ლევან სამუშია: „ქართული ოცნება“ დასავლეთის მეორედ გადაგდებას ვერ გაბედავს“

4 ივნისს სატელევიზიო ფორმატში ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვა დაიწყო, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.
აღნიშნულ განხილვაში არ მონაწილეობენ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლები, რადგან პოლიტპატიმარი გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება და ხელისუფლება შეთანხმებას არ ასრულებს.

რისთვის ემზადება ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური სპექტრი? როგორია მათი წინასაარჩევნო სტრატეგია და რა გეგმა აქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „თავისუფალ დემოკრატებს“?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერ ლევან სამუშიას ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, ექსპერტების თქმით, კორონავირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი პარტნიორი აღმოჩნდა. თქვენი აზრით, ასეა?
_ არანაირად არ ვუყურებ საკითხს ასე. ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დგას. ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებს მოქალაქეების დახმარების მხრივ და რა უფსკრულის პირასაც მიიყვანა ქვეყანა, ეს ყველამ კარგად ვიცით. რაც შეეხება პანდემიასთან ბრძოლას, პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ექიმებს, რომლებმაც ფასდაუდებელი შრომა გაწიეს! ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების მაღალი თვითშეგნება.
_ თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ხელისუფლება ქმედითუნარიანი აღმოჩნდა და ამის დასამტკიცებლად თავად ხელისუფლების წარმომადგენლები პანდემიის შემდგომ პერიოდში გაზრდილ რეიტინგებს იშველიებენ, ამაზე რას იტყვით?
_ ხელისუფლებას, საერთოდ, რა აქვს საამაყო?! _ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის პერიოდში ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანა. მათ შეიძლება, იმით „იამაყონ“, რომ საკუთარი ოჯახის წევრების გამდიდრებაზე იმუშავეს. ადამიანის უფლებები, სასამართლო, კორუფცია, ეკონომიკური სტაგნაცია, ის, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიემართება, ის, რომ ქვეყანაში ოფიციალურად აღიარებული პოლიტპატიმრები გვყავს, ამ შემთხვევაში რა უნდა იყოს საამაყო?! ეს არის კატასტროფა, როგორც ქვეყნის იმიჯისთვის, ასევე, ზოგადად, დემოკრატიული განვითარებისთვის.
_ თქვენ ახსენეთ პოლიტპატიმრები, უგულავა-ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა გიორგი რურუა დღემდე საპატიმროში რჩება. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ივანიშვილის მორიგი ტრიუკის ნაწილია?
_ არ ვიცი, ივანიშვილი ახლა რას და როგორ ფიქრობს, მაგრამ, ზოგადად, „ოცნების“ ბუნება გადამგდებია. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, ხელისუფლებას ამ ნაწილში შეთანხმება აქვს ბოლომდე მისაყვანი. სანამ ხელისუფლება ხელმოწერილ ვალდებულებას არ შეასრულებს, ვერ ჩავთვლით, რომ მან ნაბიჯი გადადგა. მათდამი დაქვემდებარებულ სასამართლოს ხელისუფლებამ ნება უნდა მისცეს, რომ სამართლიანად მიიღოს გადაწყვეტილება და რურუა გაათავისუფლონ.
_ საზოგადოების ნაწილის გადმოსახედიდან შესაძლოა, რჩებოდეს შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია კონკრეტულად ერთი ადამიანის, გიორგი რურუას ირგვლივ ტრიალებს. მკითხველისთვის რომ განვმარტოთ, რატომ არის არსებითად მნიშვნელოვანი გიორგი რურუას განთავისუფლება?
_ ეს არ არის ერთი ადამიანის თემა, ამ შემთხვევაში ეს არის პრინციპი. ჩვენ თუ ამ საკითხს შევხედავთ, როგორც ერთი ადამიანის პრობლემას და ვიტყვით, რომ არა უშავს, მერე რა! _ ხვალ უფრო მეტი პოლიტპატიმარი გაჩნდება ქვეყანაში, ხელისუფლებასაც უფრო წავაქეზებთ და შანსს მივცემთ, რომ ყველაფერი მოსულა, მათ შორის, არჩევნების გაყალბებაც, ორმაგი ტერორი და ორმაგად მეტი პოლიტპატიმარი. აქედან გამომდინარე, პოლიტპატიმრებზე შეთანხმების შესრულება და გიორგი რურუას განთავისუფლება პრინციპის, სამართლიანობის საკითხია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია. პასუხისმგებლიანმა ოპოზიციურმა ძალამ ამ პოლიტიკური პატიმრის განთავისუფლება უნდა მოითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენს ქვეყანაში პოლიპატიმრები იქნებიან, რომლებიც უკვე საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, ასეთ შემთხვევაში ვერ ვისაუბრებთ ინვესტიციებზე, ეკონომიკურ ზრდაზე. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც გვითხრა და ზუსტადაც ასახეს, რომ თუ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ იქნება, გამორიცხულია წინსვლა. აქედან გამომდინარე, ეს ბრძოლა, რასაც პოლიპატიმრების საბოლოო განთავისუფლება ჰქვია, ბოლომდე მისაყვანია. ხელისუფლებას ნაკისრი ვალდებულების შესრულებისკენ ყოველ წამს უნდა მოვუწოდოთ.
_ გიორგი რურუა საპატიმროში რჩება, შესაბამისად, ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბება, უარს აცხადებს საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობაზე. ამით ხომ არ აძლევთ არგუმენტს ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩასაგდებად?
_ როდესაც ხელისუფლებამ მეგა მასშტაბის გადაგდება ჩაიდინა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მაშინ არგუმენტი ის ჰქონდა, რომ მაკრახიძემ და ბერაიამ ჩააგდეს ცვლილებებიო. ასეთი არგუმენტები მათ ყოველთვის ექნებათ. აქედან გამომდინარე, რაც სამართლიანი და სწორია იმას ვაკეთებთ. არ შეიძლება, ქვეყანაში, თუნდაც ერთი პოლიტიკური პატიმარი იყოს საპყრობილეში! ეს მიუღებელია. როცა ქვეყანაში პოლიტპატიმარი გყავს, ამ ფაქტზე წაყრუებით ქვეყანა მიგყავს რუსეთისკენ. თუ გვინდა დასავლეთისაკენ სვლა, ქვეყანაში არც ერთი პოლიტპატიმარი არ უნდა იყოს. სასამართლოს დეპოლიტიზაციაზე კი უკვე შემდგომმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კოალიციური იქნება და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვეღარ მოვა. კოალიციური მთავრობის ნომერ პირველი საზრუნავი, სწორედ, სამართალდამცველი სისტემისა და სასამართლოს სრულიად დეპოლიტიზაცია უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანას სწორი, სამართლებრივი და დასავლურ ღირებულებებზე დამყარებული განვითარება არ უწერია.
_ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ერთობის ამოსავალი წერტილი რა არის დღესდღეობით?
_ ამ ერთობის ამოსავალი წერტილი თავიდანვე ყველასთვის ცნობილი გახდა. ეს იყო იმ საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც „ქართული ოცნება“ გვიტოვებდა 2020 წელს და შემდეგ როგორ გადააგდო სრულიად საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამას არ მოვყვები, ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის, თქვენმა მკითხველმაც. რაც შეეხება ამ ერთობას, ეს იყო ერთიანი ფორმატი, სადაც უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული პარტია იჯდა იმისთვის, რომ სამართლიანი საარჩევნო წესები ყოფილიყო და ერთი ამომრჩევლის ხმა ასახულიყო მთლიან შედეგებზე. ამ შემთხვევაში ეს გახლდათ მთავარი. ბუნებრივია, სტრატეგიაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულირება ვერ მოახდინოს, თუნდაც, იმ ცოტა დატოვებული მაჟორიტარებით, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით, რადგან შესაძლოა, მორიგი გადაგდება ჩაიდინოს. ოპოზიცია ფიქრობს და მსჯელობს იმაზე, რომ ამ მაჟორიტარ კანდიდატებზე შევთანხმდეთ. ამ შემთხვევაში მისასალმებელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, ვგულისხმობ თბილისში 8-დან 6 მაჟორიტარული ოლქის დათმობას, ეს არის თანხმობისკენ და საერთო მიზნისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი.
_ გასაგებია, რომ მისასალმებელია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ რეიტინგებით ოპოზიციურ პარტიებს შორის პირველ ადგილზეა, შესაბამისად, მის ლიდერებსა და წარმომადგენლებს გამარჯვების მეტი შანსი აქვთ. აქედან გამომდინარე, ზუსტად იმიტომ, რომ მათ 6 ოლქი დათმეს, გამარჯვების შანსი ხომ არ მცირდება ოპოზიციისთვის?
_ ყველას რაღაცის დათმობა მოუწევს, არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ შემთხვევაში საუბარია იმ ერთობაზე, რომლის პირობებშიც შეთანხმებულად, განსაკუთრებით თბილისის ოლქებში, უნდა წარვადგინოთ კანდიდატები. ოპოზიციაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გარდა, ძალიან ბევრი ავტორიტეტული, ცნობადი სახეა, აქედან გამომდინარე, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, დარჩენილ 6 მაჟორიტარულ ოლქში ვის წარადგენს.
_ 6 ოლქი საკმაოდ რთული გადასანაწილებელი იქნება. თუ პარტიების რაოდენობას გავითვალისწინებთ, რა სირთულეები ახლავს ამ საკითხს თან?
_ გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკითხი დიდწილად მიღწევადია და ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. შეუთანხმებლობა არ იქნება _ ამის ნაკლებად მჯერა. თბილისთან დაკავშირებით შეთანხმების ძალიან დიდი ალბათობა არსებობს.
_ ოპოზიციური სპექტრისა და თქვენი მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი, სწორედ, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე კეთდება, რატომ?
_ როგორც თბილისი, ასევე რეგიონები, მნიშვნელოვანია, მაგრამ თბილისი ცენტრია. ისტორიულად თუ გადაავლებთ თვალს, აუცილებელია თბილისის ოლქებზე შეთანხმება. რაც შეეხება რეგიონებს, ყველას თავისი სპეციფიკა აქვს. ვფიქრობ, იქაც იქნება კოორდინაცია და შესაძლებელია რამდენიმე ოლქში შეთანხმება. ყველას გაცხადებული აქვს, რომ მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს უპირობოდ დაუჭერენ მხარს, _ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, სწორად მოქმედების შემთხვევაში ხელისუფლების მარცხი გარდაუვალია.
_ თქვენ ახსენეთ მეორე ტური. „ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ მეორე ტურამდე საქმე არ უნდა მივიდეს და ოპოზიციამ უნდა მოახერხოს პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ დამარცხება. როგორია თქვენი პოზიცია ამ კუთხით?
_ პირველივე ტურში ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ თბილისის ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები დავამარცხოთ. რაც შეეხება პროდასავლური ოპოზიციის საერთო ხმებს პროპორციულ ნაწილში, აქაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნების“ ხმებზე გაცილებით მეტი იქნება. აქედან გამომდინარე, კარგი მოლოდინი და ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას რა უბედურებებიც ჰქონდა, იქიდან ნელ-ნელა დავიწყებთ თავის დაღწევას. არც 7 ნოემბერი და არც 20 ივნისი არ იქნებოდა, კოალიციური ხელისუფლება, რომ გვყოლოდა, ანუ ერთპიროვნული მმართველობა იწვევს იმას, რაც ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა.
_ თუმცა კოალიციური ხელისუფლების გამოცდილება ჩვენს ქვეყანას არ აქვს და სანამ ოპოზიცია კოალიციური ხელისუფლებით მოვა, ვნახეთ რაც მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასებით, რა პროცესს ვადენებთ თვალს?
_ ეს უფრო „ძალა ერთობაშიას“ განხილვის საკითხია და ამ სიღრმეებში არ შევალ. ჩვენ ვნახეთ, რომ 1-2 დღეში ყველაფერი დაწყნარდება. მოვერიდები ამ პროცესის გარჩევას…
_ ლეიბორისტული პარტიის ოფისში მაგიდის ირგვლივ ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური პარტიები სხედან. შესაბამისად, მათი საერთო მაჟორიტარული კანდიდატი ხომ არ გამოიწვევს კონკრეტული პარტიის, ამ შემთხვევაში, „თავისუფალი დემოკრატების“, ამომრჩევლის გაღიზიანებას? რა იქნება თქვენი პარტიის ამოსავალი წერტილი?
_ „თავისუფალი დემოკრატებისთვის“, ამ შემთხვევაში, ამოსავალი წერტილი არის პროდასავლური პოლიტიკური ძალების ერთიანობა. არავის სახელისა და გვარის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ პარტიას, რომელიც დასავლური ინტეგრაციის წინააღმდეგია და ქვეყნის მომავალს ჩრდილოეთით ხედავს, ბუნებრივია, „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდაჭერა არ ექნება.
_ ეს თემები საკონსულტაციო ფორმატით არ განხილულა?
_ ამ საკონსულტაციო ფორმატის მთავარი მიზანი იყო და არის ის, რომ ხელისუფლებას, ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით, უკან დახევა მოუწია. ყველა ვთანხმდებოდით, რომ სამართლიანი თამაშის წესები უნდა ყოფილიყო, ასევე კონსენსუსია ხელისუფლების წინააღმდეგ გარკვეულ მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმებაზე. ვინ პრორუსულია და ვინ პროდასავლურია, ამას ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს.
_ ეს თემა ხომ არ გამოიწვევს ოპოზიციური ერთობის გახლეჩას?
_ არანაირად. ვერ წარმომიდგენია ოპოზიციაში პროდასავლური ძალა, რომელიც პუტინის პოლიტიკას ხმას დაუჭერს.
_ როცა ერთი მოლაპარაკების მაგიდის გარშემო სხედხართ, საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით რა ხდება?
_ ჯერ საერთო მაჟორიტარული კანდიდატები დასახელდეს და შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერზე, ვინ ვის დაუჭერს მხარს და ვინ ვის არ დაუჭერს. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის დასავლური ღირებულებები. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა დასავლეთსა და დასავლურ ღირებულებებზე გადის. თუ ვინმე იტყვის, რომ მათთვის მთავარია ჩრდილოეთის ვექტორი და არა ნატოში გაწევრიანება, ასეთი კანდიდატის მხარდაჭერა ჩვენთვის წარმოუდგენელია. ყველას თავისი მოსაზრების დაფიქსირება მოუწევს.
_ „თავისუფალი დემოკრატები“ რა ფორმით მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას?
_ ამასთან დაკავშირებით პარტიაში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს და მოკლე ხანში შესაბამისი გადაწყვეტილება ცნობილი იქნება. ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით.
_ ინტერვიუს მსვლელობისას ხშირად აღნიშნავდით, რომ, ჯერჯერობით, საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელებულა. რა „გეგმა ბ“ აქვს ოპოზიციას, თუკი ხელისუფლებამ კვლავ ჩააგდო ცვლილებები და მოქმედი საარჩევნო სისტემა დარჩა?
_ ამ საკითხზე საუბარი იყო ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური ერთობის ფორმატითაც. სრულიად ოპოზიციური სპექტრი თანხმდებოდა, რომ მაჟორიტარულ ოლქებზე უნდა შევთანხმებულიყავით, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რაც ძალიან რთულია, რომ „ქართული ოცნება“ მეორეჯერ გადაგდებას არ იკადრებს. შეიძლება იკადროს, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენი დასავლელი მეგობრების გადაგდებას უფრო ვერ გაბედავს, ეს საერთაშორისო საზოგადოების რეაქციებიდან გამომდინარე, მათთვის კატასტროფა იქნება.
_ დღევანდელი მოცემულობით, მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღიდან დიდი დანაკარგების გარეშე გამოძვრა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და, მათ შორის, საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდის ეფექტიან მუშაობას მიაწერს და გაზრდილი რეიტინგებით თავს იწონებენ, ამ პირობებში რა უპირატესობა აქვს ოპოზიციას?
_ თუ ჩვენ „იმედის“ ან „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევებზე ვისაუბრებთ, იქ ყოველთვის მაღალი რეიტინგი აქვთ, რაც არ უნდა დაბალი ჰქონდეთ. ნამდვილი რეიტინგი 2020 წლის არჩევნებში გამოჩნდება, სადაც ქართველი ხალხი პასუხს გასცემს „ქართული ოცნების“ უსამართლო მმართველობას. რაც შეეხება ოპოზიციის უპირატესობას, პირველ რიგში, მან საარჩევნო პროგრამა უნდა წარადგინოს, სადაც საუბარი იქნება სასამართლო რეფორმასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე ყველაფერი შედარებითია: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული, ქვეყანა თითქმის 90-იან წლებში დააბრუნა, სასამართლო სისტემა საერთოდ მოსპო და უვადოდ გაგვიმწესა მოსამართლეები, საზოგადოებამ მათი სახელები კარგად იცის. ინსტიტუციები თავიდან ბოლომდე მოშლილია, ეკონომიკური სტაგნაციაა და, აქედან გამომდინარე, ოდნავ სამართლიანობის პირობებშიც კი, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას გამარჯვების შანსი არ გააჩნია!

ნენე ინჯგია