„ნაციონალური“ კომპლექსი

არცთუ იშვიათად კი არა, მეტისმეტად ხშირად გაიგონებთ, რომ მეტოქეს, მტერს არ უნდა ებრძოლო მისივე მეთოდებით _ იმ მეთოდებით, რომელსაც იგი შენთან ბრძოლაში იყენებს, რადგან ასე, თურმე, მასვე დაემსგავსები და მის დონეზე დაეშვები. უარესიც, თურმე, ნუ იტყვით და იმ მეტოქეს შენი განადგურება, ან დამარცხება კი არა, ის ჰქონია მიზნად, რომ დაგიმსგავსოს.

ვიღაც ანდაზასაც შემოგაშველებს, რომ, თურმე, მტერს სამაგიერო იმით უნდა გადაუხადო, რომ მას არ დაემსგავსო.

ეს მოსაზრება იმდენად ღრმად ფესვგადგმულია, რომ, ლამის, ყველა უაპელაციოდ იღებს, ყოველგვარი რევიზიის გარეშე. ასე ხდება არათუ პირადი ურთიერთობების დონეზე, არამედ ეს, ლამის, უცილობელ დოქტრინადაც აქციეს პოლიტიკურ სარბიელზეც.

გასახსენებლად, ვგონებ, სრულიად საკმარისია გასულ წელს „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია, რომელსაც ფიგურალურად ეწოდა „თეთრი ხელთათმანებით“ ბრძოლა. რითაც დასრულდა ის ბრძოლა, კარგად მოგეხსენებათ და არა მგონია, დეტალური შეხსენება იყოს საჭირო.

ნიშნავს თუ არა ოპონენტის წინააღმდეგ იმავე მეთოდებით ბრძოლა იმას, რომ მას ემსგავსები? აბა, ერთი, კარგად გადავსინჯოთ და როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა, „ჩავაანალიზოთ“, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე?

ერთი ობოლი და მიამიტი კითხვა იმთავითვე იჩენს თავს, _ რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც ის შენი კონკურენტი შენს გასანადგურებლად აბსოლუტურად ყველანაირ ხერხს და მეთოდს იყენებს? რჩები ხელცარიელი და ამ ცარიელ ხელებზე იცვამ თეთრ ხელთათმანს.

კი მაგრამ, მტერი რომ ხმლით მოდის, ხელში თოხი უნდა დაიჭირო? მხოლოდ იმიტომ, რომ შენც იგივე იარაღი არ გეკავოს და მტერს არ დაემსგავსო? თუ პირიქით _ ხმალს ხმალი თუ არა, ფარი მაინც შეაგებო? ბრძოლის ველზე ხმლით შეარაღებულ მტერს ხმლით ებრძვიან, ან ფარ-ხმალს ყრიან და გარბიან _ თუ მოასწრეს, ცხადია. ყოველ შემთხვევაში, არავინ რჩება და საკუთარი სურვილით თავს არ აჩეხინებს და არც აბჯარასხმული დაიარება პოდიუმზე, შემომხედეთ, _ თქვენ დონეზე არ ვეშვები, დამკარით, რამდენიც გინდოდეთო.

და რა ხდება პოლიტიკურ სარბილეზე? მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ წლების მანძილზე ბეჭდურ თუ ტელემედიაში არაერთი ბინძური ცილისწამება ვრცელდებოდა. რას აკეთებდა „ნაცმოძრაობა“? ფარ-ხმალ დაყრილი, აბჯარასხმული (გასქელებული კანით) დაიარებოდა და არანაირ პასუხს არ სცემდა ამ ცილისწამებას. ხან თავს იმით იმართლებდა, რომ გაზეთებს არავინ კითხულობდა და ხან იმით, რომ იმ ცილისწამებებზე პასუხის გაცემა და პოლემიკაში ჩართვა იმათ დონეზე დაშვება იყო და არ აპირებდნენ, მათ დამსგავსებოდნენ.

მიიღეს რა? მითების მთელი კასკადი. საზოგადოებას წვეთ-წვეთ კი არა, ღვარად ეწოდებოდა ინფორმაცია, რომელზეც არავინ პასუხობდა. საზოგადოებას არ მიეწოდებოდა ორმხრივი ინფორმაცია და იღებდა იმას, რაც მიეწოდებოდა _ ცალმხრივი. ბევრი უაპელაციოდ იჯერებდა _ ისედაც ფიქსირებული, ნეგატიური განწყობა ჰქონდა „ნაციონალებზე“ და არც იყო მოწადინებული, მათგანაც მოესმინა ინფორმაცია და არც არავინ სთავაზობდა ამას, ნაწილი კი, ვინც მოწადინებული იყო მოესმინა ყველა მხარე და დასკვნა მერე გამოეტანა, ცალმხრივი ინფორმაციის ამარა რჩებოდა და რაც ხელთ ჰქონდა, იქიდან ასკვნიდა. დიდ ნაწილს სულაც არ სცხელა, მიღებული ინფორმაცია გადახარშოს, კარგად ჩაღეჭოს და ისე მიიღოს, _ ყლაპავს იმას, რასაც აწვდიან. ასეა, რადგან ზოგს ჭკუა არ ჰყოფნის გასაანალიზებლად, ზოგს დრო და, ზოგსაც, ელემენტარული განათლება. ასეა, თორემ რანაირად უნდა დაიჯერო, რომ ვინმე მკვდრებს თირკმლებს აჭრის და მერე ჭრელი, „კლეჩატი სუმკით“ დაატარებს? ანდა ის, რომ ცოცხი ანუსში შედი-გამოდის და ცოცხგარჭობილი კი ლაპარაკს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს? მაგრამ დაიჯერეს. რატომ?

ზოგს მიწვდილი ინფორმაცია აწყობდა და სულ არ აინტერესებდა, რეალურად ეს ასე იყო თუ არა და არც იწყებდა ინფორმაციის კრიტიკულ რევიზიას; ნაწილს „ჩასაანალიზებლად“ არ სცხელოდა; ნაწილმა, უბრალოდ, არ იცის, როგორ ხდება ორგანოების ტრასპლანტაცია, რა პირობებში და არც ანატომიაზე აქვს ელემენტარული წარმოდგენა.

და ვინმემ ამ ხალხს შესთავაზა ინფორმაცია განსჯისთვის? რომ დაფიქრებულიყვნენ, ანდა, უბრალოდ, გაეგოთ, რა როგორ ხდება? ვინმემ აჩვენა სამეცნიერო-პოპულარული ფილმი ორგანოების ტრანსპლანტაციაზე? ან გამოიყვანა ვინმემ იმ აცოცხებულ დღეებში პროქტოლოგი და, ელემენტარულად, ჰკითხა, _ შეიძლება თუ არა ცოცხით ადამიანის გაუპატიურება და როდესაც ეს ხდება, ლაპარაკის თავი აქვსღა თუ არა ადამიანს? ცხადია, არა! ახლა გეკითხებით, იქნებოდა თუ არა ოპონენტების დონეზე დაშვება ან ამ სამეცნიერო-პოპულარული ფილმის გაშვება, ან პროქტოლოგისთვის კითხვის დასმა? პროქტოლოგს თუ კითხვით მიმართავდნენ, ამით „ქოცებს“ დაემსგავსებოდნენ? რეალურად, რა გამოდის? _ მტერს არათუ მისივე მეთოდებით, საერთოდ არანაირი მეთოდით არ უპირისპირდებოდნენ. მათზე არათუ ბინძური ჭორების გავრცელებას არ კადრულობდნენ, იმათ მიერ გავრცელებულ ბინძურ ჭორებსაც არ სცემდნენ პასუხს _ პოლემიკაში მათთან შესვლა მათ დონეზე დაშვებააო.

არადა, ერთია პოლემიკაში, დებატებში შესვლა და მეორეა პასუხის გაცემა _ ან საზოგადოებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება, ან ცილისმწამებლისთვის ჩივილი, ანდა, სულაც, ორივე. ერთ ფაქტს გაგახსენებთ: დავით ბაქრაძეს მთელი ამბავი აუგორეს თანხებზე. გამოვიდა და დაალაგა დოკუმენტები. ამოიღო ხმა ვინმემ? ეგრევე ჩაკვდა ის ამბავი. და რა დასკვნა გამოიტანეს ამ ამბიდან მაშინ „ნაციონალებმა“ სათავო ოფისში? ის, რომ, თურმე, პასუხის გაცემა სპობს უსაფუძვლო ჭორებს, თუ ის, რომ ბაქრაძე ამ პასუხის გაცემით „ქოცების“ დონეზე დაეშვა და იქოცა?

„ნაციონალები“ ეშხში შევიდნენ _ არიქა, „ქოცებს“ არ დავემსგავსოთო და არათუ იგივე მეთოდებით არ ებრძოდნენ, საერთოდ აღარაფერს აკეთებდნენ _ იმ თეთრხელთათმნიან ხელებსღა ასავსავებდნენ უმისამართოდ.

მათმა ოპონენტებმა აიღეს რობაქიძის, ვაზაგაშვილის ისტორია და 24-საათიან რეჟიმში ატრიალეს, რეფრენით ბიჭებს ქუჩაში ხოცავდნენ. „ქოცების“ დროს არაერთი ბიჭი დაიღუპა ქუჩაში, თუ პოლიციის მხრიდან, თუ კრიმინალების მხრიდან.

„ნაციონალებმა“ არათუ რამე არ გააზვიადეს და არ ჩაიხვიეს, რეალურად, მომხდარზეც არ საუბრობდნენ. „ქოცების“ დონეზე ხომ არ დაეშვებოდნენ? ის კი არა, 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ქუჩაში კაცი ვეფხვმა შეჭამა და „ნაცებმა“ ეს ფაქტი იმ დონეზე კი არ აწიეს, რომ „ქოცების“ ხელში ხალხს ვეფხვები ჭამენ ქუჩაშიო, არამედ საერთოდ არ ახსენებდნენ იმ ფაქტს. სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ, მიშას დროს რომ ვეფხვს კაცი შეეჭამა, რა ამბავს ააწყობდნენ, _ ვეფხვებს აჭმევენ ხალხსო. ეჭვი გეპარებათ, რომ ასე იქნებოდა? საერთოდ, ჰაერზე შექმნეს მითი, რომ ბაჩო ახალაიას „ბალკონზე“ მგელი ება და პატიმრების ხორცს აჭმევდა და ასეთი შემთხვევა რომ ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რასაც იზამდნენ?

ნუ შევეხებით იმას, ვინ მოკლა ის უმწეო რაფალიანცი, მაგრამ ის ხომ ვნახეთ, როგორ უაპელაციოდ დაადეს ხელი მის მკვლელობაში „ნაციონალებს“? იმაშიც ხომ არავის გეპარებათ ეჭვი, ოდნავი ბრალეულობა რომ ყოფილიყო მათი მხრიდან, ტყავს გააძრობდნენ საჯაროდ და დემონსტრაციულად? ასეთი უხამსი ცილისწამება კი არა, იმთავითვე რომ ნათელი იყო „ქოცთა“ ბრალეულობა, მაშინაც არავინ იღებდა ხმას.

ამ არჩევნების წინ მეგი გოცირიძის ნათესავი ბავშვი მოკლეს „ქოცთა“ კონცერტზე, ამოიღო ვინმემ ხმა?! და ახლა, ერთ წუთს, წარმოიდგინეთ, იგივე რომ „ნაცების“ კონცერტზე მომხდარიყო და ვინმე „ქოცის“ ნათესავი ბავშვი მომკვდარიყო, რა ატყდებოდა? ცხადია, როდესაც მეგი გოცირიძის ნათესავი მოკლეს, იქ მეგის ფაქტორი არაფერ შუაში იყო, მაგრამ ეჭვი ხომ არ გეპარებათ, „ქოცს“ რომ ეს შემთხვეოდა, მაშინვე დაიწყებდნენ პედალირებას, რომ იმ ქოცს განზრახ მოუკლეს ნათესავი, რომ ეს იქვე მომხდარი შელაპარაკების ტრაგიკული შედეგი კი არა, წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო?

სააკაშვილის მმართველობისას გაუთავებლად მიტინგები იყო, რუსთაველი საკნების ქალაქად აქციეს, „ნაციონალებმა“ კი, არიქა იმათ არ დავემსგავსოთო და საერთოდ ხელი აიღეს ქუჩის აქციებზე, მხოლოდ რამდენჯერმე გაიარეს ქუჩაში, ისიც სულ რამდენიმე საათით.

როდესაც უარს ამბობ შენ წინააღდეგ გამოყენებული მეთოდების გამეორებაზე და ამას იმით ამართლებ, რომ არ ეშვები მტრის დონეზე, ეს სხვა არაფერია, თუ არა შენი სისუსტისა და უმოქმედობის „გაპრავება“ _ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების წინაშე. რბილად რომ ვთქვათ, თავს იმშვიდებ და უღიმღამოდ ცდილობ საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას, _ შემომხედეთ, რასაც თქვენ კადრულობდით, ჩვენ არ ვკადრულობთო.

ამასობაში კი მეტოქე, ოპონენტი ხელიდან არ აგდებს იმ თავის ბრძოლის ბასრ იარაღს. მეტიც, ყველანაირ იარაღს იყენებს და შენ რაღა გრჩება?

ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში კი ერთი ძალა მეორის წინააღმდეგ არათუ იგივე მეთოდებს არ იყენებს, საერთოდ, აღარაფერს აკეთებს დაკომპლექსებული, რომ იმათ „არ დაემსგავსოს“.

საერთოდ არაფრის კეთება კიდევ ჟურნალია, კინო კიდევ უფრო მძაფრია. „ქოცები“ და, საზოგადოდ, „ნაცების“ ოპონენტები (ქოცობამდელებიც და დღევანდელებიც) უაპელაციოდ იჭრებოდნენ „ნაციონალების“ პირად ცხოვრებაში _ მიშა ჰალსტუხს კი არა, ძუძუებს ღეჭავდა. სრულმასშტაბიანი ფრონტი იყო გახსნილი _ თუ რამე რეალური საბაბი ჰქონდათ, ხომ იყო ყაყანი გაუთავებელი და თუ არ იყო, ფანტაზია და მარჯვე ენები იგონებდნენ ათას სიბინძურეს. ახლა რა ხდება? ქოცლიდერების პირდაპირ პორნოკადრები იდება და რა? იმას არავინ ამბობს, რომ გამოვარდეს ვინმე და ხალხს ეძახოს, ხედავთ, ვინ გმართავთო, არც ჩუმდებიან და ისევ „ნაცები“ გვევლინებიან „ქოცთა“ ნამუსის მწმენდავებად. თუ ვინმე ნაცმხარდამჭერმა, ან აქტივისტმა გაბედა და მტკიცებულებათა ნახვის შემდეგ ის ლიდერები აუგად მოიხსენია, ისევ თვითონ წაესევიან და იმ უბედურს გადათელავენ. ისეთი გზნებით ამტკიცებენ, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელიაო, გეგონება, იგივე დასავლეთში ლუპის ქვეშ არ ატარებდნენ პოლიტიკოსთა პირად ცხოვრებას და მორალურ მდგრადობას.

მოკლედ, აქ ოპონენტს არათუ მისი მეთოდებით, დაკომპლექსებულები საერთოდ არ ებრძვიან _ არარსებულს კი არ თხზავენ და მითებად კი არ ამკვიდრებენ, რეალურ ფაქტებსაც აიგნორებენ.

არადა, არც ცხოვრებაში და არც პოლიტიკაში მეტოქის მეთოდებით ბრძოლა, კონკრეტულად იმ მეტოქის წინააღმდეგ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ემსგავსები. ის ყველას ებრძვის მაგ მეთოდებით, შენ მხოლოდ _ მას. მისთვის ამ მეთოდების გამოყენება წესია, შენთვის _ გამონაკლისი. ქარის მოტანილი ქარს მიაქვს, მაგრამ შენ თუ გაინაბე, ის ქარი არ ამოვარდება შენი ოპონენტისთვის. მტერს იმავე იარაღით უნდა ებრძოლო, რომლითაც გებრძვის. სწორედ ეს იწვევს მტრის განიარაღებას. კორეას, ჯერ კიდევ, VII საუკუნეში ჰყავდა ქალი მეფე _ კორეულ სამეფო შილას მართავდა ქალი მონარქი. იმ მეფემდე 3 მეფეს თავის ჭკუაზე ატრიალებდა სამეფო ბეჭდის მფლობელი (დღევანდელი იუსტიციის ან სახელმწიფო მინისტრი) _ ლედი მიშილი, რომელიც უძლეველის, ყოვლისშემძლის სახელითაა შესული ისტორიაში. ეს უძლეველი მინისტრი ქალი იმ მეფე-ქალმა დაამარცხა, ჯერ კიდევ, პრინცესობისას. არ გაინტერესებთ, როგორ? სწორედ ბრძოლის იმ მეთოდებით, რასაც თავად ლედი მიშილი იყენებდა. ის მეთოდები გამოიყენა მის წინააღმდეგ და მერე იმ ლედი მიშილისთან ერთად ჩააბარა წარსულს.

  1. S. კომპლექსი, რომელზედაც ვსაუბრობდით, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ახასიათებს და მხოლოდ პოლიტიკაში არაა, ეს კომპლექსი ზოგადნაციონალურია და ყველგან მძლავრობს.

 

რეზო შატაკიშვილი