ნაცრისფერი ეპიდემია

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი.

საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს, მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა არის 5-დან 10 მკგ/დლ-მდე. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
კვლევა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში. ტყვიის დონის განსასაზღვრად ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვები კვლევაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩართეს და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში, რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ტყვიის კვლევის ოქროს სტანდარტს.
საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე გოტფრიდ ჰანეს ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს.
ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.
როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა უკვე გეგმავს შეიმუშაოს ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; ასევე საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციასა და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.
კვლევის მონაცემები საკმაოდ საგანგაშო აღმოჩნდა:
სისხლში ტყვიის შემცველობა აღემატება 5 მკგ/დლ-ს: თბილისში _ 30%, აჭარაში _ 85%, გურიაში _ 73%, იმერეთში _ 61%, კახეთში _ 25%, მცხეთა-მთიანეთში _ 20%, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 71%, სამცხე-ჯავახეთში _ 32%, ქვემო ქართლში _ 18%, შიდა ქართლში _ 21%.
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა აღემატება 10 მკგ/დლ-ს: თბილისში _ 7%, აჭარაში _ 50%, გურიაში _ 44%, იმერეთში _ 23%, კახეთში _ 4%, მცხეთა-მთიანეთში _ 6%, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 29%, სამცხე-ჯავახეთში _ 12%, ქვემო ქართლში _ 6%, შიდა ქართლში _ 4%.
რაც შეეხება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დასავლეთ საქართველოს დიდი ქალაქების ნიადაგებში ტყვიის შემცველობას, შემდეგი გამოვლინდა:
1. ქალაქი აბაშა, სადაც აღებულია 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე;
2. ქალაქი ბათუმი, აღებულია 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში სკოლა ლიცეუმთან, ბაგრატიონის ქ. #117-ში;
3. ქალაქი ზესტაფონი, აღებულია 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის
გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში, აბესაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა 2 შემთხვევაში ტყვიის შემცველობა ძალზე ახლოსაა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან, კერძოდ. სვირის გადასასვლელთან და ფეროშენადნობთა ქარხნიდან ჩრდილოეთით 600 მ.-ში;
4. ქალაქი ზუგდიდი, აღებულია 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის
გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში, აღმაშენებლის ქუჩა #145-ში, თუმცა 2 შემთხვევაში ტყვიის შემცველობა ძალზე ახლოსაა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციასთან, კერძოდ რუსთაველის ქ. #403-ში და გამსახურდიას ქ. #28-ში;
5. ქალაქი ოზურგეთი, აღებულია 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში, კერძოდ. კვლევით ინსტიტუტთან;
6. ქალაქი სენაკი, აღებულია 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა ყველა შემთხვევაში, კერძოდ ქალაქის ხიდთან, რუსთაველის ქ. #113-ში; კოსტავას ქ. #39-ში პირველ სკოლასთან; პარკის მიმდებარე ტერიტორია; სადგურის მიმდებარე ტერიტორია მშვიდობის ქ, #196-ში;
7. ქალაქი ფოთი, აღებულია 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, თუმცა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ეკლესიასთან აღებულ სინჯში ტყვიის შემცველობა თითქმის უტოლდება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას;
8. ქალაქი ქობულეთი, აღებულია 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება დაფიქსირდა 1 შემთხვევაში, ქალაქის შესასვლელთან;
9. ქალაქი წყალტუბო, აღებულია 5 ნიმუში, აქედან ტყვიის შემცველობის გადაჭარბება არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა;
10. ქალაქი ბოლნისი, სინჯები აღებულია სამი წერტილიდან, აქედან ორში დაფიქსირდა ტყვიის გადაჭარბება. ამავე წლის კვლევის მონაცემების მიხედვით, ბოლნისის რაიონში ტყვია გვხვდება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალი.
სამთომომპოვებელი კომპანია RMG-ის მიმდებარე სოფლებში (0-10 კმ რადიუსში არის დაცილებული), ქვემოთ მოყვანილ დიაგრამებში კარგად ჩანს ნიადაგებში ტყვიის შემცველობა ბოლნისისა და დმანისის რაიონების 21 სოფელში. აქ ნათლად ჩანს ტყვიის კონცენტრაციის მკვეთრი მატება ამ სოფლების ნიადაგებში.

თამარ როსტიაშვილი