ლევან დავითაშვილის კომფორტის ზონა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა იყოს, ამიტომ მისი „კომფორტის ზონის“ დადგენა სწორედაც რომ უნდა გვაინტერესებდეს.

დავიწყოთ თავიდან. მისი განათლება 1995-1999 წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტში ეკონომიკის ბაკალავრით იწყება, შემდეგ იყო 1999-2001 წლებში ამავე უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი და შემდეგ 2002-2003 წლებში _ MIP მილანი _ ბიზნესის მართვის მაგისტრი.

მის სამუშაო გამოცდილებას რომ თვალი გადავავლოთ, გასაკვირია, მაგრამ, ჯერ კიდევ, მე-2 კურსიდან, ანუ 1997 წლიდან 1999 წლამდე იგი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების  დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა (საიდან, როგორ მე-2 კურსელი სტუდენტი ამ თანამდებობაზე, საკვირველია?!).

1999 წელს, 3 თვის მაძილზე, შემოსავლების სამინისტროს სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი იყო.

1999-2001 წლებში _ „მსოფლიო ბანკის“ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის (CERMA) მთავარი ბიზნესკონსულტანტი, შემდეგ ერთ-ერთი შპს-ს გენერალური მენეჯერი, 2007-2009 წწ. _ USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტ Ag Vantage -ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შემდეგ მისი საქმიანობა ღვინის წარმოების სფეროს უკავშირდება; 2012 წლის 4 დეკემბრიდან  საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად, 2014 წლის 5 ნოემბრიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2016 წლის 9 სექტემბრიდან სოფლის მეურნეობის მინისტრად გვევლინება.

ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებს; ჰყავს მეუღლე და 2 შვილი _ ამ ინფორმაციას მასზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდი გვაძლევს.

რაც შეეხება მის ქონებრივ დეკლარაციასა და მისი „კომფორტის ზონის“ კვლევის პროცესს, ამაზე ქვემოთ:

ა. წ. 6 თებერვალს შევსებული დეკლარციის მიხედვით, დავითაშვილის უძრავი ქონება წარმოადგენს შემდეგს:

100%-იანი წილის მფლობელია თბილისში სოფ. დიღომში 300,00 კვ.მ. ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლის,  ამავე ტერიტორიაზე 550,00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის.

მის სახელზეა, ასევე, დიღმის მე-5 კვარტალში მემკვიდრეობით მიღებული ბინა #21 და ნასყიდობით შეძენილი 5500,00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი  თელავში, სოფ. შალაურში.

მეუღლის, თეა ფარქოსაძეს სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა Mercedes-Benz, რომელიც ნასყიდობით იქნა შეძენილი 19000,00 აშშ დოლარად.

სოფლის მეურნეობის მინისტრის დეკლარაციაში მთელი 12 გვერდიდან  ნახევარი მონაცემებს არ შეიცავს. ანუ მინისტრის სახელზე არ მოიპოვება: ფასიანი ქაღალდები;

ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4000 ლარს;

მისი ან ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში (დაკავშირებული საწარმოები);

წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად);

წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს და

წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მისი, ან ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე.

სამაგიეროდ, გვაქვს ინფორმაცია საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით და იმასაც ვხედავთ, რომ მათ ანგარიში აქვთ მხოლოდ საქართველოს მონოპოლიურ ბანკებში: სს „საქართველოს ბანკსა“ და  სს „თი-ბი-სი ბანკში“.

მაშ, ასე: ლევან დავითაშვილს ,,თი-ბი-სი ბანკის“ დეპოზიტზე დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა 24073,45 ლარი და 1502,85 აშშ დოლარი; ასევე, „თი-ბი-სი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე  178,14 ლარი და „რესპუბლიკა ბანკში“ (რომელიც უკვე „თი-ბი-სი ბანკის“ საკუთრებაა) მიმდინარე 474,59 ლარი;

მეუღლეს, თეა ფარქოსაძეს,  „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 3917,21 ლარი უფიქსირდებოდა და ამავე ბანკში საკრედიტო 7347,04 ლარი (-).

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, თეა ფარქოსაძე 50%-იანი წილის მფლობელია შპს „Maxpharma “-ში, რომლის საწარმოო კაპიტალის ოდენობა 348133,00 ლარს უდრის, მისგან მიღებული ერთწლიანი მოგება კი _ 45000,00 ლარს; ასევე, ფარქოსაძე 100%-იანი წილის მფლობელია შპს „Intermanagement “-ის, რომლის მისამართიც ემთხვევა დავითაშვილის მშობლების საცხოვრებელი სახლის მისამართს _ თბილისი გლდანის მე-3 მკრ., კორპ. 5. ამ საწარმოდან მიღებული მოგება კი 0-ს უტოლდება.

დეკლარაციიდანვე ირკვევა, რომ ლევან დავითაშვილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეობისას 8 თვეში 51259,82 ლარი აქვს აღებული. მინისტრობისას კი 2016 წელს სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით 23294,55 ლარი აუღია.

დეკლარაციის გაცნობის შემდეგ მისი „კომფორტის ზონისკენ“ გავემართე. სოფელი დიღომი ის ადგილია, სადაც ახალი „ტრენდის“ მიხედვით, ქალაქგარეთ, მშვიდად ცხოვრების მოყვარულები იდებენ ბინას.

ეს ის ადგილია, სადაც თეა წულუკიანის კომფორტის ზონასაც მივაგენით და მასზე მოგიყევით.

დღის 14:00 საათზე სწორედ სოფელ დიღმისკენ ავიღე გეზი. ტრასიდან თბილისის პროკურატურასთან მარჯვნივ უნდა გადაუხვიოთ და სოფლის გზას გაყვეთ იქამდე, სანამ ის დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ. გზად მშენებარე 2-3-სართულიანი სახლები და უკვე აშენებული ასეთივე შენობები შემოგხვდებათ. აქვეა უკვე გაყიდული მიწები, რომელთაც შესაბამისი საზღვარი აქვთ შემოვლებული და უკვე აყვავებული ხეები, მწვანე მინდვრები და ბირჟაზე შეკრებილი ჯეელების ერთობა, რომელთაც შუადღის ხვატიც არაფერს აკლებს და მაინც მედგრად ინარჩუნებენ ადგილს.

მოკლედ, ვინაიდან დეკლარაციაში დავითაშვილს მითითებული არ ჰქონდა ქუჩის დასახელება და კონკრეტული მისამართიც, ამიტომ ინტუიციის, ტაქსის მძღოლის დახმარებისა და ხალხში მისამართის გაკითხვის იმედზე წავედი.

სოფელში შესულს კვლავ წულუკიანის სახლის დაცვა დაგვხვდა, ეჭვის თვალით შეგვათვალიერა და არაფერი ხელჩასაჭიდი რომ არ ჰქონდა, თვალიც მოგვაცილა. გზად ყველა გამვლელს ვეკითხებოდი სოფლის მეურნეობის მინისტრის სახლის შესახებ, მათი პასუხი კი ასეთი იყო:

_ სოფლის მეურნეობის არა და იუსტიციის მინისტრი კი იქ ცხოვრობს, ყვითელ სახლში. დავითაშვილი _ ასეთი არავინ გამიგია აქ.

ტექსტი იგივე იყო, ადამიანები იცვლებოდნენ. წულუკიანის სახლს წრე შემოვარტყით, ამაზე დცვა „აიჭრა“ და უკან გამოგვყვა, მაგრამ კვლავ თავი დაგვანება. მერე თითქმის ყველა ჩიხში შევედით, რაც სოფელს ჰქონდა, მაგრამ მაინც არავის სმენოდა დავითაშვილის შესახებ. ბოლო გამოსავლად სოფელ დიღმის სრული „დაპყრობა“ და უკვე ზემო ნაწილის დათვალიერება დაგვრჩენოდა. უკვე 16:00 საათი იყო, სოფლის ზემო დასახლებაში ავედით. აქ შედარებით „მოძრავი“ სიტუაცია დაგვხვდა, სოფლის ცენტრში ხალხი ყველგან ირეოდა, სადღაც ხილ-ბოსტნეულს ყიდდნენ. მაღაზიაშიც უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, ტაქსის მძღოლებიც კი იყვნენ ახლოს.

მანქანა გავაჩერეთ, „მცირე ბაზრობას“ მივაშურე, იქ მდგომებს მინისტრის შესახებ ვკითხე, ტაქსის მძღოლებსაც, მაღაზიის გამყიდველებსაც, გზაზე ელენერგიის ბოძების შემკეთებლებსაც, სოფლის უხუცესებსაც _ არავინ მასზე არაფერი იცოდა. ყველა დაბლა, ახალი დასახლებისკენ იშვერდა ხელს, იქ, სადაც იუსტიციის მინისტრის ყვითელი სახლი იდგა თავისი გაძლიერებული დაცვით და კამერებით. ეს ადგილი უკვე შეთვალიერებული გვქონდა, თითქმის ყველა გამოკითხული, მაგრამ მაინც ქვემოთ დავეშვით. აქ ბირჟაზე შეკრებილ ახალგაზრდა, შავებში ჩაცმულ ბიჭებსაც გადავეყარეთ, რომლებსაც თავიანთი შეკრების ადგილის წინ შავი „ტოიოტა პრადო“ დაეყენებინათ და იქიდან გამომავალი მუსიკის ფონზე რაღაც ამბავს არჩევდნენ. მათაც ვკითხეთ დავითაშვილის შესახებ, ისიც ვუთხარით, რომ მინისტრი იყო, თუმცა ამაოდ. შემდეგ, ერთ-ერთ ჩიხში შევედით, მანქანიდან გადასულმა ერთ-ერთი ოჯახის მასპინძელი ვიხმე და მას ვკითხე, მაგრამ მანაც არაფერი იცოდა, ამიტომ, აზრი აღარ ჰქონდა იქ ყოფნას.

ვერც კი ვხსნიდი, რატომ და როგორ შეიძლებოდა, ამ სოფელში არ სცოდნოდათ სოფლის მეურნეობის მინისტრის შესახებ, მაგრამ ყველაფერი ნათელი გახდა, როცა უკვე მის ყოფილ მეზობელს გადავეყარე და მასზე ისეთი რამ მითხრა, რაც იმ ფაქტს ხსნიდა, რომ იგი ყველასთვის უცნობი შეიძლებოდა ყოფილიყო.

სოფელ დიღმიდან წამოსულმა ჯერ დიდუბის მეტროს, შემდეგ „ახმეტელის თეატრის“ მეტროს და შემდეგ ტაქსის მივაშურე. ვეძებდი ადგილს, სადაც ჩვენი მინისტრია ჩაწერილი. აქ, მე-3 მიკრორაიონში მე-5 კორპუსი უნდა მეპოვა. ამ ადგილის პოვნის პროცესი ძალიან რთულიც არ ყოფილა, რადგან ტაქსის მძღოლმა ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა და იმაზე იაფადაც კი მომემსახურა, ვიდრე გათვლილი მქონდა.

მოკლედ, მეტრო „ახმეტელის თეატრის“ შემდეგ ტაქსი დავიჭირე, ის აქ, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები აღმოჩნდა. მალევე გავიარეთ კორპუსის წყება, პირველი მიკრორაიონის პარალელურად, მის წინ, მე-3 აღმოჩნდა. ვიპოვეთ ეს მიკრორაიონიც და მე-4 კორპუსიც, თუმცა მე-5 არსად ჩანდა. მანქანიდან გადმოვედი და ჩემით დავიწყე ამ კორპუსის ძებნა. ეს ის 16-სართულიანი შენობა იყო, რომელიც მე-4 კორპუსის უკან იდგა. მის დანახვას კი იქ არსებული ხეები, კორპუსები და „გარაჟებიც“ ართულებდა.

დღის 17:00 საათზე უკვე აქ, გლდანში ვიყავი. კორპუსს უკნიდან შემოვუარე და მთავარი შესასვლელი მოვძებნე. კორპუსი საკმაოდ ძველია და 16-სართულიანი. შესასვლელი დაბინძურებულია, თუმცა ლიფტს ახალი ღილაკი აქვს. პირველივე სართულზე თეთრ კარზე წარწერა შევნიშნე: „ტყუილად აკაკუნებთ, შემოსასვლელი უკანა ეზოდან გვაქვს, აქ ქვითრებს ნუ დატოვებთ“. ამავე სართულზე კუთხის ბოლოში კარი შუახნის მამაკაცმა გააღო, არც ისე მაღალი იქნებოდა, ოდნავ ჭაღარაშეპარულიც კი:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, ლევან დავითაშვილის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ, მაინტერესებს თუ იცნობთ?

_ კი, ვიცნობ.

_ ახლა აქ ცხოვრობენ? როგორი მეზობლები არიან?

_ მისი მშობლები და ძმაც, მგონი, აქ ცხოვრობს, თვითონ არ ვიცი, სადაა.

_ რამდენად სალმიანები არიან?

_ არა შვილო, ჩაკეტილები არიან ეგენი.

_ სად გადავიდნენ, ხომ არ იცით?

_ მგონი, დიღომში, სადღაც. ფულის მეტი რა აქვთ მაგათ, მით უმეტეს, ახლა მინისტრიცაა და გლდანი რაღად უნდათ ახლა.

_ ანუ არ იყვნენ სალმიანები? ხშირად არ ხედავდით ხოლმე?

_ არა, სულ ჩაკეტილები იყვნენ ხოლმე თავისთვის და იშვიათად გამოდიოდნენ, სალმიანებიც ნაკლებად.

_ გმადლობთ-მეთქი და წამოვედი.

აი, ახლა მივხვდი, თუ რა იყო რეალური მიზეზი იმისა, რომ არავინ იცოდა იმ სოფელშიც მინისტრის შესახებ.

თუ ამ კორპუსში მთელი ბავშვობა გაატარა და აქაური მეზობელი მის ჩაკეტილობაზე საუბრობს, სულ რამდენიმე წლის წინათ ახალ საცხოვრებელში გადასულზე მეზობლებმა რომ ამ ახალ დასახლებაში მის არსებობაზე არ იციან _ ამაში არაფერია გასაკვირი. სწორედ ამას მივხვდი და შემდეგ სართულზე გავაგრძელე ასვლა.

ზემოთ გადასულზე კიდევ ერთ ქალბატონს გავესაუბრეთ, რომელიც არც კი იცნობდა ხსენებულ მინისტრს, ამიტომ სხვასთან გადამამისამართა.

კარი ისევ შუახნის მამაკაცმა გააღო, მასაც იგივენაირად მივესალმე, ავუხსენი, ვინც ვიყავი:

_ კი, ვიცნობ, _ მიპასუხა.

_ რამდენად სალმიანი, როგორი მეზობელი იყო?

_ რა ვიცი, ზრდილობიანი.

_ დიდი ხანია, გადავიდნენ?

_ არ ვიცი, იშვიათად ვხედავდი.

_ გმადლობთ.

გზა ისევ ზევით გავაგრძელე. კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რომ „თავისი საქმით დაკავებული“ მინისტრი მეზობლებს არ ეკონტაქტება.

ერთი სართულით ზევით ავედი, კიბესთან, ასასვლელში, სასახლის (კუბო), თავსახური იდო, ამას ყურადღება არ მივაქციე და მაინც გავაგრძელე გზა ამ სართულზე, სადაც კარი (დაჟინებული კაკუნის მიუხედავად) არ გამიღეს და, სავარაუდოდ, იმ ბინაში, რომელშიც მიცვალებული ესვენა (რადგან კარი ფართოდ იყო გაღებული და შიგნით არავინ ჩანდა), არაფერი მესაქმებოდა, ამიტომ კიდევ ერთი სართულით მაღლა გადავინაცვლე.

აქ კარზე ზარის დარეკვა და ძაღლის ხმამაღალი ყეფა ერთი იყო (ძაღლი და მისი ყეფა ისაა, რაც თითქმის ყოველთვის თან სდევს ჩემს „კომფორტის ზონაზე“ მოგზაურობას, კიდევ კარგი, (ჯერ) არც ერთი შემთხვევა არ დამთავრებულა სავალალოდ). ამ კარზე ზარი რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ ამაოდ, ამიტომ გვერდით კარზე გადავედი და აქაც რამდენჯერმე დავრეკე ზარი. კართან შუახნის, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი გამოვიდა. მასაც მივესალმე და საქმეზე გადავედი:

_ გამარჯობა, „ქრონიკა+“-დან ვარ, ლევან დავითაშვილის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ, მაინტერესებს, მას თუ იცნობდით?

_ კი.

_ როგორი მეზობელი იყო?

_ ძალიან კარგი ბავშვი იყო. სულ ჩაკეტილები იყვნენ, სულ მეცადინეობდნენ. მოკლედ, ძალიან ჭკვიანი.

_ ისე, ახლა აქ ცხოვრობენ?

_ კი, კი, მშობლები და მგონი, ძმაც.

_ გასაგებია, ანუ კარგი მეზობლები იყვნენ და არიან.

_ კი, ვისაც უნდა ჰკითხოთ აქ, ყველა მაგას გეტყვით (ეს უკანასკნელი არ გამართლდა, მაგრამ მაინც).

_ ახლოს იცნობდით?

_ ჩვენ არა, ჩაკეტილები იყვნენ, ძირითადად. ცოლი მოიყვანა, მაშინ გადავიდნენ, მგონი.

_ კარგი, გმადლობთ.

ზემოთ სართულზე ავედი, სადაც მისი საცხოვრებელი ბინა იყო, იქაურობას ფოტო გადავუღე და კიდევ ერთი მეზობლის გამოკითხვა გადავწყვიტე. ამ მიზნით კიდევ ერთ სართულით მაღლა ავედი და უკვე მინისტრის ზემოთა მეზობელს ვკითხე მის შესახებ:

_ კი, ვიცნობ, საკმაოდ დადებითი და სალმიანი პიროვნებაა, ახლა კარგა ხანია, აღარ მინახავს, მაგრამ მშობლებთან გვაქვს ურთიერთობა, თვითონ ბიჭებიც აქ გაიზარდნენ, ჩემი შვილების ტოლები არიან.

ამ ქალბატონსაც მადლობა გადავუხადე და უკვე დავტოვე იქაურობა. ქვემოთ ჩამოვედი, კორპუსს ფოტო გადავუღე და სახლისკენ წამოვედი.

რამდენიმე ფაქტს თავისი ახსნა მოვუძებნე და მივხვდი, რომ ადამიანი სადაც უნდა იყოს, მისი ჩაკეტილობა ბევრ რამეს განსაზღვრავს. მეზობლებისგან ჩაკეტილობა შეიძლება ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ეს ადამიანური ურთიერთობების საწყისია, რომელიც შემდეგ ნებისმიერი სახის ურთიერთობაში იჩენს თავს. არ ვიცი, კარგია, თუ ცუდი, რომ მეზობლებმა თავიანთ სამეზობლოში მცხოვრები მინისტრის შესახებ არ იციან, მაგრამ ფაქტი ერთია, _ ის, რაც ზემოთ უკვე მოგიყევით.

 

ნინო ტაბაღუა