ნატა ფერაძე: „ეს ქალაქი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა“

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში, სხვა საკითხებთან ერთად, ურბანული გამწვანების საკითხია განხილული:

„გენგეგმის განახლების პროცესში ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეს საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, თბილისის ურბანიზებულ (ნაშენ) ტერიტორიაზე, ერთ სულ მოსახლეზე, 3 კვ.მ.-ზე ნაკლებია, მაშინ, როცა 1980-იანებში ეს რიცხვი 13 კვ.მ.-ს შეადგენდა (OSCE 2011). საშუალო ნორმატიული მაჩვენებელი ევროპული ქალაქებისთვის ერთ მოსახლეზე 20 კვ.მ. გამწვანების არსებობას ითვალისწინებს.

აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, თბილისის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს ქალაქის მწვანე სივრცეებით დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული გეგმარებითი საქმიანობა. მიმდინარე ეტაპზე, გენერალური გეგმის შესასრულებელ რეალისტურ ნიშნულად მიგვაჩნია ერთ მოსახლეზე, მინიმუმ, 10 კვ.მ. ურბანული საერთო სარგებლობის მწვანე სივრცის დაფიქსირება.

აღნიშნული გადაწყვეტა, სულ მცირე, სამჯერ გაზრდის საერთო სარგებლობის ღია, ურბანული გამწვანებული სივრცეების ფართობს. შედეგად, 2030 წლისთვის, ქალაქი მიიღებს 1327 ჰა საერთო სარგებლობის ურბანულ გამწვანებულ ტერიტორიას, ნაშენი თბილისის ფარგლებში, რომელთაგან პირველადი ზონირების მოდელის მიხედვით არსებული ნაშენი სტრუქტურის შიგნით 490 ჰა განთავსდება… რკინიგზის გადატანის შემთხვევაში გამოთავსუფლებული ტერიტორიის დიდი ნაწილი უნდა დაეთმოს სარეკრეაციო ფუნქციასა და გამწვანებას.

ვერის ხეობაში არსებული „მზიურის პარკი“ ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო სივრცეს წარმოადგენს, აუცილებელია მისი დროული აღდგენა. ლისის, ძველი იპოდრომისა და კუს ტბის ტერიტორიები არ განიხილება ურბანულ ტერიტორიებად. ისინი მოისაზრება ლანდშაფტურ არეალში არსებულ სარეკრეაციო სივრცეებად, რაც მათი სამშენებლო საქმიანობისგან დაცვის დამატებით მექანიზმს წარმოადგენს;

მთავარ პრობლემად რჩება ქალაქის საცხოვრებელი უბნების საფეხმავლო არეალებში მსხვილი რეკრეაციული პარკებით უზრუნველყოფა.

კონცეფციის თანახმად, „თემქის პარკის“ მოწყობით ქალაქის ორ მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი გარემო.

თბილისის ზღვა ახალი ზოოპარკითა და დენდროლოგიური პარკით მნიშვნელოვან სარეკრეაციო კლასტერად ყალიბდება.

კრწანისის პარკი ქალაქის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო რესურსია, თუმცა მისი საქალაქო სივრცეში სრულფასოვანი ჩართვისთვის აუცილებელია მოცემულ არეალამდე მისასვლელი გზების გაუმჯობესება“.

 

ამ თემაზე „ქრონიკა+“ ესაუბრება პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელს _ ნატა ფერაძეს:

_ ქალბატონო ნატა, სად ხედავთ არსებული მდგომარეობის მიზეზებს, როდესაც თბილისში პარკებისა და სკვერების ფართობი, ერთ სულ მოსახლეზე, 3 კვ.მ.-ზე ნაკლებია?

_ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ჩვენმა მთავრობამ და მუნიციპალიტეტებმა მიიჩნიეს, რომ განვითარება ყველგან მშენებლობაა და ამ დამოკიდებულებით ქალაქის სპონტანური განაშენიანება დაიწყო. ამ დროს სარეკრეაციო ზონებს სტატუსი ძალიან მარტივად ეცვლებოდა.

ამას გარდა, საბჭოთა პერიოდში გაშენებული უბნები, ვთქვათ, დიღომი, საბურთალო, რამდენადაც არქიტექტურულად საინტერესო არ იყო, იმდენად ძალიან კარგად გახლდათ დაგეგმილი საკმაოდ დიდი ეზოებით, სარეკრეაციო ზონებით, რომელსაც ასეთი მწვანე ზოლის სტატუსი არც კი ჰქონდა. შედეგად, სადაც კი ეტეოდა, ყველგან იდგმებოდა კორპუსი, ჯიხური და ა. შ. მივიღეთ ის რეალობა, რითაც დღეს დედაქალაქის ყველა მოსახლე წუხდება და ყველა ამჩნევს, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა.

სოციალური ქსელი (მათ შორის, ფეისბუქი) ამ რეალობის შესამოწმებლად ძალიან კარგი არენაა. ადრე უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებში, ევროპაში, ამერიკაში წასულები თუ აღნიშნავდნენ, რომ იქ ძალიან კარგი მაღაზიები, კაფეებია და უფრო მომხმარებლური მიმართულებებით გამოხატავდნენ აღფრთოვანებას, ახლა თითქმის ყველა წერს, რომ იქ ყველგან ბევრი პარკია, თავისუფალი ტროტუარები, სივრცეა, ძალიან უფრთხილდებიან არქიტექტურას და ა. შ.

ანუ ეს მოთხოვნილება გაჩნდა უკვე მოსახლეობაში, მაგრამ ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, დაგვიანებულიც არის, რადგან ქალაქი უკვე ასეთ დღეშია და ძალიან რთულია იმის გამოსწორება, რაც უკვე მივიღეთ.

თუმცა რამდენიმე ქალაქში მსგავსი პრაქტიკა არსებობს, შესაძლებელია, ეს ყველაფერი შეჯერებული იყოს, რაღაც გამოსწორდეს და უკუღმართმა პროცესმა უკან დაიხიოს. არსებობს ასეთი არაჩვეულებრივი პროფესია _ ქალაქგეგმარებელი, რომლის ფუნქციაც თბილისში სრულიად უგულებელყოფილია. ქალაქგეგმარებლის პოზიცია, დამოკიდებულება არასოდეს არის გათვალისწინებული, მათ შორის, მშენებლობების დროსაც.

რაც გენგეგმის ჯგუფმა შექმნა, ესეც სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია, რომელსაც საკითხავია, რამდენად გაითვალისწინებენ? თუმცა საშინელი რიცხვი, რაღაც მილიონობით კვადრატული მეტრი განაშენიანებისა, რაც თბილისს მშენებლობისთვის ნებადართული აქვს, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რა შეიძლება ამით ქალაქს დაემართოს!

ერთადერთი, რაც ახლა გვანუგეშებს, ისაა, რომ ოქტომბერში მერის არჩევნებია და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოვიდეს მერი, რომელიც საღად მიუდგება ქალაქგეგმარებას, პრინციპული მოსაზრება ექნება ქალაქთან მიმართებით და არავისზე დამოკიდებული არ იქნება. ვგულისხმობ პოლიტიკურ გუნდზე, ან ინვესტორებზე, ან, მით უმეტეს, ოლიგარქზე დამოკიდებულებას, რომელიც ქალაქსა და ხალხზე იქნება თავიდან ბოლომდე ორიენტირებული.

ამ შემთხვევაში მე დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს ვემხრობი, რადგან სასწორზე გვიდევს „ქართული ოცნება“, სადაც კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი სურვილი შესრულდება.

მეორე მხარეს დევს „ნაციონალური მოძრაობა“. მგონი, მასზე საუბარიც აქ ზედმეტია. მათაც ლომის წვლილი შეიტანეს ქალაქის გაუბედურებაში.

ძალიან სიმპათიური კანდიდატია ელენე ხოშტარია, თუმცა მისივე გუნდი და გვერდზე გიგი უგულავას ყოლა ჩემთვის საერიოზული არგუმენტია იმისთვის, რომ ეჭვი გამოვთქვა, იმსახურებს თუ არა ჩემს ნდობას.

_ გამწვანების ამ კრიტიკულმა რეალობამ რა შეუძლია მოუტანოს დედაქალაქის მოსახლეობას, მის ყოფას, ჯანმრთელობას?..

_ ეს ყველაფერი არა მარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზეც გვირტყამს. რატომ მოგვწონს პარიზში ან რომში სეირნობა? რადგან იქ არის სივრცე, სილამაზე და ეს გარემო ჩვენზე ყველანაირად აისახება.

სამედიცინო სფეროში დამტკიცებულია, რომ პაციენტი, რომელიც ფანჯრიდან მწვანე სივრცეს ხედავს, უფრო მალე და წარმატებულად ჯანმრთელდება, ვიდრე ის პაციენტი, რომელიც ამ ყველაფერს მოკლებულია.

ასევე სტატისტიკურად ცნობილია, რომ სადაც ბევრად უფრო მწვანე უბანია, იქ კრიმინალიც კი ნაკლებია და მენტალური ჯანმრთელობა უკეთესია. აქ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აღარ მაქვს საუბარი.

ამასთან, დღეს ყველას აქვს საშუალება, ჰქონდეს მანქანა, ეს მანქანები გაიაფებულია, უხარისხოა და რაც უფრო მჭიდრო დასახლებაა, შესაბამისად, მეტი მანქანა გვყავს, მეტი გამონაბოლქვია და ა. შ.

ახლა საწვავი ტყვიას შეიცავს თუ არა, ბოლომდე წესიერად ვერ გავარკვიე. როგორც გავიგე, 2014 წლიდან საწვავში ტყვია აღარ არის, მაგრამ სხვა არაერთი მავნე ნივთიერებაა. მანქანაში გვაქვს ნაწილი, რომელიც აზბესტიანია და აზბესტოზას გამოყოფს, რომელიც პირდაპირ კარცენოგენია. გვეზღუდება შუქის, დღის განათების შემოსვლა, გვეზღუდება ჰაერის შემოსვლა და ა. შ.

ანუ მჭიდრო დასახლება ჩვენ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. გადაადგილებაც გართულებულია. სათანადოდ არ არის გათვალისწინებული საჯარო ტრასპორტი, რაც კიდევ უფრო გვიბიძგებს, რომ მსუბუქი ავტომანქანებით ვიაროთ. ამიტომ გლობალური ერთიანი ხედვა უნდა იყოს, რადგან ეს ყველაფერი ჩვენსა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე აისახება.

_ ბრძანეთ, რომ გენგემის ჯგუფის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. რა რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად?

_ ეს ერთობლიობაში გასაკეთებელია. ბუნებაში არ არსებობს ერთი კონცეფცია, რომელიც ყველაფერს შველის. პარალელურ პროცესში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სატრანსპორტო მდგომარეობის გამოსწორებაა; ეს არის მორატორიუმი მშენებლობებსა და სარეკრეაციო ზონებზე წითელი ზოლების დაწესება; პარკებს აუცილებლად დაცული  სტატუსი უნდა მიენიჭოს, სარეკრეაციო ზონები უნდა აღირიცხოს და სათანადოდ დაცული იყოს.

მშენებლობაზე ძალიან სერიოზული კვლევა უნდა ჩატარდეს, გაცემულ ნებართვებზე და მისთ., რაც ძალიან დიდ სირთულესთან, ასევე დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. ამაზე დედაქალაქის ხელისუფლებამ ქალაქგეგმარებლებთან ერთად ძალიან სერიოზულად უნდა იზრუნოს.

_ ქალაქის ახალმა ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს ამ სფეროში და რატომ ფიქრობთ, რომ ელისაშვილს ძალუძს ამის ხორცშესხმა?

_ ელისაშვილი არის კანდიდატი, რომელიც არც ერთ მის ზემოთ მდგომზე დამოკიდებული არ არის. პირიქით, ის ქვემოდან ადამიანებზე ორიენტირებული პიროვნებაა, რომელიც მოსმენისთვის გახსნილია. იცით, ახლაც კი არ არის დაინტერესებული, რომ ინვესტორები მოიძიოს თავისივე წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად, რადგან თვითონვე ამბობს, რომ თითოეულ ჩადებულ ათას დოლარზე მერე არაერთ ათასდოლარიან სამშენებლო ნებართვას და ა. შ. მოსთხოვენ. მას ეს ძალიან დიდი პლუსი აქვს, რომ იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი.

ასევე ელისაშვილს ძალუძს შემოიკრიბოს ოპტიმალურად განათლებული და კარგი გუნდი, რომელიც შემდეგ რეალურად შეძლებს, რომ ქალაქზე იზრუნოს. ეს მისთვის უმძიმესი ჯვარი იქნება, რის გამოც ჩვენ მას უფრო ვუსამძიმრებთ და მისი თავდადებით აღფრთოვანებული ვართ, რადგან დღევანდელი თბილისის მერობა უმძიმესი ჯვარია, რომელიც პატიოსანმა ადამიანმა უნდა ზიდოს, რადგან ამდენი შეცდომის გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება.

ასევე არ მინდა, მოსახლეობამ იფიქროს, რომ თუ ელისაშვილს მერად აირჩევენ, მარტო მან უნდა გადაწყვიტოს ყველა ეს პრობლემა. ამისთვის მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს ჩვეულებრივი მოსახლეობის, პროფესიონალების მხრიდან და ქალაქის მერი სულ დიალოგის რეჟიმში უნდა გვყავდეს. კალაძე თუ იქნება, ეს კარი, უბრალოდ, დაკეტილი იქნება, ის არ მოისმენს; ხოლო ალეკო ელისაშვილი ამ ყველაფერს მოისმენს, რაც მისი ძალიან დიდი პლუსია.

 

გელა მამულაშვილი