პაატა კოღუაშვილი: „გიორგი კვირიკაშვილი დღესაც იგივე სისულელეს იმეორებს. ეს არის საქართველოს მთავრობის ვირეშმაკობა, რომ ქართული მიწა გასხვისდეს!“

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწის გაყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმი, შესაძლოა, დაირღვეს. პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“ ახალი ინიციატივით გამოვიდნენ, რომლის თანახმად, გარკვეულ შემთხვევებში მთავრობას უცხოელებისთვის მიწის გასხვისების შესაძლებლობა მიეცემა. ამ უფლებით მინისტრთა კაბინეტი საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე ისარგებლებს.

პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივა ეხება კანონპროექტებს: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანას.

 

კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება წარმოეშობათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ.

ამის თაობაზე განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, კომერციულ ბანკებს მიეცემათ უფლება, გამონაკლისის სახით, ფლობდნენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს და ეს მიწები გასხვისდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ცვლილება აუცილებელია, რათა საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას.

პარლამენტართა საკანონმდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგება პროფესორთა ჯგუფი. მათ ამის შესახებ სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს და პარლამენტარებს კანონპროექტის შეჩერებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ეს მორატორიუმი არის ის ერთადერთი დარჩენილი შეთანხმება კონსტიტუციით დაინტერესებულ მხარესა და ხელისუფლებას შორის, რომელიც შენარჩუნებული იყო და არ იწვევდა ეჭვებს ამ კანონპროექტებამდე. პროფესორები კანონპროექტის ინიციატორებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ უკან გაიწვიონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის კანონპროექტიდან „გადმოწერილი“ კანონპროექტი; ნუ დაუშვებენ კომერციული ბანკებისა და ხელისუფლების შერწყმას; გააანალიზონ, რატომ და ვისი მიზეზით არ შესრულდა 2014 წლის 31 დეკემბრამდე მიწის კანონმდებლობის მოწესრიგების კანონისეული მოთხოვნა; დააჩქარონ კონსტიტუციური ცვლილებებისა და სრულფასოვანი მიწის კოდექსის მიღება.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პროფესორი პაატა კოღუაშვილი:

_ კანონპროექტში წერია, რომ კომერციულ ბანკებსა და საქართველოს მთავრობას, როგორც გამონაკლისი, მიეცეს უფლება, მიწა გაასხვისონ კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირზე. 2017 წლის 16 ივნისის მორატორიუმით შეჩერებულ კანონში „სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შესახებ“, უნდათ შეიტანონ ცვლილება, რომ კომერციულმა ბანკებმა ორი წლის მანძილზე მიწა იქონიონ საკუთრებაში და შემდეგ გაასხვისონ, ხოლო მთავრობას მიეცეს უფლება, მიწა გაასხვისოს გამონაკლის შემთხვევებში. როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე მთავრობას უფლება აქვს, გაასხვისოს იგი კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებზე. ვინ არის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი? ეს არის როგორც საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე უცხოური ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირი, რაც ძალიან საშიშია. საერთოდ, მთელი მსოფლიო იურიდიულ პირებზე მიწას არ ასხვისებს. დიდი გამონაკლისისა და რეგულაციების შემდეგ, კანონით დაშვებულია, მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გასხვისება. ფრჩხილებში რომ აქვთ მიწერილი, უფლებამოსილ პირზეო, ამის უკან იყო დამალული სწორედ ის, რომ მათ უფლება აქვთ, მიწა უცხოელზეც გაასხვისონ. ჩვენი წერილი, რომელსაც პროფესორები ვაწერთ ხელს, გამოქვეყნდა ორი დღით ადრე, ვიდრე „ქართველთა მარში“ ჩატარდებოდა. გამოქვეყნებისთანავე ეს წერილი გავუგზავნეთ პარლამენტის თავმჯდომარესა და კომიტეტის თავმჯდომარეებს, იმ წუთშივე გულში მოხვდათ და ამის შემდეგ დაიწყეს წივილ-კივილი, რომ მიწებს უცხოელებზე არ ვასხვისებთო. ვუპასუხეთ, _ რაც თქვენ მანდ გიწერიათ, ნიშნავს, რომ უცხოელებზე ასხვისებთ, რადგან მითითებულია კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირზე და კანონმდებლობით ასეთი უფლებამოსილი პირი უცხოელიცაა. ამაზე ენა მთლად ჩაუვარდათ, პრემიერმა კვირიკაშვილმა თქვა, _ არასწორად გაიგეს და უცხოელებზე მიწას არ ვასხვისებთო. სინამდვილეში, უცხოელებზე ასხვისებდნენ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ კომერციულმა ბანკმა გირაოში ჩადებული მიწა საკუთრებაში აიღოს. კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობის უფლება არ აქვს, მისი ერთადერთი ფუნქციაა, ფული გაყიდოს და პროცენტი მოიგოს.

_ 2013 წელსაც ხომ გამოცხადდა ანალოგიურად მორატორიუმი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა?..

_ დიახ, ყველას გვახსოვს, რომ 2013 წლის 28 ივნისს ზუსტად ისეთივე მორატორიუმი გამოცხადდა, როგორც ახლა _ 2017 წლისს 16 ივნისს. მაშინ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით უცხოელებზე (უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი) მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. ყველას ჰგონია, რომ ეს მორატორიუმი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 24 ივნისს გააუქმა. სინამდვილეში, მან გააუქმა მორატორიუმიდან დარჩენილი ნაწილები. მაშინ ეკონიმიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო და დღესაც ის იგივე სისულელეს იმეორებს. ეს იმის ბრალია, რომ ცოდნა და განათლება არ აქვს! ეს არის მთავარი, თორემ პარლამენტიდან მირეკავდნენ და მეხვეწებოდნენ, _ გვითხარი, როგორ გავასწოროთო. არ შეიძლება ამის გასწორება! მორატორიუმში, რომელიც თვენახევრის წინ გამოაცხადეს, შესწორების შეტანა არ შეიძლება! მით უმეტეს, ერს შეჰპირდი, რომ კონსტიტუციას სანამ არ მიიღებ, არ ამოქმედდება და სანამ არ მიიღებ ორგანულ კანონს მიწის შესახებ, მანამდე მორატორიუმი გაქვს გამოცხადებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელახლა ატყუებენ ხალხს. უნდოდათ, რომ მიწები ხელში ისევ ბანკებს ჩაეგდოთ და ისევ მათი მეშვეობით გასხვისებულიყო. ამათი ნდობა არ შეიძლება! ეს კანონპროექტი მთავრობამ კი არ შეიტანა, გაითამაშეს და პარლამენტის წევრები გამოვიდნენ ინიციატივით: ბესელია, დანელია და ა. შ. ეს ის დანელიაა, რომელიც კიოდა, მიწა უცხოელზე არ გაიყიდებაო. ამ კანონპროექტზე ხელი არ მოაწერა ბექა ნაცვლიშვილმა, გია ჟორჟოლიანმა და რაც მთავარია, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ; ხელი არ მოაწერა ასევე საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, რომლებიც, მათთან შედარებით, არისტოტელეები არიან და განათლებული ხალხია. როდესაც ჩვენი მიმართვა გამოქვეყნდა, მაშინ უკვე მიხვდნენ, რომ ისინი მთავრობამ მოატყუა და ახლა მთელი ჟივილ-ხივილი აქვთ ატეხილი. ამხელა ვადა, 2 წელი?! ასეთი ვადა მსოფლიოში არ არსებობს, როგორც წესი, მაქსმუმ ერთიდან სამ თვემდეა, თუ კაცი თანხას ვერ გადაიხდის, ბანკი კი არ ყიდის, ყიდის აღსრულების ეროვნული ბიურო, ანუ სახელმწიფო წყვეტს მერე იმ მიწის ბედს. რასაც ესენი ამბობენ და აკეთებენ, წარმოუდგენელია! ეს არის საქართველოს მთავრობის სრული უვიცობა და კიდევ ერთი ვირეშმაკობა, რომ ქართული მიწა გასხვისდეს!

თამარ ბატიაშვილი