ნიკოლოზ ვაშაკიძე: „ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების უმრავლესობა ხელისუფლებაში მოსვლაზე არც ფიქრობს“

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკური პლატფორმა „ერთობა ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ქვეყნის განვითარების კონცეფციის „ახალი საქართველოსთვის“ ავტორი, დიპლომატი და პოლიტოლოგი _ ნიკოლოზ ვაშაკიძე:

_ ჩვენი ინტერვიუ ზოგადი შეფასებებით დავიწყოთ. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჯერაც არ გადაუვლია გამარჯვებულთა ეიფორიასა და დამარცხებულთა აპათიას. პირადად თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო არსებული შედეგი?
_ ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა დაბალია, რაც ხელისუფლებას არაჯანსაღი მეთოდების გამოყენების ფართო საშუალებას აძლევს. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ რეიტინგის გასაგები მიზეზების გამო მკვეთრი დაცემის მიუხედავად, ოპოზიცია დღეს ძალიან დასუსტებულია. ძველი პარტიების უმრავლესობა საგრძნობლად გაცვეთილია ამომრჩევლის თვალში, თითქმის ყველას დაფინანსების სერიოზული პრობლემები აქვს. მთავარი ოპოზიციური ძალა, ხელისუფლების დახმარებით, შეურიგებელ და „კონსტრუქციულ“ ოპოზიციად დაიყო და ერთმანეთთან მტრობის რეჟიმში არიან გადასულები. ახალმა ოპოზიციურმა მოძრაობებმა ჯერ ძალის მოკრება ვერ მოასწრეს. არჩევნების ფალსიფიკაციის სისტემები მაქსიმალურად გაძლიერდა და ყველა დონეზე დაიხვეწა. ამ პროცესში ყველა დროის გაყალბების მეტრები არიან ჩართულები. როგორ შეიძლებოდა, ასეთ პირობებში არჩევნების შედეგი მოულოდნელი ყოფილიყო?
_ ერთ მეტად საგულისხმო თემას შევეხოთ: ხომ არ ფიქრობთ, რომ ამომრჩეველი დაიღალა ოპოზიციის ლიდერებით, რომლებიც უკვე ისე გრძნობენ წაგებულ ვითარებაში თავს, როგორც თევზი წყალში? ანუ ჩვენ გვყავს პარტიები, რომლებიც მიეჩვივნენ დამარცხებას, ხოლო ლიდერები, რომლებიც ამ პარტიებს უდგანან სათავეში (და არც კი ცდილობენ განახლებას, საკუთარი პოსტების დათმობას), ვერც ახალი იდეებით დაიკვეხნიან?
_ თქვენ სწორად გრძნობთ პრობლემის ძარღვს. მეტსაც გეტყვით: ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების უმრავლესობა არამც თუ მიეჩვია დამარცხებას, არამედ გამარჯვებასა და, შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლაზე არც ფიქრობს. ეს, უბრალოდ, მათ მიზანს არც წარმოადგენს.
_ თქვენი შეფასებით, რატომ ხდება ასე?
_ პოლიტიკა და არჩევნები მათთვის ერთგვარ მახინჯ ბიზნესად გადაიქცა, რომლის მეშვეობითაც ისინი რაღაც სარჩოს შოულობენ. სასწაული რომ მოხდეს და ბევრი მათგანი ხელისუფლებაში მოვიდეს, მათ ქვეყნის მართვის არც უნარი და არც სურვილი გააჩნიათ. პარტიების უმრავლესობა გადაქცეულია ერთი კაცის „შპს“-დ, რომელთა სეზონური აქტივობა არჩევნების დროს მოდის და ორი კაპიკის საშოვნელად ისინი სხვადასხვა კომბინაციაში ერთვებიან. მგონი, ასეთ პირობებში რაიმე ახალ იდეებზე საუბარიც კი სასაცილოა.
_ წინა კითხვის პათოსს გავაგრძელებ და აქვე ვიკითხავ: ჩვენ ხშირად გვაქვს პრეტენზია ხალხის, ამომრჩევლის, საზოგადოების მიმართ, მაგრამ რატომ? განა, ისინი რამეს და ვინმეს ახალს ხედავენ? განა, მოჯადოებულ წრეზე არ გვიწევს სიარული და მუდამ ერთი და იგივე სახეებისა და იდეების ცქერა? განა, იზრდებიან პოლიტიკოსები? და მაშინ ვინ და რამ უნდა გაზარდოს ის, ვის მიმართაც არსებობს პრეტენზია?
_ არა მგონია, პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების გაყოფა და ცალ-ცალკე განხილვა მართებული იყოს. ეს პარტიებიც ჩვენი საზოგადოებიდან გამოდიან და მის მდგომარეობას ასახავენ. ჩვენი საზოგადოება იმყოფება კრიზისში და ეს პოლიტიკურ სპექტრშიც აისახება. საერთოდ, ქართველები დაჩვეულები ვართ განზე დგომას და კრიტიკას და გვავიწყდება, რომ თუ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები გვქვია, ქვეყნის მდგომარეობაზეც გვეკისრება პასუხისმგებლობა და მაცქირლის როლში მყოფ ადამიანს კრიტიკის დიდი მორალური უფლება არ გააჩნია.
_ ჯერ კიდევ გასულ წელს თქვენ პოლიტიკური კონცეფცია „ახალი საქართველოსთვის“ წარადგინეთ. ეს ნაშრომი, ფაქტობრივად, ქვეყნის იდეოლოგიური და პოლიტიკური განვითარების კონცეფციაა, რომელსაც პოლიტიკურ, აკადემიურ და საექსპერტო წრეებში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. პროცესი იმით გაგრძელდა, რომ მის გარშემო სამი პოლიტიკური სუბიექტი გაერთიანდა. კიდევ ერთხელ გავახსენოთ მკითხველს პლატფორმის ძირითადი მიმართულებები.
_ ადგილობრივი არჩევნების წინ შეიქმნა პოლიტიკური პლატფორმა „ერთობა ახალი საქართველო“. ამ მოძრაობის შექმნის ისტორია ძალიან საინტერესოა. წიგნად გამოცემული ჩემი კონცეფცია „ახალი საქართველოსთვის!“ გასული წლის გაზაფხულზე გამოვიდა. ეს იდეოლოგია პარტიებმა „საქართველოს ევროპული დემოკრატები“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ და რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გაიზიარეს. შეიქმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“. ამის პარალელურად ჩამოყალიბდა პარტია „ახალი საქართველო“, რომელსაც ძალზე ნიჭიერი და პერსპექტიული პოლიტიკოსი, გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს. ბუნებრივია, გაჩნდა ურთიერთინტერესი და ჩვენ ერთმანეთში ძალიან დიდი იდეოლოგიური მსგავსება და ქვეყნის ცხოვრების სწრაფი და რადიკალური ცვლილების სურვილი აღმოვაჩინეთ. ჩვენ გავერთიანდით და ზემოხსენებული პლატფორმა გაჩნდა, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე გავიდა და მიუხედავად ფინანსური რესურსების სიმწირისა, მმართველი ძალის უსამართლო, ტოტალური დომინირებისა და სამართლიანი არჩევნების არარსებობისა, შევძელით ძალიან საინტერესო და ახალი სიტყვის თქმა ქართულ პოლიტიკაში.
რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, ჩვენ ამაზე საარჩევნო პერიოდში ბევრი ვისაუბრეთ და აქ ვრცლად ყველაფრის გადმოცემა რთულია. ვისურვებდი, რომ მოსახლეობა გაეცნოს ჩვენს დოკუმენტებს.
_ და მაინც, რა არის მთავარი გზავნილი?
_ ჩვენი მთავარი იდეოლოგიური გზავნილია: ქართული სახელმწიფოებრიობის ახალ, ჯანსაღ და წარმატებულ პრინციპებზე გადაყვანა, რომელიც ეფუძნება ახალ, სახელმწიფოებრივ პატრიოტიზმსა და ინოვაციურ განვითარებას, რამაც საქართველო მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოთა შორის უნდა გაიყვანოს. სხვა გზა საქართველოს, უბრალოდ, არ გააჩნია, რადგან რეგიონული და მსოფლიო ვითარება ისე ყალიბდება, რომ დღევანდელი მიდგომებით საქართველო უმძიმესი კრახისთვის არის განწირული. სხვანაირად რომ ვთქვათ, შუალედური გზა არ არსებობს _ ან ვიქნებით ზეწარმატებულები, ან მწარედ დავმარცხდებით, რაც შექმნილი საერთაშორისო ვითარების პირობებში ეროვნული კატასტროფის ტოლფასია.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა პლატფორმის გარშემო უფრო დიდი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია?
_ არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარია ძალზე მოკლე დროის მონაკვეთზე. ის, რაც ამ დროისთვის მოხერხდა, არც ისე ცოტაა და, იმედია, ეს პროცესი გაძლიერდება.
_ როგორია სამომავლო გეგმები და როგორ აპირებთ, ეს პოლიტიკური კონცეფცია ადვილად გასაგები და მისაღები გახადოთ მოსახლეობისთვის?
_ „ერთობა ახალი საქართველოსთვის“ ემზადება 2020 წლისთვის. წლევანდელი არჩევნების პროცესში ჩვენ ძალიან დიდი ენერგია მივიღეთ ამომრჩევლისგან. ჩვენმა იდეებმა ნამდვილად ჰპოვა ცოცხალი გამოძახილი მოსახლეობაში. ეს აუცილებლად გაგრძელდება და ამაზე არჩევნების შემდეგ ახალი, დაინტერესებული ადამიანების მასშტაბური მოდინების პროცესმა დაგვარწმუნა. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ქვეყანაში არსებული საუკეთესო პატრიოტების, პროფესიონალებისა და ახალგაზრდობის კონსოლიდაცია მათი ქვეყნის მართვაში მოყვანის მიზნით, რადგან დღევანდელი მმართველი ფენა, რბილად რომ ვთქვათ, სულაც არ წარმოადგენს მოსახლეობის საუკეთესო ნაწილს. სამწუხაროდ, საუკეთესო და უნარიანი ნაწილი ქვეყნის მართვასა და მის განვითარებაში, თითქმის, არ მონაწილეობს. ჩვენი პლატფორმა სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ მის ბაზაზე მოხდეს ამ ადამიანების გაერთიანება, ქვეყნის სწორი განვითარების სტრატეგიის დასახვა და მისი ცხოვრებაში გატარება.
_ ფიქრობთ, რომ „ახალი საქართველოსთვის“ შეძლებს გახდეს პროდასავლური პოლიტიკური ძალების გამაერთიანებელი ხედვა და იქცეს ქვეყნის განვითარების იდეოლოგიურ დოკუმენტად?
_ სიმართლე გითხრათ, სიტყვა „პროდასავლური“, მაინცდამაინც, არ მიყვარს. არის მასში რაღაც არასწორი, ინფანტილური. რა თქმა უნდა, ჩემთვის ევროატლანტიკური ვექტორი მაგისტრალურ მიმართულებას წარმოადგენს, მაგრამ ის ბუნებრივად გამომდინარეობს თავად ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის, აწმყოსა და მომავლის მოთხოვნებიდან. ჩვენ, პირველ რიგში, ჯერ საქართველოზე უნდა ვფიქრობდეთ და ჩვენი ორიენტაცია მისი არსის, პრობლემებისა და განვითარების ხედვას უნდა ეფუძნებოდეს. სამწუხაროდ, ბევრს „პროდასავლური“ მოძრაობისას თავად საქართველო ავიწყდება, _ საეჭვო რეცეპტებს დაუფიქრებლად და სასაცილოდ აკოპირებს. ხშირად ადამიანების გონებაში ღირებულებათა სისტემა 180 გრადუსით ამოყირავებულია. ისინი ჯერ ამა თუ იმ ორიენტაციას ამოირჩევენ, მისდევენ და მერე ნაჩქარევად და დაუფიქრებლად არგებენ მას საქართველოს რეალობებს. ჯერ საქართველოსა და მის წარმატებულ განვითარებაზე ვიფიქროთ და თუ ამას სწორად გავაკეთებთ, ეს აუცილებლად მიგვიყვანს დასავლური ცივილიზაციის მაგისტრალურ ხაზზე. ოღონდ, ასეთ შემთხვევაში, ამ ხაზზე ჩვენ, როგორც სერიოზული, პატივსაცემი და საკუთარ თავში გარკვეული და განმტკიცებული ხალხი მივალთ. აი, ვინც ასე აზროვნებს, მათთვის „ერთობა ახალი საქართველო“ და მისი იდეოლოგია ნამდვილად მისაღები გამოდგება და ისინი მართლაც ჰარმონიულად და ორგანულად გაერთიანდებიან ჩვენთან.

არმაზ მეტრეველი