ორგანიზებული ჯგუფი და თაღლითურად მითვისებული ქონება

რედაქციაში ქალბატონი ნინო გელოვანი გვესტუმრა, რომელიც მის მიმართ განხორციელებულ დანაშაულზე საუბრობს, რამაც მას და მის ოჯახს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენა (საცხოვრებელი ბინა დაკარგა). მისივე თქმით, აღნიშნული დანაშაული ორგანიზებულმა ჯგუფმა ჩაიდინა. გელოვანის წარმომადგენელი ადვოკატი ცხადებს, რომ საქმეში თაღლითობის შემადგენლობა სრულად არის სახეზე, ამიტომ ის სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას, მისი შეფასებით, დანაშაულებრივი ხელშეკრულების გაუქმებასა და ბინის დაბრუნებას ითხოვს.

საქმის არსზე „ქრონიკა+“, თავდაპირველად, ნინო გელოვანს ესაუბრება:

_ ჩვენმა მეზობელმა, სერგო ბაგდასარიანმა, მისი ბავშვობის მეგობარი მიხეილ გოგელია გაგვაცნო, იგი ხშირად მოდიოდა ეზოში, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ჩემს შვილს, მალხაზ გელოვანსაც დაუახლოვდა და ნდობაში შემოვიდა.

2005 წლის აპრილში დედა გარდამეცვალა. ჩემი უმცროსი შვილიშვილი, ირაკლი გელოვანი, ამ დროისთვის მოუნათლავი იყო, სახელდახელოდ მოგვიწია მონათვლა და მიშა (გოგელია) იმდენად იყო ნდობაში შემოსული, რომ ბავშვი მან მონათლა.

ამის შემდეგაც ცდილობდა მეტი ნდობის მოპოვებას. ხშირად იყო შემთხვევები, რომ ბიჭები თუ სადმე დასხდებოდნენ, თუნდაც ყავის დასალევად, მალხაზსაც ეძახდა. ჩემს შვილს დაცვის სამსახურში მუშაობის დაწყებაშიც დაეხმარა.

მიშა პირველ ცოლთან დაშორებული იყო, ხან სად ათევდა ღამეს, ხან _ სად. მეორე ცოლად მოიყვანა მანანა სანოძის ძმისშვილი, თეა მეშველიშვილი, რომელმაც ხელი შეუწყო მის კარიერულ წინსვლას. გლდანი-ნაძალადევის რაიონში სამხედრო კომისრად დააწყებინეს მუშაობა.

2008 წლის ნოემბერში მიშა ჩემს შვილთან თხოვნით მოვიდა, რომ გვერდით დადგომოდა, რაღაც ბიზნესის წამოწყებას აპირებდა და თვითონ, როგორც საჯარო მოხელეს, უფლება არ ჰქონდა. ჩვენ არც ის ვიცოდით, რა ბიზნესს აკეთებდა, უბრალოდ, სთხოვა, რომ ჩემს შვილს ბინა ჩაედო და ამით დასდგომოდა გვერდით.

იმის გათვალისწინებით, რომ არანაირ დაპირებაზე, სარგებელსა და ბიზნესთან შემხებლობაზე საუბარიც არ ყოფილა, სრულიად უანგაროდ გავუმართეთ ხელი. მან იცოდა, რომ მე ჩემს შვილს უარს ვერაფერზე ვეუბნებოდი და ამით ისარგებლა. როდესაც  შემთხვევით შევხვდი და ეზოში ვკითხე, _ მიშა, რას აპირებ, რა ხდება, ხომ იცი, დღეს ძმა ძმას არ ჩაუდებს ბინას, რამე შარში არ გაგვხვიო-მეთქი. მიპასუხა, _ ნინო დეიდა, ვერაფერს გაიგებთ, ამას ისე გადავიხდი, არაფერი შეგეხებათო.

ამ დროს „ყაზტრანსგაზში“ კონტროლიორად ვმუშაობდი დიდუბის რაიონში. საღამოს ჩემი შვილი მოვიდა და საჩქაროდ წამიყვანა ვაკეში, ერთ-ერთ ნოტარიუსში. როგორც მერე გაირკვა, ეს ნოტარიუსიც მიშას ახლობელი აღმოჩნდა. ნოტარიუსში მისვლას მიშა ისე გვაჩქარებდა, რომ როცა საცობში მოვხვდით, ჩემს შვილს ეუბნებოდა, _ დატოვე მანქანა და სასწრაფოდ ტაქსით წამოდით, მე გამოგიგზავნითო. მიშამ ჩემი შვილის თავდებობით საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიტანა ბანკიდან სესხის სახით, მაგრამ ჩემი შვილი იმ ფაქტს, რომ ეს მისი ხელმოწერაა, საერთოდ არ ადასტურებს, რადგან ვერ იხსენებს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა; და თუ ეს ნამდვილად მისი ხელმოწერაა, მაშინ ეს ის პერიოდია, როდესაც ჩემი ვაჟი აქტიურად მოიხმარდა ალკოჰოლს, ეს მიშამ კარგად უწყოდა და სათავისოდ გამოიყენა.

თუმცა მაინც ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი კატეგორიულად ამტკიცებს, ასეთი რამ არ მომხდარაო. ეს დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ხელთ არის, შემთხვევით მოვიპოვეთ მიშას საბუთებიდან, რომელიც მისმა მეგობარმა, სოლომონ ფრეწუაშვილმა გადმოგვცა. საბედნიეროდ, ამ თანხასთან დაკავშირებით ჩემი შვილი ბანკს არ შეუწუხებია, რადგან, სავარაუდოდ, როგორც სოლომონი ამბობს, ეს სესხი მიშამ სოლომონ ფრეწუაშვილის დედის ბინით გადაფარა, რომელიც მარტყოფში მდებარეობდა, ასევე გარანტად ჩაიდო ჩვენი ბინა. მოგვიანებით, გადაუხდელობის გამო, ეს ბინა აუქციონზე გაიყიდა.

_ ნოტარიუსში მისვლას დავუბრუნდეთ…

_ ნოტარიუსმა ისე სწრაფად მომაწერინა ხელი საბუთებზე, ამოსუნთქვაც არ მაცადა. არც ერთი სიტყვით არ განმიმარტა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო გაუთვალისწინებელი შემთხვევის შედეგად; ან რა საფრთხე შეიძლებოდა შემქმნოდა ამ ხელმოწერით.

_ მერე პროცესი როგორ წარიმართა?

_ მიშა გოგელია რამდენიმე თვის განმავლობაში ნამდვილად იხდიდა ბინის პროცენტებს. მე ისიც არ ვიცოდი, რა თანხა გამოიტანა და რამდენს იხდიდა. მიშამ საჯარო სამსახურში ყოფნის დროს მეგობარი ქალი გაიჩინა, რომელთან ერთადაც არაფერს იკლებდა, მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ქრთამებს იღებდა. ეს ფაქტი მიშას მეუღლემ შეიტყო და სამაგიეროს გადახდის მიზნით ქრთამის აღების ფაქტზე დააჭერინა.

როგორც გავიგეთ, მიშას წამოწყებული ჰქონდა საიუველირო ბიზნესი, თეთრ ოქროსა და ვერცხლზე მუშაობდა, რომელსაც იტალიიდან სიძე უგზავნიდა. ბანკიდან ბიზნესსესხის ასღებად საჭირო იყო, რომ ფირმას, მინიმუმ, 6 თვე ემუშავა. მაღაზიის ადგილების შერჩევის დროს დიდად დაინტერესებული არ ყოფილა, ის ადგილი გაამართლებდა თუ არა, ვინაიდან მას დასაკარგი არაფერი ჰქონდა, რადგან თვითონ ვარ იმის მოწმე, რომ ჩვენს, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ისეთი მიყრუებული ადგილი შეარჩია, რომ მე და ჩემმა შვილმა გავიკვირვეთ, _ აქ რა მუშაობა გექნებაო? ასე გვიპასუხა, _ მოგცლიათ, რა, „ლიჟბი“ ვაჩვენოთ, რომ მაღაზია მუშაობსო.

როგორც სოლომონ ფრეწუაშვილი ამბობს, ვაკის ფილიალში მაღაზიას მისი მეგობარი ქალი ამუშავებდა. თვითონ სოლომონი ამ ფირმაში ფორმალურად იყო გაფორმებული დირექტორად, მაგრამ, ფაქტობრივად, საბუღალტრო საქმიანობას თვითონ და მისი ცოლის ბიძაშვილი, კონსტანტინე თოფურია აწარმოებდნენ. მართალია, ფრეწუაშვილიც ჩართულია ამ საქმეში ფორმალურად, როგორც დირექტორი, მაგრამ როგორც ჩვენ, ასევე მას, რეალურად, ამ საქმესთან არავითარი შემხებლობა არ გვქონია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ სოლომონი იყო მიშა გოგელიას ბავშვობის მეგობარი და ჩვენზე კარგად იცნობდა მას.

როგორც ირკვევა, მიშამ თავისი ფირმის, შპს „ტემპოდი მოდას“ წილები 45% მეუღლეს, თეა მეშველიშვილს გადაუნაწილა, ხოლო 55% მეუღლის ბიძაშვილს, კონსტანტინე თოფურიას. ეს უკანასკნელი ამ ფირმაში საბუღალტრო საქმიანობას აწარმოებდა. ფაქტობრივად, ბანკის წინაშე ვალდებულები თვითონ იყვნენ.

მოგვიანებით, მე და ჩემმა ვაჟმა კონსტანტინე თოფურიას მივაკითხეთ საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც დირექტორად მუშაობს. მას  ლაპარაკი იქით მიჰყავდა, რომ რადგან მიშა დაიჭირეს და ჩვენ ქუჩაში არ დავრჩენილიყავით, ჩვენი ბინის გაყიდვა შემოგვთავაზა და თანხა რაც დარჩებოდა, დაახლოებით, ათი ათასის ფარგლებში, ფონიჭალაში ან სადმე გარეუბანში ერთოთახიან ბინას მაინც იყიდითო. თან ფურცელზე მიხაზავდა სქემას.

ამაზე გავცხარდი, _ როგორ ბედავთ, ჩვენ რა შუაში ვართ, ბიზნესთან გვქონდა შეხება თუ თანხა ჩვენ დავხარჯეთ, ადამიანურად გვერდით დაგიდექით თქვენსავე საქმიანობაში და თქვენივე კეთილდღეობისთვის, ეს საქმე ხომ თქვენი იყო, თანხაც თქვენ გამოიყენეთ-მეთქი! თქვენ რომ საქმე აგწყობოდათ და ბიზნესი წინ წასულიყო, თქვენ ხომ ამ მოგებას მე არ გამინაწილებდით, ჩვენ ხომ არანაირ სარგებელს არ ვიღებდით და არანაირი შემხებლობა არ გვქონია საერთოდ თქვენს ბიზნესთან, მაშინ ჩვენ  რატომ უნდა დავკარგოთ ერთადერთი საცხოვრებელი-მეთქი?! მოკლედ, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამ ყველაფრის.

_ რა მოიმოქმედეთ?

_ ამის მერე გარკვეული ზარები იყო კოსტანტინეს მხრიდან, რამდენჯერმე სახლშიც მოვიდა და ჩვენს დაყოლიებას ცდილობდა, მაგრამ კვლავ ჩემს აზრზე ვრჩებოდი. ბანკში რესტრუქტურიზაცია გაუკეთებიათ, თავიდან სესხის ოდენობა, დაახლოებით, 24 000 აშშ დოლარს შეადგენდა და რესტრუქტურიზაციის შემდეგ 31 000 აშშ დოლარამდე გახდა. შემდეგ მე და სოლომონ ფრეწუაშვილი კონსტანტინესთან მივედით. ბევრი მოლაპარაკების შემდეგ შემოგვთავაზა, რომ ეს თანხა გადაგვენაწილებინა 5 პიროვნებაზე. ესენი ვიყავით მე, თეა მეშველიშვილი, სოლომონ ფრეწუაშვილი, მიხეილ გოგელია და კონსტანტინე თოფურია. მე ამაზეც წინააღმდეგი ვიყავი, გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ არაფერთან შეხება არ მქონია, მაგრამ მითხრა, რომ ხელი მქონდა მოწერილი და  ჩემს ინტერესებშიც შედიოდა, ბინა არ დამეკარგა და ასეთი ფორმით აგვეღო ვალდებულება ყველას. სოლომონ ფრეწუაშვილმა ისიც კი სთხოვა კონსტანტინეს, რომ ჩვენთვის გარკვეული თანხა ესესხებინა, რომელსაც დავატრიალებ და ფულს ვაშოვნინებ (ჩემთან ერთად), რომ ეს თანხა გავისტუმროთო. თვითონ სოლომონს ოჯახთან ერთად ბიზნესი ჰქონდა ოქროს ბირჟაზე და ამ გზით აპირებდა ფულის შოვნას. მე საბოლოოდ დავთანხმდი ამ შემოთავაზებას, მაგრამ კონსტანტინემ მეორე დღეს უარი გვითხრა. როგორც ირკვევა, ფრეწუაშვილთან პირადი უთანხმოება ჰქონდა.

იყო ასეთი შემთხვევა, როცა მე და სოლომონი მიშას მამას, ომარს შევხვდით. მას, ისევე როგორც კონსტანტინეს, ვთხოვეთ, გვერდში დაგვდგომოდა და თანხა ესესხებინა, რომელსაც დავატრიალებდით და ამ ბინის სესხს როგორმე გადავფარავდით; რადგან არ მსურდა, რაიმე საფრთხის წინაშე დამდგარიყო ჩემი ერთადერთი საცხოვრებელი და არ დავრჩენილიყავი ოჯახით ქუჩაში, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არანაირი ფაქტობრივი შეხება არ მქონია მათ საქმიანობასთან და ფინანსებთან. სამწუხაროდ, ომარმა ეს თხოვნა უგულებელყო, რადგან ვალდებულად არ მიიჩნევდა თავს, მიშას ვალები ეხადა და უხეში ფორმით მოგვიშორა თავიდან.

კონსტანტინე მპირდებოდა, რომ ჩემს ბინას პრობლემები არ შეექმნებოდა და ქუჩაში არ დავრჩებოდით. ამ დაპირებითა და ტკბილი საუბრებით დრო გაჰყავდათ, ხოლო სოლომონს დაემუქრა, _ ხმა არ ამოიღო, თორემ შენც მიშას გვერდით მოგსვამთო.  კონსტანტინესგან ვიცით ასევე, რომ მიშას ციხიდან მოუწერია, _ ყურადღება მიაქციეთ გელოვანების ბინას, გადაიხადეთ ყველაფერი და რომ გამოვალ, მე მოვაგვარებ დანარჩენსო. მიშა ციხიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ ხშირად მოდიოდა ჩვენს ეზოში და გვპირდებოდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა და ჩვენ სანერვიულო არაფერი გვექნებოდა. გადიოდა დრო და ერთხელაც მიშამ მითხრა, რომ აპირებდა, სასამართლოში ეჩივლა კონსტანტინესთვის, რადგან რესტრუქტურიზაციის შემდეგ ეს გადასახდელი თანხა უკვე 45000 აშშ დოლარზე იყო ასული და ამის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდათ თეას და კონსტანტინეს თავიანთი ხელფასებიდან. მე მთხოვა ერთად გვეჩივლა, რადგან კონსტანტინეს ასე თაღლითურად ბევრი უძრავი ქონება ჰქონდა მითვისებული.

გამომდინარე იქიდან, რომ კოსტანტინე ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი იყო და მპირდებოდა, რომ საშიშროება არ გვემუქრებოდა, უარი ვუთხარი. არ მინდოდა კონსტანტინეს წინააღმდეგ წასვლა. თუმცა, ამ კეთილგანწყობის უკან იმალებოდა მისი მზაკვრული სქემის ერთ-ერთი ნაწილი.

საუბარში კონსტანტინეს წამოსცდა, რომ მიშას უთქვამს, _ რას დაეძებ, აქ არ არის გელოვანის ბინაო? მე ამაზე მიშას ვუსაყვედურე, _ რომელი დავიჯერო ის, რომ პირობას დებდა ვალის დაფარვაზე თუ ეს სიტყვები-მეთქი? მიშამ ამაზე გაიკვირვა და მითხრა, _ ეს სიტყვები მე კი არა, თვითონ კონსტანტინეს ეკუთვნისო.

რეალურად, ბანკი აღსრულებას არ მიაქცევდა ჩემს ქონებაზე, რადგან კონსტანტინე თოფურია და თეა მეშველიშვილი წარმოადგენდნენ შპს „ტემპო დი მოდას“ სოლიდურ მოვალეებს, დიდი ხელფასები ჰქონდათ და თავისუფლად შეეძლოთ ბანკის წინაშე აღებული ვალდებულების უზრუნველყოფა. თაღლითური გეგმის სისრულეში მოსაყვანად, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, კონსტანტინე თოფურიამ საქმეში ჩართო საკუთარი და, ეკატერინე თოფურია, რომელსაც 2010 წლის 28 მაისს ხელშეკრულებით შეაძენინა სს „ბანკი რესპუბლიკისგან“ ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რაც ბანკს ეკუთვნოდა შპს „ტემპო დი მოდასგან“.

კონსტანტინე თოფურიას მოთხოვნით, არ მიმიღია მონაწილეობა სასამართლო და საარბიტრაჟო საქმის განხილვებში, რომელიც ეკატერინე თოფურიამ აღძრა იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის მიზნით. მარწმუნებდა, რომ აღნიშნული ხელს შეუშლიდა დავაში, რომელსაც იგი აწარმოებდა შპს „ტემპო დი მოდას“ დირექტორთან, სოლომონ ფრეწუაშვილთან და მიხეილ გოგელიასთან. ხოლო თუ ხელს შევუშლიდი და მონაწილეობას მივიღებდი ამ დავებში, მაშინ არანაირ დათმობაზე აღარ წამოვიდოდა და სახლს წამართმევდა. ჩვენ შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომელსაც ესწრებოდა ჩემი შვილის მეგობარი თამაზ სანიკიძე. მე ბოლომდე მჯეროდა, რომ კონსტანტინე თოფურია დანაპირებს შეასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ ეკატერინე თოფურიას არ დაუყენებია არანაირი მოთხოვნა საკუთარი ძმისა და ბიძაშვილის მიმართ, რომლებიც ისევე როგორც მე, მევალეებს წარმოადგენდნენ, მათ თავდებობის ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული შპს „ტემპო დი მოდას“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

_ მერე რა მოხდა?

_ მას შემდეგ, რაც ჩემი ბინა აუქციონზე გაიტანეს, ის თავად კონსტანტინე თოფურიამ შეიძინა და დაბრუნების სანაცვლოდ 25 000 აშშ დოლარის გადახდას მთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქონების გასხვისებით მემუქრებოდა. თამაზ სანიკიძესთან სამსახურში შეხვედრა შედგა კონსტანტინე თოფურიას, სოლომონ ფრეწუაშვილის, მიხეილ გოგელიას, ჩემი ვაჟის _ მალხაზ გელოვანისა და ჩემი მონაწილეობით, სადაც კონსტანტინე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჩემთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ხოლო ფრეწუაშვილისა და გოგელიასგან მოითხოვდა თანხის გადახდას. გოგელიამ შესთავაზა, რომ ერთი კვირის ვადაში 2000 აშშ დოლარს მისცემდა, ხოლო დანარჩენს ეტაპობრივად გადაუხდიდა. ამ დროისთვის გოგელია ერთ-ერთ პურის ქარხანაში მუშაობდა მანქანაზე ექსპედიტორად და უთხრა, რომ ზაფხულის პერიოდი მკვდარი სეზონია, მუშაობა არ იქნება და ტყუილი რომ არ გამომივიდეს, ოქტომბრიდან უკვე რეგულარულად დავიწყებთ გადახდას მე და სოლომონი ერთადო, რაზეც კონსტანტინე დათანხმდა და ყველანი კმაყოფილები წამოვედით შეხვედრიდან.

გადიოდა დრო, შემთხვევით ქუჩაში გოგელიას შევხვდი და ვკითხე, რა ქნა, ის დაპირებული 2000 გადაიხადა თუ არა. ჯერ არა, მაგრამ ამ დღეებში აუცილებლად გადავიხდიო, შემპირდა და როგორც გავიგე გადაუხდია. შემდეგი შეხვედრისას ვთხოვე, _ იქნებ, ჩემი ბინა ვინმეს ქონებით ჩაენაცვლებინა და გაეთავისუფლებინა, რაზედაც თანხმობა მითხრა. იმავე ქარხნიდან აპირებდა ჩანაცვლებას, ვისით და რა ქონებით, არ ვიცი. ის პიროვნება ასე ადვილად არ წამოეგო მიშას ანკესზე და უარი უთხრა. ამის შემდეგ კვლავ მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ ნაწილობრივ საქმე მოგვარებულია. როცა დავინტერესდი, რა ხდება-მეთქი, მითხრა, რომ ფრეწუაშვილის დედის მარტყოფის სახლი გაიყიდა 10 000 აშშ დოლარად და ამით გადაფარავდა ნაწილს. რომ ვუთხარი, _ იმ ქალმა რა დააშავა, სახლი რომ გაუყიდეთ-მეთქი? მიპასუხა, _ რა ვქნა, ყველამ ჩვენ ჩვენი წილი პასუხი უნდა ვაგოთო.

ამის მერე ისევ შემთხვევით მხვდება მაღაზიაში და ვინტერესდები, მშვიდი და გაღიმებული სახით ვკითხე, _ რას შვრები, გოგელია, როგორ არის საქმეები-მეთქი? რამაც გააღიზიანა და აგდებულად მომიშორა თავიდან. მეორე დღეს არეკინებს ვიღაც უცხო პიროვნებას, ვითომ პროკურორს, მუქარის შემცველი ტექსტებით, გოგელიას შევიწროებისთვის პასუხს გაგებინებთო. როცა ვუთხარი აეხსნა, საქმით დაინტერესებასა და კითხვის დასმაში შევიწროებას რატომ გულისხმობ, ან ვინ ხარ, სად მოვიდე, მითხარი, პროკურორები ასე უსაფუძვლოდ არ ემუქრებიან ტელეფონით ადამიანებს-მეთქი, _ ტელეფონი გამითიშა. ასეთივე მუქარის ზარი იყო გოგელიასგან ჩემს შვილთან ჩემი მისამართით.

ამის მერე ვეძებდი და ვეღარ ვუკავშირდებოდი ვერც მიშას და ვერც კონსტანტინეს. რამდენჯერმე სამსახურშიც კი მივაკითხე, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, როგორც იქნა, ტელეფონზე დავუკავშირდი და მითხრა, _ ახლა საზღვარგარეთ მივდივარ და რომ ჩამოვალ, დაგიკავშირდებითო.

საბოლოოდ, კონსტანტინეს ზარის მაგივრად სახლში მომადგნენ სააღმსრულებლოდან აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად. როგორც გავიგე, სწრაფი მეთოდით გაიტანეს ჩემი ბინა აუქციონზე და გაყიდეს.

 

ალექსანდრე გიოშვილი _ ნინო გელოვანის ადვოკატი:

_ წარმოვადგენ ნინო გელოვანის ინტერესებს, რომლის მიმართ განხორციელდა დანაშაული, რამაც მას და მის ოჯახს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენა. აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რასაც თან ახლდა მათი მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღება. დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დანაშაული არის ერთიანი, დენადი და განგრძობადი დანაშაული, რაშიც მონაწილეობდა არაერთი ადამიანი.

საქმის არსი გახლავთ შემდეგი:

  1. მიხეილ გოგელიამ მოატყუა ნინო გელოვანი და ნაცვლად მხოლოდ ქონების მითითებისა, გააფორმებინა იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს თაღლითობას, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით განიმარტება, როგორც ნდობის გამოყენებით სხვისი ქონებრივი სარგებლის მიღება მოტყუება. ამ დანაშაულის ყველა ეს ნიშანი მოცემულ შემთხვევაში არის სახეზე შემდეგ გარემოებათა გამო:

უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელი იყო კომპანია და მას არავითარი შეხება არ ჰქონდა ნინო გელოვანთან და ასევე დადგენილია, რომ ამ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებით იგი არავითარ სარგებელს არ იღებდა; ანუ დადგინდა, რომ ნინო გელოვანს ამ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად არავითარი სარგებელი არ მიუღია, შესაბამისად, უდავოა, რომ იგი მოატყუეს, ესეც მეორე ნიშანი ამ დანაშაულისა. რაში მდგომარეობდა მისი მოტყუება? იმაში, რომ მიხეილ გოგელია, მხოლოდ ქონების მითითების ნაცვლად (იმ დროს, როდესაც მსესხებელი არის კომპანია, ძალიან აპრობრებული მეთოდია) აფორმებინებს იპოთეკის ხელშეკრულებას და ამით ატყუებს ნინო გელოვანს. შესაბამისად, აქ თაღლითობის შემადგენლობა სრულად არის სახეზე;

  1. დანაშაული ჩაიდინა ნოტარიუსმა რუსუდან ფიფიამ, რომელმაც დაარღვია კანონი, რადგან არ განუმარტა ნინო გელოვანს ხელშეკრულების შინაარსი და არ აუხსნა სამართლებრივი შედეგები, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ხელშეკრულების დადებას და გაფორმებას. ნოტარიუსმა არათუ არ განუმარტა ნინო გელოვანს ხელშეკრულების შინაარსი, არამედ არც კი მისცა მას საშუალება მისი წაკითხვისა და სამუშაო ვადის ამოწურვა მოიმიზეზა.

სწორედ ეს, ერთი შეხედვით, წვრილმანი გარემოებები, საბოლოო ჯამში, იქცა დიდ, ერთიან დანაშაულად, კერძოდ, ნინო გელოვანის მიყვანა მისთვის უცნობ, ხოლო გოგელიასთვის ნაცნობ ნოტარიუსთან სამუშაო საათების ამოწურვის დროს, მისი დაჩქარება. ამ ყველაფერმა წინასწარ დადგმული სპექტაკლის ფორმით საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ მათ მიაღწიეს თავის მიზანს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოტყუებით გააფორმებინეს;

  1. ეჭვს ბადებს თვით სესხის წარმომავლობის საკითხი და შემდგომ მისი ხარჯვის კანონიერება, რადგან თუკი იგი გაიცა კომპანიაზე, მაშინ იგივე კომპანია ვალდებული იყო, წარედგინა მისი ხარჯვის დამადასტურებელი მასალები ბანკისთვის, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. და რეალურად დადგენილია, რომ სესხი გაიცა ფიქტიურ კომპანიაზე და არც შემდგომ დაინტერესებულა არავინ, თუ სად დაიხარჯა (ჩვენი ინფორმაციით, გაფლანგული) ეს თანხები;
  2. ცესიის ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დაირღვა კანონი როგორც ბანკის მხრიდან, ასევე ეკატერინე და კონსტანტინე თოფურიების მხრიდან. ეს ხელშეკრულება ერთმნიშვნელოვნად არის კანონის უხეში დარღვევით შედგენილი, რადგან სესხი, რომელიც იყო რამდენიმე გზით უზრუნველყოფილი, ახლა გახდა მხოლოდ ნინო გელოვანის ქონებით უზრუნველყოფილი და ყველა სხვა პირი განთავისუფლდა ამ ვალდებულებისგან, რაც ერთმნიშვნელოვნად კანონის დარღვევაა.

ცესიის ხელშეკრულება არის იმ დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანა, რაც მდგომარეობდა, ერთი მხრივ, ბანკისთვის თავიანთი ვალდებულებების არგადახდაში და მეორე უმთავრესი არის ნინო გელოვანის ქონების ხელში ჩაგდება. ეს გეგმა განხორციელდა შემდეგნაირად:

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაისახეს ორი მიზანი: როგორმე აერიდებინათ თავიანთი ვალდებულებების გადახდა ბანკის წინაშე; ხელში ჩაეგდოთ პერსპექტიულ ადგილზე არსებული ნინო გელოვანის ქონება: ამ მიზნით მათ შეადგინეს შემდეგი დანაშაულებრივი გეგმა:

ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის, კონსტანინე თოფურიას და _ ეკატერინე თოფურია, ბანკისაგან ვითომდა ყიდულობს უკვე გაპრობლემებულ სესხს და თანხის ამოღებას ახდენს მხოლოდ ნინო გელოვანის ქონების აუქციონზე რეალიზების გზით და უმთავრესი, ვინ ყიდულობს ნინო გელოვანის ქონებას აუქციონზე? კონსტანტინე თოფურია, ის კონსტანტინე თოფურია, რომელიც თვითონ იყო ამ სესხის თავდები, არათუ განთავისუფლდა მისი გადახდისგან, არამედ სრულიად უფასოდ ჩაიგდო ხელში ნინო გელოვანის ქონება. რატომ სრულიად უფასოდ? იმიტომ, რომ რეალურად მის მიერ გადახდილი თანხა ისევ მას დაუბრუნდა, რადგან აუქციონზე ქონების გამტანი, ანუ ვითომდა კრედიტორი იყო მისი და, ეკატერინე თოფურია; ანუ  დამ გაყიდა და ძმამ იყიდა _ იმ ძმამ, რომელსაც წესითა და რიგით თავისი ხელფასით უნდა გადაეხდა ეს სესხი.

აქ უკვე კომენტარიც ზედმეტია. ამის შემდგომ, ისევ და ისევ, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე სისრულეში მოსაყვანად, კონსტანტინე თოფურიამ დაარწმუნა ნინო გელოვანი, რომ  მას არ შეეტანა შესაგებელი სასამართლოში, რითაც უფრო დააჩქარა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაიგდო ნინო გელოვანის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა ხელში.

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, თამამად   შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები თავისი მასშტაბით არის უპრეცედენტო. საქმე გვაქვს ჯგუფური თაღლითობის  ფაქტთან, რაც მოითხოვს მყისიერ რეაგირებას.

ჩვენ უკვე მივმართეთ როგორც რაიონულ, ასევე მთავარ პროკურატურას. ჩვენდა სამწუხაროდ, საკითხი ზედაპირულადაც კი არ განიხილება. განცხადებები უკან ბრუნდება და ყველგან ერთ მარტივ გარემოებაზე გვითითებენ, რომ ჩვენ მივმართოთ სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ყველა განცხადებაში ერთ რამეს ვითხოვთ: აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყონ. იქნებ, ჩვენი მონაცემები არასწორია? საგამოძიებო ორგანო ამისთვისაა, რომ პროცესი გამართულად და ობიექტურად ჩაატაროს. მზად ვართ, მიღებულ შედეგებს დავემორჩილოთ, მაგრამ ეს მოჯადოებული წრე ვერ გავარღვიეთ.

მთავარ პროკურორს მივმართეთ, პარლამენტის წევრებს, პრემიერ-მინისტრს, განცხადება უშედეგოდ ტრიალებს ერთსა და იმავე წრეზე. არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და სამოქალაქო სამართლებრივი საქმის ნიშნები იკვეთებაო. მაგრამ დანაშულის არსებობა-არარსებობა რომ დაადგინო, მინიმუმ, რამდენიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება სჭირდება. შეუძლებელია, ადამიანს მარტო თვალებში შეხედო და მიხვდე, ეს ადამიანი სიმართლეს ამბობს თუ ცრუობს. მარტო ჩვენ გვიბარებენ, არავინ იბარებს მეორე მხარეს, იგივე ნოტარიუსს… ორი საგამოძიებო მოქმედება არავის ჩაუტარებია, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგეს.

ამიტომ, ჩემი აზრით, ამ ადამიანებსთვის ხელს აფარებენ. სხვა შემთხვევაში ამ ნიშნების გამო ჩვენ უბედურებას დაგვატეხდნენ თავს. ელემენტარულად, ნოტარიუსისგან საბუთების ამოღებას ვერ მივაღწიეთ და კონკრეტული ადამიანებისთვის კითხვების დასმას იმისთვის, რომ ვითარება გაირკვეს. ცხადია, რომ ამაზე მათ გეგმა შეადგინეს, რომელიც ასე დააგვირგვინეს კიდეც.

დღეს, რეალურად, იმ საშიშროების წინაშე ვდგავართ, რომ ხვალ-ზეგ ამ საქმეზე სააღსრულებო წარმოება დაიწყოს. ეს გულისხმობს უკვე იქ შესახლებული ადამიანების გამოსახლებას. ამიტომ ყურადღება მოგვაქციეთ და სახელმწიფომ თავისი ვალდებულება განახორციელოს.

მიმაჩნია, რომ ეს მევახშეთა კარგად ორგანიზებული ჯგუფია, რომელიც ქალაქის პრესტიჟულ უბნებში საცხოვრებელი ბინების ხელში ჩაგდებით არის დაინტესებული. ასეთი არაერთი ქმედება განახორციელეს, რაც შერჩათ კიდეც. ეს ნიშნავს, რომ მფარველი ჰყავთ.

 

გიორგი მეფარიძე