“პანკისის მოსახლეობა, არ ვეწინააღმდეგებით არც ქვეყნის ინტერესებს და არც ენერგო დამოუკიდებლობას“

მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი, ნაწილი თვლის რომ ჰესების მშენებლობა აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, მეორე ნაწილი თვლის რომ მცირე ჰესები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბუნებას. ყველას ახსოვს, მცირე ჰესის გამო პანკისის ხეობაში დაწყებული ინცინდენტი, რომელსაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, ამჯერად, „ქრონიკა+“ გთავაზობთ ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას.

შენგელი ტოხოსაშვილი სამოქალაქო აქტივისტი პანკისი მკვიდრი, ასევე უხუცესთა და ახალგაზრდების მიერ გაერთიანებული საბჭოს წევრი: „პანკისის მოსახლეობა, არ ვეწინააღმდეგებით არც ქვეყნის ინტერესებს და არც ენერგო დამოუკიდებლობას, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჰესების მშენებლობას ასეთი დარღვევებისა და სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევის ფონზე“. ძირითადად კი შენგელი საუბრობს იმაზე რატომ არის ხეობა წინააღმდეგი ჰესების აშენებაზე და არგუმენტებს თავად გვიყვება „პანკისის ხეობაში უკვე წლებია ფუნქციონირებს ორი ჰესი. პირველი დიდი და მეორე შედარებით მცირე ზომის. თავიდან როდესაც ამ უკვე არსებული ჰესების მშენებლობა იწყებოდა მაშინაც იყო პროტესტი მოსახლეობის მხრიდან, იყო დაპირისპირებებიც. განსაკუთრებული წინააღმდეგობა მოჰყვა მაღალძაბვიანი ელექტროსადენების რიყეზე სოფლების მახლობლად გაყვანას. მაგრამ შემდგომ ინვესტორებისა და სახელმწიფოს მხრიდან წამოვიდა დაპირებები, რომ პანკისელებს შეუმცირდებოდათ დენის ტარიფი, რაზეც დათანხმდა ხალხი. მაგრამ, ეს და სხვა არცერთი პირობა არ შესრულებულა. პირველი ჰესის მშენებლობისას მოსახლეობას ამუშავებდნენ დღეში 5 ლარად, პირველი თვის ხელფასი არც კი მიუციათ. მოგეხსენებათ ეს არის 2000-იანი წლების დასაწყისი, გაჭირვება. ამ ორი ჰესის მშენებლობის შემდეგ ხადორის ხეობამ იერი იცვალა. ჰესებს არ გააჩნიათ თევზასავალი, რამაც გააქრო თევზი მდინარიდან. ხშირად კალაპოტში, კონკრეტულ მონაკვეთებზე, საერთოდ არ ტოვებენ წყალს და მდინარის 100%-ს მილებში ამწყვდევენ. ასევე ზამთრის პერიოდში როდესაც წყლის დონე იწევს და პრაქტიკულად არ ხდება ელ. ენერგიის გამომუშავება, ისინი კალაპოტს უცვლიან ალაზნის შენაკადებს მილებისკენ. რაც წესების უხეში დარღვევაა. ჩვენ ამის დარღვევების გამო რამდენჯერვე მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტურბინებში ზეთის გამოცვლისას ალაზანი დაბინძურებულა ამ ჩაღვრილი ზეთით და ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვმა ბანაობისას გადაყლაპა ეს წყალი და მოიწამლა. სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან ამ რიგ სერიოზულ საკითხებზე არანაირი რეაგირება არ არსებობს. ხადორი 3-ის აშენების შემთხვევა-ში, გამოუსწორებელი ზარალი მიადგება ხეობას. პირველ რიგში ხალხის უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოება, რომ ჰესი შუა სოფელში, საცხოვრებელი სახლებიდან 50 მეტრში შენდება, რაც აქ მაცხოვრებელთა ყოფას გაუსაძლისს გახდის. მეორე ფაქტორი ის არის, რომ პანკისის სოფლები: ბირკიანი, ჯოყოლა, დუისი სასმელ წყალს მდინარე ალაზნიდან ღებულობენ და წყლის რეზერვუარები ხადორი 3-ის სათავე ნაგებობიდან რამდენი მეტრშია. გამოდის რომ მოსახლეობამ მილებიდან გამოსული წყალი უნდა დალიოს. ასევე დიდი საფრთხე არსებობს, რომ ზეთის გამოცვლისას მოხდება მდინარის დაბინძურება, რაც ავტომატურად აისახება სასმელ წყალზე. ასევე ამ სოფლებში ძალიან ბევრი ოჯახი სარგებლობს ჭებით, და ჰესმა უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მიწისქვეშა წყლებზე, რასაც ჭების დაშრიბა მოჰყვება. გარდა ამისა ხადორი 3-ის სათავე ნაგებობიდან 4,3 კმ მანძილზე, ხადორი 2-მდე, მდინარე ალაზანი მოექცევა მილებში. პანკისი ალაზნით საზრდოობს. ხადორი 1-დან გამოსული მდინარე შედის ხადორი 2-ში, ხადორი 2-დან გამოსული კი შევა ხადორი 3-ში, რა გამოდის ამ დიდ მონაკვეთზე პრაქტიკულად კალაპოტში დარჩება წყლის მინიმალური რაოდენობა, მოსახლეობა დალევს 3 ჰესს გამოვლილ წყალს. აღარ იქნება საძოვრები. აღარც ტურიზმს ექნება რაიმე განვითარების შანსი. დღეს თუ პანკისს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ტურიზმი, მაშინ ამ ჰესების აშენების შემდეგ არც იმ ტუროსტს მოუნდება ხრიოკად ქცეული პანკისის მონახულება. ასევე ცალკე პრობლემაა ამ ახალი ჰესების მშენებლობის შემთხვავაში თუ სად გაივლის ელექტრო სადენები. 4 კმ მდე ალაზნის მდინარეში მოქცევით ხეობა რამდენიმე წელიწადში სრულად გადაშენდება მდინარის მობინადრეები მათ შირის წითელწიგნში შეტანილი მთის კალმახი კი სრულად გაქრება. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა არსებობს უამრავი დარღვევა გზშ-ში. რაზეც დავა მიმდინარეობს სასამართლოში, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და ხეობის მოსახლების გასაჭირისადმი ინტერესი ნაკლებია. პირიქით ჩვენ გვიწევს ბრძოლა უდიდესი ზეწოლის და დაშინების პირობებში. ამ ეტაპზე ხადორი 3-ის მშენებლობა შეჩერებულია. მოკლედ, ჩვენი ხელისუფლება კონკრეტული პირების ინტერესების დასაცავად მზად არის დახუჭოს თვალი საკუთარი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების წინააღმდეგობაზე, არსებულ დარღვევებზე. მათი მთავარი არგუმენტი არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. რაც, სრულიად აბსურდული არგუმენტია. მითხარით რომელი ენერგოდამოუკიდებლობის მოტანა შეუძლია 5 მეგავატიან ჰესს, რომელიც პანკისში არსებულ სხვა ჰესებია მსგავსად ზამთარიში პრაქტიკულად არ გამოიმუშავებს ელ. ენერგიას. მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანას რეალური დეფიციტი აქვს წელიწადის სწორედ ამ დროს. თორემ გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც წყლის დონე იწევს ქვეყანაში ჭარბადაც გამოვიმუშავებთ და ექსპორტზეც გაგვაქვს. ჩვენ, პანკისის მოსახლეობა, არ ვეწინააღმდეგებით არც ქვეყნის ინტერესებს და არც ენერგო დამოუკიდებლობას, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჰესების მშენებლობას ასეთი დარღვევებისა და სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევის ფონზე. ასევე იყო შემოთავაზებები კომპანიის მხრიდან. გარკვეული პირობები. მაგრამ ეს პირობები არის სრულიად არარეალური და ქაღალდის ფარატინა ფურცლებია და მეტი არაფერი.”

მაკა მოსიაშვილი