ნათესავებზე გაფორმებული საძოვრები სოფელ მუღანლოში და ნასამართლევი რწმუნებული

რამდენიმე დღის წინათ „ქრონიკა+“-ს დახმარებისთვის სართიჭალაში, სოფელ მუღანლოში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიმართეს. ჩვენი ადგილზე ჩასვლისას სოფელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები საძოვრების გასხვისებას აპროტესტებდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ადგილზე არავინ მისულა და შესაბამისად მათთან გასაუბრებაც არავის უცდია. მოქალაქეებმა სოფელში არსებულ კორუფციულ სქემებზე ინფორმაცია მოგვაწოდეს. მათი განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი სართიჭალაში, მთავარი სპეციალისტი, ამირხან გუსეინოვი, სოფლის რწმუნებულის, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრის, ივანე ბიძინაშვილის დახმარებით ამავე სოფლის საძოვრებს საკუთარ ნათესავებზე აფორმებს. ეს ის ბიძინაშვილია, რომელიც 2004 წელს სართიჭალის გამგებელი იყო, ამავე სოფლის წყლის მილებს ყრიდა და უკანონოდ ყიდდა, რაშიც გარკვეული სახის ფინანსურ სარგებელს იღებდა. მაშინდელმა უშიშროებამ აღნიშნული დანაშაულის გამო ბიძინაშვილი დააპატიმრა. მიუხედავად ამ მძიმე ბრალდებისა, „ქართულმა ოცნებამ“ მისი კანდიდატურა არჩევნების შემდეგ წამოწია და სახელმწიფო ქონების უკანონოდ გასხვისებაში ბრალდებული ივანე ბიძინაშვილი სოფლის რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშნა. როგორც ჩანს, ბიძინაშვილმა მავნე ჩვევა ვერ მოიცილა და ამჯერად  ფულის შოვნის სხვა მარტივი გზები მოიძია.

მუღანლოს მცხოვრებლები საძოვრების გასხვისებას საჯარო მოხელის, მთავარი სპეციალისტის, ამირჰან გუსეინოვის ნათესავებზე დოკუმენტებით ადასტურებენ. კერძოდ, ჩვენ ხელთ გვაქვს გუსეინოვის სიმამრისთვის, ნიზამი იოლჩიევისთვის  მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული 3500.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, ძმისთვის _ სურათ გუსეინოვისთვის, მიღება- ჩაბარების აქტით გადაცემული 3500.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და ბაბუისთვის _ ბაქირ კურბანოვისთვის, ასევე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული 3105.00 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი. მოქალაქეების მტკიცებით, აღნიშნული მიწები საძოვრებია, შესაბამისად, მათი გასხვისება კანონით აკრძალულია.

გარდა ამისა, სოფელში შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს მეურნეობა წარმოადგენს, ზოგისთვის ერთადერთსაც,  მათ სჭირდებათ საძოვრები საქონელისთვის, რომელიც თითქმის აღარ აქვთ და საქონელიც მშიერი რჩებათ, ამის გამო სოფელი მცხოვრებლებისგან ყოველდღიურად ცარიელდება. მათი თქმით, კონკრეტულმა პირებმა ექსპერიმენტიც ჩაატარეს და საჯარო რეესტრს საძოვრების პრივატიზაციის  მოთხოვნით მიმართეს, რაზედაც, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ტერიტორია საძოვრების ტიპისაა და მათი გასხვისება არ შეიძლება.

ჩნდება კითხვა, _ რატომ აქვთ მთავარი სპეციალისტის ნათესავებს საძოვრების პრივატიზაციის უფლება და რატომ არ აქვთ ეს უფლება ჩვეულებრივ მცხოვრებლებს?

სოფელ მუღანლოს მცხოვრებმა ნარიმან ნაჯიროვმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მას რწმუნებული ბიძინაშვილი კუთვნილი 200 კვ.მ. ფართობის მიწის დაკანონებაზეც კი უარს ეუბნება, სადაც წლებია. აშენებული აქვს საპირფარეშო და აბანო, სამაგიეროდ, მის რჩეულს და ნდობით აღჭურვილ პირს, ამირხან გუსეინოვს, ყველა ნება-სურვილს უსრულებს, მაგრამ რის სანაცვლოდ, ეს არ იცის.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად და უკანონობის აღმოსაფხვრელად ამა წლის 11 მაისს, როგორც მთავარ პროკურატურას, ისე რუსთავის პროკურატურას სარჩელით მიმართეს. განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველის ოაპარატსაც. პროკურატურა აღნიშნული ფაქტით არც კი დაინტერესებულა, რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატს, დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვეს, თუმცა, რეალურად, არც ისინი დაინტერესებულან საქმის მასალებით.

ამ თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-მა სართიჭალის რწმუნებულს, ივანე ბიძინაშვილსა და მთავარ სპეციალისტს, ამირჰან გუსეინოვს კომენტარისთვის მიაკითხა. გუსეინოვმა საკმაოდ გულახდილად გვიპასუხა. მან ნიზამი ოლჩიევთან, სურათ გუსეინოვთან და ბაქირ კურბანოვთან არსებული ნათესაური კავშირი დაგვიდასტურა, თუმცა მიწების გადაფორმებასთან რაიმე სახის კავშირი უარყო. ვერც ის აგვიხსნა, თუ რატომ შუამდგომლობს მის ნათესავებს სართიჭალის რწმუნებული ივანე ბიძინაშვილი საძოვრების გაფორმების საკითხში და რატომ არ შუამდგომლობს სხვა მოქალაქეებს?! გუსეინოვის თქმით, აღნიშნულ თემაზე პროკურატურიდან მას არავინ დაკავშირებია და, შესაბამისად, სოფლის მცხოვრებლების მიერ დაწერილ საჩივარზეც არაფერი იცის და ამ ამბის შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო. საკმაოდ საეჭვოდ მომეჩვენა გუსეინოვის მხრიდან იმ პირების დასახელების მოთხოვნა, რომლებმაც ჩვენ დახმარების თხოვნით მოგვმართეს, სწორდ ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გამეფრთხილებინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს სახელმწიფოსთან რაიმე სახის პრობლემა შეექმნებოდა, პირადად ვიზრუნებდი იმაზე, რომ მას ვერასდროს ვეღარ ემუშავა საჯარო სამსახურში.

ამირჰანმა გვითხრა, რომ მთავარ სპეციალისტად სამი წელია, რაც მუშაობს. კითხვაზე, თუ რა დამსახურებით მიიღო მან აღნიშნული თანამდებობა, ასევე გულახდილად გვიპასუხა და გვითხრა, რომ ეს სამუშაო მან პარტიული დამსახურებისთვის მიიღო, კონკრეტულად კი იმ სამსახურისთვის, რაც მან საარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნებისთვის“ გაწია.

რაც შეეხება რწმუნებულს, ჩვენ მასთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ. ნაცვლად იმისა, რომ შეგვხვედროდა და კონკრეტულ კითხვებსა და ხალხის პრობლემებზე ჩვენთვის ამომწურავი პასუხები გაეცა, ბიძინაშვილმა დამალვა არჩია… ამის თქმის საფუძველს კი ის ფაქტი გვაძლევს, რომ ადგილზე ჩვენი მისვლისას თანამშრომლებმა განგვიცხადეს, _  ბიძინაშვილს კაბინეტში მოქალაქე ჰყავდა და „ქრონიკა+“-თან გასაუბრებას მაშინ შეძლებდა, როგორც კი ამ მოქალაქის პრობლემის გაცნობას დაასრულებდა. რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ განგვიცხადეს, რომ ბიძინაშვილს, მოულოდნელად, გარდაბანში  წასვლა მოუწია და, შესაბამისად, აღნიშნულ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებდა. რამდენიმე ცდის მიუხედავად, რწმუნებულმა სატელეფონო კომენტარზეც უარი განაცხადა.

მარიამ ბაშარული