მერი ჭიჭინაძე: „დამყაჩაღებლებს პროკურატურამ ხელი დააფარა და დაჭერილი დამნაშავე გაუშვა!“

2015 წლის 15 მაისს თბილისში, ჭოპორტის ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. ყაჩაღებმა მერი ჭიჭინაძის ბინიდან 12 000 ლარის ღირებულების სამკაულები გაიტაცეს, დაზარალებულს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიციამ ერთ-ერთი ყაჩაღი 10 დღეში დააკავა, თუმცა 3 თვის შემდეგ იმ მოტივით გაუშვა, თითქოს მას ბრალი ვერ დაუმტკიცდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭიჭინაძე დაყაჩაღებიდან 2 წლის შემდეგაც კი სავაჭრო ადგილებზე თავის კუთვნილ ნივთებს პოულობს, სამართალდამცველები არაფერს იძიებენ. როგორც დაზარალებული აცხადებს, ყაჩაღებს პროკურატურაში მფარველობენ.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მერი ჭიჭინაძე:

_ სანზონაში, ჭოპორტის ქუჩაზე ვცხოვრობდი. სანამ ჩემი დაყაჩაღების ამბავს მოგიყვებით, თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ სპეციალობით პროვიზორი ვარ, ორი აფთიაქი მქონდა, ფსიქოტროპულ პრეპარატებზე ვამუშავებდი. 2016 წლის 4 აგვისტოს ახალი ბრძანება გამოვიდა, დილით მინისტრმა რომ გამოაცხადა, ერთ საათში დავკეტე აფთიაქი. ორი კვირის შემდეგ მივიტანე ლიცენზია და ჯანდაცვის სამინისტროს ჩავაბარე. 21 დეკემბერს სახლში ფინანსური პოლიცია დამადგა, დაკითხვაზე წამიყვანეს, 3 საათის შემდეგ კი მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი, რადგან ადმინისტრაციული ჯარიმების ნაწილი გადახდილი არ მქონდა. 35 ადამიანი დაგვიჭირეს და 4 ციხეში მიგვაბრძანეს. დღესაც ვერ ვიჯერებ, რომ ამ საქმეში არ არის ჩარეული ის პროკურატურა, რომელმაც ჩემს დამყაჩაღებელს ხელი დააფარა.

_ ჯერ დაგაყაჩაღეს და შემდეგ დაგაკავეს?

_ დიახ, ორი წლის შემდეგ. შეიძლება ვცდები და ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ მე პირადად, მაინც, ამ ამბავს ვუკავშირებ, რადგან ძალიან ვლანძღავდი პროკურატურას სოციალური ქსელებით, სალანძღავ მესიჯებს პროკურორს ტელეფონით ვუგზავნიდი, მოკლედ, არ ვასვენებდი და ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ეს საქმე კავშირშია. 100 დღე მამყოფეს საპყრობილეში, შემდეგ გაგვასამართლეს და გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გამოგვიშვეს, 4 წელი პირობითი მომისაჯეს და ახლაც პრობაციის ბიუროში დავდივარ. მას შემდეგ არ ვმუშაობ, თავის რჩენა ხომ მინდა, დაყაჩაღების დროს რა ნივთებიც გადამირჩა, ოქროს ბირჟაზე წავიღე. 2015 წლის 15 მაისს დამაყაჩაღეს, 2017 წლის 2 ივნისს წავედი ოქროს ბირჟაზე, 2 წლის და 2 თვის შემდეგ მესამე დახლთან აღმოვაჩინე ჩემი კუთვნილი 12 ნივთი. როცა დამაყაჩაღეს, მაშინაც აქტიურად ვიბრძოდი და მალევე აღმოვაჩინე ვერცხლის ყელსაბამი. ეს ნივთი კანონის მიხედვით ამოვიღეთ, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა და ამჟამადაც პოლიციაშია, მაგრამ ვინაიდან მე ვთქვი, რომ ნივთი ხელოსნის გაკეთებული იყო, პასუხი მოვიდა, _ შესაძლებელია, ქარხნული წესით იყოს დამზადებულიო. რომ მეთქვა, ქარხნული წესით არის დამზადებულიო, პასუხი მოვიდოდა, _ შესაძლებელია, ხელოსნის დამზადებული იყოსო. ყელსაბამის პოვნის შემდეგ ერთ თვეში „მშრალ ხიდზე“ საყურე აღმოვაჩინე. ამის შესახებ პასუხი დღესაც არ ვიცი. 2 წლისა და 2 თვის შემდეგ ადამიანმა 12 ნივთი აღმოაჩინო ერთი ადამიანის მიერ მიტანილი, ცოტა არ არის! საკმაოდ ბევრი სამკაული მქონდა, ზოგი ნაჩუქარი იყო, წინაპრების დატოვებულიც ბევრი მქონდა, თან ვყიდულობდი, აფთიაქები რომ დავხურე, გადავწყვიტე, ოქროს ბირჟაზე დავმჯდარიყავი. 12 000 ლარის ნივთი ცოტა არ არის, 1000 ლარის ბიჟუტერია იყო. ფოტოების გადაღება მიყვარს და 14 სურათი აღმომაჩნდა, სადაც 2 ნივთი, რომელიც ახლახან აღმოვაჩინე, ძალიან მკაფიოდ ჩანს.

_ როგორ დაგაყაჩაღეს?

_ როგორც გითხარით, 2015 წლის 15 მაისი იყო, დაახლოებით დღის 11:00 საათი იქნებოდა, კარზე ზარის ხმა გაისმა, ავად ვიყავი და ორი დღის განმავლობაში ვიწექი. კარგად დავაკვირდი, დაახლოებით, 45 წლამდე მამაკაცი იყო, ფორმა ეცვა, მაგრამ ზედ რა წარწერა ჰქონდა, ვერ ამოვიკითხე. ხელში საქაღალდე ეჭირა, ზედ საწერი კალამი ჰქონდა მიმაგრებული, ვიწრო შავი სათვალე ეკეთა და დიდი ხნის განმავლობაში რეკავდა ზარს. ვიფიქრე, რაღაც აღწერას აკეთებდნენ და რადგან საწოლის ფორმაში ვიყავი, კარი არ გავაღე. ძალიან დაცული ბინა მქონდა, ირგვლივ სულ გისოსები იყო შემოვლებული, ყაჩაღი სახლში ვერ შემოაღწევდა, თუ კარი არ გაიღებოდა და ეს მათ წინასწარ ძალიან კარგად იცოდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩავიცვი და სამსახურში წასვლა გადავწყვიტე. კარი გავაღე, არავინ იდგა, უცებ, ზედა სართულიდან, ბრაგუნის ხმა გავიგე, თურმე, მელოდებოდნენ, ყურში ახლაც მიდგას ის ხმა, ერთმა რომ დაუძახა მეორეს, _ ბიჭო, კარი გაიღოო. შესაძლებელია, ნიღაბი ჰქონდა, მაგრამ გაკეთება ვერ მოასწრო, კარის დაკეტვას ვაპირებდი, თავს დამესხა და სახეზე მთლიანად ხელი ამაფარა, რომ არ მეყვირა. სიმწრისგან ხელზე ვუკბინე და რომ გამიშვა, მიშველეთ-მეთქი! _ დაახლოებით, ოთხჯერ ვიყვირე. მეოთხე სართულზე მეზობელმა კარი გააღო, მაგრამ ამასობაში ყაჩაღმა სახლში შემათრია, ხერხემალში ჩამარტყა და ჩემი ბინის შესასვლელში წავიქეცი. კარი ფეხით მიკეტა, თავზე დამახტა და დამაწვა, თან ცდილობდა, პირზე ისევ აეფარებინა ხელი. ბოლოს ვუთხარი, _ რაც გინდა, წაიღე, რატომ მკლავ-მეთქი? მითხრა, _ არ იყვირო და არ მოგკლავო. ფეხზე წამომაყენა, თან მირტყამდა, ისე შემიყვანა საძინებელ ოთახში. ამ დროს მეორე ყაჩაღიც შემოვიდა, ნაზად მიკეტა კარი, ჩაკეტა, შემოსასვლელში სარკესთან დადგა, იქ ნიღაბი ჩამოიცვა და კარში ჩადგა. მეორემ საწოლზე წამაქცია, გამოაღო გარდერობის კარი, იქიდან კაშნები გამოიღო, გამკოჭა, ერთი ფეხზე გამიკეთა, ერთი ხელზე და ერთი პირზე, რომელიც ენით მაშინვე გადმოვაგდე. ვთხოვე, _ სამი ობოლი ბავშვი მყავს, 28 წლის ბიჭი დავასაფლავე, მისი შვილების პატრონი მე ვარ და მთლად ნუ დამიობლებთ, ნუ მომკლავთ და რაც გინდათ, წაიღეთ, სარკესთან ზარდახშა დევს, ყველა ნივთი მანდ აწყვია, მეტი არაფერი გამაჩნია-მეთქი. ნივთებთან მივიდა, ერთ-ერთ ბეჭედს ხელი მოჰკიდა და ჯიბეში ჩაიდო, ზუსტად ამ მომენტში ნიღბიანიც იარაღით ჩადგა კარში, მას ხმა არ ამოუღია, რადგან ჩემი შინაური იყო.

_ ამოიცანით?

_ დიახ, როგორც კი კარში ჩადგა, მაშინვე ვიცანი. ჯერ ერთი, არავინ შედის უცხოსთან. როცა დავაკვირდი, მაშინვე მივხვდი, ვინ იყო, მაგრამ რა დროს ეს იყო, მხოლოდ თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი. ამ დროს კარზე კაკუნის ხმაც გაისმა, თვალით ანიშნა, გავიდეთო, თან რომ ვყვიროდი, არ სიამოვნებდათ. ერთ-ერთი, როგორც გითხარით, ხმას არ იღებდა, უხმოდ მოვიდა და პირში იარაღი ჩამიდო, ტუჩი გამისკდა, სახე სულ დამისივდა, დასისხლიანებული ვიყავი, როგორც ჩანს, შევეცოდე, რადგან ოჯახის წევრივით ვიყავი, ჩემი ბიძაშვილის შვილია. მეორემ, უნიღბომ, მაცივრიდან „ნაბეღლავი“ გამოიღო, ხელი რომ უკანკალებდა, ჭიქაში ორი ყლუპი იყო დარჩენილი, ამას ვერ ვსვამ-მეთქი და ონკანის წყალი ვთხოვე. ნიღბიანმა ჭიქა გამოართვა, წყალი მოიტანა, შეკრული ხელები გამიხსნა, ჭიქა ხელებში დამაკავებინა, რომ დამელია. რაღაც ნაჭერი ჰქონდა გადაცმული, ის მოიხსნა და ზარდახშაში რაც იყო, ყველაფერი იმაში ჩააყუდა, ჩხრიალის ხმა ახლაც ყურში მიდგას, მაგრამ მაინც გადამახტა თავზე და ტუმბოებში ეძებდა, ხომ არაფერი დარჩა. პარალელურად, კარზე კაკუნი არ წყდება. ჩემს სახლში, დაახლოებით, 5-7 წუთის განმავლობაში იყვნენ, კაკუნი რომ შეწყდა და დარწმუნდნენ, რომ იქ არავინ იდგა, გავიდნენ. სასწაული მოხდა და ფეხები გავიხსენი, კბილებით ხელები გავიხსენი, მივვარდი ტელეფონს, დარეკვა მინდა და აღარ მახსოვს ნომერი, კედელზე მივეყუდე, ძირს უნდა დავვარდე და კარზე ისევ კაკუნია. ხელებით გავყევი კედელს, მივედი და მეზობელი მეძახის, _ მერი, კარი გააღეო. მეზობლები იყვნენ, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ვთხოვე, პოლიციაში დამარეკინეთ-მეთქი, მაგრამ, რატომღაც, თავი შეიკავეს, აღარ დაველოდე და ტელეფონში შენახულ პირველსავე კონტაქტზე დავრეკე. მან მითხრა, რომ 112-ზე დამერეკა, თვითონაც დარეკა პოლიციაში. შემდეგ ჩემს დისშვილს დავურეკე და იმანაც დარეკა. 5 წუთში მოვიდა პოლიცია, სამმართველოს წინ ვცხოვრობდი, ექსპერტიზას გამოუძახეს, ყველაფერი გააკეთეს, როგორც საჭირო იყო და 10 დღეში დაიჭირეს ყაჩაღი.

_ ვისზედაც ეჭვობდით, ის აღმოჩნდა?

_ ნიღბიანი არ დაუჭერიათ, მხოლოდ უნიღბო და დღესაც ამას დავდევ, რომ ის დავაჭერინო. ვინ ჰყავს ასეთი, არ ვიცი! ვინც დაიჭირეს, დიმიტრი ბეგიაშვილი აღმოჩნდა და ამ ჩემმა ნათესავმა მისცა საქმე. ბეგიაშვილი ვაზისუბანში ცხოვრობს და წარმოშიბით ზესტაფონის რაიონის სოფელ საზანოდან არის. მეც ზესტაფონიდან ვარ წარმოშობით, სოფელ ქვედა საქარიდან. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ნივთებს არ ეძებდა, მე თვითონ არ ვჩერდებოდი და სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან ვეძებდი. პირველად რომ ყელსაბამი აღმოვაჩინე და პოლიციას შევატყობინე, 15 წუთში მოვიდნენ, ახლა კი 3 საათში ძლივს მოვიდნენ, არ ესიამოვნათ, რომ ნივთები კიდევ ვიპოვე. ვინც ჩემს ნივთებს ყიდდა, იმ მამაკაცმა თქვა, აქ ბირჟაზე ვინმე მაია სარჩიმელია მუშაობს და მან ჩამაბარაო, საბუთი არ უჩვენებია. არ ვიცი, ის დააჯარიმეს თუ არა, რადგან კანონით ასეა განსაზღვრული, თუ პირადობის მოწმობით არ გაქვს ნივთი ჩაბარებული, პასუხი მოგეთხოვება. არც საქმეში ჩამახედეს, ამ კაცს დღესაც ვხედავ ბირჟაზე. სარჩიმელია იმ დროს არ იყო სავაჭრო ცენტრში, დასავლეთ საქართველოში იყო წასული და დაურეკეს. მან იმ მამაკაცთან დალაპარაკება ითხოვა, რომელსაც ეს ნივთები ჰქონდა. საკუთარი ყურით გავიგონე, ეუბნებოდა, ჩემს ჩამოსვლამდე არაფერი თქვა, ენა გააჩერეო. ეს კაცი აქედან ეუბნება, _ ქალმა თავისი ნივთი იცნო და აბა, რა მეთქვაო? უპასუხა, _ მე რასაც გეუბნები, ახლა ის გააკეთეო. პოლიციაში პირველს მიმაცემინეს ჩვენება და გარეთ გამომისტუმრეს. ამ კაცს რა დააწერინეს, არ ვიცი. რამდენიმე დღის შემდეგ ადვოკატთან ერთად წავიკითხე და ეწერა, _ მართალია, მაია სარჩიმელიამ ნივთები ჩამაბარა, მაგრამ ესენი არ ვიცი, ვინ ჩამაბარაო, _ გადათქვა. უფრო სწორად, პოლიციამ გადაათქმევინა! სარჩიმელიას მე არ შემახვედრეს, მაგრამ ბირჟაზე ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს. გავიკითხე და მითხრეს, _ მასთან ჩვენს მტერს მიეცა საქმეო! ხმამაღლა ვიტყვი, არ მეშინია, რამდენიმემ მითხრა, _ მაგას, ქალბატონო, მოპარულ ნივთებზე პოლიცია ამუშავებს და ამ საქმეს როგორ გაარკვევო?!

_ ყაჩაღობის საქმის გამოძიება როგორ წარიმართა, რა ბედი ეწია დაკავებულს?

_ 3 თვეში ბოდვის საფუძველზე გაათავისუფლეს! გამომძიებელს აშკარად ეტყობოდა, რომ თავისი საქმე არ იცოდა. კაშნეები, რომლითაც მე ვიყავი გაკოჭილი, მე-6 დღეს მომთხოვა. 6 დღე სახლი არეული ხომ არ მექნებოდა?! ახლობლები დამეხმარნენ და ერთად დავასუფთავეთ. ის კაშნეები და ტანსაცმელი, რომელიც დაყაჩაღების დროს მეცვა, სარეცხ მანქანაში გავრეცხე. ყაჩაღის განთავისუფლების მიზეზად თქვეს, თითქოს როდესაც ჩემს სახლში შემოიჭრნენ, ეს მუხიანში სადღაც სამგზავრო ბარათს უსვამდა ავტობუსში და თქვენს სახლში როგორ იქნებოდაო? მერე იმ ავტობუსით წამოვიდა, მაინცდამაინც, „ღრმაღელის მეტროსთან“ ჩამოვიდა, ისევ ჩავიდა მეტროში, ამოვიდა „ისანში“, თაფლი იყიდა, მერე გაყიდა და სახლში წავიდა. სასაცილოა! ვითომ არ დაუმტკიცდა და გაუშვეს. მეორე ყაჩაღის დაკავებაზე ოცნებაც არ ყოფილა. ის ვერ დაადგინეს, ვინ იყო. როცა მისი სახელი და გვარიც ვუთხარი, ხელიც დავადე! 15 მაისს რომ დამაყაჩაღეს, 5 აგვისტოს მოიყვანეს დაკითხვაზე და ჰკითხეს, _ ამ დროს, სავარაუდოდ, სად იყავიო? _ ფონიჭალაში ვიყავი და მანქანებს ვარემონტებდიო. გამომძიებელს ვუთხარი, _ თუ თქვენ მეტყვით, ერთი კვირის წინ სად იყავით, ამ საქმეს დავხურავ-მეთქი. _ ვერ გეტყვით და ვიცი, რატომ მეკითხებითო. ვისაც ხელს ვადებდი, ჩემმა ნათესვმა ვიღაც მონახა და საქმე ჩაფარცხა. კიკვიძის ბაღის პირდაპირ 12 000 დოლარად დაგირავებულ ბინაში ცხოვრობდა. კიდევ ვიმეორებ: ჩემი ბიძაშვილის შვილია, ჩემს ხელშია გაზრდილი, საკუთარი ხელით ვაჭმევდი საჭმელს, მამიდამისი სამი დღე დარჩა ჩემთან სახლში და რაც მასთან ვილაპარაკე, ზუსტად იმ სიტყვებს მეუბნებოდა უნიღბო ყაჩაღი. იმ წუთშივე მივხვდი, ვინ იყო ჩემს სახლში! პროკურატურამ ეს საქმე ჩაფარცხა და დაჭერილი კაცი გარეთ გაუშვა! ამ ჩემმა ნათესავმა ბინა მალევე დაცალა და დაგირავებულიდან დაქირავებულში გადავიდა. ეჭვი ხომ ჩნდება?! ის ფული საქმის ჩაფარცხვაში დასჭირდა და ამიტომ!

_ ბოლოს საქმე დახურეს?

_ არა, დახურვაზე ხელი არ მოვუწერე, რადგან უკანონოდ ჩავთვალე გამოძიება. დღემდე არ მაქვს არანაირი საბუთი იმისა, რის საფუძველზე გაუშვეს დაჭერილი, ეს მხოლოდ სიტყვიერად მითხრა პოლიციის სამმართველოს უფროსის მაშინდელმა მოადგილე მშვენიერაძემ, _ არ დაუმტკიცდა და ვუშვებთო. _ რას ამბობთ-მეთქი, სამგზავრო ბილეთი რა მტკიცებულებაა, როცა მინდა, ვინმეს 10 ლარს მივცემ და სადაც მინდა იქ დავაფიქსირებინებ, მეორეს რატომ არ ეძებთ-მეთქი? _ არ ამბობს, ეს არ არის ყაჩაღი, ვერ ვიპოვეთ და რა ვქნათო? _ ასე მიპასუხა. მასალები გააყალბეს. ის დრო, რომელიც საქმეში მითითებულია, სინამდვილეს არ შეესაბამება და რაც წერია, მაგ დროს ყაჩაღები უკვე სახლიდან წასულები იყვნენ, კაშნეებიც ერთი კვირის შემდეგ გარეცხილი წაიღეს და იქ უწერიათ, თითქოს მეორე დღეს ამოიღეს და დნმ-ის ანალიზი გამოიკვლიეს. მედიცინის მუშაკი ვარ და ამდენი მაინც ვიცი, გარეცხილ კაშნეებზე დნმ-ის კვლევა სად გაგონილა, ან რა საჭირო იყო დნმ-ის ანალიზი, როცა ყაჩაღი მე თვითონ ამოვიცანი?! ბევრი რამე დაემთხვა, მაგრამ დამალეს, რადგან არ აწყობდათ, ზემოდან ვიღაც იცავდა და ასეთი დავალება ჰქონდათ მიცემული. ერთ დღესაც გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში ვიყავი, პროკურორი ირაკლი ჩაჩანიძე არ შემხვდა, მითხრეს, რომ ადგილზე არ იყო. როცა გამომძიებელმა დაურეკა, აქოშინებული 5 წუთში იქ გაჩნდა, რადგან უთხრა, ადვოკატი ამ საქმეს მაშლევინებსო. საკუთარი ყურით მოვისმინე, გამომძიებელს ეუბნება, _ რას ამბობ, ბიჭო, ეს საქმე როგორ დავშალო, პირდაპირი ბრძანებააო. ადვოკატმა უთხრა, _ სასამართლოზე რომ გავალთ, ეს ქალი ხომ იტყვის, მეორე დღეს არ მიგიტანია კაშნეები და მეექვსე დღეს წაიღეო? პასუხობს, _ რას ამბობ, კაცო, სასამართლო პროცესი არ უნდა ჩატარდეს, თუ ჩატარდა, შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონიასაც და ყველას მიგვაყოლებენ ზედო, _ ეს ზუსტად ჩაჩანიძის სიტყვებია. ადვოკატიც გაჩუმდა, მე კი გამომიყვანა გარეთ და მითხრა, _ ცოცხალი თავით არ დათმოთო. ვუთხარი, _ მე არაფერი ვიცი, იმიტომ აგიყვანეთ, თქვენ უნდა დამაკვალიანოთ, იქ მეექვსე დღის ნაცვლად მეორე რომ წერია, ამოვიღოთ ის ფურცელი და სიმართლე დაიწეროს-მეთქი. _ არ იღებენო, _ მითხრა. _ გამოდის, რომ მართლა დავალება აქვთ და ყაჩაღი უნდა გაუშვან, თქვენც არ მეხმარებით-მეთქი. და ასე დავშორდით. ერთი კვირის შემდეგ მეუბნებიან, _ უნდა გავათავისუფლოთ, არ დაუმტკიცდაო. _ ნივთი რომ მაქვს ამოღებული და ჩემია-მეთქი? პროკურორი ჩაჩანიძე მპასუხობს, _ ამის შესახებ არაფერი ვიციო. _ ამას სერიოზულად ამბობთ თუ ხუმრობთო? _ ეკითხება ადვოკატი. _ მართლა არ ვიციო, _ უპასუხა და პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე მშვენიერაძეს დაურეკა. მოვიდა მშვენიერაძე, თავხედურად დამიდგა წინ და მეუბნება, _ დიახ, იმ კაცმა მართალია თქვა, რომ ეს ნივთები მას მაია სარჩიმელიამ მიუტანა, მაგრამ მეორე დღეს თქვა, იმას არ მოუტანია, სხვა ნივთები მომიტანა და ყელსაბამი ვინ მომიტანა, არ ვიციო. ასე იყო და ენა ამოვაგლიჯოო? ვუთხარი, _ თქვენი არაფერი აღარ მჯერა, ყველა მატყუარები ყოფილხართ, პროკურორიც, გამომძიებელიც და თქვენც, მშვენიერაძევ, მეორე ყაჩაღს არ იჭერთ და ამასაც უშვებთ-მეთქი?! გაბრაზებული წამოვედი, ერთი კვირის შემდეგ გაუშვეს, სამი თვე გავიდა და თითქოს ყაჩაღობა არ დაუმტკიცდა. ე. ი. მომლანდებია, ჩემს სახლში ყაჩაღი არ ყოფილა და მე თვითონ დამიყაჩაღებია საკუთარი თავი! შემდეგ ჩემი საქმე შორენა ნიქაბაძეს ჩაბარდა. 3 თვე რომ არ შემეხმიანა, ჩემი სურვილით მივაკითხე, მანამდე დავრეკე და ვიკითხე, რატომ არ მეხმიანებოდა გამომძიებელი. საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად პრეტენზიები გამოთქვა, დაგირეკავთო და პროვოკაციების მოწყობა დაიწყო. იმის მაგივრად, რომ დამხმარებოდა, მიზეზად გაიხადა, რატომ დავრეკე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიყავი და მე თვითონ შეგეხმიანებოდითო. _ სამი თვე არ არის ცოტა დრო, მაგრამო… ჩახედავს საქმეს, ამოიხედავს და ისევ იმაზე ლაპარაკობს, რატომ დავრეკე.

_ დავამთავროთ ამ თემაზე ლაპარაკი და საქმეს მივხედოთ, აქ ორი რამეა გაყალბებული, დრო და კაშნეები-მეთქი.

ის კიდევ მიზეზებს ეძებდა:

_ დროზე შენი ხელმოწერააო.

_ კი არის ჩემი ხელმოწერა, მაგრამ არ ვიყავი გათვითცნობიერებული, არ მესმოდა ბევრი რამ, რაზე მაწერინებდნენ ხელს, არ წამაკითხეს-მეთქი.

_ როგორ შეიძლება, არ წაიკითხო და ისე მოაწერო ხელი, შენი ხელის მოწერა თუ არ არის, ახლავე ექსპერტიზაზე გავაგზავნი, გიჩივლებ და იქით დაგიჭერო.

_ ვინ ყოფილხარ, რა პროკურორი უნდა დადგე, შვილის ტოლი ხარ, ამ ხნის ქალს როგორ მელაპარაკები განერვიულებულს, დაზარალებულს, გაღიზიანებულს და აქეთ პროვოკაციაზე მოდიხარ, ამით რა გინდა ქნა, ამ საქმეს თავი დავანებო-მეთქი?!

გაბრაზებული წამოვედი და პოლიციის სამმართველოში მივედი. ჩემი საქმის გამომძიებელ ბუბულაშვილთან შევედი. პოლიციაში როცა მივდიოდი, ჩემი დანახვა არასოდეს სიამოვნებდათ და ამჯერადაც ოთახიდან ყველა გაიკრიფა, ბუბულაშვილი მარტო დარჩა. ისეთი განერვიულებული ვიყავი, საქციელს ვეღარ ვზომავდი, პირისპირ დავუჯექი, ავტიდი კიდეც:

_ რატომ არ მაქცევთ-მეთქი ყურადღებას, ადამიანი არ ვარ?! ამ ქვეყნის მოქალაქე არ ვარ?! დაჭერილი ყაჩაღი ბოდვის საფუძველზე გაუშვით-მეთქი!

_ ქალბატონო, ის ყაჩაღი თქვენთან სახლში არ ყოფილა, არ ვიცი, ვინ იყო, არ დაუმტკიცდაო.

_ თუ არ იცით, მე ვიცი-მეთქი, _ ამოვიღე ქოლგა და ვესროლე, თავში მოხვდა, გამწარდა, უკან გადმოაგდო, ისევ დავიჭირე და ისევ ვესროლე, მეორედაც თავში მოხვდა. პოლიციის შენობაში გამომძიებელს თავში ორჯერ დავარტყი ქოლგა, თან ვეუბნებოდი, _ ახლა დამიჭირეთ, არსად მივდივარ, ბორკილები დამადეთ-მეთქი!!! სად იყო ამდენი პოლიციელი, არ ვიცი, გამომძიებელმა ჩემკენ რომ გამოიწია, შუაში 15 პოლიციელი მაინც ჩაგვიდგა, _ ბიჭო, რას სჩადიხარო?! _ უთხრეს. მე მომიბრუნდნენ, _ დაწყნარდით, ქალბატონოო. იქვე ვცხოვრობდი და სულ ფერებით გადამიყვანეს სახლში. მერე ბუბულაშვილი სხვაგან გადაიყვანეს და საქმე გენადი წიფურიას ჩააბარეს.

_ ახალმა გამომძიებელმა რაიმე შეცვალა?

_ გენადი წიფურიას სამი წერილი მივწერე, არც ერთზე არ მიპასუხა. პირადად არ ვხვდებოდი, რადგან აზრს უკვე ვეღარ ვხედავდი და პროკურატურაში შორენა ნიქაბაძესთან ხომ საერთოდ არ მივსულვარ. თითქმის ორი წლის განმავლობაში არც წერილი მოუწერია, არც იმის ღირსად ჩამთვალა, კაშნეები უკან დაებრუნებინათ, ხომ უნდა მოეწერათ, რის საფუძველზე გაუშვეს დაკავებული. მერე ვიღაცამ დარეკა, _ აქ დევს წერილი და წაიღეთო.

_ არც ხელს მოვკიდებ და არც ხელს მოგიწერთ, რატომ ფოსტით არ გამომიგზავნეთ, რატომ არ ჩამაბარეთ დოკუმენტი, რის საფუძელზე გაუშვით ის კაცი-მეთქი?! მთავარ პროკურორთან და მის მოადგილესთან წერილები გავგზავნე, არაფერი პასუხი არ არის. თვეში 15-ჯერ ვრეკავ, _ ნუთუ, არ ვარ საქართველოს მოქალაქე და იმის ღირსი, რომ ჩემმა ქვეყანამ რამეზე პასუხი გამცეს?! სამართალი ვერსად ვიპოვე და ამიტომ მოვედი თქვენთან!

 

თამარ ბატიაშვილი