მარიამ როგავა: „არასდროს დანებდეთ, რადგან შრომა ფასდება!“

მომავალი ფიზიკოსი უმაღლესი რეიტინგით

 

იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი აღმოჩნდე და საკუთარი ქვეყნის ნომერ პირველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხო, დაუღალავი შრომა და ღამეების მეცადინეობაში გათენებაა საჭირო, ამასთან, გამჭრიახი გონებაც უნდა გქონდეს და თან, თუკი შენი მომავალი პროფესია ფიზიკოსობაა, პასუხისმგებლობაც ორმაგდება.

 

ჩვენი რესპონდენტი, 18 წლის მარიამ როგავა, მომავალი ფიზიკოსი, ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ქულებით წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა:

მათემატიკა _ 59/59;

უნარები _ 76/80;

ქართული _ 76/80;

უცხო ენა _ 86/90.

ამ ქულების მიხედვით დაანგარიშდა საკონკურსო ქულა _ 2302.

 

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ როგავასთან:

_ მარიამ, რატომ დაინტერესდი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და კონკრეტულად, ფიზიკით?

_ ტექნიკური საგნები ბავშვობიდანვე მომწონდა და მეხერხებოდა კიდეც, ამიტომ მე-7 კლასიდან კომაროვის სახელობის სკოლაში გადავედი. აქ ფიზიკასა და მათემატიკას უფრო მაღალ დონეზე და ინტენსიურად გვასწავლიდნენ და ინტერესიც გამიძლიერდა.

_ რა სირთულეები გხვდებოდა გზად?

_ რთული იყო მათემატიკის ოლიმპიადებისთვის მომზადება, ვინაიდან არავინ მავალდებულებდა. საერთოდ, უფრო იოლია ისწავლო, როდესაც შენგან ითხოვენ. როდესაც მთელი პასუხისმგებლობა შენზეა, საკუთარი თავისთვის ძალის დატანება გიწევს, თუმცა შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, მე-7 კლასიდან მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე გავდიოდი და საპრიზო სამეულში არაერთხელ ვყოფილვარ. ორჯერ ვიყავი ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე (EGMO) რუმინეთსა და შვედეთში. ორივეჯერ ბრინჯაოს მედალი ავიღე. დღეს კი ყველაზე მაღალრეიტინგულ სტუდენტად ყოფნა, სიხარულის გარდა, დიდი პასუხისმგებლობაა.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის?

_ მნიშვნელოვანია, მსიამოვნებდეს და ენთუზიაზმოთ ვეკიდებოდე საქმეს. თუმცა არასასურველ საქმესაც ვუმკლავდები ხოლმე, თუ ვიცი, რომ სასურველი შედეგი მექნება.

ზოგადად, მიყვარს ყველაფრისთვის ადგილის მიჩენა, ყველაფრის ორგანიზება, მოწესრიგება: ნივთების, გასაკეთებელი საქმეების, სასწავლო ცხრილის, ძველი ჩანაწერების, წერილების, ფიქრების, წასაკითხი წიგნების, ოჯახთან ერთად სანახავი ფილმების, სამომავლო გეგმებისა და ა. შ. როდესაც ყველაფერი წესრიგშია, მეც მშვიდად ვარ.

_ მაქსიმალისტი ხარ (ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს ხოლმე? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში)? თუ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა ან პირიქით?

_ მაქსიმალისტი ვარ. ყოველთვის მინდა, ჩემს საქმეს მაღალ დონეზე ვასრულებდე. ბავშვობაშიც თუ რაიმე არ გამომივიდოდა, მაშინვე თავს ვანებებდი, ან ბოლომდე ვწვალობდი, სანამ ჩემთვის სასურველ მიზანს არ მივაღწევდი.

_ რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, რომელიც თავად აირჩიე?

_ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სამწუხაროდ, პოპულარული არ არის და, ვფიქრობ, არც საკმარისი ყურადღება ექცევა. ამიტომ ნიჭიერ და წარმატებულ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ მიუწევთ გული და ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა განათლების სისტემის პრეროგატივაა. ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების დონე ევროპულს გაუთანაბრდეს.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ როგორც ფიზიკოსსა და მეცნიერს, ალბათ, საზღვარგარეთ მეტი შანსი მაქვს. თუმცა, შესაძლოა, აზრი შემეცვალოს.

_ როგორც მომავალ ფიზიკოსს, საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?

_ უცნაური და რთული კითხვაა, არა მგონია, მასზე ზუსტი პასუხი არსებობდეს… ყოველთვის ხანგრძლივი დუმილით ვპასუხობ, როდესაც ამას მეკითხებიან.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ დროის კიდევ ერთ ულუფას. მეც ვცდილობ, სწორად გამოვიყენო.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ ბავშვობაში, დაბადების დღის ტორტის ჩაქრობამდე, გულში ვამბობდი, „მინდა, რომ ყველაფერი შემეძლოს“ და სანთლებს ვაქრობდი. მინდოდა, ყველა სურვილი ამსრულებოდა, მრავალი უნარი შემეძინა. მართალია, ახლა „დიდური“ მიდგომების გამო პრაგმატული გავხდი და კონკრეტულ სფეროს დავჯერდი, თუმცა არც ახლა მინდა მხოლოდ ფიზიკით შემოვიფარგლო. მსურს, სხვადასხვა სფეროში გამოვცადო საკუთარი თავი.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ მომავალ სტუდენტებს მოვუწოდებდი, მეტი ინტერესი გამოიჩინონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი და არასდროს დანებდნენ, რადგან შრომა ფასდება!