მიხეილ შაყულაშვილის კომფორტის ზონა

დღეს ჩვენი სტატიის მთავარი მიზანი 1976 წელს დაბადებული პროკურორის დეკლარაციებისა და საცხოვრებელი კომფორტის ზონის გამოაშკარავებაა.

ნებისმიერი ადამიანი ყოველღიური ურთიერთობისას შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ არავინ იცის, ვინ რად იქცევა, როდესაც საქმე კონკრეტულ საკითხს, ვინმესთვის ხელის დაფარებას, ან თანხით მოსყიდვას შეეხება.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დღევანდელი „გმირი“, სიგარისმოყვარული პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილია.

მას 1998 წელს დაუმთავრებია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2013 წლის 21 ნოემბრიდან დღემდე იკავებს ქ. თბილისის პროკურორის თანამდებობას;

2001-2003 წლებში მიხეილ შაყულაშვილმა კარიერა დაიწყო თბილისის რეგიონულ სამხედრო პროკურატურაში, თავდაპირველად სტაჟიორ-გამომძიებლის, ხოლო მოგვიანებით, გამომძიებლის პოზიციაზე, შემდეგ განაგრძო მცხეთის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად;

2009-2013 წლებში იყო ხაშურის, შემდეგ გორის რაიონული პროკურორი და 2013 წლიდან არსებულ თანამდებობას იკავებს.

ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

როგორც ჩანს, შაყულაშვილს დეკლარაციის შევსება სწორედ თბილისის პროკურორად დანიშვნიდან, 2013 წლიდან დაუწყია და ქრონოლოგიით რომ მივყვეთ, დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდებოდა. აქვე, შეყულაშვილს ჰყავს მეუღლე, მშობლები და სამი შვილი.

2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ ფიქსირდებოდა მიხეილ შაყულაშვილის მეუღლის, თამთა ჯოჯუას სახელზე დაბა კოჯორში არსებული 1000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, 80 კვ.მ. ფართობის იყო დედის, თამილა შაყულაშვილის სახელზე არსებული საცხოვრებელი სახლი უჯარმაში (40 კვ.მ. მერე მიუშენეს).

მსუბუქი ავტომანქანა მხოლოდ მიხეილის სახელზე ფიქსირდებოდა. მისსავე სახელზე ირიცხებოდა „რესპუბლიკა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე მხოლოდ 830.00 ლარი, „თი-ბი-სი ბანკის“ ანაბარზე 8000.00 აშშ დოლარი და „საქართველოს ბანკის“ ანაბარზე 5900.00 აშშ დოლარი.

ნაღდ ფულად თანხად დეკლარაციის შევსებისას მიხეილ შაყულაშვილს 17400.00 ლარი უფიქსირდებოდა; გორის რაიონულ პროკურორად მუშაობისას 45535.00 ლარი მიუღია, აგარაკის რემონტისთვის კი 5400.00 ლარი დაუხარჯავს.

ამ დეკლარაციაში არაფერია აღნიშნული მშობლების ქონებასა და ხელფასებზე, რომელსაც ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს.

2015 წლის დეკლარაცია ცალსახად უფრო მზარდი და მრავალფეროვანია, რადგან მოიცავს როგორც მშობლების, ისე მეუღლის ქონებრივ მდგომარეობას, ხოლო ბოლოს, 2016 წლის 25 ნოემბერს, შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უძრავ ქონებათაგან, რომელიც 3 მიწის ნაკვეთს, 2 საცხოვრებელ სახლსა და 1 ბინას წარმოადგენს, მის სახელზე არც ერთი მათგანი არ ფიქსირდება. ყველა მათგანი მშობლებისა და მეუღლის სახელზეა.

ოჯახი თბილისში ფლობს 160.00 კვ.მ.-ის ფართობის ბინას რჩეულიშვილის ქუჩაზე, რომელიც მამის სახელზეა. მამის, მევლუდ შაყულაშვილის სახელზეა, ასევე, 600.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ კავთისხევში, ამავე სოფელში 60.00 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი.

დედის, თამილა შაყულაშვილის სახელზე კი 1000.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ფიქსირდება უჯარმაში, აქვე 120.00 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი.

დაბოლოს, მეუღლის, თამთა ჯოჯუას სახელზეა 1000.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი დაბა კოჯორში.

უძრავ ქონებას რაც შეეხება, თავად მიხეილის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა  Mersedes Benz_ 2003 წელი, ხოლო მამის სახელზეა, ასევე, მსუბუქი ავტომანქანა Toyota Rav4 _ 2010 წელი.

დეკლარაციის მიხედვით, მათ საკუთრებაში არ ფიქსირდება ფასიანი ქაღალდები, თუმცა საბანკო ანგარიშებთან საქმე სხვაგვარადაა:

დეკლარაციის შევსების მომენტში მიხეილ შეყულაშვილის სახელფასო ანგარიშზე „რესპუბლიკა ბანკში“ 1733.00 ლარი კრედიტი(+) ფიქსირდება, ასევე, მის სახელზეა ,,თი-ბი-სი ბანკში“ ანაბარი 17400.00 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო „რესპუბლიკა ბანკში“ კვლავ ანაბარი 70800.00 აშშ დოლარით.

მეუღლის, თამთა ჯოჯუას „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ბარათზე 5000.00 ლარი ფიქსირდება.

მამის, მევლუდ შაყულაშვილის სახელზეა  „საქართველოს ბანკში“ საკმაოდ სოლიდური მოცულობის ანაბარი 97000.00 აშშ დოლარის ოდენობით; მისსავე „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ბარათზე 10000.00 ლარი კრედიტი(+) და ამავე რაოდენობის თანხა „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ბარათზე.

დედის სახელზე კი მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიში ფიქსირდება 200.00 ლარის ოდენობით.

ნაღდი ფულადი თანხა, რომელიც 4000 ლარს აღემატება და დეკლარაციის შევსების მომენტში ოჯახის წევრებს უფიქსირდებათ, შემდეგია:

მევლუდ შაყულაშვილისთვის (მამა) _ 5500.00 ლარი, თამილა შაყულაშვილისთვის (დედა) _ 4100.00 ლარი.

მათი მონაწილეობა არ დასტურდება სამეწარმეო საქმიანობაში. ამის გარდა, ნებისმიერ ანაზღაურებად სამუშაოს რაც შეეხება, მიხეილ შაყულაშვილს ქ. თბილისის პროკურორობისას აღებული აქვს 49760.00 ლარი, თამთა ჯოჯუას სს „კურაციოში“ ექიმად მუშაობისას _ 27580.00 ლარი, მევლუდ შაყულაშვილს კომპანია „სოკარ ჯორჯიაში“ უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე 18500.00 ლარი აქვს მიღებული წლის მანძილზე და პლუს „საქორ გაზში“ უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე _ 15300.00 ლარი.

დეკლარაციიდანვე ირკვევა, რომ მიხეილ შაყულაშვილს დისქმრისგან (სიძე) მშენებარე ბინა შეუძენია 59900.00 ლარად და ამავე ბინის შესაძენად გასავლად 12000.00 ლარი უფიქსირდება.

ხოლო თამთა ჯოჯუას მისსავე დის მიერ დაბა კოჯორში იპოთეკაში ჩადებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ეტაპობრივი გამოსყიდვისთვის, საბოლოო საკუთრების უფლების მიღებით, 18000.00 აშშ დოლარი აქვს გადასახდელი, რომელსაც 2020 წლამდე აქვს ვადა და დეკლარაციის შევსების მომენტში ჯერ არც ერთი თეთრი არ ფიქსირდებოდა გადახდილი.

ასევე, ვარკვევთ, რომ მიხეილ შაყულაშვილს მეგობრებისგან და ნათესავებისგან დაბადების დღეზე 3000.00 ლარი მიუღია საჩუქრად.

დაბოლოს, მევლუდ შაყულაშვილს სპეციალიზაციის კუთხით ლექცია-სემინარების წაკითხვის შედეგად  25000.00 ლარი მიუღია.

თამთა ჯოჯუას კი ასევე სპეციალიზაციის კუთხით ლექცია- სემინარების წაკითხვის შედეგად  3000.00 ლარის ოდენობით შემოსავალი უფიქსირდება.

მის საკუთრებაშია ბინა საბურთალოზე, მშენებარე კორპუსში.

ქონებრივი დეკლარაციის გაცნობის შემდეგ, ტრადიციულად, ინტერესის ობიექტის სახლისკენ გავემართე.

თბილისში ორი რჩეულიშვილის ქუჩაა, გურამ და ლევან რჩეულიშვილების. ერთი მათგანი მდებარეობს თემქაზე, მეორე კი ზემო ვერაზე. ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი ადგილი ჰყვარებიათ შაყულაშვილებს, მაგრამ საქმე ის იყო, პერიფერიულ ადგილას ცხოვრობდა იგი, თუ ცენტრში?..

სანამ საჯარო რეესტრის ამონაწერს გავეცნობოდი, სადაც ეწერა, რომ მათი საცხოვრებელი გურამ რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, მანამდე თემქას მივაშურე და საოცარი ის იყო, რომ ზუსტად აღნიშნულ მისამართზე, რჩეულიშვილის ქუჩაზე, მეშვიდე კორპუსში, მართლაც ცხოვრობდა ვინმე შაყულაშვილი, ოღონდ ის იყო ქალი და არც სასამართლო სისტემაში გახლდათ ჩართული.

სწორედ ამის შემდეგ ავიღე გეზი ზემო ვერისკენ, იქ, სადაც რეალურად ცხოვრობს ჩვენი სტატიის სიგარისმოყვარული გმირი.

თემქიდან წამოსულმა ზანდუკელის ქუჩას მივაშურე. შეიძლება ბევრმაც იცით, მაგრამ მაინც, _ ეს არის ქუჩა, რომელიც „რუსთაველის“ მეტროს უკან მდებარეობს და ვიწრო ქვაფენილის გავლის შემდეგ დიდი ხეებისა და იტალიური ეზოების მსგავს სახლებს შორის ექცევი, სადაც ოსტატურად ერწყმის ერთმანეთს დახვეწილობა და ვერის სიძველე.

ზანდუკელის ქუჩიდან უკვე მარცხნივ, კოტე მაყაშვილის ქუჩაზე უნდა ახვიდეთ, აქედან კი გოგებაშვილის ქუჩაზე ხვდებით, რომელიც ნამდვილად ლამაზ, არც ისე დიდ, ვიწრო ქუჩას წარმოადგენს აგურის სახლებითა და შიგადაშიგ მწვანე, მაღალი ხეებით. შესაძლოა, რამდენიმე ადგილას ულამაზეს ყვავილებსაც გადააწყდეთ, ოჯახში გახარებულს და ბუჩქად ქცეულს. რატომღაც, ვფიქრობდი, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქუჩაზე სკოლა ან ბაღი აუცილებლად უნდა ყოფილიყო, მნიშვნელობიდან გამომდინარე და შედეგმაც არ დააყოვნა. აქვე საბავშვო ბაღი იყო გახსნილი.

ამ ქუჩიდან კვლავ მაღლა, ხელმარცხნივ უნდა აუხვიოთ იქ, სადაც ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის ფილიალია გახსნილი. აქედან ქუჩას კვლავ „სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა“ აჰყავხართ, სადაც ვერის სასაფლაოსაც გაივლით. სასაფლაოს ჭიშკარი ფართოდაა გაღებული და ზედ განცხადებაა გამოკრული, რომელიც სასტიკად გაფრთხილებს, რომ ეკლესიის მსახურთა გარდა სხვა „მოკვდავებს“ მანქანებით მაღლა ასვლა ეკრძალებათ!

ამ ადგილიდან თბილისის ულამაზესი ხედი იშლება და ხვდები, რომ საკმაოდ მაღლა ხარ, თან იმდენად, რომ უკან, ვერის სასაფლაო და წინ _ მთელი ქალაქია ხელისგულივით გადაშლილი.

მკაცრი გაფრთხილების გვერდის ავლის შემდეგ ისევ მარცხნივ უხვევთ, სადაც უკვე მაღალი კორპუსები დგას, რომელთაგან ერთიც სწორედ ისაა, რომელსაც ვეძებდი.

გურამ რჩეულიშვილის ქუჩაზე, 7 ნომერში, ცხრასართულიანი კორპუსი დგას, რომელსაც გვერდით არაერთი ამგვარი კორპუსი „უმშვენებს მხარს“, ქუჩა მაღლა ისევ გრძელდება, ხოლო ამ კორპუსში, შესასვლელთან, ორივე მხარეს, პირველ სართულზე მცხოვრებლებს ლამაზი ბაღი აქვთ გაკეთებული ფერადი ყვავილებით და  მწვანე მცენარეებით.

სადარბაზოს გაშლილი სივრცით სამი ბინისკენ მიჰყავხარ, რომელში შეხვალ, ეს შენი გადასაწყვეტია. წესით, ოთხი ბინა უნდა იყოს პირველ სართულზე, მაგრამ რადგან ბინა ნომერი 1 და 2 შაყულაშვილებს ეკუთვნით, ერთი შესასვლელი კარი გაუქმებულია და მის ნაცვლად მრიცხველების რკინის „კაბინა“ აყენია.

შესასვლელი კიბის პირდაპირ ძველი ლიფტია ხისფერი კარით. ყველა ოჯახის კართან პატარა ხალიჩაა გაფენილი.

ჩემი ინტერესის ობიექტი შესასვლელიდან ხელმარცხნივ მდებარე თეთრი კარი ხდება, რომელსაც მართკუთხედი ფორმის ოქროსფერი რკინის მასალა აკრავს და მასზე მოშავო ასოებით ამოტვიფრულია „მ.მ შაყულაშვილი“. კარს ფოტოს ფრთხილად ვუღებ. ახლა უშუალოდ საქმეზე გადავდივარ. მეზობლების აზრი მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მეზობელია და რამდენად ხშირად ახერხებენ პროკურორის ხილვას ისინი.

მეორე სართულზე ვინაცვლებ, აქ უკვე ოთხ კარს ვხედავ და არა სამს…

პირველსავე თეთრ კარზე ვაკაკუნებ. პასუხი არ არის! ასე განმეორდა  დანარჩენ სამთანაც…

მესამე სართულზე ვინაცვლებ, კვლავ პირველსავე კარზე ვრეკავ ზარს… პასუხი აქედანაც არ არის. რადგან ცხადად მესმის, როგორ გამოდის ბავშვების ხმა სახლიდან, არ ვეშვები და ზარის რეკვას ვაგრძელებ. ბოლოს კარი იღება და შუახნის ასაკს გადაცილებული, ჭაღარაშერეული ქალი გამოდის, თან ხელში რაღაც სამზარეულოს ნივთი უჭირავს.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ გაზეთ „ქრონიკა+“-დან, მიხეილ შაყულაშვილის კომფორტის ზონაზე ვწერ, მაინტერსებს, როგორი მეზობლია თქვენთვის? _ რომ ვახსენე, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, _ დაკავებული ვარო! _ მომახალა, მაგრამ არ მოვეშვი და კვლავ ზრდილობიანი ტონით გავაგრძელე საუბარი:

_ იქნებ, მითხრათ, თუ იცნობთ და როგორი მეზობელია?

_ გამარჯობა. რა ვიცი, შვილო, ჩვენს ხელშია გაზრდილი და კარგი ბიჭია.

_ ანუ ხშირად ხვდებით და სალმიანია?

_ კი, კი, ვიცნობთ და ვხვდებით ხოლმე.

_ გმადლობთ.

საუბრის დასრულებისთანავე შევიდა სახლში. მე სხვა კარისკენ ავიღე გეზი, თუმცა კვლავ უშედეგოდ, რამდენიმეს გარედან ეტყობოდა, რომ შიგნით არავინ ცხოვრობდა და, შესაბამისად, უაზრობა იყო იქ ზარის დარეკვა, ამიტომ შემდეგ სართულზე გადავინაცვლე.

აქ უკვე კიბიდან მეორე კარი გამიღო მაღალმა კაცმა (ვინც ჩემი სიმაღლე იცის, მისთვის უფრო ცხადი იქნება იმის წარმოდგენა, თუ როგორი მაღალი იქნებოდა ეს ადამიანი ჩემთვის და რამდენად უფრო დიდად მომეჩვენებოდა მე ის), თან თეთრი სპორტული ტანსაცმელი ეცვა წითელი ზოლებით და ამავე ფერებში გადაწყვეტილი ბოტასები. ხელში მობილური ეჭირა და მერე მივხვდი, რომ იქიდან ჩემთვის შემოხედვა დიდ პატივად უნდა მიმეღო, რადგან კითხვის დასმის შემდეგ ერთხელაც კი არ აუწევია თავი. მობილურში იყურებოდა და ერთი-ორჯერ თუ შემომხედა, ისიც კარის გაღებისას და დახურვისას.

მოკლედ, მე ტრადიციული ტექსტით მივმართე და გავეცანი, თუ ვინ ვიყავი და საიდან, მან კი მითხრა:

_ კი ბატონო, ვიცნობ მას, მაგრამ მე რესპონდენტად არ გამოგადგებით.

_ რატომ?

_ ჩემი ბავშვობის მეგობარია და ხომ ხვდებით, რომ ცუდს არაფერს გეტყვით?

_ ცუდის თქმას არც გთხოვთ, უბრალოდ, სიმართლე, ფაქტი შეგიძლიათ მითხრათ. როგორი მეზობელია და რამდენად სალმიანი?

_ ძალიან კარგი. ბავშვობიდან ვმეგობრობთ და, რა თქმა უნდა, სალმიანიცაა და ძალიან მეგობრულიც ჩემთან.

_ გმადლობთ-მეთქი, _ და მან კიდევ ერთხელ შემომხედა, მერე კარი გაიხურა და შიგნით შევიდა.

ჰო, მეგობრებს არ შეუძლიათ, ცუდი თქვან ერთმანეთზე, თუნდაც იცოდნენ, რომ მისი საუკეთესო მეგობარი შესაძლოა, დამნაშავეა, ან უარესი, _ სამართალდამცველ დამნაშავეებს აფარებს ხელს.

გზა ისევ მაღლა განვაგრძე, მაგრამ ამ ცხრასართულიან შენობაში რომ არავინ მეტყოდა პროკურორზე რაიმე განსხვავებულს, თავიდანვე ვხვდებოდი. სწორედ ამიტომ დანარჩენი დიალოგებით თავს არ შეგაწყენთ.

გადავწყვიტე, უკან წამოვსულიყავი, ქვემოთ ჩამოსულს, მეორე სართულზე, იმ ბინიდან გამომავალი თუ შემავალი (ვერც კი გავარკვიე) კაცი ვნახე, წეღან კარი რომ არავინ გამიღო.

შუახნის, საშუალო ასაკის ცისფერთვალება მამაკაცი იყო, ყავისფერ პიჯაკში. მასთანაც მივედი, გავეცანი და იგივე ვკითხე:

_ კი, რა თქმა უნდა, ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ.

_ ახლა ხშირად ხედავთ ხოლმე?

_ ძალიან ხშირად არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ვმეზობლობთ.

_ გმადლობთ. 

ახლა კი ნამდვილად გავეცალე იქაურობას. ის სახლში შევიდა, მაგრამ რამდენიმე წუთში გამოვიდა და უკან გამომყვა.

პირველ სართულზე ჩამოვედი. ბინის კარს კვლავ გადავუღე ფოტო, გარეთ, კორპუსსაც და მიმდებარე ქუჩასაც.

ზემოდან დავეშვი, ხედი კვლავ ისეთი იყო, თბილისი ჩანდა და გვერდით ვერის სასაფლაოზე კვლავ ის წარწერა ეკიდა შავ ფონზე თეთრი ასოებით.

პროკურორის კომფორტის ზონაც კვლავ იქ მდებარეობდა ოჯახთან ერთად, სანამ ახალაშენებულ კორპუსში, საბურთალოზე არ დაიდებენ ბინას.

 

ნინო ტაბაღუა