ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ დრო დათვლილი აქვს, რომელიც მალე დამთავრდება“

„ქრონიკა+“-თან საუბარში და მოვლენების შეფასებაში ყველაზე რადიკალური განცხადებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა:

 

_ როგორც არჩევნების დღეს, ისე არჩევნების კონკრეტულ თარიღამდე უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვის ფაქტები  დაფიქსირდა. „ოცნებამ“ იმდენი მოახერხა, რომ  შანტაჟი და მუქარა აღმატებულ ხარისხში აიყვანა. არჩევნების დღეს ბევრმა პირდაპირ ეთერში იხილა მძიმე დარღვევათა კასკადი, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიენიჭოს. ეს იყო ტოტალური გაყალბების აქტი, განხორციელებული „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იგივე სუს-ის მეშვეობით. ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით ძალიან „საინტერესო“ ახალი მეთოდი შემოგვთავაზა ივანიშვილმა. ფულს აქტივისტებს უხდიდნენ არა მარტო მხარდამჭერების ძალდატანებით მოყვანაში, არამედ იმაშიც, რომ ამ აქტივისტებს სახლში დაეტოვებინათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები. ეს ფაქტები დაფიქსირდა მასობრივად როგორც თბილისში, ასევე  რეგიონებში, სოფლებსა თუ დაბებში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეუძლებელია ეს არჩევნები შეფასდეს, როგორც სამართლიანი, როგორც თანასწორი. მეტიც: ეს არჩევნები იყო დღემდე უპრეცედენტო დარღვევების კვალდაკვალ ჩატარებული. არც ერთ არჩევნებზე არ ახსოვს არავის, რომ საარჩევნო უბნებზე რომელიმე ხელისუფლებას ზედამხედველი დაენიშნოს. ნებისმიერი ამომრჩეველი ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული „ქართული ოცნების“ მხრიდან. მათზე, რეალურად, საარჩევნო უბნებზე ყოფნისას, მონიტორინგი    ხორციელდებოდა, ანუ ამომრჩევლის უფლებისა და თავისუფალი ნების  გამოხატვაზე „ქართულმა ოცნებამ“ კონტროლი დააწესა. არადა, არჩევნების დღეს ჩვენ ამაზე არაერთი ბრიფინგი ჩავატარეთ და საარჩევნო კომისიას მოვუწოდეთ, აღნიშნული ფაქტი დაეგმო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ნაცვლად იმისა, რომ შესაბამისი განცხადება გაეკეთებინა და დაეგმო, ეს მიდგომა გაამართლა, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ ცსკოდან გამართლებულმა გააათკეცა კონტროლი საარჩევნო უბნებზეც კი. ამიტომ, ბუნებრივია, ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. იმიტომ, რომ გაყალბებაა, როდესაც მასობრივად აშანტაჟებენ ამომრჩეველს, ემუქრებიან მათ და მოისყიდიან. ამიტომაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“გადაწყვეტილება მიიღო, რომ იმ ოლქებში, სადაც ჩვენი კანდიდატი მეორე ტურში გავიდა, მონაწილეობას არ მივიღებთ. პოლიტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ამით „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ მივცემთ და იოტისოდენა საფუძველსაც კი, რომ საკუთარი თავი ისე აღმოაჩინოს, თითქოს მათთან დემოკრატიული პროცესი მაღალ ხარისხშია აყვანილი და, თურმე, მეორე ტურებიც კი ტარდება

_ მეორე ტურში რომ არ მიიღებთ მონაწილეობას, ეს გასაგებია, მაგრამ როგორი იქნება კონკრეტულად თქვენი შემდგომი ნაბიჯები?

_ ჩვენ ვაპირებთ ამ ხელისუფლების ცვლილებას. შეგახსენებთ: შევარდნაძის ხელისუფლება არჩევნებიდან არჩევნებამდე იმარჯვებდა, იწერდა იმ შედეგს, რასაც ის მიიჩნევდა საჭიროდ, მაგრამ როგორ დაამთავრა, კარგად გვახსოვს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ყველა კონსტიტუციური მეთოდი გამოვიყენოთ, რათა ამ არაფორმალურმა ხელისუფლებამ მართვის სადავეები დათმოს. ვერავინ ვერავის დააჯერებს, რომ, თურმე, ამ ხუთი წლის განმავლობაში, იმ ფონზე, როდესაც ხალხი დღითი დღე უკმაყოფილოა, როდესაც ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევა უჩვენებს, რომ მოსახლეობის 60% უკმაყოფილოა, თუ როგორ ვითარდება პროცესები ქვეყნაში და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებით არის უკმაყოფილო, არჩევნების დღეს ხელისუფლება იმ შედეგს იწერს, რაც მეტყველებს, თითქოსდა, ხალხი უფრო კმაყოფილი გახდა 2017 წელს, ვიდრე შარშან, ან შარშანწინ იყო. ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი და საზოგადოების დაცინვა. ეს ყველაფერი მძიმედ შემოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“, წვეთ-წვეთობით უკვე დაგროვდა მათი დანაშაულებრივი ქმედებები. ამიტომაც სულ ცოტა ხანში აკუმულირდება მათ მიერ დაგროვილი მანკიერი მეთოდებით ბრძოლა  ამომრჩევლების წინააღმდეგ. შეუძლებელია, რომ ხელისუფლებამ, რომელიც არჩევნებს აყალბებს, ძალაუფლება შეინარჩუნოს. ნებისმიერი ხელისუფლება, მით უფრო, არაფორმალური, როდესაც დაპირისიპირებაში შედის საზოგადოებასთან, ადრე თუ გვიან, მარცხდება. „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის პოლიტიკური მარათონი სრულდება და ამის 90-95% უკან მორჩა.

_ თქვენს ადგილზე მაინც ვიქნებოდი ამაში ასე დარწმუნებული?!

_ არადა, ასეა! ძალიან ბევრს უნდოდა პოლიტიკურ სპრინტში დაგვემარცხებინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ეს აღმოჩნდა მარათონი, რომლის 95% არის უკან მოვიტოვეთ. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ მალე ვიხილავთ, მინიმუმ, ოპოზიციაში. ისინი განაგრძობენ თავიანთ პოლიტიკურ საქმიანობას, თუ არ განაგრძობენ, მათზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ხალხის ნების აღსრულება შეიძლება დროებით შეაჩერო, მაგრამ ამას მუდმივ ხასიათს ვერც ერთი ხელისუფლება მისცემს, რასაც უახლესი პოლიტიკური წარსული ცხადყოფს.

_ პოლიტიკურ წარსულში რას გულისხმობთ?

_ „ქართულმა ოცნებამ“ ზამბარა მაქსიმალურდ დაჭიმა და მოკლე ხანში მასვე შემოუბრუნდება. არ ვიცნობ არავის, არც ერთ ადამიანს თბილისში, რომელსაც სჯერა, რომ კახი კალაძემ პირველ ტურში მიაღწია გამარჯვებას. ეს შეუძლებელია და ვერანაირად მოხდებოდა მასობრივი გაყალბების გარეშე. ეს გააკეთა ხელისუფლებამ, მაგრამ ამ ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ ამით პოზიციები გაიმყარა, ძალიან ცდება. მერწმუნეთ, პირიქით მოხდა და მაგალითისთვის შეგახსენებთ, თუნდაც შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებს, როდესაც ხელისუფლებამ 2016 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობა ასევე ძალდატანებითი მეთოდების გამოყენებით მოიპოვა. მაგრამ დღეს „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად გაცილებით სუსტია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების წინ იყო. პირადად 2017 წლის ოქტომბრის არჩევნები 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებს მაგონებს თავისი შინაარსითა და დატვირთვით.  შეუძლებელი გახდა მაშინდელი ხელისუფლებისთვის, რომ მთელი რიგი არჩევნების გაყალბების შემდეგ, ძალაუფლება შეენარჩუნებინათ. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. „ქართულ ოცნებას“ დრო დათვლილი აქვს, რომელიც მალე დამთავრდება. სწორედ ამიტომ ცდილობდა ბიძინა ივანიშვილი, გაეუდაბნოებინა ქართული ოპოზიციური პოლიტიკური ველი და მხოლოდ ისინი დაეტოვებინა, რომლებიც ვერასოდეს ვერ შეუქმნიდნენ დისკომფორტს. ეს ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო და დანარჩენს უკვე საზოგადოება მომავალში იხილავს.

თამარ როსტიაშვილი