ნინო გვენეტაძის „კომფორტის ზონა“

ის 2015 წლის 20 მარტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა; 1998-1999 წლებში იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; 1999 წლიდან 2005 წლამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა; 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან ხაშურის რაიონის დეპუტატად იყრიდა კენჭს.

დღეს ნინო გვენეტაძის „კომფორტის ზონაზე“ მოგიყვებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თბილისში ორ ბინას და ერთ მიწის ნაკვეთს ფლობს.

კერძოდ, 2016 წლის 23 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნინო გვენეტაძე 100%-იანი წლის მფლობელია თბილისში, პეკინის 3ა ნომერში 70.00 კვ.მ.-ისა და ამავე მისამართზე 140.00 კვ.მ.-ის ფართობის ბინების.

გარდა ამისა, ის ფლობს 11.00 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთს თბილისში, „დიღმის სავანეში“.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში მის სახელფასო ანგარიშზე, დეკლარაციის მიხედვით, „რესპუბლიკა ბანკში“ 950.00 ლარი (კრედიტი(+) ირიცხებოდა; შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელობის დროს 400.00 ლარი აუღია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის დროს კი _ 102199.36 ლარი.

რაც შეეხება 2015 წლის დეკლარაციას, მის მიხედვით, შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან, სადაც სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი იყო, 98225.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული; იუსტიციის სასწავლო ცენტრი _ საექსპერტო მომსახურებიდან _ 8 080.00 ლარი; ხოლო იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდიდან, სადაც სისხლის სამართლის ლექტორი იყო _ 1879.00 ლარი.

გარდა ამისა, გვენეტაძემ, ერთი წლის განმავლობაში, შემოსავლის სახით, მიიღო:  EU პროექტი ჰუმან დაინამიქს გრანტიდან _ 23 454.00 ლარი; საია _ განათლების ფონდის პროექტიდან _ 4 265.00 ლარი, ხოლო ფონდ „ღია საზოგადოებიდან“ _ 3 564.00 ლარი.

თუმცა, გარდა შემოსავლისა, გვენეტაძეს ერთი წლის განმავლობაში სოლიდური დანახარჯიც ჰქონდა. მან სესხების პროცენტის დასაფარად 17 423 დოლარი და 674.00 ლარი გასცა.

კერძოდ, „რესპუბლიკა ბანკში“ 2007 წელს აღებული 60 000-დოლარიანი კრედიტის (ხელშეკრულების დადებისა და ამოწურვის თარიღი: 28/12/2007- 7/12/2017) დასაფარად 10280.00 დოლარი; ამავე ბანკში 2012 წელს აღებული 30000.00-დოლარიანი კრედიტის (ხელშეკრულების დადებისა და ამოწურვის თარიღი: 12/02/2014-12/02/2019) დასაფარად კი, 7143.00 დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, გვენეტაძეს ამავე ბანკში 2010 წელს 10 000-დოლარიანი კრედიტიც აქვს აღებული (ხელშეკრულების დადებისა და ამოწურვის თარიღი: 30/09/2014-30/09/2017), რომლის დასაფარადაც მან 674.00 ლარი გადაიხადა.

კრედიტების მდგომარეობა ცოტა ცვალებადია 2016 წლის მონაცემების მიხედვით: სესხი, კრედიტი, 60000.00 აშშ დოლარი (28/12/2007, 28/12/2007-27/12/2017) აქვს აღებული „ბანკ რესპუბლიკიდან“. აქედან წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი 10280.00 აშშ დოლარს უდრის (გასავალი). ასევეა 10000.00 ლარი (30/09/2014, 30/09/2014-30/09/2017) „ბანკი რესპუბლიკა“ მატერიალური შედეგი კი 674.00 ლარი (გასავალი). კიდევ ერთი კრედიტი, 30000.00 აშშ დოლარი ფიქსირდება ამავე ბანკში (12/02/2014, 12/02/2014-12/02/2019), მატერიალური შედეგი 7143.00 აშშ დოლარი (გასავალი).

ქონებრივი დეკლარაციის შესწავლის შემდეგ საქმის უშუალოდ განხორციელებაზე გადავედი, ამიტომ პარასკევ საღამოს, 5 საათისკენ, ჩვენი სტატიის გმირის სახლისკენ დავიძარი. კონკრეტული მიმართულება უკვე აღებული მქონდა, ამიტომ გზას გავუდექი და თან ყოველ წუთს ვლოცავდი ახალ ტექნოლოგიებს, რომელიც ნავიგაციაში მეხმარება და ურომლისოდაც ჩემ მიერ „კომფორტის ზონის“ რუბრიკაში არსებული გმირების ადგილ-სამყოფელის დადგენა ცოტა გართულდებოდა.

აღნიშნული ტექნოლოგიების დახმარებით საბურთალოზე, პეკინის ქუჩის მაღლა პანკისის ქუჩას მიაგნებთ და თუ კოსტავას ქუჩიდან მიუყვებით გზას, მაშინ ჯერ დოლიძის ქუჩაზე აღმოჩნდებით, რომლის აღმართის ასვლისას, მარჯვენა მხარეს, მეორე შესახვევიდან (ეკლესიასთან, ასევე, პატარა შესახვევია, გვენეტაძის „კომფორტის ზონასთან“ მისვლა იქიდანაც შეიძლებოდა), ჩვენი დღევანდელი გმირის, გვენეტაძის საცხოვრებელს მიადგებით.

ქუჩა ვიწრო და მჭიდროდ დასახლებულია, მარცხენა მხარეს, გაყოლებაზე, თითქმის ერთმანეთის მიჯრით, უბნის პატარა მაღაზიები დგას, სადაც, ძირითადად, ადილობრივი მცხოვრებლები დადიან. იმ დროისთვის, როცა მეც იქ ვიყავი, ყველა მათგანში ხალხის სიმრავლე იყო.

მოკლედ რომ ვთქვა, დოლიძის ქუჩიდან მეორე მოსახვევში მარჯვნივ გავყევი გზას, სადაც ამ ვიწრო ქუჩამ ექვსსართულიან ძველაშენებულ კორპუსთან მიმიყვანა, წარწერით პანკისის #3. კორპუსს ძველი ბათქაში აქა-იქ ჩამოსცვენოდა. სადარბაზოში შესავლელი კარიც ხის და ძველებური, მოჩუქურთმებული სტილის იყო. იმ მისამართს მივაგენი, რასაც ვეძებდი და ახლა მეზობლებისთვის კითხვების დასმის დრო დადგა. ვინაიდან არ ვიცოდი, თუ რომელი იყო კონკრეტულად ჩვენი ობიექტის ბინა, ამიტომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვაკაკუნებდი, ან ვრეკავდი ზარს.

პირველ სართულზე სულ ორი კარი იყო, რომელთაგანაც ერთი ზედმეტად „მდიდრულად“ მომეჩვენა და „შესაძლებელი იყო“, „ინტერესის ობიექტს“ დავდგომოდი თავზე, ამიტომ ზარი არ დავრეკე. მეორე კარზე გადავედი, რომელიც არ გამიღეს და ასე გაგრძელდა რამდენჯერმე. ბოლოს, მესამე სართულზე, ერთ-ერთ კარზე კაკუნისას, ქალბატონმა მკითხა, _ ვინ ხარო? _ ავუხსენი, ჟურნალისტი ვარ და სტატიას ვამზადებ-მეთქი. _ არაფერი ვიციო, _ პირდაპირ მომახალა:

_ ერთი კითხვა მექნება, უბრალოდ, ნინო გვენეტაძეს თუ იცნობთ? ამ კორპუსში ცხოვრობს?

_ მოსამართლე?

_ დიახ.

_ არ ვიცი, შეიძლება, პირველ სართულზე იყოს. იქ ახალგადმოსულები არიან.

_ კარგი, გმადლობთ-მეთქი და წამვედი.

შემდეგ სართულზე ავირბინე და კიბის ასვლისას პირველივე, ხელმარჯვნივ მდებარე კარიდანაც პასუხი არ იყო. ახლა მეორეზე გადავედი, საიდანაც შუახნის ქალბატონმა გამომხედა.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, ორიოდე კითხვა მექნება.

_ გისმენთ.

_ ნინო გვენეტაძეს იცნობთ? ხომ ამ კორპუსში ცხოვრობს?

_ გვერდით კორპუსში დაბლა ნახეთ, _ მოისმა კაცის ხმა შიგნიდან.

_ კარგი, გმადლობთ.

ამ ძველაშენებული კორპუსიდან გამოვედი და გზას მარცხნივ, დაბლა გავუყევი. ზუსტად ამ კორპუსის შემდეგ უფრო მაღალი, მუქი ვარდისფერი კორპუსი დგას, რომლის გვერდითაც უკვე ნამდვილად ის ადგილია, სადაც გვენეტაძის „კომფორტის ზონას“ მივაკვლიე.

რამდენიმე დახურული, ან ჯერარგახსნილი ობიექტის გავლის შემდეგ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიას ჩაივლით, რომლის გარეთაც, სავარაუდოდ, ახლაც ისხდებიან გამყიდველი ახალგაზრდა ბიჭები. ამ მაღაზიას გასცდებით თუ არა, ხელმარცხნივ ასევე არამრავალსართულიან, მუქი ვარდისფერი შეფერილობის კორპუსს მიადგებით, რომლის წინაც დაცვის დაბურული კაბინა დგას და კორპუსში შესასვლელ კარსაც კოდი იცავს. კარი რკინის და შავი ფერისაა, მასში ჩამაგრებული მინაც შავი და დაბურულია. იქვე აყენია მოწყობილობა, სადაც ვერცხლისფერ მოგრძო „ყუთში“ ამ კორპუსში მცხოვრებლების სიაა მოცემული და მათთან ზარის დარეკვის შესაძლებლობაცაა.

ვინაიდან კარს კოდი იცავდა, შიგნით შესვლა ვერ მოვახერხე, ამიტომაც კორპუსის წინ მდგომ დაცვას მივმართე დასახმარებლად და სიტუაციაც ზუსტად ავუხსენი. მახსოვდა, რომ რამდენიმე კვირის წინ დაახლოებით იგივე შემთხვევა იყო ბატონი კალაძის „კომფორტის ზონის“ აღწერის დროსაც და მაშინ დაცვის თანამშრომლები ძალიან დამეხმარნენ, ამავეს ველოდი ახლაც.

დაცვასთან მისვლა, მიკაკუნება და მისი გარეთ გამოსვლაც ერთი იყო.

_ გამარჯობა, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტი ვარ, მინისტრებისა და ცნობადი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სახეების „კომფორტის ზონაზე“ ვწერ. ახლა ქ-ნ ნინო გვენეტაძის „კომფორტის ზონა“ უნდა აღვწერო და ამისთვის მეზობლებთან მჭირდება გასაუბრება. შეგიძლიათ, კარი გამიღოთ?

_ შიგნით ვერ შეხვალ.

_ რატომ? გარედან მაინც არ შეიძლება, რომ დაველაპარაკო მეზობლებს?

_ მოიცადეთ, უნდა დავრეკო.

_ სად?

_ ჩემს თანამშრომელს დავურეკავ, მაღაზიაშია გასული, ის დაგელაპარაკებათ.

_ კარგი-მეთქი, _ ვუთხარი და მანაც დარეკა. რამდენიმე წუთში დაღმართზე ქოშინით ჩამოირბინა დაცვის იმ თანამშრომელმა, რომელსაც ასე ველოდებოდით.

მასაც იგივე ავუხსენი და, _ უფროსთან გადავრეკავო, _ მითხრა. კი, ბატონო-მეთქი.

დაახლოებით 20 წუთი ველოდით პასუხს. ამასობაში, დრო რომ არ დამეკარგა, მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ მაღაზიებში წავედი, რომ გამომეკითხა, რამდენად ხშირად დადის და კუთხის მაღაზიებს თუ სტუმრობს ჩვენი მოსამართლე.

ჯერ იმ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიით დავიწყე, წეღან რომ ვახსენე. მათაც იგივე ავუხსენი, რომ ჟურნალისტი ვარ და მაინტერესებს, გვენეტაძეს თუ ხედავენ ხოლმე, ამ მაღაზიაში თუ შემოდის, ხილს თუ ყიდულობს მათთან?

_ არა, ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს, რადგან ახალგახსნილები ვართ, 3-4 დღეა, რაც აქ ვმუშაობთ.

_ კარგი, გმადლობთ.

აღმართს მივაშურე, სადაც მაღაზიები მეგულებოდა. ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ გვენეტაძე აქ ამოვიდოდა, მაგრამ აღმართზე მაინც ავედი. ჯერ პირველ მაღაზიაში შევედი, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი ტრიალებდა, როცა გამყიდველი ჩანთაში რაღაცას ალაგებდა, დრო ვიხელთე და ვკითხე:

_ ნინო გვენეტაძეს თუ იცნობთ, თუ შემოდის თქვენთან-მეთქი?

_ მოსამართლეს?

_ დიახ.

_ აი, იქ ცხოვრობს, დაბლა, დაღმართს რომ ჩაუყვებით, _ მითხრა და ხელით მანიშნა.

_ დიახ, ეს ვიცი, თქვენთან შემოდის თუ არა, ეგ მაინტერესებს.

_ აქ არ შემოდის, მაგრამ ვიცი, რომ ცხოვრობს.

_ დიდი მადლობა.

_ არაფრის.

ახლა მეორე მაღაზიას მივაშურე, აქაც არანაკლბი რაოდენობის ხალხი იყო, ახალგაზრდა გამყიდველ გოგონას რამდენიმე წამით ყურადღების მოქცევა ვთხოვე და იმასაც იგივე ვუთხარი. საკუთარი თავი გავაცანი და ისევ კითხვაზე გადავედი, თუ იცნობენ გვენეტაძეს და მათ მაღაზიას სტუმრობს თუ არა?

_ არ ვიცნობ, მაგრამ ისე აქ მინახავს. მართალია, ჩემთან არ შემოდის ხოლმე, მაგრამ მაინც.

_ გმადლობთ-მეთქი და წამოვედი. ისევ იმ კორპუსს მივაშურე, წეღან რომ ამბის გასარკვევად დაცვის პოლიცია დავტოვე.

მოვედი თუ არა, მაშინვე დაცვას ვკითხე:

_ რა გაირკვეთ, მიშვებთ თუ არა-მეთქი?

_ ჯერ არ ვიცი, ზარს ველოდებიო.

კიდევ 15 წუთი გავიდა.

ბოლოს, როგორც იქნა, დაურეკეს. თანხმობა მომცეს, ოღონდ მხოლოდ იმის, რომ შიგნით კორპუსში არ შევიდოდი  და გარედან, უკვე ამ ხსენებული მოწყობილობის საშუალებით დაველაპარაკებოდი მცხოვრებლებს. მხოლოდ ხუთ თუ ექვს მათგანთან მქონდა დალაპარაკების უფლება, დანარჩენთან _ არა.

ამაზეც თანახმა ვიყავი, ოღონდ ვინმესთან გამესაუბრა და მაშინვე მოქმედებაზე გადავედი. კართან მე და დაცვის ორი თანამშრომელი დავდექით, ერთ-ერთი ღილაკებს აჭერდა, ვისთანაც გასაუბრება შემეძლო და მე კითხვებს ვუსვამდი.

პირველივე შემხვედრი პატარა ბავშვი იყო, ზარის დარეკვისას კი დიალოგი შემდეგი გახლდათ:

_ ვინაა? _ იკითხა ბავშვმა.

_             გამარჯობა, უფროსები არ არიან სახლში? _ ამის თქმა იყო და ისმოდა, რომ ვიღაცამ ბავშვი გვერდზე გადაწია, მე მიმიშვიო.

_ გამარჯობა, გისმენთ, _ ასაკოვანი ქალი ხმა გაისმა აპარატში.

_ ჟურნალისტი ვარ, „ქრონიკა+“-დან, ორიოდე კითხვა მექნება, თუ შეიძლება.

_ გისმენთ.

_ მაინტერესებს, ნინო გვენეტაძე როგორი მეზობელია თქვენთვის?

_ კარგი.

_ რამე შეხება გქონიათ? ხედავთ ხოლმე?

_ იშვიათად, მაგრამ ვხედავთ ხოლმე.

_ სალმიანია?

_ დიახ, როგორ არა.

_ კარგი, გმადლობთ.

_             არაფრის, ნახვამდის.

ახლა შემდეგ ღილაკს მიაჭირა დაცვის თანამშრომელმა, თუმცა პასუხი არ იყო. ასე გაგრძელდა კიდევ ორ მეზობელთან. სავარაუდოდ, სახლში არ იყვნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ახალგაზრდა მამაკაცის ხმა გაისმა, მასაც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი:

_ გამარჯობა, გისმენთ.

_ მაინტერესებს, ნინო გვენეტაძე როგორი მეზობელია თქვენთვის?

_ როგორც ჩვეულებრივი ყველა სხვა.

_ ხშირად ხედავთ ხოლმე?

_ ხშირად ვერა.

_ რამდენად სალმიანია? როგორია ურთიერთობაში?

ჩვეულებრივად, რა ვიცი. როგორც სხვები, გვესალმება ხოლმე, კი:  გამარჯობა, როგორ ხართ? _ და ამით მთავრდება ყველაფერი.

_ ძირითადად, როდის ნახულობთ ხოლმე?

_ დილით ადრე თუ შევხვდებით ხოლმე, ან საღამოს გვიან.

_ ეს მაინტერესებდა, გმადლობთ.

_ არაფრის.

ამ მეზობლის შემდეგ კიდევ რამდენიმესთან განმეორებით დავრეკეთ, თუმცა ისევ „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“, ამიტომაც დაცვას გამოვემშვიდობე და სტატიის დასაწერად გავეშურე.

კორპუსის წინ ძალიან პატარა ბაღია, სადაც მწვანედ შეღებილი, რკინებით ოვალურად გადახურული მცირე ნაგებობა დგას, რომელშიც ღვთისმშობლის ხატია მოთავსებული. ამავე ქუჩის გაყოლებაზე ღია მწვანე ფერის ქვით მოპირკეთებული, წმინდა თამარ მეფის სახელობის პატარა ბაზილიკა მოჩანს.

ეზოში ბავშვები ერთ ადგილას, მანქანების ფარეხებთან შეგროვილიყვნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.

დაცვა თავის კაბინას დაუბრუნდა. მეც წამოვედი.

ჩვენი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის „კომფორტის ზონა“ სწორედ აქ, საბურთალოზე, პეკინის ქუჩის უკან, პანკისის ქუჩაზე მდებარეობს, თან იმ კორპუსში, სადაც ჩემნაირი ან სხვა ტიპის ჟურნალისტი (თუნდაც განსხვავებული პროფესიის მქონე პიროვნება) უნებართვოდ ვერასდროს შევა და „შეაწუხებს“ მეზობლებს.

 

 

ნინო ტაბაღუა