მარიამ რამინაშვილი: „საქართველოს განათლების სისტემა აღარ არსებობს, რაც გვაქვს მხოლოდ ფორმალური ინერციაა“

ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში მასწავლებლების განთავისუფლების გამო „ევროპული საქართველო _ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრები განათლების მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „აბასთუმნის სკოლის „თვითმარქვია“ მეპატრონემ სკოლის შენობის მესაკუთრედ გამოაცხადა თავი და 2014 წლიდან სკოლის ადმინისტრაციის დაშანტაჟება დაიწყო“.

„აუცილებელია გამოვეხმაუროთ ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში მიმდინარე საგანგაშო სიტუაციას, რომელიც რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის კი უკიდურესად დაძაბული სიტუაციაა მიუხედავად ამისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიცია ამ წუთამდე არ დაუფიქსირებია, რაც საკმაო საფუძველია დავასკვნათ, რომ სისტემა ვერ ფუნქციონირებს და მიშვებული პროცესები აზარალებს როგორც ადგილობრივ პედაგოგებს, ასევე, მთლიანად აისახება ქვეყნის მასშტაბით განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე.

აღნიშნული სკოლის შენობა უკვე წლებია, სადავოდაა გამხდარი. თვითმარქვია მეპატრონემ სკოლის შენობის მესაკუთრედ გამოაცხადა თავი და 2014 წლიდან დაიწყო სკოლის ადმინისტრაციის დაშანტაჟება, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ძალიან გამწვავდა. კერძოდ, თვითმარქვია მეპატრონე ღიად ითხოვს რამდენიმე პედაგოგის განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მათ მისთვის არასასურველ პირებად მიიჩნევს და თუ დირექტორი არ მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განთავისუფლების შესახებ, სკოლას ფართს დაატოვებინებს და განათლების სამინისტროსთან იჯარის ხელშეკრულებას არ გააფორმებს.

ამ მომენტისთვის სკოლის დირექტორმა მითითებული პედაგოგებიდან ერთი, კანონმდებლობის სრული გვერდის ავლით, გაათავისუფლა და დანარჩენ პედაგოგებთან ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება დაიწყო, კერძოდ, ასეთი ქმედების კანონიერი საფუძვლის მინიჭებისთვის საჭირო დისციპლინური სახდელების შეგროვება.

მოვითხოვთ განათლების მინისტრისგან, სასწრაფოდ დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და უზრუნველყოს დასაქმებული პედაგოგების უსაფრთხო სამუშაო გარემო და აღნიშნული სკოლის მოსწავლეებისთვის განათლების მისაღებად საჭირო საგანმანათლებლო სივრცე. გარდა ამისა, განმარტოს, წლების განმავლობაში, თუ აღნიშნული ფართი არ წარმოადგენდა სახელმწიფოს კუთვნილებას, რატომ არ მოხდა საჯარო სკოლისთვის შესაბამისი ფართის მოძიება და ამასთანავე, რატომ იხარჯებოდა მნიშვნელოვანი თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან აღნიშნული ფართის რეაბილიტაციისთვის?“ _ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

სერგო რატიანის განცხადებით კი სკოლის დირექტორი მასწავლებლებს სამსახურიდან მიზეზის გარეშე ათავისუფლებს. მაგალითად, არასასწავლო პერიოდში საღეჭი რეზინის ან მობილური ტელეფონის მოხმარების გამო.

ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ დირექტორს სკოლის დახურვა აქვს გადაწყვეტილი და განათლების სამინისტროს სასწრაფო რეაგირებას სთხოვენ.

„ეს არის გაუგონარი რამ. მსგავსი საქართველოში, უბრალოდ, არ მომხდარა, რომ კერძო პირი მოითხოვდეს სახელმწიფოსგან, გაათავისუფლოს მასწავლებლები, რაც სრულდებოდეს. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოშლილია სასწავლო პროცესი და მართვა. განათლების მინისტრი ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ განათლების სისტემას მართლაც მართავდეს“, _ განაცხადა სერგო რატიანმა. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„ქრონიკა+“ „ევროპული საქართველო _ მოძრაობა თავისუფლებისთვის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, მარიამ რამინაშვილს ესაუბრება:

_ ქალბატონო მარიამ, რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმნის სკოლაში?

_ ადიგენის რაიონის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში მიმდინარე პროცესი ჩვენთვის 2016 წლის დეკემბრიდან ცნობილი გახდა, როცა სკოლის პედაგოგი დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა. პრობლემა გამოიკვეთა და ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ განთავისუფლების ან ხელშეკრულების არგანახლებისთვის, როგორც იტყვიან, „საქმის შეკერვა“ მზადდებოდა.

პირველი დისციპლინური კომიტეტის სხდომა, დირექტორის განცხადების საფუძველზე, იანვრის დასაწყისში ჩაინიშნა. დისციპლინური გადაცდომის არსი ის გახლდათ, რომ მოსწავლის მშობელი საყვედურს გამოხატავდა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი სახლში სახეზე ფლომასტრით დასვრილი დაბრუნდა; ეს მოხდა ფიზკულტურის გაკვეთილზე, რომელიც, როგორც მახსოვს, პირველი თუ მეორე იყო.

საქმეში არსებობდა მასწავლებელთა ახსნა-განმარტებები, რომლებიც ფიზაღზრდის შემდეგ გაკვეთილზე შევიდნენ და ვერ იხსენებდნენ, რომ მოსწავლე იქ დასვრილი სახით იჯდა. კომიტეტმა ქმედება გადაცდომად არ მიიჩნია და მასწავლებელ დათა დათაშვილს სახდელი არ დააკისრა.

ძალიან მალე, მგონი, ერთ კვირაში, მეორე საჩივარი შევიდა, ავტორი კვლავ დირექტორი გახლდათ. მანამდე უკვე განხილულ „ბრალდებებს“ დაემატა კიდევ ერთი, _ მასწავლებლის მხრიდან ჩადენილი „უზნეო და უპატივცემულო“ საქციელი, კერძოდ, დასვენებაზე საღეჭი რეზინის მოხმარება. ამ საკითხზეც ჩაინიშნა სხდომა და, რა თქმა უნდა, პედაგოგს სახდელი არ დაეკისრა.

მოკლედ, განრისხებულმა დირექტორმა, მოგვიანებით, პირდაპირ მიმართა სამეურვეო საბჭოს _ შეეწყვიტა წევრის უფლებამოსილება დათა დათაშვილისთვის, რადგან ეს უკანასკნელი უნდა გაეთავისუფლებინა, რაზედაც კვლავ უარი მიიღო.

თუმცა კანონმდებლობის გვერდის ავლითა და დარღვევით მან ივლისის დასაწყისში მაინც გაათავისუფლა დათაშვილი.

გარდა ჩამოთვლილისა, დირექტორმა ამ პერიოდში კიდევ რამდენიმე სამარცხვინო ქმედებაც განახორციელა. თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ეს ფაქტებიც ადასტურებს, რომ დირექტორის მიზანი საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანა იყო _ დათა დათაშვილი დაკავებული პოზიციიდან გაეთავისუფლებინა.

თავიდან ასეთი მიზანსწრაფული ქმედებები ცოტა გაურკვეველი იყო, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დირექტორის გადაწყვეტილების მოტივი ნათელი გახადა. ერთმნიშვნელოვნად, დირექტორის მ/შ პრობლემებს უქმნის ყველა იმ ადამიანს, რომელიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, სკოლის შენობის „მეპატრონისათვის“ მიუღებელია.

შენობასთან დაკავშირებით მოკლე ისტორია ასეთია: 90-იან წლებში, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, სოფლის დაწყებითი სკოლისა და, როგორც თავად ამტკიცებს, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული შენობების გაცვლა მოხდა. სკოლა გადავიდა ძველი საწარმოს შენობაში, სოფლის მიერ შეკრებილი ფულით გარემონტდა და უკვე 20 წელზე მეტია, ჯერ დაწყებით და, მოგვიანებით, საშუალო საჯარო სკოლად ფუნქციონირებს. 2007 წელს სკოლა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, სკოლას, თავის დროზე, შენობა ჰქონდა, რომელზედაც დღეს პრეტენზიას იგივე მფლობელი აცხადებს. არსებულ შენობასაც მის საკუთრებად მიიჩნევს. ასე რომ, თუ სოფელს სკოლის შენარჩუნება უნდა, იძულებულია, მისი ულტიმატუმები გაითვალისწინოს.

ჩემთვის ცნობილია, რომ 2014 წლიდან ამ ფიზიკურმა პირმა სკოლის შენობის მესაკუთრედ გამოაცხადა თავი და წელს უკვე დაიწყო სკოლის ადმინისტრაციის დაშანტაჟება, რაც მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ძალიან გამწვავდა.

კერძოდ, თვითმარქვია მეპატრონე ღიად ითხოვს რამდენიმე პედაგოგის განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ მათ მისთვის არასასურველ პირებად მიიჩნევს. და თუ დირექტორი არ მიიღებს გადაწყვეტილებას მათი განთავისუფლების შესახებ, სკოლას ფართს დაატოვებინებს და განათლების სამინისტროსთან იჯარის ხელშეკრულებას არ გააფორმებს.

ამ მომენტისთვის, სკოლის დირექტორმა მითითებული პედაგოგებიდან ერთი, დათა დათაშვილი (რომელიც ყოფილი რესურსცენტრის უფროსის შვილია და ეს მეპატრონე აღიქვამს ადამიანად, რომელმაც, თავის დროზე, ხელი შეუშალა, უკანონოდ დაპატრონებოდა ფართს), კანონმდებლობის სრული გვერდის ავლით გაათავისუფლა.

გარდა ამისა, დანარჩენ პედაგოგებთან ხელშეკრულების შეწყვეტისთვის საჭირო დოკუმენტების შეგროვება დაიწყო. კერძოდ, ასეთი ქმედების კანონიერი საფუძვლის მინიჭებისთვის საჭიროა დისციპლინური სახდელების შეგროვება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რომ 2016 წლამდე თვითგამოცხადებული მეპატრონისთვის აღნიშნული ფართის დათმობის ამსახველი დოკუმენტაცია ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ 2016 წლიდან, რატომღაც, სკოლას მოსარგებლეობა აქვს გაფორმებული.

ამიტომ აუცილებელია, 90-იანი წლებიდან დღემდე ამ მესაკუთრეობის სრული ქაოსით მოცული საკითხით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ.

_ რატომ არ აფიქსირებს სამინისტრო ამ საკითხზე შესაბამის პოზიციას?

_ დათა დათაშვილის მხრიდან მინისტრის სახელზე არაერთი წერილია შესული, თუმცა პასუხი ასეთია:

„თუ თვლით, რომ…  წარმოქმნილი დავა ლახავს შრომით უფლებებსა და ინტერესებს, მათი დაცვის მიზნით, უფლებამოსილი ხართ მიმართოთ სასამართლოს“, _ ეს კი პირდაპირ მიანიშნებს სამინისტროს მხრიდან აღნიშნული საკითხით დაუინტერესებლობას, რაც, ბუნებრივია, თვითმარქვია მეპატრონის მხარდამჭერ პოზიციას გულისხმობს.

_ დღეს რას ითხოვთ ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსგან?

_ მოვითხოვთ განათლების მინისტრისგან, სასწრაფოდ დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და დასაქმებული პედაგოგების უსაფრთხო სამუშაო გარემო და აღნიშნული სკოლის მოსწავლეებისთვის განათლების მისაღებად საჭირო საგანმანათლებლო სივრცე უზრუნველყოს.

გარდა ამისა, განმარტოს, წლების განმავლობაში, თუ აღნიშნული ფართი არ წარმოადგენდა სახელმწიფოს კუთვნილებას, რატომ არ მოხდა საჯარო სკოლისთვის შესაბამისი ფართის მოძიება და, ამასთანავე, რატომ იხარჯებოდა მნიშვნელოვანი თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან აღნიშნული ფართის რეაბილიტაციისთვის?

_ ზოგადად, რა პრობლემებს გამოყოფთ სადღეისოდ სკოლასა და საერთოდ, განათლების სისტემაში?

_ განათლების სისტემაში ყველა მიმართულებით პრობლემებია. შეუძლებელიც კია ერთ საგაზეთო ინტერვიუში ყველა მათგანზე ისაუბრო.

2017 წლის საატესტატო გამოცდების შედეგებმა, რომელშიც მოსწავლეთა 27%-მა (13 ათასამდე) ვერ შეძლო მინიმალური ბარიერის დაძლევა, დაადასტურა ზოგადი განათლების სფეროში არსებული სისტემური პრობლემები, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი შეფასება _ საგანგაშო სიტუაცია.

ამასთან, შედეგები ყოველწლიურად უარესდება _ 2014 წელს ჩაჭრილთა რაოდენობა 13,6%-ს შეადგენდა, შემდგომი სტატისტიკა პირდაპირ მიანიშნებს, რომ სტატისტიკა ყოველწლიურად გაუარესდა. 2015 წელს გახდა 14,4%, 2016 წელს გაიზარდა 24,4%-მდე, 2017 წელს _ 27,2%-ია.

თიმსს-2015 და პისა-2015 წლების ციკლში მონაწილეობის პერიოდში, კვლევების მიხედვით (რომელსაც საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს), ჩვენ ვერ შევძელით მიგვეღწია საერთაშორისო საშუალო ნიშნულისთვის. ამიტომ განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის პრიორიტეტების სწორად იდენტიფიცირება და სისტემურ დონეზე შეთანხმება აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრო სიტუაციის გამოსასწორებლად ფიქრს ახლავე იწყებდეს, ეძებდეს იმ სისუსტეებს, რაც ამ შედეგის წინაპირობა გახდა, დემაგოგიითა და უპასუხისმგებლო შეფასებებით არის დაკავებული. გაუგებარია, რატომ არ ისმის კითხვები პროცესის გაუმართაობასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს მომავალში საგამოცდო ბარიერის აწევის გზით?

ამ ფონზე, ასევე გაუგებარი და არარელევანტურია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მოქმედი ვერსია, რომელშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეული მილიონობით ლარია დახარჯული. მოქმედი, არაფრისმომცემი აქტივობები კი გაუსაძლის ფორმალობად ექცა თავად პედაგოგს, რომელიც ვერა და ვერ აისახა მთავარ მიზანზე _ გაიზარდოს განათლების ხარისხი.

საინტერესოა, რატომ არაფერს აკეთებს სამინისტრო იმ 16 ათასი პედაგოგის ხელშესაწყობად, რომლებმაც უკვე რამდენი წელია, წარმატებით დაძლიეს სახელმწიფოსგან შეთავაზებული ყველა მოთხოვნა? მაგრამ მხოლოდ 50%-ს აქვს მაქსიმალური დატვირთვა და, შესაბამისად, 8000 პედაგოგი ვერ იღებს წინასაარჩევნოდ დაანონსებულ სახელფასო დანამატს.

რამდენიმეთვიანი ძალისხმევის შედეგად ძლივს მივაღწიეთ სამინისტროს განეხორციელებინა უმარტივესი ქმედება, ბიულეტენის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად, რაც ათასობით პედაგოგს შეუმსუბუქებს მდგომარეობას.

აუცილებელია განსჯის საგანი გახდეს ის ფაქტი, რომ ერთი და იმავე სტანდარტების, პედაგოგებისა და საგამოცდო სისტემის პირობებში, ასე მკვეთრად რატომ უარესდება მოსწავლეთა შედეგები.

უნდა აღინიშნოს, რომ უკვე რამდენი წელია, ვერ მოხერხდა ვერც ერთ საფეხურზე საგნობრივი სტანდარტების რევიზია და, შესაბამისად, უკვე მესამე სასწავლო წელს ძველი გრიფმინიჭებული, უკვე მორალურად მოძველებული, სასწავლო პროცესისთვის გამოუსადეგარი სახელმძღვანელოებით დავიწყებთ.

სამინისტროს არ გააჩნია მიდგომა და შესაბამისი სტრატეგია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საატესტატო გამოცდების შედეგის გამო განმეორებით უწევთ სასწავლო პროგრამის გავლა.

მოკლედ, ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ყველა საქმითაა დაკავებული, გარდა განათლების სფეროში მიმდინარე საკითხებისა. ამიტომ საქართველოს განათლების სისტემა აღარ არსებობს, რაც გვაქვს, მხოლოდ ფორმალური ინერციაა, მეტი არაფერი.

 

გელა მამულაშვილი