ნატოს კარი სუპერმარკეტის კარი არაა, რომ მიახლოებისას თავისით გაიღოს…

არ გეგონოთ, ეს ფრაზა რომელიმე მაკვარანცხი იმერელი ან გურული, პოლიტიკაში ჩახედული გლეხისა იყოს, ან თუნდაც პოლიტიკოსის. თავის დროზე, ეს სიტყვები, არც მეტი, არც ნაკლები, ნატოს გენმდივანმა _ ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა.

მთლიანობაში მისი ფრაზა ასე ჟღერდა:
„მე ხშირად მეკითხებიან, არის თუ არა ნატოს კარი მართლაც ღია ახალი წევრებისთვის? ჩემი მოკლე პასუხია: კი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის სუპერმარკეტის კარი, რომელიც იღება, როცა უახლოვდები. საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. იქნება თუ არა სხვადასხვა ქვეყანაში ახალი მოსაწვევები გაგზავნილი წევრობაზე, ეს დიდწილად აპლიკანტ ქვეყნებზეა დამოკიდებული“, _ ეს იყო, ჯერ კიდევ, 2013 წელს.
რა შეიცვალა მას შემდეგ? ჩვენ ისევ ჯიუტად გავიძახით, რომ გვინდა ნატოში, რომ გვჭირდება ეს ორგანიზაცია, მაგრამ როგორ უყურებენ ჩვენს მოლოდინსა და საჭიროებას, სურვილს ნატოს წევრი ქვეყნები? საკმაოდ სკეპტიკურად. მიზეზი? მიზეზი სტანდარტებია, თორემ აგერ, „ენდიაის“ კვლევებმაც აჩვენა, რომ ჩვენ გვინდა ნატოში(64%) და ქუთაისლებს კი _ ყველაზე მეტად უნდათ, მაგრამ რა?..
მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაცია არ იცვლება. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ნატოს კარი ღიაა, მაგრამ როცა ამ კარისკენ მივდივართ, ის დაკეტილი გვხვდება. ამის პასუხად კი გვეუბნებიან, მხოლოდ მიახლოება არაა საკმარისი, მასე მხოლოდ სუპერმარკეტის კარი იღებაო.
და, სულო ცოდვილო, მართლებიც არიან. გინდა, კაია _ უნდა გერგებოდეს. კი ბატონო, ჩვენი არწივივით ბიჭები ანტიტერორისტულ მისიას ასრულებენ მშვენივრად და ამერიკელები მართლაც აღფრთოვანებულები არიან, კი ბატონო, ევროპელ ნატოელებს მაინცდამაინც არ მოვუდივართ თვალში და ამერიკელები უფრო გვწყალობენ, კი ბატონო, სულ მარშით და ლამის შუათითის ჩვენებით ჩაიარეს ზაფხულში ამერიკელმა სამხედროებმა რუსების ბაზებთან შიდა ქართლში, მაგრამ როგორც იმ ანეკდოტშია, ხელი უნდა გავანძრიოთ, თორემ ჩაძირვამდე ცოტა გვიკლია…
ადრე „ქრონიკა+“-ში ვწერდით, რომ სანამ ჩვენ გვეძინა, რუსებმა ავტობანის პარალელურად გზა გაიყვანეს, დატკეპნეს და ბაზები ერთმანეთთან დააკავშირესო. აგერ, უკვე 6 თვე იწურება, ხან ავტობანზე, ხან საოკუპაციო ზოლის სხვადასხვა სოფელში „ძალა ერთობაშია“ პატრულირებას ატარებს და ლაივებს რთავს, საზოგადოებას მოუწოდებს, უფრო მეტად იაქტიურეთო, მაგრამ გულზე მჯიღის ცემის იქით საქმე არ მიდის, თუ ოციოდ აქტიურ მოქალაქეს არ ჩავთვლით, რომლებაც პრობლემა გულთან ახლოს მიიტანეს და მოძრაობას შეუერთდნენ ან მხარში სხვაგვარად ამოუდგნენ.
ნატო ნატოდ და ჩვენ ნაცვლად ვერც ნატო გააკეთებს ვერაფერს და ვერც _ ევროკავშირი. ამ ჭეშმარიტებას გათავისება სჭირდება, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ხოლო იმისთვის, რომ ნატო და ევროკავშირის ქვეყნები დარწმუნდნენ, მინიმუმ, გვაღელვებს ის, რაც ხდება საოკუპაციო ზოლზე როგორც შიდა ქართლში, ასევე აფხაზეთში, ჩვენი სამოქალაქო აქტივობა და ხელისუფლების მხრიდან უფრო მკვეთრი ნაბიჯებია საჭირო.
ამ დროს კი ხელისუფლება, იმის შიშით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არ დაემსგავსოს რუსეთთან ურთიერთობაში, სიმკაცრეზე კი არა, დასაშვები ტონით განცხადებებზეც უარს ამბობს და რუსეთი თვითდინებაზე ჰყავს მიშვებული. ოკუპანტებსაც მეტი რა უნდათ? _ ხან მავთულხლართებს წევენ, ხან მოქალაქეებს იტაცებენ, განთავისუფლების შემდეგ კი ამ მოქალაქეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ეწყებათ.
ასე მაგალითად, სოფელ ხურვალეთიდან ცოტა ხნის წინათ გატაცებული ქალბატონი მეორე დღეს კი გაათავისუფლეს, მაგრამ თავად მისი დაკავება ისეთ სტრესულ გარემოში მოხდა, რომ შინ დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ქალს არითმია დაეწყო, რამდენიმე დღის წინათ კი პრეინფარქტის ქვემწვავე ფორმა დაუდგინდა. და ეს მაშინ, როცა მას გული საერთოდ არ აწუხებდა.
შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ლალი, ფაქტობრივად, თავისსავე ნაკვეთზე დააკავეს. როგორც თვითონ ჰყვება, საქონლის შემოსადენად იყო გასული, როცა მავთულხლართებთან ახლოს, მიწაზე დაწოლილი რუსი ჯარისკაცი დაინახა. იფიქრა, ცუდად ხომ არააო და გასძახა, მაგრამ როცა პასუხი ვერ მიიღო, უფრო ახლოს მივიდა და ამ დროს ეს ჯარისკაცი წამოხტა, ქალს ხელი სტაცა, იქვე მდებარე საფრიდან კიდევ რამდენიმე ოკუპანტი გამოვიდა და ქალი დააკავა.
ქალბატონი ლალის შემთხვევა არ არის პირველი, ასე ხშირად ხდება. მაგალითად, სოფელ ბერშუეთის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ოკუპანტები ხშირად აკავებენ ადგილობრივებს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მერე მავთულხლართებს მიღმა გადაჰყავთ და ბანერთან უღებენ ფოტოებს, აქაოდა, ე. წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვიესო. ქართული მხარე კი იმაზეც არ მიდის, რომ მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მოაგროვოს და ერგნეთის ტრადიციულ შეხვედრებზე მაინც წარადგინოს.
და ეს მაშინ, როცა ოსური მხარე შანსს არ უშვებს ხელიდან და ამ შეხვედრებზე სასაყვედურო არ ელევა. მაგალითად, ბოლო შეხვედრაზე, სადაც თავიანთი ე. წ. უშიშროების კომიტეტის 2017 წლის ანგარიშზე დაყრდნობით წარმოადგინეს ინფორმაცია, იმაზეც კი გვისაყუდურეს, რომ ჯავის რაიონის რომელიღაც სოფელში დაუდგენელმა პირებმა უკანონო ბანერი დააზიანეს. ამასთან, თუ მათ დავუჯერებთ, ეს პირები გამოავლინეს და ზარალის ასანაზღაურებლად ჯარიმაც დააკისრეს:
„2017 წლის ნოემბერში კოზის ტბის ზონაში, ძაუს (ოსური ტოპონიმიკით ასე ჰქვია ჯავას, _ ლ. ბ.) რაიონში, სასაზღვრო ზონის შესასვლელთან, საინფორმაციო ნიშანი დააზიანეს. პირები, რომლებმაც ეს ქმედება ჩაიდინეს, დადგენილია და მათ დაეკისრათ ჯარიმის გადახდა საინფორმაციო ნიშნის საფასურის ოდენობით, რამაც 10.500 რუბლი (დაახლოებით 420 ლარი, _ ლ. ბ.) შეადგინა“, _ აღნიშნეს მათ.
შეგახსენებთ: ქვედის (კოზის) ტბა ჯავის მახლობლად მდებარეობს, თუმცა საქართველოსა და ცივილიზებული მსოფლიოს მიერ აღიარებული საზღვრებისა და ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და რუსი ოკუპანტები ამ სტატუს კვოს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ კოზის ტბა ჯავის რაიონს ეკუთვნის.
ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასული წლის ბოლოს რუსმა ოკუპანტებმა და ცხინვალის თვითგამოცხადებული ხელისუფლების ე. წ. უშიშროების კომიტეტმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქალეთთან „სასაზღვრო“ ღობის აგება დაასრულეს. ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების რომელიმე უწყებას პროტესტი არ გამოუთქვამს და არც ინფორმაცია გაუვრცელებია.
„მიმდინარე წელს, 2013 წლის შემდეგ პირველად, დაწყებულია საზღვრის დაფიქსირება საინჟინრო წესით. მაგალითად, ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთში (ეს სოფელი, სინამდვილეში, ქარელის მუნიციპალიტეტში შედის, _ ლ. ბ.) გავლებულია 1.250-მეტრიანი სასაზღვრო ღობე“, _ ითქვა შეხვედრაზე.
ამასთან, ე. წ. უშიშროების კომიტეტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში რუსეთის „ეფესბეს“ სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსდა 63 გამაფრთხილებელი და 83 საინფორმაციო ბანერი.
ნატოსა და აშშ-ის მოქმედი თუ ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნების მიმართ სასაყვედურო ნამდვილად არაფერი გვაქვს _ ნატო ყოველი ფეხის ნაბიჯზე ადასტურებს (და მას ფეხდაფეხ მიჰყვება აშშ-ის თეთრი სახლის ადმინისტრაციაც), რომ არ აღიარებს რუსეთს, როგორც დომინანტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამ ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის მიერ ცხინვალთან გაფორმებული ე. წ. სამხედრო შეთანხმება დაგმობილია.
დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ს პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურყევია და აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„შეშფოთებული ვართ რუსეთის სათათბიროს მიერ ე. წ. შეთანხმების რატიფიცირებით, რომელიც რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ინტეგრაციას გულისხმობს“, _ ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ რუსეთის მიერ ცხინვალთან ე. წ. ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შეფასებისას გააკეთა.
იან კელის თქმით, აშშ ამ შეთანხმებას არ აღიარებს და მხარეებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ამ შეთანხმების კანონიერებას და მიგვაჩნია, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ ყველა მხარე უნდა მუშაობდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით,“ _ აცხადებს იან კელი.
საგულისხმო იყო პენტაგონის ყოფილი შეფის გამოსვლაც დავოსში გამართულ მსოფლიო ფორუმზე. ეს ის ფორუმია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატოსთან მიმართებით, მინიმუმ, ორაზროვანი განცხადება გააკეთა. სწორედ აქ, პენტაგონის ყოფილმა მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ნატომ და აშშ-მ უნდა შეიმუშაონ რუსეთთან მოსალოდნელი ომის გეგმა, რომლის განხორციელებასაც დაუყოვნებლივ, საფრთხის რეალურად აღმოცენებისთანავე შეუდგებიან.
აშშ-სა და ნატოს ჰმართებთ, შეიმუშაონ გეგმა რუსეთთან შესაძლო ომის შემთხვევაში, რაც სულაც არაა გამორიცხული“, _ აღნიშნა გამოსვლის დროს ეშტონ კარტერმა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად არა მარტო კიბერშეტევებისთვის, არამედ სამხედრო აგრესიისთვის, „მწვანე კაცუნების“ (ასე შეარქვეს უკრაინაში ყირიმში გამოჩენილ, მწვანედ კომუფლირებულ, სამხედრო ფორმაში ჩაცმულ სამხედრო პირებს, ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომლებიც, სინამდვილეში, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იყვნენ და რომლებიც უკრაინულ ბაზებს ბლოკავდნენ, _ ლ. ბ.) შეჭრისთვის, მაგალითად, ბალტიისპირეთში, სადაც რუსეთს თავის სასარგებლოდ შეუძლია გამოიყენოს ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენლები“.
„რეაქციის სტრატეგია საჭიროა როგორც აშშ-სთვის, ასევე ნატოსთვის“, _ განაცხადა კარტერმა და დაამატა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში დასავლეთი არ მიიჩნევდა რუსეთს სამხედრო მოწინააღმდეგედ, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.
ამ განცხადებას და აშშ-ის თავდაცვის ახალ სტრატეგიაში საგარეო საფრთხეებად რუსეთის დასახელებას მთავარ საფრთხეებს შორის, ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა მოსკოვში. კრემლმა დიპლომატიური და არადიპლომატიური ეპითეტები არ დაიშურა აშშ-ის წინააღმდეგ, ხოლო რამდენიმე დღეში რუსეთის დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიგეგმა და ჩატარდა კიდეც. ორგანიზატორი ალექსანდრე ნავალნი იყო, რომელიც დააკავეს და მასთან ერთად დააკავეს უამრავი აქტივისტი და მშვიდობიანი მოქალაქე. „რუსეთი პუტინის გარეშე!“ _ გაჰყვიროდნენ დემონსტრანტები, თუმცა რომელი დრო უფრო ახლოა: რუსეთი პუტინის გარეშე თუ საქართველოს გაწევრიანება ნატოში _ ეს საკითხი, ჯერ კიდევ, ბურუსითაა მოცული.

ლაშა ბერულავა