პაატა დავითაია: „ხელისუფლება ნაღმზე ზის, რომელიც აუცილებლად აუფეთქდება!“

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ყოველ საათში კიდევ უფრო მემატება ეს იმედგაცრუება. ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის ნაბიჯის წინ გადადგმას, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ“, _ ეს სიტყვები „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს გასულ კვირას ესტუმრა.

„ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტმა ღია იმედგაცრუება გამოხატა საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების შემაჯამებელ პროექტში მმართველი პარტიის მიერ შეტანილი თვითნებური ცვლილებების გამო. ის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის მხოლოდ კონსენსუსის გზით გადაჭრის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია მაჟორიტარული სისტემის მხოლოდ 2024 წლიდან გაუქმების საკითხზე ითხოვს მხარდაჭერას, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ე. წ. გარდამავალი პერიოდის გარეშე, მხოლოდ 2020 წლიდანაა მისაღები. საკონსტიტუციო პროცესში შექმნილი კრიზისის დაძლევის მთავარ გზად „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტმა პოლიტიკური დიალოგი დაასახელა: „მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ყოველ საათში კიდევ უფრო მემატება ეს იმედგაცრუება. ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის ნაბიჯის წინ გადადგმას, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. პრობლემა ისაა და მე იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ პროცესი დაბლოკილია. ამ დროისთვის მე ვერ ვხედავ დიალოგს პარტიებს შორის, ჩემი მესიჯი კი დღეისთვისაც და მომავალი დღეებისთვისაც იქნება, რომ ილაპარაკოთ, აწარმოოთ დიალოგი და სცადოთ კომპრომისები“.

ჯანი ბუკიკიო ფიქრობს, რომ, შექმნილი ვითარების მიუხედავად, არსებობს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ტექსტის სამუშაო ვარიანტი „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციების შესაბამისად გასწორდეს. ორი მოსმენით უკვე მიღებული კონსტიტუციის მესამე მოსმენისას შეცვლის ალბათობას, პრაქტიკულად, არ უშვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მასთან ერთად კი საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. კონსტიტუციური ცვლილებების მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

 

„ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტის ვიზიტისა და საარჩევნო გარემოს შესახებ, რომლის კონსტიტუციით დაკანონებასაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი _ პაატა დავითაია:

_ ინტერპარტიული ჯგუფი დიდი ხანია მუშაობს და ხელისუფლებას ახალი ცვლილებები შესთავაზა, რაც შეეხებოდა კონსტიტუციას. არა მარტო ინტერპარტიულმა ჯგუფმა, საპარლამენტო ოპოზიციამ ცალკე, არასამთვრობო ორგანიზაციებმა ცალკე, „ვენეციის კომისიამ“ რეკომენდაციები გასწია, მაგრამ ხელისუფლებამ უნიკალური სვლა გააკეთა, პირველ რიგში, ჯერ ერთი, არავის აზრი გაითვალისწინა, მეორე _ გასაგები იყო მათი პოზიციები, მაგრამ „ვენეციის კომისია“ გააოცეს. რეალურად, ის კონსტიტუცია, რომელიც განხილული იყო მთელი ამ ხნის პერიოდში დადგმული კომიკური სპექტაკლებით, როდესაც გამგეობის წევრები გამოჰყავდათ და თითქოს „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი არავინ იყო, აქედან გამომდინარე, ეს განხილვებიც რომ ჩავთვალოთ, მათ „ვენეციის კომისიამ“ დასკვნა მისცა მანამდე პროპორციულ სისტემაზე, მანდატების გადანაწილებაზე და ბევრ სხვა საკითხზე, ეს იქნება უშიშროების საბჭო თუ სხვა. ამის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციებს გაითვალისწინებდა, უცებ განსახილველად გაიტანა აბსოლუტურად სხვა პროექტი, რაც ნიშნავს, რომ მაჟორიტარული სისტემა დატოვა. გამოდის, რომ „ვენეციის კომისია“, ხელისუფლებამ, უბრალოდ, გადააგდო, მე კი ამას დავარქმევდი თაღლითობას! ეს ამბავი მაგონებს ბაზარში სათითეებით თამაშს, როდესაც უნდა ამოიცნო სამი სათითიდან რომელშია ბურთულა: ერთი აჩვენა, მეორე დაამტკიცა, მესამე გააგზავნა, მეოთხე განიხილა. ამის შემდეგ „ვენეციის კომისიას“ მივმართეთ, ამას დაემთხვა სასამართლო საკონსტიტუციო საკითხების განხილვა, ოპოზიცია ორშაბათს დავუკავშირდით „ვენეციის კომისიას“, ბატონი ბუკიკიო ოთხშაბათს ჩამოდიოდა და წერილი მოვამზადეთ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიებმა, გავუგზავნეთ და შეხვედრა მოვითხოვეთ. შეხვედრა შედგა, ჩვენ მოვუყევით, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, მან ძალიან მკაცრად შეაფასა და კონსტიტუციის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ისაუბრა. ბატონმა ბუკიკიომ ბრძანა, მე ჯარი არ მყავს და სპეცდანიშნულების რაზმი, რომ ვაიძულო საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ შემიძლია ერთი რამე გავაკეთო, _ თუკი ამ სახით და ყოველგვარი კონსენსუსის გარეშე მიიღებენ კოსტიტუციას, რეალურად ეს იქნება არალეგიტიმური კოსტიტუციაო… და ამის შესახებ ღია განცხადებაშიც ისაუბრა.

_ თუ ხელისუფლებამ ასეთი სვლა გააგრძელა, რა შედეგი დადგება?

_ ამას მოჰყვება ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის განცხადებები იმიტომ, რომ „ვენეციის კომისია“ ევროპის საბჭოს სტრუქტურაა. ამ სიტუაციაში ვართ დღეს და ამიტომ იყო ბატონი ბუკიკიო იმედგაცრუებული.

_ თუმცა წასვლის წინ განაცხადა, რომ იმედი გაუჩნდა…

_ რაც შეეხება ამ განცხადებას, მან თქვა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი უნდა შედგეს. ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის. ხელისუფლების მხრიდან პრემიერ-მინისტრმა გაკვრით ახსენა დიალოგი, თუმცა ისიც თქვა, რომ ოპოზიციასთან დიალოგი არ გამოგვივაო. ამ სიტყვების დამთხვევა იყო, როდესაც პრემიერმა გააკეთა ეს განცხადება, მაგრამ მათ არ იციან, რომ პრემიერი თაღლითობს და ტყუის. ამას ისინი ვერ იგებენ და აქედან გამომდინარე ვერ ვიღებთ ადეკვატურ პასუხებს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ „ვენეციის კომისიასთან“. დავაკვირდეთ, ხელისუფლება დასკვნებს გამოიტანს თუ არა, თუმცა იმედი არ მაქვს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, _ ისინი მიდიან ხელისუფლების უზურპაციის გზით და ცალსახაა, რომ ამ ნაბიჯებით ცუდად დაამთავრებენ. გამოდის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მათიკაშვილი, რომელიც „ქართუ ბანკის“ კლერკი იყო და დღეს კონსტიტუციას ამახინჯებს და ამაზე ამბობს, დემოკრატიული კონსტიტუციააო.  როდესაც „ვენეციის კომისია“ ეუბნება, რომ არალეგიტიმურია, ვიღაც მათიკაშვილი გაიძახის, რომ ეს არის დემოკრატიული კონსტიტუცია. ვიღაც კლერკსა და „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტს შორის განსხვავება ხომ არის?! ასეთ ხალხს ეყრდნობა ხელისუფლება, „შნირებს“, რომლებიც მხოლოდ შემსრულებლები არიან და მეტი არაფერი. მათ აქვთ რეალური დრო, რომ ცვლილებები შეიტანონ ამ მიმართულებით, ვიცით, რომ მესამე მოსმენამდე ამის გაკეთება შეიძლება. იყო საკითხიც, რომ კონსტიტუცია უკან ყოფილიყო გამოთხოვილი, „ვენეციის კომისია“ ამაზე თანახმა იყო, თვალს დახუჭავდა და თავიდან დაწერდა დასკვნებს, მაგრამ ეს ხელისუფლებას არ უნდა, ხაინდრავას რომ დავესესხო: მეტი საქმე არ აქვთ, ბუკიკიოს ჭკუაზე იარონ. ასეთი მძიმე სიტუაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაღმზე ზის ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად აუფეთქდება. ეს არის თავიდან ბოლომდე ბოღმიანი ხელისუფლება, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ხალხის ბედი საერთოდ არ ადარდებს და დაკავებულია ხელისუფლების მითვისებით, ისეთი ცვლილებები შეაქვთ საარჩევნო კოდექსში, მაგალითად, უბნის თავმჯდომარეს შეუძლია, ოქმი გადაწეროს დამოუკიდებლად ისე, რომ არ დაეკითხოს არავის, თუ რაღაცაში შეეპარა ეჭვი. წარმოგიდგენიათ?! მთელმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება იმუშაოს უბანზე და ერთმა კაცმა გადაწეროს ოქმი და თქვას, რომ ეს ასეა, ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ამას დაუმოწმებს. არჩევნებში პიარიც არ სჭირდებათ, ესენი ფულსაც არ დახარჯავენ არჩევნების გაყალბებისთვის, დახარჯავენ თანხას ერთ ფურცელსა და საწერ კალამში უბანზე და უბნის თავმჯდომარეს მოისყიდიან. დღეს ეს ხელისუფლებაა და როგორ გგონიათ, რამეს გაითვალისწინებენ?! მე მგონია, რომ _ არა!

_ ამბობთ, რომ ამ ნაბიჯებით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ასე ძალიან გაუჭირდა „ქართულ ოცნებას“, რომ ამ გზებს მიმართავს?

_ არა, რატომ აღვნიშნე ზემოთ, რომ უცოდინარები არიან? შევარდნაძის ხელისუფლებაა! ოქმის ჩაყრაც არ უნდათ დღეს, ოქმის დაწერა არ უნდათ ციფრებად! არ ფიქრობენ, რომ პიარის გზით იარონ, პირობითად გახსნან ხიდები, ქარხნები, რომ ხალხის გული მოიგონ, არ სჭირდებათ, არა! უცოდინარებიც არიან. როგორ შეიძლება, გადაიმტერო „ვენეციის კომისია“, ექსპერტი ევროპაში კონსტიტუციისა და კანონების დარგში?! დააყენეს ხაინდრავადან დაწყებული კობახიძემდე დამთავრებული და აგინებენ, _ ვინ არის ბუკიკიოო. ჯეჯელავას თარგმანი არ მოსწონს, ბანკის კლერკი მათიკაშვილი გაიძახის, _ დემოკრატიაა, წინ მივდივართ და ოპოზიცია უნდა ჩავრეცხოთო. იმდენი ჭკუაც არ ჰყოფნის, ღიად არ თქვას. რა ჰგონიათ, ჩვენ ვერ მივაწვდით ინფორმაციას „ვენეციის კომისიას“, _ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს ისეთი კანონის მიღებას, რომ ოპოზიცია ჩარეცხოს?! ისიც კი არ იციან, სად როგორ დაალაგონ და ილაპარაკონ!

_ საარჩევნო ბარიერი რომ დაწიეს?

_ ხაზი მინდა გავუსვა, რომ საარჩევნო ბარიერი დაწიეს ერთჯერადად, მაგრამ 3%-იანი ბარიერი არ ნიშნავს არაფერს. 5%-იანი ბარიერი რომ ყოფილიყო და გავიდოდა პარტია, მას ექნებოდა თავისი ფრაქცია, ეყოლებოდა სპიკერი და ა. შ. 3%-ს გადასულ ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში ეყოლება მარტო ერთნახევარი, ან ორი დეპუტატი. თუ ბლოკები არ იქნება, იმ რეიტინგებით, რომლებითაც დღეს არის პარტიები, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ არ ვლაპარაკობ, სხვა პარტია შევა 3-4 დეპუტატით, ან მაქსიმუმ ორით. საბოლოოდ, ოპოზიცია პარლამენტში ექსკურსიაზე იქნება წაყვანილი!

 

 

თამარ ბატიაშვილი