ნინო კვიტაიშვილი: ,,დღესაც საჯარო სკოლების დირექტორები სერიოზული სტრესის ქვეშ მუშაობენ!“

სასკოლო გამოცდებზე მოსწავლეების დიდი რაოდენობის ჩაჭრის გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი უნდა გაუქმდეს, რადგან ის არარელევანტურია. ამასთან, სამინისტრომ არსებული პრობლემები უნდა გამოიკვლიოს და სისტემის გაჯანსაღებისთვის სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება.

„ქრონიკა+“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, ნინო კვიტაიშვილს ესაუბრება:

_ ქალბატონო ნინო,  სასკოლო გამოცდებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მიზეზები რა არის?

_ 11 ათასამდე მოსწავლე ჩაჭრილია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა. თუ მაშინ ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა 100-ზე ხუთი, ანუ 5% იყო, დიდი ხანია, რაც ამ ციფრმა 20%-ს გადააჭარბა. შარშან ეს, დაახლოებით, 8 ათასი მოსწავლე იყო, წელს 3 ათასით მეტია.

საგანგაშო ციფრი იმაზე მიგვითითებს, რომ ზოგადი განათლების სისტემაში სერიოზული პრობლემებია. ეს რაღაც ერთი ფაქტორის მიერ გამოწვეული შედეგი არ არის, კომპლექსური, სისტემური პრობლემაა, თვითონ სისტემა მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან ბევრი მიმართულებით დახმარება ესაჭიროება.

ეს სასკოლო ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მასწავლებელთა კომპეტენციით დასრულებული, ყველაფერს შეეხება, რაც კი ზოგად განათლებაში შედის. შედეგად, ისევ ჩაჭრილ მოსწავლეთა დიდი რაოდენობა მივიღეთ და გამოსაშვები გამოცდების ეს ტიპი, ფაქტობრივად, არარელევანტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ეს გამოცდები რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი იყო და თუ მოქმედ ხელისუფლებას, შესაბამისად, განათლების სამინისტროს რეფორმის ყველა ნაწილი უკვე ჩაუვარდა, მხოლოდ გამოცდები, როგორც მოსწავლეებისთვის სადამსჯელო სანქცია, არ უნდა დარჩეს.

განათლების რეფორმა სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდა და, სამწუხაროდ, ამან დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მარცხი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი მოშლილია, მოსწავლეთა დასწრება გაკვეთილებზე უკიდურესად დაბალია, საბუნებისმეტყველო მიმართულებით ლაბორატორიები სათანადოდ აღჭურვილი არ არის და არ ახლდება…

ეს საერთაშორისო კვლევებმაც დაადასტურა. ალბათ, იცნობთ ამ კვლევების შედეგებს. ჩვენ სწორედ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით სავალალო შედეგი ვნახეთ.

განსაკუთრებით ეს დარგი დაზარალდა და ბავშვებმაც ამ მიმართულებით ყველაზე ნაკლები ცოდნა შეიძინეს.

_ რატომ არის შემცირებული მოსწავლეთა დასწრება გაკვეთილებზე?

_ ერთი მხრივ, დაბალი მოტივაციაა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: როგორც მასწავლებლის კომპეტენცია, ასევე რამდენად საინტერესოა თვითონ გაკვეთილი, რამდენად აღჭურვილია იმ სასწავლო რესურსებით, რაც დღევანდელი, 21-ე საუკუნის მოსწავლისთვის საინტერესოა, რეალურად, როგორია სასკოლო კულტურა და ა. შ.

ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს მოსწავლის მოტივაციაზე და, შესაბამისად, როდესაც გაკვეთილზე ყოფნის მოტივაცია უქრება, სკოლისადმი პოზიტიურ განწყობასაც კარგავს, შედეგად, გაკვეთილს აღარ ესწრება. გარდა ამისა, საინტერესოა, როგორ აწარმოებენ მასწავლებლები სასკოლო ჟურნალს? რამდენად აკონტროლებს სკოლა ამ საქმეს? რამდენად აკონტროლებს სამინისტრო? როგორია სასკოლო და საკლასო მენეჯმენტი? ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს მოსწავლის გაკვეთილებზე გამოუცხადებლობას.

_ სასკოლო გამოცდების სადამსჯელო მექანიზმად გადაქცევა რით არის გამოხატული?

_ ბავშვებმა, განსაკუთრებით სკოლაში სწავლების მესამე საფეხურზე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასებში ვერ მიიღეს ის ცოდნა, რომლითაც ეს გამოცდები უნდა ჩაებარებინათ. ფაქტობრივად, სკოლამ მათ შესაბამისი ცოდნა არ მისცა, მაგრამ მოთხოვნას უყენებს.

_ რატომ ჩაუვარდა ხელისუფლებას სისტემაში გასატარებელი რეფორები?

_ ამის ერთი ნაწილი კომპეტენციას უკავშირდება, მეორე ნაწილი _ კეთილ ნებას, ხოლო მესამე ნაწილი იმას, თუ რა თანხა იდება განათლებაში. რეალურად, ზოგად განათლებაში იმდენად მწირი თანხები იდება, რომ, მაგალითად, წელს, ზოგიერთი სკოლა ზამთრის სეზონზე საკუთარი ბიუჯეტით გაზის დავალიანებას ვერ იხდიდა და სამინისტროსგან დამატებითი თანხა სჭირდებოდა. ეს იმისთვის, რომ, ელემენტარულად, გაზის საფასური გადაეხადათ, აქ სასწავლო რესურსების შესყიდვაზე საუბარიც აღარ არის. სკოლების დაფინანსების ასეთი დაბალი დონე ძალიან ბევრ არასახარბიელო ფაქტორს განაპირობებს.

_ დაფინანსების დაბალ მაჩვენებელს რა იწვევს?

_ უპირველესად, ეს არასწორი გათვლების შედეგია. ხელისუფლება აცხადებს, რომ მისთვის განათლება პრიორიტეტულია, მაგრამ ხედავთ, რომ თვითონ მინისტრისთვის განათლება პრიორიტეტული არ არის. ის ყველაფერზე აკეთებს კომენტარს, ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესზე, ელემენტარულად, ფარცხალაძის საკითხზეც კი და, ამ დროს, განათლების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ არ საუბრობს. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ განათლების სამინისტროში გარკვეული გადაწყვეტილებები არაკომპეტენტურად მიიღება. ბუნებრივია, რომ ეს სასკოლო ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება.

_ ფიქრობთ, დღევანდელ ბიუჯეტს ძალუძს, რომ სკოლების დაფინანსება გააორმაგოს?

_ თუ პრემიებისა და დანამატების ხარჯები, ზოგადად, ბიუროკრატიული ხარჯები მართლაც შემცირდება და არასწორი ფინანსური მართვა აღარ იქნება, ბუნებრივია, განათლებაში სერიოზული თანხების ჩადება შესაძლებელი იქნება. სახელმწიფოსთვის ამაზე კარგი ინვესტიცია რა უნდა იყოს? ამიტომ ყველაფერი, ყველა რესურსი სწორედ განათლებაში უნდა ჩაიდოს, თუ ამ ქვეყნისთვის სასიკეთო მომავალი გვინდა.

_ მასწავლებლების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით როგორი მდგომარეობა გვაქვს?

_ აქაც მძიმე სიტუაციაა. რასაკვირველია, ხელფასები თანაბრად არ გაიცემა. ეს საათობრივი დატვირთვისა და შემდგომ უკვე რაღაც ყურით მოთრეული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესაბამისად ხდება. თუნდაც სამინისტროს ბიუროკრატ მოხელეებთან შედარებით, სკოლაში საკმაოდ დაბალი ხელფასებია, ამიტომ ჩვენ სწორი ფინანსური გათვლების შედეგად განვაცხადეთ, რომ პედაგოგის მინიმალური ხელფასი ათასი ლარი უნდა იყოს და შემდგომში 1500 ლარამდე გაიზარდოს. თუ გაიხსენებთ, ჩვენ, რეალურად, გვყავდა ათასლარიანი მასწავლებლები, რომელთაც სერტიფიცირება გაიარეს და შემდეგ ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდები ჩააბარეს.

ეს სერიოზული მოტივაცია იყო სხვა მასწავლებლებისთვის, რომ 1000 ლარი ხელმისაწვდომი ხელფასი იქნებოდა. თავად მინისტრმა ჯეჯელავამ განაცხადა, რომ 25 ათასზე მეტი პედაგოგი კომპეტენციის დადასტურებას, ანუ ერთი საფეხურიდან მეორეზე გადანაცვლებას ელოდება. მაგრამ იმის გამო, რომ შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ, პედაგოგები ლოდინის რეჟიმში გადაიყვანეს, როდესაც საფეხურის ცვლილება მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება.

ამ ფონზე, ბატონ ჯეჯელავას უნარი არ შესწევს, შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს თავიანთი ყოველდღიური სერიოზული შრომისთვის ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ.

_ ვინც ადრე 1000-ლარიან ხელფასს იღებდა, რამე პრობლემა ხომ არ შექმნიათ?

_ აღნიშნულ მასწავლებლებს პრობლემა არ შექმნიათ, მაგრამ, ბუნებრივია, სხვა პედაგოგებში მოტივაცია გაქრა, რადგან მათთან მიმართებით პროცესები იგივე პრინციპით არ მიმდინარეობს. რეალურად, დღეს სერტიფიცირება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემით ჩანაცვლდა. ეს ბიუროკრატიული მექანიზმია, ძალიან ბევრი დეტალი აბსოლუტურად ბუნდოვანია და ეს ცალკე სერიოზული სასაუბრო თემაა.

მით უფრო, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებულ ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესაბამისად გაზრდილი ხელფასი, კურსთან მიმართებით, იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს 2012 წელს იყო.

_ პედაგოგთა სერტიფიცირების განახლება, მთლიანობაში, რა შედეგებს გამოიწვევს?

_ სერტიფიცირება თვითონ მასწავლებლისთვის ერთ-ერთი მოტივატორი იყო, როგორც თვითგანვითარებისთვის, ისე, ზოგადად, საქმიანობის გაუმჯობესებისთვის. ეს სასწავლო პროცესისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ მასწავლებელი ადასტურებდა როგორც საგნის კომპეტენციას, ისე პროფესიულ უნარებს. შამდგომში, მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელს სჭირდებოდა პრაქტიკული ნაწილი, რომლის დადასტურების შემთხვევაში ხელფასი კიდევ უფრო ეზრდებოდა.

როგორც მოგახსენეთ, ამის მერე უკვე ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდა იყო, რომელიც ხელფასს კიდევ უფრო უზრდიდა. ეს ყველაფერი საგაკვეთილო პროცესის ხარისხთან პირდაპირ ბმაში იყო. შესაბამისად, სერტიფიცირება მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო.

_ სკოლების პოლიტიზება რით გამოიხატება, რის შეწყვეტასაც თქვენ მოითხოვთ?

_ სამწუხაროდ, წინა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ კვლავ გაგრძელდა მანკიერი პროცესი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიმართავს. მასწავლებლები, ისევე როგორც დირექტორები, ჩართული ჰყავდათ საარჩევნო პროცესებში. თუნდაც ერთ მაგალითს მოგიყვანთ, _ დღესაც საჯარო სკოლების დირექტორები სერიოზული სტრესის ქვეშ მუშაობენ. კერძოდ, არის მაგალითები, როდესაც რამდენიმე მათგანი სკოლაში ისეთი პრობლემის არსებობის გამო განთავისუფლდა, რომელიც სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა.

მაგალითად, როგორიცაა საპირფარეშოების საკითხის მოგვარება, _ ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელსაც საჯარო სკოლების დირექტორები, თუ ეს ინფრასტრუქტურის სააგენტომ არ დაუდასტურა და სამინისტრო არ ჩააყენა საქმის კურსში, დამოუკიდებლად ვერ აგვარებენ. ასეთი პრობლემების გამო ისინი მუდმივად კონტროლს ელიან. და ამ კონტროლის შედეგად ან სერიოზული წნეხის ქვეშ ექცევიან, ან, უბრალოდ, მათთან გენერალური ინსპექცია იგზავნება და შემდგომში თანამდებობიდან თავისუფლდებიან.

151-ე საჯარო სკოლის დირექტორი სწორედ ამის ნათელი მაგალითია.

_ სასკოლო ინფრასტრუქტურის კუთხით რა ვითარება გვაქვს?

_ მოგეხსენებათ, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა და განათლების რეფორმა დაიწყო, ფანჯრებიდან, ცენტრალური გათბობიდან და სკოლების გადახურვიდან დაწყებული, 21-ე საუკუნეში ისეთი პრობლემები იდგა, რომელთა არსებობაც კი სირცხვილი იყო. სასწრაფოდ დაიწყო ასეთი ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრა. ეტაპობრივად, ისე მივდიოდით, რომ ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად საუკეთესო მოდელის მიხედვით უნდა განვითარებულიყო, როგორც ეს 51-ე საჯარო სკოლაში, ან პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, ან პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში იყო მოცემული. ყველა ინფრასტრუქტურული პროცესი სწორედ აქეთკენ მიდიოდა.

იმავე წლებში მეც ერთ-ერთი, 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი გახლდით, როდესაც ყველაფერი ახლდებოდა. თავისთავად, ყველაფერი ერთად ვერ მოგვარდებოდა, ამიტომ ეს წლების შესაბამისად დაგეგმილი პროცესი იყო.

დღეს თქვენ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობას სოფლის სკოლებში ნახავთ. სწორედ რომ გარეთ არსებულ საპირფარეშოებზე, სხვა ელემენტარულ პირობებზე ვსაუბრობ, თუ რა მდგომარეობაშია იატაკი, საკლასო ოთახები, კედლები, ჭერი და ა. შ. იმაზე აღარ ვსაუბრობთ, თუ როგორ არის აღჭურვილი ეს სკოლები საგანმანათლებლო რესურსებით. ამ მხრივ, დღეს ქალაქებს გარეთ სკოლებში სამარცხვინო მდგომარეობაა.

რასაკვირველია, მილენიუმის ფარგლებში გარკვეული სკოლები კეთდება, მაგრამ ეს მხოლოდ აღნიშნული პროექტის ფარგლებში. თვითონ სახელმწიფო ამაში რა ინვესტიციას დებს, ეს კიდევ სხვა საკითხია.

_ მინისტრის მხრიდან არაადეკვეტურ შეფასებაზე საუბრობთ, რამდენად ძალუძს სამინისტროს, მთავრობას არსებულ სასკოლო გამოწვევებზე პასუხის გაცემა?

_ ძალიან დიდი დრო, უკვე 5 წელი გავიდა, რაც განათლების სათავეებთანაც ისინი იმყოფებიან. მათ რომ უნარი, კომპეტენცია, კეთილი ნება, სურვილი, ელემენტარული მონდომება ჰქონოდათ, ძალიან ბევრი რამ აქამდეც მოგვარებული იქნებოდა. ამიტომ მათში ვერ ვხედავ ძალას, რომელიც, ზოგადად, განათლების სფეროში რეფორმების გაგრძელებას, დადებით ცვლილებებს მოიტანს; თუნდაც თავისივე წიაღში ფესვგადგმულ ნეპოტიზმსა და კორუფციას აღმოფხვრის.

ამის ნათელი მაგალითი სახელმძღვანელოების ბეჭდვის საკითხია, სადაც პირდაპირ კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სახელმძღვანელოები დასაბეჭდია, მაგრამ, რატომღაც, ბოლო ეტაპამდე საქმე ისე მიდის, რომ პირდაპირი შესყიდვის გზით ფორმდება ხელშეკრულება. მილიონობით ლარი არა სატენდერო პირობებით, არამედ პირდაპირი შესყიდვის წესით იხარჯება.

_ გამოსავალი?

_ გამოსავალი, რასაკვირველია, ხელისუფლების ცვლილებაა. ზოგადად, ყველა სისტემას (მათ შორის, განათლების სისტემას) სათავეში უნდა ჩაუდგეს გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანი, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის კეთილდღეობა იქნება; სადაც, უპირველესად, ჩვენი ბავშვების კეთილდღეობა იგულისხმება. ისინი, ერთი მხრივ, ჯანსაღ გარემოში უნდა იზრდებოდნენ და, მეორე მხრივ, უკვე 21-ე საუკუნისთვის შესაბამის განათლებას იღებდნენ, რათა შემდგომ ცხოვრებაში თვითრეალიზება შეძლონ.

 

გელა მამულაშვილი