიმორჩილა თელავი და ახმეტა და ვინ არის გელა სამხარაული?!

უნდა აღინიშნოს, რომ, მაგალითად, თელავი-ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტში, ირაკლი სესიაშვილი, თელავში 3 თვეში ერთხელ ჩამოისეირნებს, ასე დახედავს „ჯიგრულად“ საძმოს და წავა. ჰოო, ბიუროში შეივლის, მოქალაქეებს გამოიძახებს, ჰკითხავს, რა გინდოდათო, მერე შუამთაში აივლის, კარგ „პურს შეჭამს“ თავის თელავურ „პეროიან“ „სასტავტან“ და წავა თბილისში. რეალურად, საკუთარი ამომრჩეველი არ ადარდებს. გასულ წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე გამოაცხადა, _ ჩვენ, ხალხო, ამ არჩევნებით პარლამენტარს კი არ ვირჩევთ, არამედ, „პრარაბსო“, რადგან ყველა გზის, წყლის, გაზის გაკეთებასა და აშენებას ითხოვდა. ასე რომ, თელავი-ყვარლის „პრარაბი“ ახლა დიდად თავისი ამომრჩევლის ბედზე არ ნერვიულობს.

რაც შეეხება თელავი-ახმეტის მჟორიტარ გელა სამხარაულს, ის გავლენებს იზრდის და აი, ამ გავლენების წყალობით დღეს უკვე ფეოდალად იქცა.

მისი დეკლარაცია 2012 წლის შემდეგ საკმაოდ გაზრდილია. თუ 2012 წელს დეკლარაციის მიხედვით ნორჩი პარლამენტარის ქონება ასე გამოიყურებოდა: საქართველო, თელავი, იყალთო, 1-ლი ქ. #23, ფართობი _ 530.00 კვ.მ; ახმეტა, ალავერდი, ფართობი _ 85000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თელავი, იყალთო, ფართობი _ 100000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თელავი, რუისპირი, ფართობი _ 90000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თეთრი წყარო, პანტიანი, ფართობი _ 1000.00 კვ.მ, მიწის ნაკვეთი; საქართველო, ახმეტა, ალავერდი, ფართობი _ 900.00 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი; ახმეტა, ალავერდი, ფართობი _ 900.00 კვ.მ  ავტოფარეხი; თბილისი, ნუცუბიძის მე-5 მკრ, 1-ლი კორპ., ფართობი _ 15.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თელავი, იყალთო, 1-ლი ქ. #23, ფართობი _ 4500.00 კვ.მ. დღეს სამხარაულის ქონება დეკლარაციის თანახმად ასეთია: ზემოთ ჩამოთვლილს დაემატა თელავი, იყალთო, 1316,00 კვ.მ; თელავი, იყალთო, 2667,00 კვ.მ. თუმცა ეს მხოლოდ მისი საჯარო ქონებაა.

რაც შეეხება მის არასაჯარო ქონებებს, კახეთში ამბობენ, რომ მიწების უმეტესობა საკუთარ დისშვილზე, თედო შაშიაშვილზე აქვს გაფორმებული. ეჭვების საფუძვლიანი მიზეზი არსებობს, რადგან თედო 1993 წელს დაიბადა და 2014 წელს მხოლოდ 21 წლის იყო, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და თელავში სოფელ ვარდისუბანში 100061.80 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეიძინა. ერთი წლით ადრე მან ახმეტაში, სოფელ ჩაბინაანში, 2512.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა. გამოდის, რომ 20 და 21 წლის ასაკში თედო შაშიაშვილი იმდენად შეძლებული გახლდათ, რომ 13 ჰამ-დე ყველაზე ძვირადღირებული მიწა შეიძინა. თუმცა როდესაც დაურეკეს და ჰკითხეს, _ ხომ არ გაყიდიდა თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს? დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ არანაირი ქონება არ გააჩნდა, ხოლო მოგვიანებით მყიდველს თავად დაეკონტაქტა და დაუკონკრეტა: გამახსენდა, 12 ჰა მიწა რომ მაქვს, მაგრამ გაყიდვას არ ვაპირებო. იმ პერიოდში თედო სტუდენტი იყო და არათუ ბიზნესის დასაწყები თანხა, უბრალოდ, სტიპენდიაც არ ჰქონდა. ასე რომ, კახეთი პატარაა და ყველამ იცის, რომ მიწა არათუ თედოსი, არამედ მისი დედის ძმის, პარლამენტარ გელა სამხარაულის ქონებაა.

2016 წლის შემდეგ, რაც სამხარაულმა ახმეტაში ზვიადაური ჩაანაცვლა, მუნიციპალიტეტში სურათი სრულიად შეიცვალა და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა სამხარაულის დეიდაშვილი, თამარ ყეინიშვილი გახდა, ხოლო თელავში საკრებულოს თავმჯდომარე 2014 წლიდან  გელა სამხარაულის ცოლისძმა, არჩილ თხლაშიძეა. ასევე იგეგმება, რომ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სამხარაულის ოჯახის წევრები, რომლებიც სიაში პოპულარულ ადგილებს იკავებენ, კვლავ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ემზადებიან. ყოფილი პარლამენტარი ზვიადაური კი, გამწარებული, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ახმეტაში „ნაცები“ ბრუნდებიან. ამ პოსტით ახმეტის მერობის კანდიდატ იოსებ ქარუმაშვილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსი იყო ახმეტაში, ორგზის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ და გელა სამხარაულის მარჯვენა ხელი 2012 წლამდე და 2012-ის შემდეგაც.

კულუარული ინფორმაციით,  იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, სამხარაულთან არსებულ თბილ ურთიერთობებზე ნანობს (რომელიც მას 2012 წლამდე დღევანდელ პარლამენტართან აკავშირებდა) და წუხს, რომ მას საკადრისად ვერ მიუზღო ადგილი.

ასეა თუ ისე, სამხარაული მილიონერ პარლამენტართა რიგებში საპატიო ადგილს კვლავ იკავებს და სიის სათავისკენ მიისწრაფის!

არ არის გამორიცხული, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კვლავ ვიხილოთ გაძლიერებული სამხარაულის გვაროვნული კლანები ახმეტასა და თელავში.

მაკა მოსიაშვილი