პაატა დავითაია: „აფხაზებმა რუსებს მიტაცებული სოფელი აიბგა დააბრუნებინეს“

დაკარგული ტერიტორიების საკითხმა საქართველოში კარგა ხანია, უკანა პლანზე გადაიწია. უმუშევრობითა და სიღარიბით გაწამებული მოსახლეობის მთავარი საზრუნავი ლუკმაპურის შოვნაა. პოლიტიკურ ელიტას ამის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არც ის ლაპარაკობს. აღნიშული თემის განხილვა რომ დაიწყონ, ისიც უნდა გვითხრან, თუ როგორ აპირებენ პრობლემის მოგვარებას. არადა, მისი მოგვარების შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ. ქართულ საზოგადოებასა და ხელისუფლებას აღარც იმაზე აქვს რეაქცია, რუსები რომ არ ჩერდებიან და ყოველდღიურად გვაჭრიან მიწებს. ოკუპანტების შეჩერება პანდემიამაც ვერ შეძლო.

პანდემიის ჟამს ცნობილი გახდა, რომ გაგრის რაიონის სოფელი აიბგა, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია, რუსებმა კრასნოდარის მხარის ნაწილად გამოაცხადეს. აიბგაში შავი მარმარილო მოიპოვება, ასეთი საბადო კი მსოფლიოში სულ ორია: ერთი აქ და ერთიც _ სიცილიაში. რუსების მიერ აიბგის მისაკუთრებას კორონით დაპანიკებული საქართველო მშვიდად შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროსაც კი არ გამოუხატავს პროტესტი. ჩვენგან განსხვავებით ამ ფაქტს აფხაზები ძალიან მწვავედ შეხვდნენ და პროცესი სერიოზულად გააპროტესტეს. რაულ ხაჯიმბას ჩამოგდების ერთ-ერთი მიზეზიც აიბგის დათმობა გახდა.
გასულ კვირას აფხაზი ბლოგერებისგან შევიტყვეთ, რომ სოფელი აიბგა, რომლის ხელში ჩაგდებასაც კრემლი ამდენი წელი ცდილობდა, მათ საკუთრებად აღარ ითვლება. „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია, ლამის, ერთადერთი პოლიტიკოსი იყო საქართველოში, რომელიც ამ თემაზე ყვიროდა. სხვებმა აიბგისთვის ვერ მოიცალეს. დავითაია ფიქრობს, რომ აფხაზებმა ერთად დგომით მოსკოვს უკან დაახევინეს.

რატომ თქვეს რუსებმა აიბგაზე უარი? რატომ აქვს ბრძოლას ყოველთვის აზრი? როდის დადგებიან ქართველები და აფხაზები ერთად რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ? რა გეგმები აქვს მოსკოვს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით? _ ამ თემების შესახებ პაატა დავითაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო პაატა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა ცოტა ხნის წინ მითვისებული გაგრის რაიონის სოფელი აიბგა რეესტრიდან ამოიღეს და დღეს ის ისევ აფხაზეთის საზღვრებშია მოქცეული. რა ხდება ამ მიმართულებით? რუსებმა ასე იოლად დათმეს ეს სოფელი, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო?
_ ეს სოფელი რუსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბევრი იბრძოლეს, რომ ის ხელში ჩაეგდოთ, მაგრამ ახლა რეესტრიდან ამოიღეს. როგორ და რატომ, ვერ გეტყვით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ამის გამო აფხაზები ძალიან გახარებულები არიან და გამარჯვებას ზეიმობენ. ისინი აიბგის დაკარგვას სერიოზულად აპროტესტებდნენ. აფხაზეთში პროტესტი ამ თემაზე ერთი დღითაც კი არ შეწყვეტილა.
_ რომ არ ჩანდა ეს პროტესტი?
_ აფხაზეთთან სერიოზული კავშირები მაქვს და კარგად ვიცი, რაც ხდებოდა იქ. ძალიან სერიოზული და დიდი პროტესტი იყო ხალხში აიბგის დათმობის გამო. აფხაზებმა ამ თემაზე, ჯერ კიდევ, წლების წინათ ატეხეს განგაში. რუსებმა რამდენიმე წლის წინ მოინდომეს აღნიშნული ტერიტორიის ხელში ჩაგდება. თავად სოფელი დიდად არ აინტერესებთ _ მათი ინტერესის საგანს მთა აიბგა წარმოადგენს, რომელზედაც ეს სოფელია შეფენილი. აქ კი, როგორც უკვე გითხარით, შავი მარმარილო მოიპოვება. შავი მარმარილოს საბადო მსოფლიოში სულ ორგანაა, ერთი აიბგაშია, მეორე _ სიცილიაში.
აიბგის გარშემო პირველად განგაში, ჯერ კიდევ, მაშინ ავტეხე, როცა საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. არაერთხელ დავაყენე ეს საკითხი დღის წესრიგში. ამ საქმეში ჩაერთო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. რუსული მხარე იძულებული გახდა, თავი ემართლებინა და ახსნა-განმარტებების გაკეთება დაიწყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ საზღვარი კი არ გადმოიტანეს, არამედ აიბგასთან განალაგეს სასაზღვრო ჯარები, რათა სოჭის ოლიმპიადაზე რამე ექსცესი არ მომხდარიყო. ამტკიცებდნენ, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ სასაზღვრო ნაწილს აიბგიდან გაიყვანდნენ.
_ სოჭში ოლიმპიადა 2014 წელს ჩატარდა, რუსები კი აიბგაში რამდენიმე წლით ადრე განლაგდნენ.
_ ეს იმით ახსნეს, თითქოს წინასწარ იჭერდნენ თადარიგს, რომ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება მშვიდად ჩატარებულიყო. ძალიან კარგად ვიცოდი, რომ აიბგაში რუსი მესაზღვრეების გამოჩენას ოლიმპიადასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ისიც ვთქვი, რომ რუსები იქ ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც დარჩებოდნენ. ასეც მოხდა! მინდა, თქვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ აიბგაში რუსი მესაზღვრეების დარჩენის გამო აფხაზებიც უკმაყოფილონი იყვნენ. მათ მოითხოვეს დემილიტარიზაცია-დემარკაციის კომისიის შექმნა, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ სად გადიოდა საზღვარი რუსეთთან. აქ ერთ ამბავსაც გაგიმხელთ, აქამდე ამას საიდუმლოდ ვინახავდით, მაგრამ ახლა შეიძლება ამაზე საუბარი: მაშინ ჩვენ აფხაზებს დახმარების ხელი გავუწოდეთ. სოხუმის წარმომადგენლებს ჩუმად გადავეცით რუკები, რომლითაც დასტურდება, რომ აიბგა საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაა. ეს რუკები საბჭოთა კავშირის დროს იყო შედგენილი.
_ რუსებს არ ჰქონდათ ეს რუკები? მათ რატომ არ წარმოადგინეს?
_ როგორ არ ჰქონდათ, მაგრამ დამალეს. არ აწყობდათ მათი გამოჩენა. ამ რუკებით დადგინდებოდა, რომ აიბგა რუსეთს არ ეკუთვნის. ჩვენ მიერ მიწოდებული რუკებით სოხუმმა მოსკოვს სერიოზული პრეტენზიები წაუყენა. ამ საკითხზე მათ შორის დავა წლების მანძილზე გაგრძელდა. 2019 წელს აიბგა მოსკოვმა რეესტრში, როგორც რუსეთის ტერიტორია, ისე გაატარა. სოფელი კრასნოდარის მხარის ნაწილად გამოაცხადეს. ამაზე საქართველოში სერიოზული ამბები არ აუტეხავთ. მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალებამ გააშუქა. პირველი იყო „თაიმერი“ და „ქრონიკა+“. მერე სხვებმაც აიტაცეს, მაგრამ სათანადო გამოხმაურება მაინც არ ჰქონდა. მიმაჩნდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ გადამწყვეტ სიტყვას აფხაზური საზოგადოება იტყოდა. ისინი ასე იოლად არ შეეგუებოდნენ ტერიტორიის დაკარგვას.
_ ამის შესახებ თქვენ „ქრონიკა+“-სთანაც განაცხადეთ.
_ ძალიან დიდი იმედი მქონდა მათი და ეს მოლოდინი გამართლდა! ამის გამო ძალიან გახარებული ვარ! ჩემი აზრით, მათ ქართული საქმე გააკეთეს _ მათი ძალისხმევით რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ვერ გადაიფორმა! მართალია, ახლა აიბგა, ისევე როგორც მთელი აფხაზეთი, ჩვენ მიერ არ კონტროლდება, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როცა იქ დავბრუნდებით.
ადრეც გითხარით და ახლაც ვიტყვი, რომ აფხაზები ცოტა სხვანაირად უყურებენ რუსეთთან ურთიერთობას. ისინი ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. მათი მიზანი რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არაა. ცხინვალი ამაზე ოცნებობს. აფხაზების ასეთი ხისტი პოზიცია რომ არა, დღეს აფხაზეთიც და ცხინვალიც უკვე რუსეთის შემადგენელი ნაწილი იქნებოდა.
აიბგის საკითხზე ძალიან აქტიურობდნენ აფხაზი ბლოგერები. სოციალურ მედიაში ისინი ბევრს წერდნენ ამაზე. აფხაზებს რაულ ხაჯიმბას მიმართ ბევრი პრეტენზია ჰქონდათ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია იყო ის, რომ მან ეს მთა და მასზე შეფენილი სოფელი რუსებს დაუთმო. ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს გამოაცხადა მოსკოვმა ეს ტერიტორია თავის ნაწილად. აფხაზებმა ხაჯიმბას ეს არ აპატიეს და როცა საშუალება მიეცათ, ჩამოაგდეს. ახლა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აიბგა რეესტრიდან ამოღებულია, ის აღარ ითვლება რუსეთის ნაწილად და საზღვარიც გადაწეულია. ეს ასე მარტივად არ მოხდებოდა.
_ მარტო აფხაზების პროტესტის გამო რუსები ამ ტერიტორიას არ დათმობდნენ, _ როდის იყო, მოსკოვი ოკუპირებულ მიწას თმობდა?
_ ეს თუ რუსებმა პროტესტის გამო დათმეს, ჩვენი დიდი წარმატებაცაა, რადგან აფხაზებთან ერთად ჩვენც ვხმაურობდით ამაზე. ამასთან, არის მეორე ფაქტორიც და არ მინდა, რომ ამის გამო იყოს აიბგა რეესტრიდან ამოღებული: რუსები საკადასტრო სისტემიდან ხშირად იღებენ იმ მიწის ნაკვეთებს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. საუბარია ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა მთავრობის წევრების სახლები. ასეთ კანონმდებლობას რუსეთი იცნობს და მსგავსი რამეები არაერთხელ გაუკეთებია.
_ რამე საიდუმლო აქვთ აიბგაში რუსებს?
_ აიბგა არის მთა და ის საიდუმლო ობიექტი ვერ იქნება. იმედს ვიტოვებ, შედეგი პროტესტმა მოიტანა და საზღვრის გასწორება დაიწყო. შემთხვევითი არც ისაა, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა აფხაზეთის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იქ მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება. რეესტრიდან აიბგის ამოღებას აფხაზები აღფრთოვანებით შეხვდნენ. მინდა ისიც იცოდეთ, რომ როცა ქართული მხარე რუსების მიერ აიბგის მითვისებას აპროტესტებდა, ამას აფხაზებში დადებითი გამოხმაურება მოყვა. ჩვენი პროტესტი მათ კარგად გამოიყენეს (რუსებს თუ რამე ვერაგობა არ აქვთ ჩაფიქრებული და საზღვრის გასწორება მართლა დაიწყო). აფხაზური საზოგადოების მსგავსად მეც ძალიან მიხარია. ეს დიდი ამბავია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ბრძოლა ერთობლივია. ამ შემთხვევაში ჩვენ აფხაზებთან ერთად ვიბრძოლეთ. აიბგის საკითხზე ჩვენი ინტერესები გადაიკვეთა.
_ აფხაზების ეს გამარჯვება ჩვენი საზოგადოებისთვის თუ იქნება სტიმული? ვხედავთ, რომ კორონაპანდემიის მიუხედავად, ჩვენი მიწების ოკუპაცია განახლდა, მაგრამ ამას, რატომღაც, ძალიან მშვიდად ვადევნებთ თვალყურს.
_ სხვა რას იზამს, არ ვიცი, აიბგის ისტორია, პირადად ჩემთვის, სტიმულია. მიმაჩნია, რომ ხმის ამოღებით რაღაც კეთდება. არანაირი სახელმწიფო ბერკეტი არ გამაჩნია, მაგრამ ხმის ამოღებით აიბგის დაბრუნებაში რაღაც წვლილი მეც შევიტანე. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თუ ბერკეტები იარსებებს, რაღაც მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაც კი შეიძლება.
_ ბატონო პაატა, აიბგის მოსახლეობის მხრიდან რა რეაქცია მოყვება ტერიტორიის დაბრუნებას? იქ, ძირითადად, რუსები ცხოვრობდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურდათ.
_ როგორც კი რუსეთმა აიბგის მითვისება გადაწყვიტა, სოფლის მოსახლეობას რუსული პასპორტები დაურიგა. ამ მოსახლეობას სათავისოდ იყენებდნენ. არ გეგონოთ, რომ ერთი პატარა სოფელია. ძალიან დიდ ტერიტორიაზეა საუბარი. ეს ტერიტორია აფხაზებმა რუსებს დაათმობინეს.
_ იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი საზოგადოება რუსულ ოკუპაციას ასეთივე პროტესტით შეხვდება.
_ იმედია. ვიმეორებ, რომ აფხაზების იმედი მაქვს. ისინი არ მიილტვიან რუსეთის ფედერაციისკენ. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აუცილებლად დადგება დრო, როცა რუსულ ოკუპაციას აფხაზები და ქართველები ერთად გავაპროტესტებთ. მათ წინააღმდეგ ერთ სანგარში მოგვიწევს ჯდომა, რაც მალე არ მოხდება, მაგრამ ეს დრო აუცილებლად დადგება.
_ აფხაზები და ქართველები კიდევ დიდი ხანი ვერ ვიქნებით ერთად, მაგრამ დასავლეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებით ისევ აქტიურად დაინტერესდა. ეს, ალბათ, კარგის ნიშანია.
_ კარგის ნიშანი როგორ არ არის. დასავლეთის დაინტერესებაც იქნება ერთ-ერთი მამოძრავებელი იმის, რომ რუსულ ოკუპაციას აფხაზები და ქართველები ერთად დავუპირისპირდებით. ამას აფხაზები ჩვენი სიყვარულით არ გააკეთებენ, უბრალოდ, საერთო ინტერესი გვექნება და საერთო მტერი გვეყოლება. ჩენ ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია იმპერიას არ დარჩეს. იმედი მაქვს, არც დარჩება.
_ დასავლეთის ასეთ გააქტიურებას რით ხსნით? ისინი კარგა ხნის მანძილზე აღარ ახსენებდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალს.
_ დასავლეთი ამ თემების მიმართ ყოველთვის იჩენდა დაინტერესებას. რაღაც დროის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებზე არ საუბრობდა, შესაბამისად, დასავლეთიც დუმდა. ახლა რაღაცები იცვლება და დასავლეთმა ისევ გამოხატა დაინტერესება, რასაც მხოლოდ მივესალმები. მცოცავი ოკუპაციის თემა იმდენად თვალსაჩინოა, რომ ამაზე ვერავინ ვეღარ დახუჭავს თვალს. სხვა სიტუაციაში დასავლეთი ასეთი მკვეთრი, ალბათ, არ იქნებოდა, მაგრამ კორონამ ბევრი რამე შეცვლა მსოფლიოში.
_ კორონა აქ რა შუაშია?
_ ამ პანდემიის დროს მსოფლიო ჩაიკეტა. ტერორისტულმა ორგანიზაციებმაც კი შეწყვიტეს საქმიანობა. მხოლოდ რუსეთი არ შეიცვალა და არ შეწყვიტა სხვისი მიწების მითვისება. ეს დასავლეთს არ გამორჩენია. ძალიან ცუდად ჩანს, როცა მსოფლიო განსაცდელის დროს ერთი ქვეყანა მეორის მიმართ აგრესიას იჩენს. ამის გამო წამოვიდა რუსეთზე მკაცრი შეფასებები და ცოტა ხანში ის კიდევ უფრო გამწვავდება. მინდა იცოდეთ, რომ ეს რეაქცია მხოლოდ ჩვენი მხარდასაჭერი განცხადებებით არ შემოიფარგლება.
_ დამატებით ელოდებით რამეს?
_ დასავლეთიდან საქართველო აუცილებლად მიიღებს მხარდაჭერას, მაგრამ მთავარი მაინც საზოგადოების კონსოლიდაციაა. მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ _ ოპოზიციაში. აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართ ყველას ერთიანი პოზიციაა საჭირო! ეს ტერიტორიები ოკუპირებულია და მათ დაბრუნებაზე უნდა ვიზრუნოთ. ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ამ საკითხში საქართველოს მოქალაქეები ყოველთვის ერთიანები ვიქნებით.
_ წინა კვირას სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიაზე ისაუბრა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში სერგეი ლავროვი გამოხტა და ლუგარის ლაბორატორიაზე გააკეთა განცხადება.
_ რუსეთის ფედერაციას ყოველთვის დიდი ინტერესი ჰქონდა ლუგარის ლაბორატორიის მიმართ. მათ საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტის არსებობა ყოველთვის აღიზიანებდათ. წლებია, ლუგარის ლაბორატორიაზე ათას რაღაცას იგონებენ. ლაბორატორიის მიმართ აგრესია მსოფლიო პანდემიამ კიდევ უფრო გაზარდა. ამ მძიმე პერიოდში ლაბორატორიამ აჩვენა, რომ ის ვირუსებთან ბრძოლის ერთ-ერთი ფორპოსტია. ეს ლაბორატორია ქართული სახელმწიფოს დიდი მონაპოვარი გახლავთ. ისიც ვთქვათ, რომ ტესტებზე პასუხები 24 საათში გვქონდა, მაშინ როცა ამერიკაში 7 დღე უწევდათ ლოდინი. ლუგარის ლაბორატორიის მაღალ ხარისხს აღიარებს ყველა.
საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტის არსებობა რუსეთის იმპერიისთვის მიუღებელია. ლაბორატორიის მიმართ აგრესია იმანაც გაზარდა, რომ კორონაეპიდემიის მხრივ რუსეთში კატასტროფულად მძიმე ვითარებაა. კრემლი ყოველთვის შეეცდება, რომ ამ ლაბორატორიის იმიჯი შელახოს და მის მუშაობას პრობლემა შეუქმნას. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილს სულ რომ არაფერი ეთქვა რუსულ აგრესიაზე, მოსკოვი ლუგარის თემას მაინც წამოწევდა. რუსებისთვის ყველაფერი მიუღებელია რაც საქართველოს ემსახურება.
_ მათთვის ისიც მიუღებელია, რომ ამ მიწაზე ვცხოვრობთ.
_ რუსებს მხოლოდ ტერიტორიები აინტერესებთ. მათ არც ქართველების ბედი ადარდებთ, არც აფხაზების და არც ოსების. მთავარია, მიწა წაიღონ.
_ მოსალოდნელ აგრესიას რაც შეეხება, რაზედაც ზურაბიშვილმა ისაუბრა, რას ფიქრობთ: გაბედავს რუსეთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას?
_ რუსეთში დღეს ძალიან მძიმე ვითარებაა. კორონის გარეშეც კატასტროფა ხდებოდა იქ _ კორუფცია და კრიმინალი ყვავის. ხალხი ძალიან გაბრაზებულია ხელისუფლებაზე. მთავრობის რეიტინგი ყოველდღე ეცემა. ასეთ დროს კრემლს მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება _ ვიღაცას უნდა დაესხას თავს. რუსებს მხოლოდ საკუთარი იმპერიული ზრახვების ხორცშესხმა აჩერებს. სხვანაირად მაგ საზოგადოებას ვერ დააოკებ. რაკი იქ ძალიან მძიმე ვითარებაა, აგრესიის შანსები მატულობს, რუსები არაფერზე უკან დამხევები არ არიან. ეს ბუნება მათ არაერთხელ გამოავლინეს.
_ აგრესია რომ განახორციელო, ამის თავი უნდა გქონდეს. აქვს ახლა მოსკოვს ამის თავი? დასავლურ სანქციებსა და ნავთობის ფასის ვარდნას ძალიან მძიმე მდგომარეობაში უნდა ჩაეყენებინა ისინი.
_ ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთს ეს ხელს შეუშლის აგრესიის განსახორციელებლად. მათ თუ აგრესია განიზრახეს, ამას აუცილებლად გააკეთებენ. ეს რომ ასეა, ამაში 1993 წელს დავრწმუნდი. სექტემბრის ბოლოს მოსკოვში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. გოსდუმის შენობას პირდაპირ ტანკებიდან ესროდნენ ჭურვებს. რუსული საზოგადოება ორად გაიყო და ზუსტად იმ დღეებში რუსები აფხაზეთის ოკუპაციაში მონაწილეობდნენ. ამათთვის მთავარი იმპერიული ზრახვებია _ იმპერიული ზრახვები ყველაფერზე მაღლა დგას. რაც არ უნდა გაყოფილები და ჩამოშლილები იყვნენ, მთავარია იმპერია. ცალსახად ვიტყვი, რომ რუსეთი არის მტერი! ის რომ იხრჩობოდეს, მაინც იბრძოლებს ჩვენ წინააღმდეგ და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოოდ არ დაიხრჩობიან. მათი მთავარი საზრუნავია ის, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო არ იყოს.
_ ზემოთ თქვენ აიბგის დაბრუნება აფხაზეთში ახალი ხელისუფლების მოსვლას დაუკავშირეთ. მათ საინტერესო საკადრო ცვლილებები განახორციელეს. ასლან ბჟანიამ საკმაოდ მაღალ პოსტზე დანიშნა ბაგრამიანის ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური ტრაპიზონ გალუსტიანი. ამაზე რას იტყვით?
_ ამას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. გალუსტიანს აქამდეც ეკავა მაღალი თანამდებობები. ახლა უფრო დააწინაურეს და ეს მოსალოდნელიც იყო, ტრაგედიას ვერ ვხედავ.
_ მოსალოდნელი იყო მისი დაწინაურებაო და რატომ?
_ ვინ მოიყვანა ასლან ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტად? _ ვინ და ალექსანდრე ანქვაბმა. ახლა გავიხსენოთ, ვისზე დგას ანქვაბი? _ ვისზე და „ამცახარაზე“. ეს ორგანიზაცია კი მეომართა კავშირია. ანქვაბი ამ მეომრებთან ანგარიშვალდებულია. ამიტომ არც მიკვირს ამ „ბოევიკის“ დაწინაურება. აქ რაიმე მნიშვნელოვანს ნუ დავინახავთ.
_ გალუსტიანის დაწინაურება აფხაზეთში ქართველების მიმართ სიძულვილს ხომ არ გაზრდის?
_ ქართველების მიმართ სიძულვილი არ გაიზრდება. აქ მეომრების თემაა, ანქვაბი ვალდებულია მათ წინაშე და ვალებს ისტუმრებს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აფხაზეთის სათავეში მეომრები მოვიდნენ. ახლა კიდევ ერთხელ გაქურდავენ ამ ხალხს და რაღაც უბედურებები იქნება. აფხაზური საზოგადოება იგივე წრეზე ტრიალებს, არაფერი ახალი აქ არ არის.
ყველაფრის მიუხედავად, იმედი მაქვს, რომ, ადრე თუ გვიან, აფხაზეთში სიტუაცია შეიცვლება და ეს კუთხე საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება. აფხაზებს მხოლოდ ქართველებთან ერთად აქვთ პერსპექტივა.

შორენა მარსაგიშვილი