მიხეილ ჯანელიძის კომფორტის ზონა

ღირსშესანიშნავი ვიზალიბერალიზაციის მოპოვების შემდეგ ჯერი მოვიდა, საგარეო საქმეთა მინისტრზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა, მაგრამ არა იმდენად მის საქმიანობაზე, რამდენადაც მის საცხოვრებელზე _ კომფორტის ზონაზე, რომლის დასათვალიერებლადაც მხოლოდ ერთ ადგილზე სტუმრობა საკმარისი არ აღმოჩნდა, მიზეზს მოგვიანებით გაგიმხელთ, ახლა კი ხსენებული თანამდებობის პირის, მიხეილ ჯანელიძის შესახებ მცირედით:

2002 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სტატიის გმირი საერთაშორისო სამართლისა და ევროპული სამართლის სპეციალობით დიპლომატიურ აკადემიაში, რუსეთის ფედერაციაში აგრძელებს სწავლას. 2011 წელს საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის უმაღლესმა სკოლამ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიანიჭა, ხოლო კავკასიის ბიზნესის სკოლამ _ მმართველთათვის საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 1996-1997 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ქ. ვადერნის ჰოხვალდის გიმნაზიაში.

იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა, მანამდე კი, 2015 წლის სექტემბრიდან, მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კანადასთან საქართველოს ურთიერთობებს წარმართავდა, ასევე ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებს.

ჯანელიძე, აგრეთვე, მუშაობდა სხვადასხვა  პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში _ თავდაპირველად საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის, ხოლო 2011 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე. აღნიშნულ წლებში იყო ევროკავშირთან ვაჭრობის შეთანხმების საკითხებზე საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი და სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების თავმჯდომარე. საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე საქმიანობდა კერძო სექტორში საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით, როგორც ბიზნესის განვითარებისა და მართვის მენეჯერი და მეწარმე.

 

დღეს უკვე, საგარეო საქმეთა მინისტრის საცხოვრებელი ზონის სანახავად წასვლამდე კი, რა თქმა უნდა, მის დეკლარაციას გადავავლე თვალი, რომელიც აღმოჩნდა, რომ 2013 წლით თარიღდება და მას შემდეგ არ განახლებულა (ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მხოლოდ ამ დროით დათარიღებული მასალა დევს).

აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ჯანელიძე თბილისში, შარტავას ქუჩაზე 93 კვ.მ. ბინას ფლობს. აგრეთვე, მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში, ფართობი _ 632.00 კვ.მ.

მისი მეუღლის სახელზეა გაფორმებული მსუბუქი ავტომანქანა Toyota Avensis, 2011, LIL277, აგრეთვე მეუღლის სახელზეა სამი ფასიანი ქაღალდი, რომლის ემიტენტსაც საქართველოს ბანკი წარმოადგენს.

ეს ყველაფერი 2013 წლის მონაცემებით, თუმცა ახლა 2017 წელია და დეკლარაცია განუახლებელია.

 

მიხეილ ჯანელიძის „კომფორტის ზონის“ დასათვალიერებლად, პირველ რიგში, შარტავას ქუჩას დავადექი, რადგან სწორედ ეს მისამართია მითითებული მის საცხოვრებლად. ეს კი სწორედ იმ ქუჩას წარმოადგენს, სადაც ქალაქის მერიის შენობა და ჩვენი ეკონომიკის მინისტრის საცხოვრებელი ბინა მდებარეობს (დიმიტრი ქუმსიშვილის საცხოვრებლის აღწერა და მისდამი მეზობლების დამოკიდებულება უკვე წინა ნომრებში შემოგთავაზეთ).

ისევ საცობების ფონზე მოვაღწიე მერიის შენობასთან და ცოტა ზემოთ. სააკაძის მოედანზე კვლავ საცობი იყო, მაგრამ ეს მნიშვნელობას კარგავდა, როცა მინისტრის „კომფორტის ზონას“ ვეძებდი და მაინტერესებდა, რა იქნებოდა ადგილზე.

მერიის შენობა უკან ჩამოვიტოვე და 15-სართულიანი, ერთმანეთზე მიჯრილი ახალაშენებული ორი კორპუსის გაერთიანება, რომლის პირველი სართულის მარცხენა კუთხე შავი საღებავით იყო მოხატული _ ეს სწორედ ის კორპუსია, სადაც ჩვენი ეკონომიკის მინისტრი ცხოვრობს. ახლა ეს ადგილიც უკან ჩამოვიტოვე და წინ გავემართე.

გზად ყვავილებს ყიდდნენ, დიდ რკინისგან შენადნობ კონსტრუქციაზე რიგებად ელაგა, გამყიდველიც ახლოს ტრიალებდა…

გზა გაგრძელდა, სანამ ქუჩის ბოლოში არ გავედი, სადაც უკვე ორად გაიყო, ერთი მარცხნივ _ კანდელაკის ქუჩით გრძელდებოდა, მეორე კი მარჯვნივ, ისევ შარტავას ქუჩით. აქ რამდენიმე მანქანამ სწრაფად ჩამიარა და მივხვდი, რომ უკიდურესი მარჯვენა საცალფეხო გზა უნდა გამეგრძელებინა. ამ მარჯვენა მხარეს წყებით ჩალაგებული იყო რამდენიმე სილამაზის სალონი და სტომატოლოგიური კლინიკა, იქვე იყო საცხობი, ან თონე (ნორმალურად ვერ გავარჩიე), მარცხენა მხარე კი საკმაოდ ცნობილ საკონდიტროს ეჭირა.

მიმდებარე ტერიტორია გულდასმით დავათვალიერე, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ აქ მხოლოდ ერთი, ოთხსართულიანი კორპუსი იდგა. თავიდან დავეჭვდი, იქნებოდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის საცხოვრებელი აქ, ამიტომ უფრო დეტალურად ძებნა გადავწყვიტე და შედეგმაც არ დააყოვნა. როგორც კი ამ მარჯვენა უკიდურეს მხარეს გავცდი, დიდი, თორმეტსართულიანი კორპუსი შევნიშნე, რომელიც ორ სადარბაზოდ იყოფოდა, ჯერ მეორე იყო, მერე პირველი, შუაში კი _ მცირე ბაღი ვაზით (ცოტათი სარეველა შერევია, მაგრამ ეგ არაფერი).

კორპუსის მოპირდაპირედ სათამაშო მოედანია, ხელოვნური ბალახის საფრით და მაღალი გისოსებით შემოფარგლული. რამდენიმე უცხოელი ახალგაზრდა ბურთს და ბეისბოლს თამაშობდა.

როგორც იქნა, ამ კორპუსის გარეთ ის მისამართი შევნიშნე, რომელსაც ვეძებდი და შეგნითაც შევედი. ეს შედარებით ძველი აშენებული კორპუსია და კარზე შესაბამისი კოდიც არ აყენია, რომ არასასურველი, ან დაუპატიჟებელი სტუმარი არ შევიდეს.

ამ სადარბაზოში შესვლისთანავე შენიშნავთ, რომ შიგნით ძალიან ცივა. კიბეებზე ასვლის შემდეგ ყოველ სართულზე მარჯვნივ უნდა მოუხვიოთ, რომ რომელიმე კარს მიადგეთ, მარჯვნივ მოხვევის შემდეგ მარცხნივ მდებარე კედლისკენ ერთი კარია ხოლმე, ანუ ერთი ბინა და თუ ამ ბინის მოპირდაპირედ გაიხედავთ, ცოტა უფრო სიღრმეში შეხვალთ, ორ კარს წააწყდებით, ერთმანეთის გვერდიგვერდ რომ მდებარეობს და, ძირითადად, არავინ რომ ცხოვრობს შიგნით.

მეორე სადარბაზოში პირველსავე სართულზე კაკუნისას შუა ხნის მამაკაცმა გამოიხედა, ხელში პატარა ლეკვი ეჭირა და თან სათვალეს ისწორებდა:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ გაზეთ „ქრონიკა+“-დან მიხეილ ჯანელიძის კომფორტის ზონაზე ვწერ, თუ იცნობთ და გინახავთ?

_ კი ვიცნობ და მინახავს კიდეც.

_ როგორია მეზობლებთან ურთიერთობისას?

_ ძალიან კარგი კაცია, ოღონდ ამ სადარბაზოში არა, შემდეგ სადარბაზოში იკითხეთ, იქ ცხოვრობდა.

_ კარგი, გმადლობთ.

_ არაფრის.

მასთან საუბრის შემდეგ მეც შემდეგი სადარბაზოსკენ გავემართე, პირველსავე სართულზე მარჯვნივ გავუხვიე, ყავისფერ კარს მივადექი და კაკუნის შემდეგ კარი სანდომიანი სახის ბებომ გამიღო, მასაც იგივენაირად ავუხსენი ვინ, საიდან და რატომ აღმოვჩნდი მის კართან, მაგრამ, სამწუხაროდ, ოჯახის სტუმარი აღმოჩნდა და არა იქ მცხოვრები,  შესაბამისად, ჩემი ინტერესის ობიექტზე არაფერი იცოდა, მაგრამ ამ საუბრისას კართან შუა ხნის ქალბატონი მოვიდა და დეტალურად გამომკითხა, ვინ ვიყავი, დაინტერესებული მისმენდა, მეც ყველაფერი ავუხსენი და როცა მეგონა, რომ უკვე მიპასუხებდა, მეტყოდა, როგორი მეზობელი იყო მიხეილ ჯანელიძე, იმავე, დაინტერესებული სახით მიპასუხა:

_ არ ვიცი, ახალი მცხოვრები ვარ.

_ მადლობა-მეთქი, _ ვუთხარი და წამოვედი.

ახლა ამ კარის მოპირდაპირედ თეთრ კარს მივადექი, თუმცა ამაოდ. გზის გაგრძელება უფრო მაღლა, შემდეგ სართუზე მომიწია. აქ კი უკვე გამიმართლა და კარი ისევ შუა ხნის მამაკაცმა გამიღო, ოდნავ მელოტი და სქელი წარბები ჰქონდა.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მიხეილ ჯანელიძის კომფორტის ზონაზე ვწერ, თქვენი მეზობელია, ხომ?

_ კი.

_ იცნობთ?

_ კი.

_ მაიტერესებს, როგორი მეზობელია?

_ ნორმალური.

_ ანუ ხედავდთ ხოლმე?

_ აქ ცხოვრობდა, ახლა აღარ ცხოვრობს, _ აქ უკვე რეტი დამესხა, მეგონა, რომ ამ კორპუსში ცხოვრობდა (და ისევ იმ დეკლარაციის ამბავი გავიხსენე, რომელიც 2013 წლის მერე არ შეუვსია და თავისი ფაქტობრივი მისამართი არ მიუთითებია).

_ გადავიდა? ხომ არ იცით, სად?

_ არა, არ ვიცი. ცოტა ხანს ცხოვრობდა აქ.

_ კარგი, გმადლობთ. წამოვედი.

შემდეგ სართულზე იმ იმედით ავედი, რომ რომელიმე მეზობელს ეცოდინებოდა, თუ სად გადავიდა ჯანელიძე და რამდენი ხანია, აქ აღარ ცხოვრობს. მაინც მაინტერესებდა, როგორი მეზობელი იქნებოდა და რამდენად ახერხებდა მეზობლებთან ურთიერთობას.

რამდენიმე სართული ისე ავიარე, რომ კარი არსად გამიღეს, თან სართულებს შორის სიარულისას მესმოდა, როგორ თამაშობდნენ ქვემოთ აღნიშნულ მოედანზე, ხმები ისევ არ იყო ქართული.

მე-6 სართულზე ქალმა გამომხედა, „ჩოლკა“ მოკლედ ჰქონდა შეჭრილი და ხელში ისეთი ნივთი ეჭირა, რომელშიც ცხელ წყალს ასხამენ და შემდეგ თბებიან. მასაც იგივე ვუთხარი და ავუხსენი, რატომ ვიყავი ამ კორპუსში მოსული, რა მაინტერესებდა.

_ იცნობთ მინისტრს?

_ პირადად არა, მაგრამ ბევრჯერ მინახავს.

_ აქ ცხოვრობდა, ხომ?

_ კი, მე-12 სართულზე, მაგრამ გადავიდნენ.

_ ხომ არ იცით, სად?

_ არა, სამწუხაროდ, არა.

_ გმადლობთ.

წინ კიდევ იყო სართულები და მეც გზას გავუდექი. მინდოდა მენახა, ვინ იყიდა მინისტრის ყოფილი ბინა და ვინ ცხოვრობდა ახლა იქ.

რამდენიმე ხისა და რკინის კარზე ვაკაკუნე, ზარიც დავრეკე, მაგრამ ყველაფერი ამაოდ. მაინც არავინ გამომხედა და ისევ მაღლა განვაგრძე გზა.

უკვე მეცხრე სართულზე ავედი, აქედან შესანიშნავი ხედი იშლებოდა, მარცხენა მხარეს მტკვარი და ნახევარი თბილისი ხელის გულივით მოსჩანდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მის სილამაზეში, მაგრამ მთავარი, რატომღაც, ისევ ჯანელიძე იყო, ამიტომ კარზე კაკუნი განვაგრძე, რომელმაც მეათე სართულამდე შედეგი არ გამოიღო, სადაც უკვე ძალიან სანდომიანმა ქალმა გამომხედა, შუა ასაკს გადაცილებულმა, სათვალით და ღია ყავისფერი თმით.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, მიხეილ ჯანელიძის კომფორტის ზონაზე ვწერ, მაინტერესებს, თუ იცნობდით?

_ კი, ვიცნობდი, ჩემი მეზობელი იყო.

_ ხშირად ხვდებოდით ხოლმე?

_ კი, ვხვდებოდი, ლიფტშიც შევხვედრივართ, ისედაც.

_ გესალმებოდათ ხოლმე? როგორი მეზობელი იყო?

_ კარგი, კი გვესალმებოდა ხოლმე. თან ის ორი სართულით ზემოთ ცხოვრობდა და უფრო ახლოს ვიცნობდით, ვიდრე ქვემოთა სართულზე მცხოვრებლები.

_ დიდი ხანია, გადავიდნენ?

_ ზაფხულში ვიცი, რომ აქ იყვნენ, მაგრამ შემდეგ უკვე რამდენიმე თვეა, მათგან არაფერი გამიგია და თვითონაც არ შემინიშნავს. აქ დიდხანს არ ცხოვრობდნენ, როგორც ვიცი,  დაახლოებით, ორი წლის მანძილზე. მერე გადავიდნენ.

_ დიდი მადლობა.

_ არაფრის.

ისევ წამოვედი და მეთერთმეტე სართულზე ავედი. აქ უკვე კარი არავინ გამიღო და პირდაპირ მეთორმეტე სართულზე იმ ბინას მივადექი, სადაც ადრე ჯანელიძე ცხოვრობდა.

ზარი დავრეკე და ძაღლის ხმა მომესმა (ამ რუბრიკაში იმდენი ძაღლი მყავს გადაკიდებული, უკვე აღარ მეშინია ხოლმე), შევატყვე, რომ ძალიან დიდი და ბრაზიანი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ გავაგრძელე კარზე რეკვა და გაიღო თუ არა, ყეფით გამოვარდა პატარა, ვარდისფერტანსაცმლიანი პუდელი (მარჯვენა ფეხი ინსტინქტურად ავწიე, მაგრამ როგორც კი გავაცნობიერე, რომ არაფრის გამკეთებელი იყო, შემრცხვა, რომ ამ ძაღლზე მსგავსი რეაქცია მქონდა). ძაღლს პატარა გოგონა გამოჰყვა, მეხუთე ან მეექვსე კლასში იქნებოდა, სწრაფად აიყვანა ხელში და მობრძანდითო, მითხრა. არა, გმადლობთ-მეთქი და პირდაპირ საქმეზე გადავედი, ავუხსენი, ვინც ვიყავი:

_ მიხეილ ჯანელიძეს თუ იცნობთ?

_ მე არა, მაგრამ აქ ცხოვრობდა, მერე ჩვენ ვიყიდეთ.

_ კარგი-მეთქი, _ ნათქვამი არ მქონდა, რომ მისაღები ოთახიდან გოგონას დედა წამოვიდა, მაღალი ქალი შუბლზე ჩამოშლილი თმით, რომლის შესასწორებლადაც რამდენჯერმე გაიქნია თავი. კართან მოვიდა და ეს გოგონაც გაუჩინარდა.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მაინტერესებს, მიხეილ ჯანელიძეს თუ იცნობთ? ამ ბინაში ცხოვრობდა, როგორც ვიცი. როგორი იყო ურთიერთობაში, როცა შეხება გქონდათ?

_ გადასარევი, მოაზროვნე, ინტელექტუალი, მოზომილი.

_ ბინის ყიდვის შემდეგ ურთიერთობა აღარ გქონიათ?

_ მერე აღარ.

_ გმადლობთ.

წამოვედი. არ ვიცი, ჯანელიძემ თავად გაარემონტა ის ბინა, რომელსაც ბოლოს ვესტუმრე, თუ ახალმა მფლობელებმა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ხის ავეჯი და კარგი იატაკი შორიდანაც შეიმჩნეოდა.

მეთორმეტე სართულიდან ისევ ფეხით წამოვედი, რადგან ნახევრად ცარიელ კორპუსში საეჭვოდ მოძრავი ლიფტის ნდობა, ცოტა, რთული საქმე იყო. ქვემოთ ისევ თამაშობდნენ და ისევ არ იყო ისეთი დაწესებულება, სადაც შეიძლებოდა, ჩვენი მინისტრი პროდუქტების საყიდლად, ან ყოველდღიურად, უბრალოდ, შეივლიდა, ამიტომ ვარჩიე, ამჟამინდელი კომფორტის ზონისკენ წამოვსულიყავი, რომელიც საჭირო კონტაქტების დახმარებით, საკმაოდ მალე გაიგო რედაქციამ და ოპერატიულად მომაწოდა.

დეკლარაციაში ხსენებული მიწის ნაკვეთი უკვე ახალაშენებული სახლით დაკავებულა და დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში ძმებ კარბელაშვილების ქუჩაზე  ორსართულიანი, ლიმონისფერი სახლი შავი ფანჯრებით უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის კომფორტის ზონად ქცეულა.

სასწრაფოდ ტაქსიში ჩავჯექი და ახალი დანიშნულების ადგილისკენ გავემართე. ახალი დასახლება, რომელიც დიღმის ამ სასწავლო-საცდელ მეურნეობაშია, რამდენიმე ურთიერთგადამკვეთ ქუჩას აერთიანებს, სადაც საკმაოდ ძვირადღირებული და მაღალი დონის სახლებია, რომელთა მხოლოდ დაპროექტებაც ძვირი სიამოვნებაა. რაც მთავარია, თითქმის ყოველ მეორე სახლს გალავანი აქვს შემორტყმული (პირდაპირი მნიშვნელობით) და ჭიშკართან დაცვის პოლიციის ჯიხურები დგას, კერძო საკუთრებას და მის მფლობელებს იცავს.

ხსენებული კარბელაშვილების ქუჩის საპოვნელად მეც ძალიან ბევრი ვიწვალე და ტაქსის მძღოლმაც, რომელიც ყოფილი ჩინოვნიკი აღმოჩნდა, თუმცა ძალიან დამეხმარა საქმის გაკეთებაში. ამ დასახლებაში თითქმის ყველა ახალი ქუჩა შემოვიარეთ და ბოლოს უკვე, როცა მეტი გზა აღარ იყო, ერთ პატარა ქუჩას მივადექით, სადაც ლიმონისფერი სახლი იდგა, სახლის გვერდით _ თეთრი ჯიხური, შიგ კი _ დაცვის პოლიციის თანამშრომელი. მანქანა მასთან შევაჩერეთ, რომ სწორი მისამართი გვეკითხა, იმ ჯიხურიდან კი იმხელა ადამიანი გამოვიდა, რთულად დაიჯერებ, იმავე ჯიხურში ისევ რომ შეეტეოდა და გვითხრა: ამ ქუჩას, რომელიც კვეთს, ის არისო.

ჩვენც გზას გავუყევით და ის სახლი, რომელსაც ვეძებდით, სწორედ ამ დაცვის თანამშრომლის დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტი ყოფილა.

სახლის ჭიშკართან კიდევ ერთი მსგავსი ჯიხური იყო. ჭიშკრის თავზე ორი, ერთმანეთის საპირისპიროდ მომზირალი კამერა ეყენა. მანქანიდან გადასვლისას ეჭვგარეშე გამოვიდოდა თავიანთი პოსტიდან ორივე დაცვის თანამშრომელი და ინვენტარსაც ჩამომართმევდა, ამიტომ სახლთან ნელა გავიარეთ, რომ ფოტოების გადაღება მაინც მომესწრო, რათა თქვენთვის მომეტანა.

სწორედ ამიტომ ფრთხილად ჩავიარეთ ამ სახლთან, მანქანა მოვატრიალეთ და უკან გამოვბრუნდით, რაც მთავარია, ქუჩაში ვერავის ნახავთ, ვისაც შეიძლება ჰკითხოთ, როგორი მეზობელია ჩვენი მინისტრი, მაგრამ ჩვენ ხომ ის გვაინტერესებს, სად და როგორ ცხოვრობს აღნიშნული გმირი? ჰოდა…

დიღმის ტრასაზე, სანამ „თბილისი მოლში“ მიხვალთ, მარჯვნივ გადასახვევია, დასახლება დიღომი 7 და 8. აქ ახალი სახლების ჯარი და დაცვის კორიანტელია, ოღონდ ისე, რომ დასახლება სოფლის ტიპისაა და როგორც აღვნიშნე, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ქუჩაში ერთ ადამიანს მაინც შეხვდე.

მაშ, ასე! _ ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის კომფორტის ზონაა დასახლება დიღომი 7, _ ადგილი, სადაც ლიმონისფერ სახლს ორი მხრიდან იცავს დაცვის პოლიცია და კამერები. ეს ის ადგილია, სადაც ქალაქის ხმაურსა და დაძაბულობას სიმშვიდე და შედარებით სუფთა ჰაერი უფრო მარტივად მოგიხსნით.

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ამ ადგილზე ჩემი სტუმრობა პირველი და უკანასკნელი არ იქნება, რადგან საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ ჩვენი ინტერესის მომავალი რომელიმე ობიექტი მიმდებარე ტერიტორიაზე სახლობდეს ისევ გალავნითა და დაცვით გარშემორტყმული.

საბედნიეროდ, დაცვის თანამშრომელს ისე გავეცალეთ, რომ თავისი ჯიხურიდან მეტჯერ აღარ გამოსულა, მე და ბატონი მურმანი კი ახლანდელი მინისტრების საცხოვრებელ ზონასა და წარსულში არსებულ ქრთამის სისტემაზე ღიად ვსაუბრობდით მანამ, სანამ ისევ ხალხმრავალ რეალობას არ დავუბრუნდით.