ნარინე გინოსიანი: „ენზელ მკოიანმა პირადი ურთიერთობა შემომთავაზა, უარის მერე განადგურებით დამემუქრა“

კარგა ხანია, ქართული პოლიტიკა ადგილობრივი ფეოდალების ირგვლივ ტრიალებს. საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარები უმეტესად მდუმარე პოზიციაზე არიან, პერიოდულად კი როცა ეს ხელისუფლებას სჭირდება ჯანყდებიან , მაგრამ პასუხად დაწინაურებას და საპარლამენტო თანამდებობებს იღებენ. სამაგიეროდ, ყველა ხელისუფლება სწორედ მათ ხარჯზე ინარჩუნებს უმრავლესობას და ისინიც სამაჟორიტარო ოლქს საფეოდალო სამთავროდ აქცევენ .

ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა, სამცხე-ჯავახეთშია. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი, 2012-2020 წლებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, 2008-2012 წლებში _ „ნაციონალური მოძრაობა”იყო, 1999 წელს კი სამთავრობო ბლოკი, ანუ ყველა მმართველი პარტია სიამოვნებით იღებს მის პორტირებას.
ბოლო დროს მკოიანი ისე გათავხედდა, საკუთარ რეგიონში იარაღის ტრიალსაც არ ერიდება, მთელი მხარე დატერორებული ჰყავს და თუ ვინმე წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს, მათ სასტიკად უსწორდება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მკოიანი, რომელსაც განათლება სომხეთში აქვს მიღებული და ეროვნებითაც სომეხია, სომხეთის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურის ნომრიანი აგენტია და რეგიონში სწორედ რუსულ-სომხურ ინტერესებს ატარებს. კულუარებში მის დანაშაულებრივ და მაფიოზურ ქმედებებზე ბევრი საუბრობს, თუმცა მედიასთან საჯარო ურთიერთობას ყველა ერიდება.
ერთადერთი გამონაკლისი ქალთა ორგანიზაცია „პაროსის“ თავმჯდომარე ნარინე გინოსიანი აღმოჩნდა, რომელმაც გადაწყვიტა, საჯაროდ ისაუბროს დეპუტატ მკოიანის ძალადობრივ ქმედებებზე. ის სწორედ მისი დანაშაულებრივი ანგარიშსწორების მსხვერპლია:

– ნარინე, მოგვიყევით თქვენზე, თქვენს რეგიონზე, პრობლემებზე და ენზელ მკოიანის დანაშაულებრივ ქმედებებზე.
_ მე ვარ ნარინე გინოსიანი, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინოწმინდაში, ვიყავი ბაღების გაერთიანების მენეჯერი, ახლა დროებით შეჩერებული მაქვს უფლებამოსილება და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედე და ფეოდალ მკოიანს პირად ურთიერთობაზე უარი ვუთხარი.
ზოგადად, ჩვენს რეგიონშიც ის პრობლემებია, რაც მთელ საქართველოში და მსოფლიოში. მაგრამ ჩვენთან უფრო ცუდად არის მდგომარეობა დეპუტატ ენზელ მკოიანის გამო, რადგან ჩვენი დეპუტატი ფეოდალია. აქ ყველა რესურსი – გაზი, ტენდერები, გზები, _ მის ხელშია. საკუთარი ბიზნესის დაწყება კანონმდებლობით შეგიძლია, მაგრამ ენზელ მკოიანის გარეშე წინ ვერ წახვალ და სამუშაოს ვერ იშოვი, მაშინვე დაიბლოკები.
– რატომ აძლევს ხელისუფლება ენზელ მკოიანს ამდენის უფლებას, მხოლოდ იმიტომ, რომ საარჩევნოდ სჭირდება, თუ იმიტომ, რომ მას სხვა გავლენებიც აქვს რეგიონზე?
– არ ვიცი, რატომ, ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე როგორც ლიდერს, ასეთი გავლენა აღარ აქვს, მაგრამ თავისი ფულით და ნაცნობობით მაინც ახერხებს რეგიონის დატერორებას. ეს ნაცნობობა მხოლოდ რეგიონში კი არა, ზემოთაც ვრცელდება _ შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების მეშვეობით, მათი დახმარებით აქვს გავლენა და მისი ყველგან ეშინიათ.
– შესაბამის სტრუქტურებში რას გულისხმობთ?
– როგორც კი ჩემს საქმეზე დაიწყო პროცესი, გავიგე, რომ ნებისმიერ სტრუქტურაში, როგორც რეგიონულში, ასევე ცენტრალურში, თავისი წარმომადგენლები ჰყავს, ვინც მისი ზეგავლენის ქვეშ არიან. მე ასე ვგრძნობ და ასე ვფიქრობ.
ჩემი საქმე წინ არ მიდის, ყურადღებას არავინ მაქცევს, ამიტომ მგონია, რომ ეს მისი ზეგავლენის დამსახურებაა.
-შენი საქმე რა არის ?
-ჩემი ამბავი დაიწყო 2014-2015 წლებიდან: ენზელმა ურთიერთობა შემომთავაზა, ვიმეგობროთო… უფრო ახლოს რომ ვიყოთ, ჩემი შეყვარებული იყავიო, _ ეს ჩემი მეგობრის მეშვეობით შემომითვალა.
– პირადი ურთიერთობები შემოგთავაზათ?
– კი, კი… თავიდან ჩემი მეგობრის მეშვეობით შემომთავაზა. ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს, რადგან მე ბაღების მენეჯერი ვიყავი 20 წელი. მაგრამ ასეთი შეთავაზებისთვის ასე ახლოს არ ვყოფილვარ, ჩვეულებრივად დავდიოდი საერთო შეხვედრებზე. ჩემს მეგობარს, თავისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მასთან კავშირები ჰქონდა და მისი მეშვეობით შემომთავაზა პირადი ურთიერთობა. უარი ვუთხარი! მე ოჯახის ქალი ვარ, ჩემი სახელი მაქვს აქ. ეს ჩემი და ჩემი ოჯახის პირადი შეურაცხყოფა იყო. მერე უკვე თვითონ იპოვა ჩემი ტელეფონის ნომერი და დაიწყო რეკვა, ჩემი მოსყიდვა გადაწყვიტა, საფრანგეთში წასვლა და ფული შემომთავაზა, მანქანის შეცვლა, ბინის რემონტი და სხვადასხვა ბევრი ასეთი ზარი იყო. როგორც მახსოვს, ხუთი-ექვსჯერ დამირეკა და უარს რომ იღებდა, მემუქრებოდა: გაგანადგურებ, ისე გავაკეთებ, რომ რეგიონს დაგატოვებინებ, გაგამასხარავებ და შეგარცხვენო. ამ მუქარების შემდეგ ჩემი პასუხი ყოველთვის იყო, _ არა! მაგრამ ვინც ენზელს უპირისპირდება, ყველას ანადგურებს, ისეთ პირობებს უქმნის, სამსახურიდან უშვებს. მე ვუთხარი, _ შეგიძლია, საბავშვო ბაღიდან გამიშვა, დავტოვებ ჩემს სამსახურს, ამის პრობლემა არ მაქვს-მეთქი. არადა, ეს საბავშვო ბაღი ჩემი შექმნილია გაეროს პროგრამით, მერე გადავიდა სახელმწიფო დაფინანსებაზე..
– ნარინე, მკოიანის მუქარები რამდენ ხანს გრძელდებოდა?
– დაახლოებით, 3-4 წელი. ბოლოს, მგონი, დეკემბერში _ ყველა ა(ა)იპის მენეჯერსა და დეპუტატს შორის შეხვედრაზე ვიყავი. დასრულდა და წავედი, მაგრამ მომძებნეს და მითხრეს, რომ ბატონი ენზელი თავის კაბინეტში გეპატიჟებაო. ჩვეულებრივად მივედი. მან კიდევ დაიწყო ანალოგიური შეთავაზებები, მერე მუქარაზე გადავიდა. უარი ვუთხარი. მე ფრთხილად ვიყავი, ჩემკენ რომ გამოიწია, სწრაფად გამოვიქეცი.ამის შემდეგ ზარები აღარ ყოფილა, 2016 წლის დეკემბერში მორჩა. მაგრამ უკვე 2017 წლიდან ისევ დაიწყო, _ სტრუქტურები მეპატიჟებოდნენ საკრებულოსა და გამგეობაში, საბავშვო ბაღის დოკუმენტებს მთხოვდნენ. მე ვპასუხობდი, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება, ასე უბრალოდ მთხოვოთ, ეს ისეთი დოკუმენტებია, ამის შემოწმება მხოლოდ აუდიტს შეუძლია, სხვას არა-მეთქი.
– ფიქრობთ, რომ ეს ენზელ მკოიანის ორგანიზებული კამპანია იყო?
– დიახ, ასე მგონია, რადგან მანამდე მსგავსი არაფერი ყოფილა, არც მერიასა და არც საკრებულოს არ ჰქონდათ უფლება, ასეთი დოკუმენტის შემოწმება მოეთხოვათ. მარტო აუდიტს აქვს უფლება, ფინანსური დოკუმენტი შეამოწმოს. სულ ვეუბნებოდი, _ წერილობით მომთხოვეთ ეს დოკუმენტები და მაშინ მოგცემთ-მეთქი. იცოდნენ, რომ უფლება არ ჰქონდათ და ბევრჯერ გაბრუნდნენ უკან… ბოლოს, 2018 წელი რომ დაიწყო, კიდევ შემომთავაზეს მერიის მეშვეობით. იგივე ვუპასუხე, _ რისი ნახვის უფლებაც გეკუთვნით, ის საბუთი უკვე გაქვთ, რაც არ არის მოთხოვნილი და არ არის აუცილებელი, გამოაგზავნეთ აუდიტი-მეთქი! საკრებულოს თავმჯდომარემ მიპასუხა, _ არ გეშინია და გინდა აუდიტიო? _ კი, რატომაც არა-მეთქი! აუდიტი ყოველთვის ივნისში მოდიოდა, ჩვენ ეს საუბარი გვქონდა მარტში და ორი-სამი კვირის შემდეგ გამომიგზავნეს აუდიტი, რომლის შემოწმების დრო ჯერ არ იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მკოიანის გაკეთებულია, რადგან ახლა ჩემზე დაიწყეს გამოძიება.
– აუდიტის შემოწმების შემდეგ დაიწყეს გამოძიება?
– დიახ.
– ვინ დაიწყო გამოძიება, პროკურატურამ თუ უშიშროებამ?
– პროკურატურამ, მაგრამ ყურადღება გაამახვილა იმ პუნქტზე, რაც ჩვეულებრივი ამბავია და ყველგან ხდება, _ საკრებულოშიც, მერიაშიც და ყველა სტრუქტურაში, სკოლებშიც და ბაღებშიც: ერთი თანამშრომელი თუ არ მუშაობს, მის ნაცვლად ვინც მუშაობს და მას ცვლის, იგი იღებს შესაბამის ხელფასს. ეს კონტრაქტშიც მიწერია. რა თქმა უნდა, ყველა კონტრაქტი მაქვს და ეს პუნქტი ყველგან გაწერილია.
– მიღებული წესია და ამაში უკანონო არაფერია.
– დიახ. გამოძიება სწორედ ამაზე დაიწყეს _ ვითომ მე სხვების ნაცვლად ეს თანხა მივითვისე და ჩემს ახლობლებს მივეცი. გამოძიება დაიწყო მხოლოდ ოთხი ადამიანზე: – ჩემზე, ჩემს ბუღალტერსა და ჩემს მეგობრებზე. დანარჩენი 10 თანამშრომელი გამოძიების გარეშე დარჩა. ვინც იღებს ხელფასებს იმაზე მეტს ან იმაზე ნაკლებს, ვიდრე განრიგშია, ისინი ცალკე დატოვეს. ენზელ მკოიანი ნამდვილი ფეოდალია, ის მართავს აქ ყველა უწყებას, მერიას, საკრებულოს, ფინანსურ პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოს.
– ნარინე, რატომ შეეშინდა თქვენი ასე ენზელ მკოიანს, იმიტომ, რომ უარი უთხარით ურთიერთობაზე, თუ გარკვეული ინფორმაციის მატარებელიც ხართ მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც, ჯერჯერობით, აფიშირებული არ არის?
– მე ის ვიცი, რაც სხვებმა. ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ჩემგან უარი მიიღო პირად ურთიერთობაზე. ჩვენთან, იცით, როგორ არის? ეს, უბრალოდ, უარი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ა(ა)იპის მენეჯერი მისი ზეგავლენის ქვეშ არ არის. მე კი დამოუკიდებელი ვიყავი, საბავშვო ბაღი დავაფუძნე, თვითონ ვირჩევდი თანამშრომლებს, _ ვინც გასაუბრებით მომეწონებოდა, ის ამყავდა სამსახურში. კი ბატონო, ბევრი მირეკავდა, თვითონ ენზელი არა, მაგრამ მისგან მოდიოდნენ და აქტივისტების სამსახურში მიღებას მთავაზობდნენ. მე უარს ვამბობდი, ყოველთვის არა, თუ მომეწონებოდა, რა თქმა უნდა, მუშაობდნენ, მაგრამ თუ არ ვარგოდნენ, უარს იღებდნენ. ყველამ იცოდა, რომ დამოუკიდებელი ვიყავი და მერიასა და საკრებულოში სულ ცდილობდნენ, ისეთი რამე გაეკეთებინათ, რომ მათი გავლენის ქვეშ ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ვერ მოახერხეს. ჩვენ ახალგაზრდული ცენტრი გვაქვს, ბევრი ახალგაზრდა მუშაობს და ძალიან აქტიურები ვართ.
– ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გარკვეული გავლენა გაქვთ იმ რაიონში, სადაც ცხოვრობთ და ენზელ მკოიანს ეს იმისთვის სჭირდება, რომ საკუთარი საარჩევნო რესურსებისთვის გამოგიყენოთ?
– ეს ზეწოლა მარტო ჩემზე არ იყო, ჩემს თანამშრომლებსაც შესთავაზეს, მაგრამ მათგანაც უარი მიიღეს, რადგან დამოუკიდებლები ვართ და არაფერს ცუდს არ ვაკეთებთ.
– რამდენი ხანია, რაც გამოძიება დაიწყო?
– შარშან მაისიდან და აგვისტოში უკვე პირველი სასამართლო იყო.
– ამ ხნის განმავლობაში რამდენი პროცესი გაიმართა?
– 12 თუ 15 პროცესი იყო, მოწმეები დაკითხეს, როგორ გავცემ ხელფასებს, თანხებს, პასუხები კი სულ ჩემ სასარგებლოდ არის, რადგან ყველაფერს კანონით ვაკეთებდი.
– და ეს სასამართლო პროცესი ერთი წლის განმავლობაში არ დასრულდა?
– საინტერესო ის არის, რომ 88 მოწმე წარადგინეს, ფინანსური მენეჯერები როგორც მოწმე, ისე იყვნენ, დანარჩენი კი თანამშრომლები არიან. რა უნდა ილაპარაკოს თანამშრომელმა, როგორც მოწმემ, ხელფასების შესახებ, ეს უკვე არ ვიცი.
– ნარინე, ამ პერიოდში, რაც სასამართლო სხდომები მიმდინარეობდა, მკოიანის მხრიდან ისევ გრძელდებოდა შეთავაზებები თანამშრომლობაზე? ან მერიისა და საკრებულოს მხრიდან ზეწოლა ხომ არ ყოფილა?
– არა, არა… საკრებულოსა და მერის მხრიდან იყო თავიდან. როცა თბილისში ვიყავი, საკრებულოს თავმჯდომარემ კრება მოიწვია და პირდაპირ, ადგილობრივი ტელევიზიიდან გააჟღერა, რომ მე რაღაც თანხები მივითვისე და დამნაშავე ვარ. იცოდა, თბილისში ვიყავი და ეს განცხადება აუდიტის დასკვნის გარეშე გააკეთა. როცა თბილისიდან ჩამოვედი, საკრებულოს თავმჯდომარეს ველაპარაკე, _ ეს რატომ გააკეთეთ, ჯერ საბუთი და დოკუმენტი არ არსებობდა, რომ დამნაშავე ვიყავი-მეთქი. ამ ჩხუბის შემდეგ ერთ კვირაში მერმა მიმიწვია, ეს იყო პარასკევს 5 საათზე და მითხრა: ისეთი დოკუმენტები გვაქვს, საბუთები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და არ მინდა, უსიამოვნება შეგემთხვეს, დაწერეთ განცხადება ორშაბათამდე და სამსახურიდან წადიო. მე ვუპასუხე, რომ ჩემთვის წასვლა პრობლემა არ არის, საბავშვო ბაღი მე დავაფუძნე და სხვა რაღაცაც შემიძლია გავაკეთო, მაგრამ საბუთი მჭირდება, ჯერ აუდიტის დასკვნა გაკეთდეს, მერე ვნახავთ, როგორ წავალ, ჩუმად წავალ, თუ რას გავაკეთებ-მეთქი. ვუთხარი, რომ ვიცი, ეს საიდანაც მოდის, ვიცი, რომ თქვენ დამნაშავე არ ხართ, ეს პირდაპირ ენზელის ბრძანებაა და თან ავუხსენი, რომ ასეთი სიტუაციაა, შემოთავაზებაა მისგან და პირადი ინტერესი ჰქონდა-მეთქი. თვითონ მერსაც გაუკვირდა, – ასე იყო საქმეო?! _ კი, ასე იყო, ვიცი, რატომ დაიწყეთ და ვიცი, რატომ გააკეთეთ-მეთქი.
– განცხადება არ დაწერეთ?
– განცხადება არ დამიწერია. ვიცოდი, რომ დამნაშავე არ ვიყავი, ფინანსებს მე ვაკეთებდი, ძალიან კარგად ვფლობ კანონებს და შესანიშნავად ვიცოდი, რას და როგორ ვაკეთებდი.
– სამსახურიდან გაგათავისუფლეს?
– არა, უფლება არ ჰქონდათ. მხოლოდ სასამართლომ უფლებამოსილება შემიჩერა. ვითომ მოწმეებზე გავლენა არ მქონოდა, მაგრამ სასაცილოა, მე მოწმეებზე რა გავლენა უნდა მქონოდა? მაგრამ მგონი, ენზელს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ჩემი განთავისუფლება მოინდომა და გამათავისუფლა… მართალია, ეს დროებითია, მაგრამ ამით მისი ძალის დემონსტრირება უნდოდა.
– თუ არ დასთანხმდებით ენზელის წინადადებას, ელოდებით თუ არა, რომ შესაძლებელია, დაგაკავონ და ციხეშიც მოგიწიოთ წასვლა?
– რა თქმა უნდა. მე ძალიან ფრთხილი ვიყავი, ვიცი კანონები, თვითონ ვაკეთებდი ყველაფერს, როცა მჭირდებოდა, თბილისში ვრეკავდი. ისინი მეუბნებოდნენ, მიდით თქვენთან მერიაში, გამგეობაში და გაარკვიეთ, იქ არიან სპეციალისტებიო. მაგრამ არავინ მეხმარებოდა. თვითონ ვაკეთებდი და ასე ზარების მეშვეობით თბილისიდან მეხმარებოდნენ.
– სხვა ადამიანებიც თუ არიან, ვინც ასევე განიცდის ენზელ მკოიანის ზეწოლას?
– ძალიან ბევრი ვიცი, ძალიან ბევრი, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ეშინია და არავინ ამაზე არ ლაპარაკობს… თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რა და როგორ ხდება, რეგიონში რამდენი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა, რამდენი გაანადგურა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. სამწუხაროდ, ყველა დუმს. თან შენიშვნა მივიღე: როგორ შეიძლება, სომეხი ქალი ხარ, ასეთი კაცისგან წინადადება მიიიღე და მის წინააღმდეგ წახვედი, ჩუმად უნდა იყოო.
– თუმცა ჩუმად ყოფნას არ აპირებთ.
– არანაირად! ვიცი, ვინც ვარ, ჩემი მეუღლეც მხარს მიჭერს, ძალიან კარგად იცის, ვინ ვარ. ძალიან ბევრისგან მივიღე თანადგომა, ბევრი მხარდამჭერი მესიჯიც მაქვს საზოგადოებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ხმამაღლა ლაპარაკს ვერავინ ბედავს.
ფინანსური პოლიციიდან ჩემს მოწმეზე ენზელის მხრიდან ზეწოლა იყო, მანამდეც არ მეშინოდა. ჩანაწერიც მაქვს ერთ-ერთ მოწმეზე, ენზელმა რა გავლენა მოახდინა ამ ახალგაზრდა ბიჭზე, თვითონ დაველაპარაკე და ფინანსური პოლიციის მუქარა ტელეფონში ჩაწერილი მაქვს, უბრალოდ, ჯერ ამის გამოყენება არ მინდა, რათა მოწმეს პრობლემა არ შეექმნას, ოჯახი ჰყავს, სამსახური აქვს და მასაც აუცილებლად გაუსწორდებიან. როგორც კი მისი თანხმობა მექნება, ამ ჩანაწერს თქვენ გადმოგცემთ და თავად დარწმუნდებით, რასთან გვაქვს საქმე და რა საშიში ადამიანია ფეოდალი მკოიანი. ასევე დამიკავშირდა ნინოწმინდის გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ელექტრონულ ფოსტაზე გამომიგზავნა მასალები, თუ როგორ აიძულებენ ენზელ მკოიანის დავალებით საჯარო მოხელეებს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ჩემი მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებას, უარის შემთხვევაში კი სამსახურიდან განთავისუფლებით ემუქრებიან.
უკან დახევას არც ვფიქრობ, რეგიონში ქალთა ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ, სხვისი უფლებები უნდა დავიცვა და ჩემი უფლებების დაცვასაც საჯაროდ ვაპირებ. იმედი მაქვს, სხვა ადამიანებიც გამოჩნდებიან, რომლებიც საჯაროდ ამხელენ ნინოწმინდის ფეოდალს.

ელისო კილაძე