მითი „შუაშისტებზე“

2011 თუ 2012 წელს იმდროინდელმა ოპოზიციურმა ჟურნალისტმა, დღეს კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა, შალვა რამიშვილმა, გაისროლა ტერმინი, რომელიც ისე მოერგო აქაურ პოლიტიკურ ველს, რომ, როგორც ჩანს, ის იცოცხლებს მის ავტორზე ბევრად უფრო დიდხანს.
ეს ტერმინია _ „შუაშიზმი“.

დღეს ქართული პოლიტიკური რეალობა წარმოუდგენელია „შუაშისტების“ გარეშე _ მათი გულის მოსაგებად იბრძვის ყველა პოლიტიკური პარტია, მათ აზრს ადგენს ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა.
ფაქტობრივად, დღევანდელი უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში, როდესაც სიმპათიების შეცვლა და მოწინააღმდეგე ბანაკში გადაბარგება თითქმის წარმოუდგენელია, სწორედ „შუაშისტებზე“ ნადირობა გახდა ქართული პოლიტიკის მთავარი არსი.
ამას ასევე ახალისებს ყველა გამოკითხვაში იმ ადამიანთა დიდი რაოდენობა, ვინც ვერ აყალიბებს თავის პოზიციას და ეძებს ე. წ. მესამე ძალას.
სწორედ ეს მითიური „მესამე ძალაა“ ქართული პოლიტიკის წმინდა გრაალი _ ყველა ცდილობს ამ სტატუსის მორგებას და „შუაშისტების“ გულების მოგებას.
თუმცა მიდის წლები და სოციოლოგიური მონაცემები თითქმის არ იცვლება, მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ დაბნეულობაშია, „შუაშისტები“ კი _ აგრძელებენ იდეალის ძიებას.
ისინი ელოდებიან სრულყოფილი ადამიანების გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში _ მათი რჩეული უნდა იყოს ჭკვიანი, განათლებული, დარბაისელი, თავმდაბალი, ფიზიკურად სიმპათიური, საეჭვო წარსულის გარეშე და ა. შ.
ვინაიდან იდეალური ადამიანები რეალურ სამყაროში არ არსებობენ, მით უმეტეს, ისეთ ცოდვილ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, და მით უმეტეს, ქართული პოლიტიკა, „შუაშისტების“ სიმპათიები ვერ დაიმსახურა ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც მესამე ძალის ნიშის დაკავების პრეტენზია აქვს.
ქართველი „შუაშისტების“ მოსაწონი ადამიანი, როგორც ჩანს, ჯერ არ დაბადებულა. მათ არ მოსწონთ არავინ _ „შუაშისტების“ მთავარი ლოზუნგი _ „ყველა პოლიტიკოსი ერთმანეთზე უარესია“ _ კვლავ ძალაშია.
მათ არ მოსწონთ ძველი პოლიტიკოსები _ მათ ხომ 30 წელი ვუყურებთ და ვერანაირ ხეირს მათგან ვერ ვხედავთ.
მათ არ მოსწონთ არც ახალგაზრდები _ ისინი ხომ გამოუცდელები არიან, პოლიტიკა არ ესმით, ხალხი მათ არ იცნობს, რატომ უნდა მისცეს ვინმემ მათ ხმა?
მათ არ მოსწონთ მშვიდობიანი აქციები _ ამ გზით ხომ მაინც ვერაფერს შეცვლი.
მათ ასევე არ მოსწონთ რადიკალური აქციები _ არეულობა და დაპირისპირება არაა საჭირო.
მოკლედ, მარჯვნივ წახვალ _ ჩამოგახჩობენ, მარცხნივ _ დაგხვრეტენ. „შუაშისტების“ გული ვერ მოიგო ვერავინ: მამუკა ხაზარაძეს „ლელომაც“ კი _ იმის მიუხედავად, რომ ეს ორგანიზაცია ყველაზე შესაფერისია „მესამე ძალად“ ჩამოსაყალიბებლად. მას ჰყავს ცნობილი, ძლიერი და მდიდარი ლიდერი, ის არაა დაკავშირებული არც „ნაცმოძრაობასთან“ და არც _ „ოცნებასთან“, ჰყავს ბევრი ახალგაზრდა აქტივისტი.
ერთი სიტყვით, აჰა, შუაშისტებო, _ თქვენს ქუჩაზეც მოვიდა ზეიმი.
მაგრამ არა _ მაინც უკმაყოფილოები არიან, წუწუნებენ, ამახვილებენ ყურადღებას საბანკო საქმიანობაზე და პოლიტიკურ გამოუცდელობაზე და საერთოდ: „ხაზარაძე ჯერ არაა მზად პოლიტიკაში მოსასვლელად“.
მოკლედ, „შუაშისტები“ გახდნენ ქართული პოლიტიკის ერთგვარი უკარება ქალიშვილები, რომლებმაც ვერაფრით იპოვეს შესაფერისი მამაკაცი.
თუმცა, სინამდვილეში, „შუაშიზმი“ თავიდან ბოლომდე მითია. უკარება ქალიშვილი ვერ პოულობს საქმროს მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეძებს. მას უკვე ჰყავს საქმრო, უბრალოდ, ამას არ ამბობს ხმამაღლა.
რეალურ ცხოვრებაში არანაირი „შუაშისტი“ არ არსებობს. როგორც მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, „შუაშისტებად“ წოდებული ადამიანები სინამდვილეში არიან „ქართული ოცნების“ ფარული მომხრეები.
ალბათ ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებსაც არ სიამოვნებთ მთავრობის ღია მხარდაჭერა _ ეს ხომ ჯერ საბჭოთა დროიდან მოდის _ ხელისუფლების მხარდაჭერა არ ითვლება „კაი ტიპობად“.
მათ კი სურთ იყონ „კაი ტიპები“, თუმცა გულის სიღრმეში არიან „ქოცები“. მთელი ეს რიტორიკა „ყველა ერთმანეთზე უარესია“, „არავის ვაძლევ ხმას“, „ყველას დედა ვატირე“ _ არის უბრალოდ თავის მართლება.
ჩვეულებრივ, რუტინულ ცხოვრებაში, როდესაც არაფერ ხდება, „შუაშისტები“, ისევე როგორც დანარჩენი, ბოლო სიტყვებით აგინებენ ხელისუფლებას. თუმცა საკმარისია, სიტუაცია გართულდეს, და მათ გულის სიღრმეში საყვარელ პარტიას რამე დაემუქროს _ შედით „შუაშისტების“ გვერდებზე სოციალურ ქსელებში და ადვილად მიხვდებით, რომელ ბანაკში იმყოფებიან ისინი.
არავითარი „შუაშისტი“ ბუნებაში არ არსებობს. ყველანაირი „ხელისუფლება არ ვარგა მაგრამ…“, არის ფარული „ქოციზმი“. როგორც კი გამოჩნდა სიტყვა „მაგრამ“ _ თქვენ უკვე აირჩიეთ ბანაკი.
რამდენიც გინდათ იმდენი აგინეთ ხელისუფლება _ სინამდვილეში, სწორედ „შუაშისტები“, თავიანთი ცინიზმითა და ნიჰილიზმის თესვით, არიან ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი _ ბევრად უფრო სანდო, ვიდრე გახარია, ღარიბაშვილი ან გომელაური.

თენგიზ აბლოთია