„ოცნების“ ბედნიერების ეპოქა დასრულდა _ დროა, გავაქროთ ილუზიები

დიახ, ასეა, _ ჩანაცვლებითი განცდა ბედნიერებასა და უბედურებას შორის მავანთათვის პირობითია, თუმცა სათია საი ბაბას თუ დავესესხები: „…უბედურებები იმსხვრევა, მყარდება ბედნიერება“. ამ ფრაზას წინ სამი სიტყვა აკლია, რომელზედაც ქვემოთ მოგახსენებთ, მაგრამ ასეც ბევრი რამ გასაგებია.

ერთი ცვლის მეორეს. მუდმივი ხომ სამყაროში არაფერია და უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ბარემ აკაკისაც მოვიხმობ: „მაგრამ დიდხანს ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?“

ადამიანი ხშირად ვერ ათვითცნობიერებს, ბედნიერებიდან უბედურებისკენ რომ მიექანება. მოვლენების ფილოსოფიური ახსნა ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპსა და ვითარებას შეიძლება მიესადაგოს და, ამ მხრივ, არც პოლიტიკაა გამონაკლისი. მმართველი პარტიის ლიდერები არ იტყვიან, რომ „ბედნირება“ დასრულდა და „უბედურებისკენ“ მიექანებიან, რადგან ჯერაც მაღალია ძალაუფლებით მათი ტკბობის ხარისხი. თუმცა რომელი დიდი მმართველი აფასებდა ადეკვატურად საკუთარ მდგომარეობას _ ცეზარი, ნაპოლეონი, ლენინი, სტალინი, ჰიტლერი ან, თუნდაც, შევარდნაძე თუ მიშა? ცხადია, _ ჩვენი ხელისუფლების ლიდერებს ზემოთ ჩამოთვლილებამდე ბევრი აკლიათ. ისიც ნათელია, რომ ყველა მმართველს ჰყავს თავისი ბრუტუსი. ვიღაც შემომედავება, _ შევარდნაძე და მიშა რა მოსატანი იყოო? მაგრამ აქ ისტორიულ მეხსიერებაზე ვაპელირებ და არა პრესონებზე.

 

***

ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლისას გაკეთებული განცხადება, რომ ქვეყანას „კარგ მენეჯერებს“ უტოვებდა, სულ რამდენიმე თვეში სათუო გახდა, შემდეგ სასაცილო და თან სატირალი, ახლა კი დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბატონის დასმული „კარგი მენეჯერები“ არიან დაბრალებული პოლიტიკოსები, უცოდინარები და, მეტწილად, სასაცილო კაცუნები, რომელთათვის უმთავრესი სახელმწიფო კი არა, პირადი ინტერესებია. დიახ, ამ „კარგი მენეჯერების“ გამოისობით ქვეყანა პერმამენტულად დიდ შარსა და სირცხვილშია. თავი დავანებოთ იმას, რომ ეს „მენეჯერუკანები“ მუდმივად აზიანებენ საკუთარი პარტიის იმიჯს და თუ დღეს „ოცნება“ მაინც ზედაპირზეა და ტივტივებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ამომრჩეველი ალტერნატივაში ვერ ჩამოყალიბდა.

„კარგი მენეჯერების“ ნამართ ქვეყანას არაფერი ეტყობა ვითარების ანალიზის, სიტუაციური მოდელირებისა და პროგნოზირების. გაუკეთებელს ვინ ჩივის _ გაკეთებული საქმეების პოპულარიზაციის ინდექსი ნულის ტოლია, ინიციატივები დასჯადია, ნოვაცია, ვგონებ, საერთოდაც არ სმენიათ, „კრიმინალი კარგად გრძნობს თავს“, კორუფცია უკვე ქუჩა-ქუჩა დადის, პოლიცია თავხედობს, სასამართლო-თემიდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს დაემსგავსა, ბაზრობებს ნერონი შემოეჩვია და ა. შ. სამაგიეროდ, პოზა და გამომეტყველება _ საქმიანი, საქმე და სიტყვა კი „აკომბლეისტური“ _ არაპროფესიონალური _ კომბალსაც ვერ თლიან და ჭერშიც ვერ ალაგებენ, რადგან სახელმწიფოს ჭერი გადახდილი აქვს: აწვიმს, ათოვს, ხანაც თაკარა მზე აცხუნებს და კედლებიც ნგრევის პირასაა, თუ ასე გაგრძელდა, საძირკველიც გამოეცლება, თუმცა მანამდე „კარგი მენეჯერები“ ერთმანეთში არკვევენ სიტუაციებს და არჩევენ საქმეებს.

 

***

პოლიტიკა ცალ კარში თამაში და „მე მართალი ვარ“ არ არის. ეს ანბანური ჭეშმარიტება, ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ვერასოდეს გაითვალისწინეს საქართველოს მმართველმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა. თუ საკუთარ თავსაც გამოვუტყდებით, მაშინ სრულიად ლეგიტიმურია კითხვა, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური „ლიდერებისა“ თუ „სახეების“ მიმართ, _ ბიძიკოებო და დეიდებო (მამიდებოც შეიძლება), რა გინდათ? ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე იღებთ პასუხისმგებლობას? თუ კრიზისი მხოლოდ გარე ფაქტორების დამსახურება და/ან ხელისუფლებ(ებ)ის მონაპოვარია? მაშინ შემხვედრი კითხვა, _ სად ჩანს თქვენი კრეატიულობა, შორსმჭვრეტელობა, სად არის ნოვაციები, შემართება, ახალი სიტყვა და ყველაზე მთავარი, _ რატომ ვერ იტანთ თქვენზე ჭკვიანებს, ქარიზმატულებს, განათლებულებს, ნასწავლებს, გამოცდილებს, პროფესიონალებს? რა, ვერ ხვდებით, რომ ამჟამად ქართულ პოლიტიკაში არსებულ კრიზისს არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების (ნეტავ, სად არიან ძალები?), არამედ პოლიტიკოსების, ანუ თქვენი „გადაბერებაც“ განაპირობებს? ამ ეტაპზე არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენი წლის ბრძანდებით _ ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკური „აზრი“ გადამწიფდა, გადაიწვა და საზოგადოებას ახალს ვერაფერს სთავაზობს, ანუ თქვენ ვერ სთავაზობთ ვერაფერს ახალს. დიახ, შესაძლოა, ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, „კარგ მენეჯერებზე“ უკეთ საუბრობთ ზოგიერთნი, ლოგიკაც გიჭრით, ანალიზიც კარგად გამოგდით, გიცნობენ _ სხვადასხვა დერეფანსა თუ კაბინეტში მიღებულები ხართ, მაგრამ აქ და დღეს რას სთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს? რა სამსახურს უწევთ ქვეყანას? სამწუხაროდ, ახალს და კარგს არაფერს _ ამიტომაც თუ არჩევნებში გასამარჯვებლად (ეს არის პოლიტიკოსებისა და პარტიების მთავარი ამოცანა და შემდგომ გამარჯვებისთვის გაცხადებული პროგრამის რეალიზება) შედეგების გაყალბება გიწევთ, ან სულაც მარცხდებით, ამის მიზეზი, ისევ და ისევ, თქვენ ხომ არ ხართ? თქვენ ხომ არ ხართ უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ დღეს ქვეყანას „კარგი მენეჯერები“ მართავენ?

 

***

ბიძინა ივანიშვილის გაუჩინარებამ და არაფორმალური მმართველის კონსპირაციაში წასვლამ „ოცნების“ რიგითი წევრებისა და „კარგი მენეჯერების“ რიგებში ჯერ დაბნეულობა და შოკი გამოიწვია, რამაც საჯარო მოსამსახურეებს პარალელურ რეჟიმში ახალი პატრონის ძებნა დააწყებინა, ხოლო „კარგმა მენეჯერებმა“ „გადალაგებები“ დაიწყეს. როცა გაირკვა, რომ „პატრონი არ კვდება“, უბრალოდ, „ჩამოშორდა“ და განერიდა, კლანური გადაჯგუფებები და ომი დაიწყო.

ინფორმაცია განსჯისთვის, რომელიც ამ კლანური „ომის“ ნათელი მაგალითია: ოთარ აბესაძის დაკავება ნამდვილად არაორდინარული და მრავლისმეტყველი მოვლენაა. ყველასთვის ცნობილია, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის სხვადასხვა დონეზე კორუფცია საკმაოდ ფეხმოკიდებულია. და მაშინ რატომ აბესაძე? ის ივანიშვილებთან საკმაოდ დაახლოებული პირია, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას ბერა ივინაშივილმა სააგარაკე მიწის ნაკვეთიც კი უყიდა და სახლსაც უშენებს. პარალელურად, „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფაქტობრივი შეფი არაერთხელ შერკინებია ცალკეულ კრიზისებს და „ოცნების“ ინტერესების დასაცავად იდეოლოგიურ და მედიაომშიც ჩაბმულა. რამდენად სარწმუნო იყო არგუმენტები, რომლითაც ის იბრძოდა, სხვა საკითხია, მაგრამ ცხადია, რომ ოპონენტებს თავს აკლავდა და „ოცნების“ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. მაშინ, რა საჭირო იყო აბესაძის დაკავება და განსაკუთრებით აგენტ-პროვოკატორის მიგზავნა და პროვოცირება? ნუთუ, არ შეიძლებოდა პრევენცია? (ჰო, ტივის მტკვარში ჩაშვებას მერიის კი არა, საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მოთხოვნილი სტანდარტების დაცვა და ამ სამსახურთან შეთანხმება უნდა). მაშინ, ვის ინტერესებში იყო დარტყმა ივანიშვილზე და „ოცნების“ დისკრედიტაცია, ახალგაზრდა ადამიანის პროვოცირება და გაუბედურება? და რადგან აბესაძის ოპერაციაში სუს-ი იყო ჩარეული, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი დაკავება ივანიშვილებთან შეთანხმდა, უფრო პირიქით, _ თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ კონსპიროლოგ ივანიშვილს იმის გარკვევა მოუწევს, ვინ არის ბრუტუსი მის გუნდში.

 

***

 

„ოცნებაში“ კლანური დაპირისპირებების შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა. დღეს გვაქვს შემდეგი მოცემულობა: ხელისუფლებაში გაძლიერებისთვის იბრძვის სამი ძირითადი კლანი, _ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის ტანდემი, რომელსაც ემხრობა ეკონომიკის მინისტრი გახარია; კალაძე-კობახიძე და მისი „უხილავი“ დეპუტატები; ე. წ. კახელების კლანი, რომელსაც რეალური გავლენა აქვს შს და თავდაცვის მინისტრებზე, ამ კლანთან არის ასოცირებული ფარცხალაძეც. რაც შეეხება პატარ-პატარა დაჯგუფებებს, ისინი ცდილობენ, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ და, საბოლოოდ, გამარჯვებულებს მიემხრობიან. ომსა და დაპირისპირებაში ჩართული კლანები ახლა მომხრეების მოძიებასა და გადაბირებაზე ფიქრობენ, რაც, მათი აზრით, საკუთარი გაძლიერების გარანტია უნდა გახდეს. ყველაზე მთავარი: თითოეული ეს კლანი ფიქრობს და იმედოვნებს, რომ ივანიშვილი წარსულია და სამომავლოდ თავად შეიძლება გახდნენ ამ ქვეყნის რეალური მმართველები.

ამ ბრძოლაში, რომელიც დაინტერესებული და პოლიტიკურ კულუარებში ჩახედული პირებისთვის საკმაოდ ნათელია, ყველაზე სასაცილოდ გამოიყურებიან გამყიდველი და მუდამ გამარჯვებულთა გუნდში პრორტირებული პოლიტიკური „პროსტიტუტკები“. და არ გაბედოს ვინმემ, ჩერჩილს არ შეადაროს თავი და არ წამოსცდეს, _ ეგეც იცვლიდა პარტიასო. პარტიას კი, მაგრამ პრინციპებს არ იცვლიდა და იმ „გამონაცვალ“ პარტიებს მუდამ ინგლისის _ დიდი ბრიტანეთის საკეთილდღეოდ იყენებდა. ესენი კი პარტიებსა და ქვეყანას საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და უფრო მეტის მოსახვეჭად იყენებენ.

 

***

ქვეყანაში „ოცნების“ ბედნიერების ეპოქა ივანიშვილის განრიდებითა და „კარგი მენეჯერების“ ომით სრულდება. ფარული ომი და დაპირისპირება „ოცნების“ კლანებს შორის სწორედ იმ ბედნიერების დასასრულია, რომელიც ამ გუნდს უბედურებამდე მიიყვანს.

არა, არავითარი ტრაგიზმი და ნიჰილიზმი, ისედაც ძლიერ გადაღლილი და გათანგულია საქართველოს მოსახლეობა და მას ახალი პანიკა და ტრაგედიები ნამდვილად არ სჭირდება. არც ამ ომის მნიშვნელობის გადაჭარბება იქნება სწორი. ყველაფერი კანონზომიერად ვითარდება. უბრალოდ, ჩვენ ვართ სულსწრაფები და ესეც კანონზომიერებაა, რადგან გვსურს უკეთეს, ბევრად უკეთეს სახელმწიფოში ვიცხოვროთ და ამის გამო ათას „იმედს“, „ოცნებასა“ და ილუზიას ვატანჯვინებთ თავს.

ისე, თუ ილუზიებში მყოფ საზოგადოებას, ხალხს არ სჯერა, რომ ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი, ინფანტილიზმი, ხალხის აბუჩად აგდება, შიდა ომი და დაპირისპირება _ ანუ ხელისუფლების უბედურება მათი ბედნიერების დასაწყისი ხდება, მათ სათია საი ბაბას ზემოთ მოყვანილ სიტყვებს სრულად გავახსენებ: „როდესაც ილუზია ქრება, უბედურებები იმსხვრევა, მყარდება ბედნიერება“.

 

კოკა წერეთელი