ნიკა რურუა: „ივანიშვილს სააკაშვილი საქართველოში არ უნდა, ისევე როგორც არ უნდა პოროშენკოს უკრაინაში“

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ნიკა რურუას:

 

_ უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. დღეს იგი აღარც ერთი ქვეყნის მოქალაქე არაა. თვისობრივად, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და უკრაინის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი რას სძენს, რას აძლევს უკრაინულ, ასევე ქართულ რეალობას?

_ მთავარი აქ არის მიზეზი, რატომაც ჩამოართვეს მიშა სააკაშვილს მოქალაქეობა და ეს მიზეზი არის ცხადზე ცხადი. პოროშენკომ ამ ძალზე არაპოპულარული და ღიად არაკონსტიტუციური ნაბიჯით რეალურად აღიარა, რომ მას, მთელი ოპოზიციური სპექტრიდან, მის შემცვლელად, მთავარ ალტერნატივად და გამარჯვების შანსის მქონე პოლიტიკოსად, სააკაშვილი მიაჩნია. მოქალაქეობის ჩამორთმევა ამის ღიად აღიარებაა. პოროშენკომ ამ ნაბიჯის გადადგმით, მისდა უნებურად, სააკაშვილი კიდევ უფრო პოპულარული გახადა, რადგან მას აშკარად დევნილისა და ჩაგრულის სტატუსი გაუმყარა უკვე არა მარტო საქართველოსა და უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ ეს ყველაფერი არა მგონია, ასუსტებდეს სააკაშვილს, უფრო პირიქით.

_ ზოგადად კი, მაგრამ უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევით მას ესპობა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის არჩევნებში.

_ დიახ და მაგისთვისაც გააკეთა ეს, რომ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღო, მაგრამ არ მგონია, რომ ამან შედეგი გამოიღოს. ამგვარი ქმედებები საერთოდ უშედეგოა და არც პოროშენკოს ეს ქმედება გამოიღებს შედეგს, იმიტომ რომ დღეს ღია პოლიტიკის დროა და პასპორტის წართმევით, მოქალაქეობის ჩამორთმევით, პოლიტიკოსს ვერ გაანეიტრალებ, პირიქით, _ გააძლიერებ. ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთი მეთოდები ყოველთვის წამგებიანია, პირველ რიგში, მათთვის, ვინც ამას იყენებს.

_ თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები, პოროშენკო იძულებული გახდება, დაუბრუნოს მოქალაქეობა სააკაშვილს, თუ ბრძოლა სხვა ფორმატში გადაინაცვლებს?

_ მარჩიელობას არ დავიწყებ… სააკაშვილის პირადი გეგმების შესახებ პირადად მას ჰკითხეთ, მე არ მაქვს ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც ტელევიზიით მოვისმინე. მან თქვა, _ ის იბრძოლებს იმისთვის, რომ პასპორტის წართმევით (და ეს მართლაც სხვა არაფერი არაა, თუ არა პასპორტის წართმევა) ვერ ჩამოაცილონ უკრაინულ პოლიტიკას.

_ რამდენად იქონიებს გავლენას ეს ფაქტი „ნაციონალურ მოძრაობაზე“, თუნდაც, არჩევნების კონტექსტში, გააძლიერებს თუ შეასუსტებს მის პოზიციებს? და საერთოდ, რა ეფექტს იქონიებს საქათველოში?

_ ეს ფაქტი არც ეხმარება და არც ასუსტებს „ნაციონალურ მოძრაობას“. მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში უშუალოდ ჩართული ნამდვილად არაა, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არანაირ პარტიულ მენეჯმენტსა და გადაწყვეტილებების მიღებაში არ მონაწილეობს. იგი მთლიანად უკრაინულ პოლიტიკაზე იყო კონცეტრირებული. რაც შეეხება იმას, ზოგადად, რა ეფექტს იქონიებს აქ, ყველა დაინახავს, რომ ოლიგარქები ერთნაირად იქცევიან ყველა ქვეყანაში. ერთი შეხედვით, ამ შემთხვევაში ოლიგარქიამ გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება ძალიან მოკლევადიანია, რეალურად, კიდევ ერთი დარტყმა მიადგა ოლიგარქიას ამით, ნიღაბი ჩაემოეხსნა, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ოლიგარქია ცუდია, უსინდისოა, მატყუარაა და დაინახა, რომ სააკაშვილი იდეებისთვის მებრძოლი კაცია და ჯერ კიდევ რელევანტურია პოლიტიკისთვის.

_ როგორც გახმაურდა, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას წინ უძღოდა აქ ვიზიტად მყოფი პოროშენკოს კულუარული შეხვედრა ოლიგარქ ივანიშვილთან, სადაც ისინი შეთანხმდნენ, რომ სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე დატოვებდნენ.

_ ამისთვის შეხვედრა, ალბათ, სულ არ იყო საჭირო, მაგრამ ამბობენ, რომ შეხვდა, მაგრამ მერე რა? შეხვედრის გარეშეც შეძლებდნენ ისინი კომუნიკაციას. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს სააკაშვილი საქართველოში არ უნდა, ისევე როგორც არ უნდა პოროშენკოს უკრაინაში.

_ არც გადმოცემა არ უნდა, თქვენი აზრით?

_ არა მგონია, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ უნდოდეს, იმიტომ რომ ციხეში მიშა სააკაშვილი არ იქნება ჩუმად მჯდომი პატიმარი. ის, ალბათ, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს, აუცილებლად იხმაურებს და აუცილებლად იბრძოლებს. სააკაშვილი ჩუმად ნამდვილად არ იჯდება და ჩუმად არ მოიხდის სასჯელს, იმიტომ რომ პოლიტიკური პატიმარი არ უნდა იჯდეს ჩუმად.

_ იმ პერიოდში, როდესაც თითქმის მთელმა საზოგადოებამ დაიჯერა ივანიშვილის სამუდამო გაუჩინარება და ავადმყოფობა, თქვენ იმ უმცირესობას განეკუთვნებოდით, ვისაც ეს არ სჯეროდა და მისი მიმალვა-ავადმყოფობის ისტორია მის მორიგ ეშმაკობად მიგაჩნდათ. „ფეისბუკში“, ჯერ კიდევ, ერთი თვის წინათ წერდით კიდეც, რომ მისი ეს გაუჩინარება განპირობებებული იყო რამდენიმე მიზეზიდან ერთ-ერთით. ამ მიზეზებში ასახელებდით იმას, რომ ივანიშვილი იქცა ტვირთად „ქართული ოცნებისთვის“, რადგანაც მისი ყველა დაპირება სიცრუე აღმოჩნდა და შესაბამისად, მას არ სურდა ევნო საკუთარი გუნდისთვის და საკუთარი ძალაუფლებისთვის. იმას, რომ ივანიშვილს არ სურდა ახალ დაპირებებზე პასუხისმგებლობის აღება, არ გამორიცხავდით, რომ იგი ავადმყოფობის მიზეზითაც გაერიდა პოლიტიკას და ამგვარად „აღარაა“   ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რითაც დასავლეთის აშკარა უკმაყოფილებას იწვევს. თქვენ ვარაუდობდით, რომ გაუჩინარებული ივანიშვილი უეცარი გამოჩენით შეეცდებოდა პოლიტიკური ოპონენტების დემორალიზაციას წინასაარჩევნოდ და ამიტომაც, საზოგადოებას მოუწოდებდით, ხელი აეღო ივანიშვილის ჯანმრთელობაზე ზედმეტი ფიქრისა და დროის კარგვისგან, რაც ფუჭი იმედებისგან დაგვიცავდა, რომ ცრუპენტელა ოლიგარქი ქმედუუნაროა და, მეორე მხრივ, მოულოდნელი ფრუსტრაციისგან. შემდეგაც წერდით, რომ „გამქრალი“ ოლიგარქი მალე გამოხტებოდა კალაძის გასამხნევებლად.

_ რა თქმა უნდა და დაიძახებდა, ასე ვთქვათ, „ჭიტას“.

_ მთლად „ჭიტა“ არ დაუძახია, საკმაოდ უღიმღამოდ გამოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად და რანაირად იმოქმედებს ივანიშვილის ამ ფორმით გამოჩენა არჩევნებზე? გააძლიერებს კალაძის პოზიციებს, თუ ავნებს?

_ მან თავისი გამოჩენით თავის მხარდამჭერებს აჩვენა, რომ ცოცხალია და რომ თავისი ფინანსური რესურსებით ზურგს უმაგრებს საკუთარ „ოცნებას“. ეს არის და ეს. ეს გააკეთა იმიტომ, რომ მისმა გაუჩინარებამ ერთგვარი დემორალიზაცია გამოიწვია მეოცნებეებში. მე იმთავითვე მჯეროდა, რომ მისი ეს გაუჩინარება დროებითი იყო და ის აუცილებლად გამოჩნდებოდა და აუცილებლად დაუბრუნდებოდა არაფორმალურ მმართველობას, იმიტომ რომ მის გარეშე „ქართულ ოცნებას“ ვერ მართავს ვერანაირი სხვა ფაქტორი. ის არის მაგნიტი, შემაწებებელი ფაქტორი, რის გამოც ეს სრულიად ეკლექტური და უვიცი დაჯგუფება ერთ გუნდშია.

_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ხელისუფლებას, თავის დროზე, მიაკერა იარლიყი: „უნიათო ხელისუფლება“, რაც არანაირად არ შეეფერებოდა რეალობას. ბოლო პერიოდში ეს შეიცვალა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ლექსიკონიდან გაქრა „უნიათო“ და მისი ადგილი დაიკავა რეალობის ამსახველმა შეფასებამ: „მავნებელი ხელისუფლება“.

_ კი, ასეა, ეს ხელისუფლება არანაირად არაა უნიათო, ძალიან მავნებელი ხელისუფლებაა, რადგან მისი ქმედებებით საქართველოს ბევრი ზიანი მიადგა და ეს უფრო შეგნებული მავნებლობის ბრალია, ვიდრე შემთხვევითი უნიათობის. აქ, ამ წარუმატებლობაში, რა თქმა უნდა, უცოდინარობაც მონაწილეობს, მაგრამ ძირითადი, ცხადია, შეგნებული მავნებლობაა, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება საქართველოსთვის საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვაში. ივანიშვილმა აბსოლუტურად შეგნებულად  განახორციელა თავისი დოქტრინა იმის თაობაზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს განხეთქილების ვაშლი თავისუფალ სამყაროსა და რუსეთს შორის. ამ დროს პირიქით არის, სწორედ საქართველოს სჭირდება თავისუფალი სამყარო იმისთვის, რომ რუსეთთან ერთი ერთზე არ დარჩეს და რუსეთმა ის არ მოგუდოს, არ დაამარცხოს, არ დაიმორჩილოს. ივანიშვილი ამის საპირისპიროდ წავიდა და, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად მისი ისტორიული დანაშაულია ქვეყნის წინაშე. „ოცნებისა“ და ივანიშვილის ისტორიული ღალატია თავისუფალი სამყაროსთვის შეგნებულად იმ ილუზიის შექმნა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთი ერთზე შეუძლია პრობლემებზე საუბარი და მათი მოგვარება.

_ როგორ წარიმართება მოვლენები, ეს ხელისუფლება წავა დემოკრატიულ არჩევნებზე, თუ მაქსიმალურად შეეცდება გაყალბებას?

_ ცხადია, მაქსიმალურად შეეცდება გააყალბოს იმიტომ, რომ ხუთწლიანმა ტყუილებმა ლოგიკური შედეგი გამოიღო და ხალხს აღარ სჯერა ისეთი ცრუ დაპირებების, როგორიც იყო, მაგალითად, 5 მილიონი თითო სოფელს; როგორიც იყო ის, რომ ბანკის ვალებს გაუსტუმრებდნენ მათ, ვისაც კრედიტები ჰქონდათ; რომ თბილისში დარგავდნენ მილიონ ხეს; რომ მეოთხე საუკეთესო წელიწადს ყველა საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა უკეთესობას; რომ გაქრებოდა უმუშევრობა და ა. შ. ეს ყველაფერი ტყუილები იყო, ამით მოვიდა. არა მარტო ამით, მაგრამ ამითიც. აცდუნეს, მოატყუეს ხალხი ამ დაპირებებით და ახლა იგივე ტყუილის ტაბლეტს არ გადაყლაპავს ქართველი ამომრჩეველი და ეს იცის ივანიშვილმა და იცის „ოცნებამ“, ამიტომ ისინი ყველანაირად ეცდებიან, ადმინისტრაციული რესურსის, გაყალბებული სიების, სხვადასხვა მაქინაციის, კანონის შეცვლის, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების საშუალებით ხალხს წაართვან უფლება, რომ დემოკრატიულად, მშვიდად, წყნარად გადაირჩიოს ისინი. ეს, რა თქმა უნდა, არ გამოვა, იმიტომ რომ ხალხის სუვერენული და ხელშეუხებელი უფლებაა, აირჩიოს და მას წარმოადგენდეს ის, ვინც მას უნდა, რომ წარმოადგენდეს. ხალხს ვერ წაართმევ ამის უფლებას. საქართველოსგან არ გამოვა ჩრდილოეთ კორეა, ქართველ ხალხს ვერ წაართმევ იმის უფლებას, რომ აირჩიოს უკეთესი, იმიტომ რომ ხალხს დღეს ძალიან უჭირს ყველა მიმართულებით: ახალგაზრდებს პერსპექტივა არ გააჩნიათ, მოხუცებს _ სარჩო-საბადებელი,  შუახნის ხალხს _ სამსახური. გაღატაკება ძლიერდება, ეკონომიკა ნელდება, ეს ყველაფერი არის ამ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის შედეგი. გვყავს მთავრობა, რომელიც შეგნებულად აქცევს ქვეყანას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

_ ხალხის ასე გაღატაკება ივანიშვილსა და ამ ხელისუფლებას აწყობს კიდეც. ივანიშვილი არც ახლა და არც მეცენატობის დროს არ ქმნიდა სამუშაო ადგილებს, ის ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ხალხი მის ხელებში შემყურე ყოფილიყო. როდესაც ასეულ ათასებს ხარჯავდა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების დაფინანსებაზე, ის არ აფინანსებდა სპექტაკლის დადგმას, ფილმის გადაღებას, სალიტერატურო ჟურნალის გამოცემას, სადაც ხალხი კუთვნილ, დამსახურებულ ჰონორარს აიღებდა და არ იქნებოდა მისი მადლობელი, რადგან თავისი შრომის ანაზღაურებას მიიღებდა.

_ დიახ, იგი ორიენტირებული იყო იმაზე რომ ხალხი მასზე დამოკიდებული გაეხადა, დამოუკიდებლობას კი არ ანიჭებდა მათ, მასზე დამოკიდებულს ხდიდა.

_ ეს შეგნებული პოლიტიკა იყო და გრძელდება კიდეც. სადამდე მიიყვანს ეს პოლიტიკა თვითონ „ოცნებას“ და ამ ქვეყანას?

_ სადამდე მიიყვანს და გარდაუვალ პოლიტიკურ კრახამდე. ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ, ცხადია. ამისიც ეშინიათ სწორედ ივანიშვილსა და მისი საკუთარი „ოცნების“ მმართველობას. ივანიშვილი მდიდრდება საქართველოში, არ ღარიბდება, მისი ქველმოქმედება პოლიტიკური ლოიალობის ყიდვა იყო და მეტი არაფერი. მან იმ ხალხის ერთგულება იყიდა, ვისაც პენსიები დაუნიშნა. ფინანსურად დამოუკიდებელი კი არ გახადა ისინი, არამედ დამოკიდებული გახადა მასზე. ბევრი იმ ადამიანისთვის ის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა და აი, როგორც ნარკოდილერი, ნარკომანს აწვდის ნარკოტიკს და შემდეგ დამოკიდებულს ხდის თავის თავზე, ასევე ზუსტად ამ ე. წ. ქველმოქმედმა, ჩვენი შემოქმედებითი ინტელიგენციის დიდი ნაწილი ასე დასვა მის ფინანსურ ნემსზე, ფიგურალურად რომ ვთქვათ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ვერაგული გეგმა იყო, რომელიც მან განახორციელა საკმაოდ წარმატებულად. შემდეგ სწორედ ამ ხალხის ნაწილი დადიოდა აგიტატორად, ისინი ვალდებულად გრძნობდნენ თავს, რომ „ქართული ოცნების“ აგიტატორებად ემუშავათ და ეწარმოებინათ „ქართული ოცნების“ ტყუილების ტირაჟირება. დადიოდნენ და ტყუილებს ავრცელებდნენ, გვახსოვს ქალბატონები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველა სოფელს 5 მილიონი ექნება და ა. შ. და ა. შ. ძალიან დიდი განსხვავებაა საბჭოთა ტიპის ოლიგარქებსა და ნამდვილ, დასავლური სამყაროს წიაღიდან წამოსულ იმ მილიარდერებს შორის, რომლებიც ნამდვილ ქველმოქმედებას ეწევიან. მაგალითად, უორენ ბაფეტმა და ბილ გეიტსმა შექმნეს ფონდი, სადაც საკუთარი სიმდიდრის 80% ჩადეს და ამ წარმოუდგენელი ოდენობის სახსრებს ახმარენ ნიჭიერ, მაგრამ ხელმოკლე სტუდენტებს, მათ გაძლიერებას, მათთვის ცოდნის მიცემას, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ამით იმ საზოგადოებას, სადაც გამდიდრდნენ, ვალს უბრუნებენ. და ეს ძალიან ამაღლებული და ნამდვილი ქველმოქმედებაა. მაგარი საქციელია. ასეთ რამეს ივანიშვილი, ცხადია, არ გააკეთებს, იმიტომ რომ მას, ჯერ ერთი, მეეჭვება, რომ ასეთი ღირებულებები ჰქონდეს, ვიღაცის გაძლიერების, პირიქით ის ცდილობს, რომ თვითონ იყოს მარტო ძლიერი და დანარჩენი ყველა _ სუსტი და მასზე დამოკიდებული, და მეორედ აზრადაც არ მოუვა მას ასეთი ქველმოქმედება, იმიტომ რომ სინამდვილეში ძალიან ძუნწია. გავიხსენოთ საყდრისის აფეთქების ისტორია, როდესაც მთელი მითი, რომელიც შეიძლებოდა აღმოჩენილიყო რეალობა, განადგურდა 500 მილიონი ევროს გამო, რომელიც ნამდვილადაა იმ საბადოში. რუსულმა კომპანიამ, რომლის მოწილეც არის ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი უჩა, დინამიტები დაუდო და ააფეთქა ჩვენი ისტორია, ამიტომ აქ ქველმოქმედებას ახლოსაც არ ჩაუვლია. ეს იყო სპეცოპერაცია, რომელიც ქართველი ხალხის გულუბრყვილობის ხარჯზე ჩატარდა და მეხუთე წელია, მიმდინარეობს ეს მავნებლური ექსპერიმენტი სახელად, _ „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ ბრჭყალებში, რადგან ეს არ არის ქართული ოცნება, სინამდვილეში, ეს არის რუსული ოცნება. იმიტომ რომ ამ ხუთ წელიწადში საქართველომ დაკარგა ბევრი რამე, ბევრი დრო, ბევრი ენერგია, ბევრი მხარდაჭერა, ბევრი შესაძლებლობა წინსვლისა და, ჯერჯერობით, ამ ცუდ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ჰყავს ასეთი, საკუთარ თავზე მოფიქრალი, კორუმპირებული ხელისუფლება.

_ ბრძანეთ, რომ განხორციელდა ვერაგული სპეცოპერაცია. კი მაგრამ, ეს სპეცოპერაცია ხორციელდებოდა ღიად და დაუფარავად, ყველა ხედავდა, როგორ აფინანსებდა ის საზოგადოების ნაწილს. როგორც თქვენ თქვით, ის ყველას თვალწინ სვამდა ნემსზე ინტელიგენციას. რატომ ვერ გაიშიფრა ეს ვერაგული ჩანაფიქრი, რატომ ვერავინ ჩასწვდა იმ 9 წლის მანძილზე, რა იყო ეს?

_ არ ვიცი, ეს კითხვები მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს უნდა დაუსვათ, რომელთაც ეს რუსული სპეცოპერაცია, ალბათ, არ უნდა დაეშვათ, _ წლების განმავლობაში მიმდინარე სპეცოპერაცია… მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, არ ვიცი…

_ მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, ვრცელდება ინფორმაციები, ვარაუდები რუსეთიდან მომდინარე შესაძლო ღია აგრესიაზეც. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება სიტუაცია და რეალურია თუ არა ღია აგრესიის საფრთხე და მოსალოდნელია თუ არა იგი უახლოეს მომავალში?

_ აგრესიის საფრთხე როგორ არ არის, უბრალოდ, უახლოესი დროის მონაკვეთში არა მგონია, იმიტომ რომ მას დამორჩილებული ჰყავს ამ ეტაპზე საქართველო. ჩვენ ძალიან შეშინებული და პასიური საგარეო პოლიტიკა გვაქვს, ამიტომ რუსეთი ფიქრობს, რომ ახლა საქართველო დამორჩილებულია. ის ბოლომდე ეცდება, რომ მოგვგუდოს და წაგვართვას სუვერენიტეტი, ამიტომ აკეთებს ამ მცოცავ ოკუპაციას, ამიტომ აკეთებს ფსიქოლოგიურ შეტევებს საქართველოზე, ამიტომ აძლიერებს აქ მეხუთე კოლონას, ვინც ქართული მარშის სახელით ატარებს ფაშისტურ გამოსვლებს, იმისთვის რომ  თავისუფალ სამყაროში საქართველოს დისკრედიტაცია მოხდეს და თვითონ აქ, საქართველოში კი _ შიდაარეულობა, ეროვნული ყურადღება ნამდვილი პრობლემებიდან გადაიტანონ არარსებულ, მოგონილ პრობლემებზე, როგორიც არიან ვითომ საიდანღაც ჩამოსული სტუდენტები თუ ბუფეტის თანამშრომლები თუ რესტორნის პატრონები… ჩვენი ღირებულებების შეცვლის მცდელობასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, ამას ხალხი ხედავს, ხედავს ახალგაზრდობა, მედია. თავისუფალი მედია, ჯერ კიდევ, ვერ ჩაახშვეს საქართველოში, თუმცა ის დიდი შეტევის ქვეშ იყო, ვიცით, რა წნეხის ქვეშაცაა „რუსთავი 2“,  გუშინწინაც ძალიან საეჭვო ხანძარი გაჩნდა ტელეკომპანიაში. ფიზიკურად დასაცავია „რუსთავი 2“, იმიტომ რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის ბოლო ბასტიონი, ისევე როგორც რამდენიმე გაზეთი. რუსული პროპაგანდა საქართველოს ძალიან უტევს. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეა ის, რომ საქართველოში ასე დაუსჯელად მოქმედებს რუსული პროპაგანდა. აუცილებელი არაა ფიზიკური, სამხედრო აგრესია, რუსეთი საქართველოზე ფსიქოლოგიურ აგრესიას ახორციელებს, ჰიბრიდულ ომშია ჩვენ წინააღმდეგ ჩართული და ამის აღსაკვეთად მხოლოდ სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია და პოლიტიკური ოპოზიცია თუ მოქმედებს. ხელისუფლება არ მოქმედებს არანაირად. პირდაპირ გეტყვით: წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოში იყო კრემლის პროპაგანდის, სადღაც, 5 პასიური წყარო, და ეს ყველა, ძირითადად, იყო უმოქმედო და განეიტრალებული, ან ნახევარდ მოქმედი. დღეს არის 124 და ყველა მთლიანად ოპერირებს. ამაში შედის გაზეთებიც, ტელევიზიებიც, არასამთავრობოებიც, ვებგვერდებიც, ყველაფერი. 124 წყარო, რომელიც წამლავს, აბნევს ქართველი ხალხის გონებას. წამლავს უიმედობით, შიშით, ნამდვილი ღირებულებების მოგონილი, ყალბი მეხამრიდი პრობლემებით ჩანაცვლებით და ა. შ. და ა. შ.

_ არჩევნების თემას რომ დავუბრუნდეთ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რეალურად ამ ხელისუფლების პირობებში ხელისუფლების კანდიდატის დამარცხების შანსი? როგორ შეაფასებთ იმ განცხადებებს, რომელსაც ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ თურმე უნდა ყოფილიყო უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლის გარშემოც გაერთიანდებოდა მთელი ოპოზიცია კალაძის დასამარცხებლად? რომც დამარცხდეს კალაძე, რას აძლევს ქვეყანას, მხოლოდ ვინმეს დასამარცხებლად, ვინმეს ჯიბრზე და არა ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია, საზოგადოება? ჩვენ ეს არაერთხელ გამოვიარეთ, ხან ვის წინააღმდეგ ერთიანდებოდა ყველა, ხან ვის წინააღმდეგ. ეს თვითმიზნური გაერთიანებები მისცემს კი რამეს ქართულ საზოგადოებას?

_ თვითმიზნური და უღირებულებო გაერთიანება, ჩემი აზრით, არაფრის მომტანი არ არის, მაგრამ ჩვენი კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, სწორედ ასეთია, უპარტიო. ძალიან კეთილშობილი და კეთილსინდისიერი კაცი, პროფესიონალი, დისციპლინებული. დღეს იგი ძალიან დაჩქარებულ ვადებში ბევრ ახალს სწავლობს და დარწმუნებული ვარ, მისთვის ეს პროცესი იქნება საინტერესო და ყველა ჩვენგანისთვის _ რეზულტატის მომტანი. ვგულისხმობ თბილის მოსახლეობას, თბილისის ხალხს, იმიტომ რომ ზალიკოსნაირი წესიერი მერი თბილისს ძალიან სჭირდება. მას სჭირდება  მებრძოლი გუნდი, რომელიც მას დაეხმარება და ასეთია ენმ. ამიტომ ეს ძალიან კარგი კომბინაციაა. მეორე ტურში, რომელიც, ჩემი აზრით, აუცილებლად იქნება, ცხადია, ყველა ოპოზიციურმა ძალამ მხარი უნდა დაუჭიროს მეორე ტურში გასულ ადამიანს. ვგულისხმობ ნამდვილ ოპოზიციას და არა გარიგებულს, ცხადია. ასე რომ, გაერთიანება შესაძლებელია, ოღონდ მეორე ტურში.

_ რეგიონებში როგორი შანსები აქვს ენმ-ს?

_ ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებს პარტია, ორგანიზაციაზე, გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მუშაობაზე, რომელიც ჩვენ სულ მალე გვექნება, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არ იყენებს გაყალბების მხოლოდ ერთ მეთოდს, იყენებს მრავალ მეთოდს და საჭიროა ყველა ამ მეთოდის წინააღმდეგ ბრძოლა. წინა არჩევნები, მაგალითად, სპეცოპერაცია იყო: როდესაც კენჭს ვიყრიდი მთაწმინდის ოლქში, თავად  ვნახე და გამოვცადე, როგორ დამიპირისპირდა მთელი სახელმწიფო მანქანა თავისი მერიით, პოლიციით, სუს-ით, კრიმინალური ელემენტებით, მოსყიდვით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ხალხით. ეს იყო ნამდვილი სპეცოპერაცია. ჯერ ერთი, ჩემი შტაბის უფროსი ჩადებით დააკავეს, რაც წარმოუდგენელი რაღაცაა, ეგეთი რამე შევარდნაძის დროსაც კი არ ხდებოდა, ხელისუფლება მაშინაც არ კადრულობდა, ახლა ესეც იკადრეს. მიუხედავად ამისა, მაინც მეორე ტური გვქონდა და მეორე ტურში, უბრალოდ, ავტობუსებით მოჰყავდათ საჯარო სტრუქტურების თანამშრომლები, თანამშრომლების ოჯახის წევრები. ასეთ რამეს უნდა ველოდოთ ახლაც. სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ხალხით და მათი ოჯახის წევრებით უნდათ, რომ მოაგროვონ რაღაც ნაწილი ხმების, რაღაც ნაწილი _ არარსებული მისამართებით, რაღაც ნაწილი _ გაყალბებული სიებით, რაღაც ნაწილი _ დაბეჭდილი პირადობებით, რაღაც ნაწილი _ კარუსელებით. ასე რომ, ბევრი მეთოდია და ყველა ამ მეთოდს ამხელს ეს შტაბი, რომელიც სულ მალე იქნება და არც ერთი მეთოდის გამოყენების უფლებას არ მივცემთ. ხალხმა უნდა დაიცვას თავისი უფლება, აირჩიოს ის, ვინც მას უნდა. ეს არის დემოკრატიის კვინტესენცია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, _ ჩვენი და საზოგადოების ერთიანი მცდელობა, რომ იყოს ღია და თავისუფალი არჩევნები, შედეგს გამოიღებს, თუ ყველამ კარგად ვიმუშავეთ.

_ ის მაინც ყველა შემთხვევაში ეცდება გაყალბებას, რაც არ უნდა წინააღმდეგობა იყოს.

_ ცხადია, ეცდება.

_ ამის ნიშანია ისიც, რომ აგერ 600 ადამიანი ერთ დღეს დაასაქმა ნარმანიამ. ასე რომ, გაყალბებას ვიხილავთ. იქნება თუ არა პარტიის მხრიდან ის, რაც არ იყო 2016 წლის არჩევნების შემდეგ? მიეცემა თუ არა ხალხს ხმების დაცვის საშუალება? არის თუ არა ამის მზაობა?

_ ჩემი აზით, არის. ხმების დაცვის აუცილებლობა დადგება და ამისთვის ხალხი იბრძოლებს.

_ ხალხს ეგ მზაობა 2016-შიც ჰქონდა, პარტიას თუ ექნება მზაობაა, ეგაა მთავარი. ხალხი მაშინაც მზად იყო ხმების დასაცავად, მაგრამ ენმ-ის იმდროინდელმა მენეჯმენტმა ამის საშუალება არ მისცა. იგივე ახლაც ხომ არ განმეორდება?

_ გპირდებით, ეგ არ განმეორდება.

_ გაყალბების მეთოდები ცნობილია, ბევრი ახალიც გამომჟღავნდება, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ მოსალოდნელია თუ არა ის შავი და ბინძური კამპანიები, რომელიც 2012-ში მიხდა? უნდა ელოდოს თუ არ საზოგადოება ამას?

_ ყველაფერს უნდა ელოდოს კაცი ოლიგარქიული მმართველობისგან, იმიტომ რომ ოლიგარქიული მმართველობა გამორიცხავს დემოკრატიული ბრძოლის მეთოდებს. ეს არის ტყუილზე, მანიპულაციაზე, ფსიქოლოგიურ ტერორზე გათვლილი მმართველობა, ამიტომ ყველაფერს უნდა ელოდოს ყველა და მტკიცედ და მშვიდად დადგეს და ერთად.

 

რეზო შატაკიშვილი