„მოქკავშირიდან“ _ „ნაცებში“, „ნაცებიდან“ _ „ქოცებში“…

საქართველო ტრადიციების მოყვარული ქვეყანაა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ტრადიციები ძველია თუ ახალი. მთავარია, ტრადიცია წინა თაობებიდან, ან წინამორბედიდან მოდიოდეს. ტრადიციები ეხება ხან სუფრას და სადღეგრძელოს, ხანაც _ პოლიტიკურ ქმედებებს, მაგალითად, კანონების საკუთარ თავზე მორგებას. ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციაა, რომლის დაცვაზეც ყოველთვის ხელისუფლებაში მყოფი პარტია ზრუნავს.

კანონიცაა და კანონიც. განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამთავრობო პარტიები კონსტიტუციის შეცვლასა და მის საკუთარ ტანზე მორგების ტრადიციას ანიჭებენ.

მაგალითად, 2003 წლამდე ქართული ოპოზიცია ერთხმად აცხადებდა, რომ შევარდნაძე კონსტიტუციას კოსტიუმივით იცვამსო, ქვეყნის მთავარი კანონი ბაბუზეა მორგებული და ყველაფერი მისი ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურებაო.

რევოლუციის, კერძოდ, 2006 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ქართველმა ერმა აღმოაჩინა, რომ, თურმე, „სად ვბანაობთ“, _ ვის დაკარგვია შევარდნაძე, როცა სააკაშვილის საკონსტიტუციო მადამ მთელი ძალაუფლება გადასანსლა?..

წინა ხელისუფლების მიერ გაუპატიურებულ კონსტიტუციაში, ერთი შეხედვით, საკუთარ თავზე მოსარგები აღარაფერი დარჩა, მაგრამ მთავარია მონდომება და როგორც იტყვიან, „კონსტიტუცია“ ორი ხელით იჭმევაო.

ძალაუფლების დეფიციტი არ იგრძნობა, მაგრამ პერსონალური წყენები ზოგიერთს დღემდე მოსვენებას არ აძლევს. კონსტიტუციაში კულუარული მმართველობის ლეგალიზება არ გამოვა, მაგრამ ლეგალიზებულის ჩამორთმევა რა პრობლემაა?

ბიძინა აღრენილია მარგველაშვილზე და ამიტომ პრეზიდენტი ხალხმა აღარ უნდა აირჩიოს. პირდაპირ პარლამენტმა უნდა დანიშნოს. თითქოსდა, რა უშავს? საპარლამენტო მოდელებში ხომ ასეა?

თუმცა, აი, რა უშავს:

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება მოსპობს ხელისუფლების იმ ერთადერთ ინსტიტუტს, რომელიც, ჯერ კიდევ, არ არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში. ქვეყანაში აღარ იარსებებს სახელისუფლებო შტო, რომელსაც განსხვავებული აზრი ექნება.

პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი თუ შეიცვალა, 2018 წელს პრეზიდენტის დანიშვნა დღევანდელ პარლამენტს მოუწევს. შედეგად კი მივიღებთ, რომ პრეზიდენტს, რომელსაც დღეს 50%-ზე მეტი ამომრჩევლით ვირჩევთ, დანიშნავს პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც პარლამენტში ამომრჩეველთა მხოლოდ 48%-ით შევიდა.

ცოტა კომიკურად კი ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმების შემდეგ საქართველოში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა თბილისის მერი იქნება. მას ყველაზე მეტი მოქალაქე, მილიონიანი დედაქალაქის ამომრჩევლი აირჩევს. წარმოიდგინეთ, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკოსი ქვეყანაში დავით ნარმანია რომ იქნება.

დანიშნული პრეზიდენტის პირობებში, საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესიც. თუ მეოცნებეებსა და მათ უფროსს კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა უნდათ, მაშინ, ასეთი რესპუბლიკა უნდა უნდოდეთ ყველა დონეზე და ხელისუფლების ყველა შტოსთან მიმართებით. _ პრეზიდენტი დანიშნული მინდა, ხოლო მერი _ არჩეული, არ გამოდის.

კლასიკურ საპარლამენტო ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტი პარლამენტის მიერ ინიშნება, მერებსა და გამგებლებს საკრებულოები ნიშნავენ. საპარლამენტო მოდელის დედააზრიც ესაა. ქვეყანაში ლეგიტიმაციის ყველაზე მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ორგანოს და არავინ უნდა იდგეს პარლამენტზე, ხოლო მუნიციპალურ დონეზე _ საკრებულოზე მაღლა.

ბუნებრივად მივდივართ ლეგიტიმურ კითხვამდე: არის თუ არა ქართველი ერი მზად, ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მონაპოვარს, მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესს, შეელიოს?!! ალბათ, უფრო, _ არა.

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო კომისიისთვის სამუშაო ვადა ოთხი თვით განსაზღვრა. უპრეცედენტოდ მცირე დროა. აქედან ერთი თვე უკვე გავიდა. სამუშაო პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მხოლოდ მოსაზრებებისა და პოზიციების გაჟღერების ეტაპია. სამაგიეროდ, ბევრს აქვს ეჭვი და, არცთუ უსაფუძვლო, რომ „ქოცებს“ უკვე მზად აქვთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის „გასაპრავებლადაც“ შექმნეს ეს კომისია. ამ ეჭვებს თავად მეოცნებეები ამყარებენ. უკვე ღიად აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი გადასახედია.

რა დასამალია და ქუთაისიდან პარლამენტი თბილისშია გადმოსატანი.

სულ რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ბლოკებისა და კოალიციების საერთოდ გაუქმებას აპირებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას, რომელმაც წინა ხელისუფლება კოალიციური გაერთიანებით დაამარცხა, ახლა სხვისი კოალიციების შექმა უხეთქავს გულს.

ყველა ამ არაპოპულარული ცვლილების გადასაფარად კი კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრება ჩაიწერება. ანუ თუ ვინმეს რომელიმე ცვლილება არ მოგწონთ, შეეცადეთ, ქალისა და მამაკაცის ჩანაწერზე იფიქროთ და ნერვიც არ აგეშლებათ. საოცნებო ქართული ტელევიზიებიც არ დაიშურებენ ძალისხმევას და თავის საეთერო დროს მხოლოდ საოცნებო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარს დაუთმობენ.

ვერ ავუვლით გვერდს ისეთ საკონსტიტუციო პროექტებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ჭირივით ეჯავრება, მაგრამ კომისიის სხვა წევრები თავისას მაინც არ იშლიან. ერთ-ერთი ასეთი პრიციპული თემა საარჩევნო სისტემის ცვლილებაა. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ამ ცვლილების მთავარი მოთხოვნაა.

როგორი ობიექტურობის გართულებაც არ უნდა გქონდეს კაცს, ძალიან ძნელია დღევანდელ საარჩევნო სისტემაში პოზიტივის მოძებნა, განსაკუთრებით ბოლო ორი საყოველთაო არჩევნების შემდეგ.

ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისში, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა მხოლოდ 44% მიიღო, მაგრამ თბილისის საკრებულოში პარტიამ, თითქმის, დეპუტატების 80% შეიყვანა. დაახლოებით იგივე მოხდა საპარლამენტოზეც. „ოცნებამ“, რომელმაც ამომრჩეველთა მხოლოდ 48% მიიღო, პარლამენტში 117 დეპუტატი, ანუ 78% შეიყვანა. ეს კი ნიშნავს, რომ ერთმანდატიან მაჟორიტარულ სისტემას „სასწაულების“ მოხდენა შეუძლია. ოღონდ, ეს ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ ხელისუფლების ხელშია და მხოლოდ ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში გადადის: „მოქკავშირიდან“ _ „ნაცებში“, „ნაცებიდან“ _ „ქოცებში“ და ასე გაგრძელდება უკუნითი უკუნისამდე, თუ ეს ჩაკეტილი წრე სადღაც არ გაირღვა.

არადა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რატომ უნდა დასთანხმდეს „ოცნება“ ოპოზიციას და რატომ უნდა შეცვალოს ეს კანფეტივით სისტემა? რომ არა ის, დღეს „ქოცებს“ პარლამენტში საკონსტიტუციო კი არა, უბრალო უმრავლესობაც არ ექნებოდათ, 48%-ით მხოლოდ 72 დეპუტატს დასჯერდებოდნენ. ამიტომაც საარჩევნო სისტემის ცვლილება უფრო ოპოზიციის ოცნებად დარჩება, ვიდრე „ოცნების“ პრიორიტეტად.

და მერე რა, რომ თავად „ოცნების“ 83-მა დეპუტატმა, წინა პარლამენტში, მაჟორიტარების გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო ინიციატივაც კი მოამზადა?! თუ ვინმეს ეს გულწრფელი ნაბიჯი ეგონა, მწარედ შეცდა… ვერ შეცვალეს ფირფიტა ახალ პარლამენტში, თუ რა?! მაშინ გვჭირდებოდაო, ახლა აღარ გვჭირდებაო, ასე რომ, დაივიწყეთო.

„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო კომისია პოლიტიკური შეთანხმებისთვის და კონსენსუსისთვის რომ არ სჭირდება, ეს თავიდანვე კარგად გამოჩნდა. ოცი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტიდან ცამეტს რომ კომისიაში არ შეიყვან, ე. ი. დიალოგი და კონსენსუსი არ გაინტერესებს. კონსენსუსი არც იმ შვიდ ოპოზიციურ პარტიასთან აინტერესებთ, რომლებიც კომისიაში არიან წარმოდგენილნი. ისეთი პირი უჩანს, რომ ესენი მხოლოდ ანტურაჟისთვის არიან საჭირო.

აპრილის ბოლოს კომისიას „გაპრავება“ დასჭირდება. საინტერესოა, შვიდი ოპოზიციური პარტიიდან რომელი „დაუწვება“ „ოცნებას“? თუმცა, ალბათ, ისეთებიც იქნებიან, რომლებიც დემარშსაც მოაწყობენ, ყოველ შემთხვევაში, ბევრს ასეთი რამ წინასწარ დაანონსებული აქვს. თუმცა დემარში, შემდგომი გაგრძელებების გარეშე, კონსტიტუციას მორიგი გაუპატიურებისგან ნამდვილად ვერ იხსნის. ამისთვის, ალბათ, უფრო მასშტაბური და დროში გაწერილი ქმედებებია საჭირო. ასეთი პროცესის სულის ჩამდგმელი დღეს მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტი შეიძლება იყოს, რომელსაც ლეგიტიმური უფლება აქვს, გაბრაზებული იყოს. ერთი კაცის „ხუშტურის გამო“ მას, პრაქტიკულად, გაუქმებას უპირებენ.

თუმცა მთავარი კითხვა აქ სხვაა. კერძოდ, როგორ უყურებს პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის მომავალს 2018 წლის შემდეგ?..

თუ მას დუშეთში პომიდვრის მოყვანა აქვს გადაწყვეტილი, მაშინ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ პენსიონერობას ჯერ არ აპირებს, მისი ასეთი პასიურობა ყოვლად გაუგებარია…

 

დემნა ვეშაპიძე