ლევან ალაფიშვილი: „თუ ხელისუფლებამ კონსტიტუციის ეს პროექტი მიიღო, საქართველოში ლეგალიზებულ რუსეთს მივიღებთ!“

ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება იურისტი ლევან ალაფიშვილი:

_ ბატონო ლევან, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩვენო კოდექსში მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაუგზავნა. პრეზიდენტის მთავარი მოთხოვნა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შენარჩუნება იყო. მისი კიდევ ერთი ვეტო საარჩევნო კოდექსში ცვლილებების იმ ნაწილს ეხებოდა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციების ახლებურად დაკომპლექტებას გულისხმობს. პარლამენტმა პრეზიდენტის ორივე ვეტო უკვე დაძლია. თქვენ როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და პრეზიდენტის ვეტოებთან დაკავშირებით მსჯელობაზე უარის თქმას?

_ ხელისუფლებამ არჩევნებიდან ექვსი თვის თავზე გაიმარჯვა რა საპარლამენტო არჩევნებში და გაიფორმა იმაზე მეტი მანდატი, ვიდრე რეალურად ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ხმები, რომელიც მან მიიღო, პრაქტიკულად, შეუდგა იმ შეცდომების გზას რომელიც „წარმატებით“ გაიარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლის შემდგომ. საარჩევნო სისტემა არც მაშინ და არც დღეს არ ასახავდა იმ პოლიტიკურ რეალობას, ამომრჩეველთა მხადაჭერას, რომელიც ეძლეოდა შესაბამის პოლიტიკურ ძალას. თუ შევხედავთ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც გაფორმებული აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, იგივე პროპორციით არ აქვს ამომრჩეველთა მხარდაჭერა. ეს არის ერთიანი ზოგადი შეფასება იმ მიზეზისა, რამაც ეს განაპირობა. თავისთავად, როცა საარჩევნო სისტემა არ უზრუნველყოფს ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში  ამომრჩეველთა განწყობისა, ბუნებრივია, მას აუცილებლად შემდგომ გაუჩნდება ცდუნება. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს ასევე დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამაც“. გასული წლის არჩევნების შემდგომ, პრაქტიკულად, ორი დღის თავზე, გაიფორმა რა დაუმსახურებლად კონსტიტუციური უმრავლესობა, მთავრობამ გამოაცხადა, რომ იგი შეცვლის კონსტიტუციას. თუმცა, თუ გადავხედათ წინასაარჩევნო პროგრამას, ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები იმ პროგრამაში კონსტიტუციის ფუნდამენტური საკითხების სახელმწიფო მოწყობის არსებითად ცვლილებაზე, საუბარია რედაქციულ ცვლილებებზე. გარდა ამისა, მართლაც პირდაპირ არის საუბარი: პირველი, რომ შეიცვლებოდა საარჩევნო სისტემა, მეორე, _ ეს გახლავთ ტერიტორიული მოწყობის საკითხების გადაწყვეტა, რომ ჩაატარებდა სამ ღირსეულ არჩევნებს 2020 წლამდე: საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის. თუ შეხედავთ, არჩევნებიდან ორი თვის შემდგომ რადიკალურად განსხვავებულ სურათს ვიღებთ, კონსტიტუციაუმრავლესობა გაფორმებული პოლიტიკური ძალა იწყებს იმ საქმის კეთებას, რომელიც საარჩევნო პროგრამაში არ უწერია და, შესაბამისად, ამომრჩევლის მანდატი ამაზე არ ჰქონდა და რაც ეწერა, იმას საერთოდ არ აკეთებს. საარჩევნო სისტემის შეცვლა _ ეს პირდაპირ უწერია „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო პროგრამაში; ტერიტორიული მოწყობა _ პირდაპირ უწერია „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო პროგრამაში. არც ერთი გადაწყვიტა და არც _ მეორე, გამრუდებული სარკესავითაა. შემდგომ ეს იყო არაერთი შეცდომის ფონზე წარმართული პროცესი, რამაც, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სამწუხაროდ მიიყვანა „ლოგიკურ“ დასასრულამდე, რომელსაც შეიძლება მხოლოდ ჩიხი ეწოდოს და სხვა არაფერი. პოლიტიკური სუბიქტების განსხვავებული აზრის მიუღებლობა, უგულებელყოფა და ა. შ. ეს მთელი ამ პროცესის თანმდევი იყო, რამაც განაპირობა ის, რომ დაიწერა დოკუმენტი, რომელიც არ იყო კონსენსუსით დაფუძნებული. სხვათა შორის, თვითონ პროცესში არ იყო კონსენსუსი და კონსენსუსის გარეშე მიღებული დოკუმენტი გაიგზავნა „ვენეციის კომისიაში“. იქიდან მოვიდა შენიშვნები, რომელიც, საბოლოო ჯამში, შემდგომი მოსმენების დროს უკვე გახდა იმის მიზეზი, რომ საგარეო მხარდაჭერაც აღარ აქვს. შეგახსენებთ, რომ ამის თაობაზე „ვენეციის კომისიამ“ და ევროსტრუქტურებმა, თვითონ მოგერინიმ გააკეთა განცხადება. მივიღეთ ასეთი სიტუაცია, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, მაგრამ მთავრობამ ამაზე განსაკუთრებით, უნდა იფიქროს. ქვეყანას პრობლემა შეუქმნა ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ყველას წინააღმდეგ არის, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, ჩვენს სტრატეგიულად პარტნიორ სახელმწიფოებთან თუ ინსტიტუტებთან მიმართებაშიც. ევროპული დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტი, შინაარსი არის სწორედ კონსენსუსის მაქსიმალური ძიება და რაღაც საკითხებში შეთანხმება და არა ისე, რომ ხმების უმრავლესობა მაქვს და რასაც მინდა, იმას გადავწყვეტ. გახსოვთ, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს განცხადება, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სხვადასხვა რიტორიკითა და სიტყვებით იმეორებენ, რაც სამწუხაროა. ეს ყველა მეთოდი ხომ გავიარეთ და კიდევ რატომ უნდა გავიაროთ?! ამას ვერ ითვალისწინებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალაუფლება და მისით ტკბობა, სავარძლები, ხელფას-პრემიები, მძღოლი და ა. შ., რაც ძალაუფლებასთან და ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული, ქართულ მენტალიტეტში გარკვეული ტკბობის ელემენტებს შეიცავს, რომელიც ბინდავს გონებაში საკუთარ ფასეულობებსაც კი. სამწუხაროდ, ეს არის ადამიანების ტრანსფორმაცია, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლამდე არა მხოლოდ სიტყვიერად გამხმოვანებლები იყვნენ, არამედ თავისი საქმით აკეთებდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც განსხვავებული რამ ხდება, საერთოდ თითქოს ისინი არ იყვნენ, არამედ ცდილობენ, რომ გაამართლონ ხელისუფლების ძალისხმევა. სამწუხაროა ეს ყველაფერი და ამ თაობაში დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ რაიმე გამოსწორდება; რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურია და სხვა არაფერი; ხელისუფლება იმ მანდატის ფარგლებში უნდა საქმიანობდეს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა და თუკი გავყვებით საკონსტიტუციო პროცესს, ამ შემთხვევაში ხალხმა მიანიჭა მანდატი „ქართული ოცნების“ პროგრამას და იმ ფარგლებში უნდა დარჩენილიყო, რომელიც მათ ეწერათ პროგრამაში. ეს არის პოლიტიკური კულტურა, რომელიც ნელ-ნელა უნდა დავამკვიდროთ!

გარკვეულწილად, ანალოგიური პროცესი წარიმართა თვითმმართველობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ეს არ არის მხოლოდ შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის წართმევა. არჩევნებიდან, პრაქტიკულად, მეორე დღესვე „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა ის წარმატებული პროგრამა, რომელიც საფუძველი უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის უფრო ქვედა რგოლებზე ხალხთან მიახლოებისა. მხედველობაში მაქვს ის, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ მოსვლის მეორე დღესვე გააუქმა სოფლის პროგრამა, ხალხს წაართვა საკუთარი ფული და უთხრა, _ მე ვიცი თქვენზე უკეთესად, მაგალითად, ლატალის თემში სოფლებს რა სჭირდებათ და რა უნდა მოვახმაროო. ეს გააკეთა ამ მთავრობამ! მეტსაც გეტყვით: პრაქტიკულად, წინასაარჩევნო პერიოდში, თვითმმართველობის განადგურების აქტი ჩატარდა ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რომელიც, ვფიქრობ, სახელმწიფოსთვის და მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო. შემოსავლების სამსახურმა მესტიის მუნიციპალიტეტს უარი უთხრა დაახლოებით ორნახევარ მილიონ ლარზე, რომელიც მისი კუთვნილია, ადგილობრივი ქონების  გადასახადის ამოღებაზე, უარი უთხრა წლის ბოლოს, როდესაც მესტიის მუნიციპალიტეტს ვალდებულებები გასასტუმრებელი ჰქონდა. ქონების გადასახადის ამოღებაზე უარი უთხრა მუნიციპალიტეტს, კონკრეტულ ბიზნესკომპანიას, ვითომ ენერგეტიკა რომ უნდა ააღორძინოს, იმას გაუწიეს ანგარიში, ამათ სესხი მისცეს და ეს ვალი გასასტუმრებელი აქვთ. ჟარგონზე თუ ვიტყვით, მესტიის მუნიციპალიტეტს „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ფული აახია და მოპარა. მესტიის მუნიციპალიტეტს ეს ვალი ხომ გასასტუმრებელი აქვს და ამით ხალხის ყოფა ხომ უფრო გაუარესდა?! ეს არის პრობლემა! პირველი იყო მესტიის სახიფათო სიმპტომი, შემდგომ სოფლის პროგრამის გაუქმება, მერე 7 ქალაქისთვის თვითმმართველობის სტატუსის წართმევა, ახლა უკვე ბოლო ე. წ. ცვლილებები თვითმმართველობებთან მიმართებით, რომელთა არსი წარმოჩენილია იმაში, თითქოს მხოლოდ სახელები ეცვლება გამგებლებს, სინამდვილეში კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრახვა ჩვენი ხელისუფლებისა, „ქართული ოცნებისა“, არის ის, რომ პირდაპირი წესით არჩეული აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები _ გამგებლები და მერები, სახელს არ აქვს მნიშვნელობა, იყვნენ მისი კონტროლის ქვეშ, ანუ ე. წ. საბჭოთა კაბინეტი უნდა შეუქმნას. სხვათა შორის, ეს კონსტიტუციური თვალსაზრით პრობლემებს შექმნის იმიტომ, რომ კონსტიტიტუციით ეს ცვლილება არ არის მიღებული, არსებობს შესაბამისი კანონი და არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი. ყველა საერთაშორისო სტანდარტით, იქნება ეს „ვენეციის კომისიის“ მიერ დადგენილი სტანდარტით, ევროსაბჭოსა თუ ეუთოს სტანდარტი, მკაფიოდ მიანიშნეს და სხვათა შორის, საქართველოსთან მიმართებით ერთ-ერთ მოხსენებაში პირდაპირ მიუთითებს სადამკვირვებლო მისია, რომ არჩევნების წელს უნდა გამოირიცხოს ისეთი ცვლილებები, რომელიც არსებითად შეცვლის საარჩევნო გარემოს. ჩვენი ხელისუფლება წლის განმავლობაში კი არა, ალბათ, არჩევნების დღესაც მიიღებს კანონს, რომელიც ამ ყველაფერს შეცვლის. ეს სამწუხარო ტედენციაა და კონსტიტუციურ პროცესთან პარალელი რომ გავავლოთ, შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის დამოუკიდებლობის წართმევა არის ის საკითხი, რომელშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასევე მარტოდმარტოა. შეგახსენებთ: ქვეყნის შიგნით შვიდ ქალაქში არ დარჩა სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი, მოსახლეობა, რომელმაც უარყოფითი საჯარო პროტესტი არ გამოთქვა ამის გამო. მეტიც: რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერმაც კი, მთავრობის წევრებთან შეხვედრების დროს, ღიად თქვა, რომ ამას მხარს არ დაუჭერდა. საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ამაზე და თქვეს, რომ წინააღმდეგენი იყვნენ, აღმასრულებელმა ორგანოებმაც იგივე თქვეს. რამდენიმე დღის წინ NDI-ს სადამკვირვებლო მისია იყო საქართველოში, რომელმაც წინასწარი შეფასება დადო და მთელი თავი დაუთმო სწორედ შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის დამოუკიდებლობის წართმევას და მის ნეგატიურ შედეგებს როგორც საარჩევნო, ისე ადმინისტრირების თვალსაზრისით. კვლევამ დაადასტურა, რომ ხელისუფლება აქაც მარტოა და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი _ მეტი არაფერი, რომ იტყვიან, თავში აუვარდაო, სენი ძალაუფლებით ტკბობისა, _ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა და ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. უმრავლესობა როცა ხარ, მაშინ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, რომ უზრუნველყო უმცირესი ხმის გაგონება, მოსმენა, შესმენა და გათვალისწინება! ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან უმცირესობაა, მისი აზრი დააკოპირო და პირდაპირ გადმოიტანო. არა, მოუსმინე და თუკი გონივრულია, გაითვალისწინე! როდესაც ხელისუფლებაში ხარ, ყოველთვის ვერ იქნები იმ როლში, რომელშიც უმცირესობაა. ამაზე ამბობ უარს და უმცირესობის ხმის გაგონებაზე, ჩართულობის უზრუნველყოფაზე, განსხვავებული აზრის მიუღებლობაზე, ამ გზით სიარული, საბოლოო ჯამში, განაპირობებს იმას, რომ უარს ამბობ დემოკრატიაზე, ქართველმა ხალხმა კი დემოკრატიის სასარგებლოდ არჩევანი დიდი ხანია, გააკეთა, მით უმეტეს, როდესაც ევროპულ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ და არა მგონია, ხელისუფლების ეს გზა იყოს სწორი და შედეგიანი! NDI-ს ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ მავნებლური გადაწყვეტილება 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით დამაზიანებელი იქნება ხელისუფლებისთვის. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენო: ვეტოს დაძლევის დროს, გედევან ფოფხაძის, არ ვიცი, წამოცდენა, თუ შეგნებული ნათქვამი, _ ვიცით, რომ ეს ჩვენთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა და ხმებს დავკარგავთო. ეს კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას! ხელისუფლება ამაზეც კი მიდის, იცის და შეგნებულად აკეთებს! ამას სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ გარდა ადგილობრივი დემოკრატიის უგულებელყოფისა და კანონზე ძალადობის გზით აღებული გეზისა, რაც ძალიან მიუღებელია!

_ როდესაც პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იხილებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაშიც კი გადაიზარდა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ „მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური არბიტრი, თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი 2014 წლიდან არის ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, ეს დაპირისპირება არის სრულიად ბუნებრივი“. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? რატომ გადაიზარდა საკონსტიტუციო პროცესი დაპირისპირებაში და როგორ ფიქრობთ, მარგველაშვილი მართლაც ოპოზიციის პრეზიდენტია?

_ პირველ რიგში, ისევ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის წართმევის პირობებში განვიხილავ ამ საკითხს. როდესაც არგუმენტები არ გაქვს, მაშინ გადადიხარ ასეთ კინკლაობაზე და ლანძღვა-გინებაზე. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მართლაც მარტოა დარჩენილი და ის არგუმენტებიც კი არ გააჩნია, რომელიც მისი პარტიის შიგნით მაინც იქნება ფართოდ გაზიარებული. იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდს თუ გადახედავთ, საარჩევნო კამპანია წარმართეს თვითმმართველი ქალაქების დამოუკიდებლობის გარანტირებისთვის, რომელსაც ახლა თვითონვე უყარეს კენჭი და დამოუკიდებლობა წაართვეს. გარდა ამისა, თუკი თვითმმართველობის შინაარსს კარგად წარმოვიდგენთ, ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რომ ადგილზე უნდა ჩაიტანო მეტი კომპეტენცია. ეს, თავისთავად, რა თქმა უნდა, ნიშნავს ცენტრალური ხელისუფლების „დასუსტებას“ და დემოკრატიის, ხალხის ჩართულობის გაძლიერებას, პასუხისმგებლობის უფრო კარგად და ეფექტიანად გადანაწილებას და, საბოლოო ჯამში, ხალხთან ერთად მართვას. დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს და არა ხალხის მართვას! როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება, წინაც და ამჟამინდელიც, დემოკრატიას ასე კითხულობს, _ ხალხის მართვა. არა, ბატონებო, დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას! რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს და კინკლაობას, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ჩვენთან ხომ პოლიტიკაში საერთოდ გამოუცდელი პოლიტიკოსები მოვიდნენ იმ პოზიციებზე, სადაც ნორმალურ, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ასე ადვილად ვერავინ მოხვდებოდა. თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილი ავიღოთ, რომელიც ფლაგმანი იყო პრეზიდენტზე თავდასხმებისა, თუნდაც ბიძინა ივანიშვილი, არც ის იყო პოლიტიკოსი, ამას თვითონვე ამბობდა, ვერ გავხდი პოლიტიკოსიო, თუნდაც კობახიძე. რომელს ჰქონდა პოლიტიკური გამოცდილება?! რა თქმა უნდა, არც ერთს.

ეს არის დიაგნოზი ჩვენი დღევანდელი ყოფისა, როდესაც პოლიტიკაში ხარ პოლიტიკური გამოცდილების გარეშე და ჯდები არა რიგით პოზიციაზე, არამედ ქვეყნის წამყვან, მმართველობით პოზიციაზე, ბუნებრივია, არ იცი, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს მეთაური წარმოდგენილი გყავს, რომ უნდა იყოს შენი პარტიის მსახური და მისი პოზიციის უპირობოდ გამზიარებელი, აქედან უკვე გადადიხარ ბავშვურ, ინფანტილურ კინკლაობაზე და ასაკითაც პატარები არიან. ბუნებრივია, გაიზრდებიან, მაგრამ მანამდე ვშიშობ, ისეთი შეცდომები არ დაუშვან, რომ არა მხოლოდ თავიანთ პოლიტიკურ კარიერას დაუსვან წერტილი, არამედ პროფესიულსაც! ახლო პერიოდში გვინახავს ამგვარი განცხადებებიც და ის კონტექსტიც, რომ აი, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და რასაც გვინდა, იმას ვიზამთო, ამ დროს ვინ არიან პროფესიული თუ პოლიტიკური კუთხით, არავინ იცის. მათგან განსხვავებით, დღევანდელების დიდი ნაწილი უფრო ახალგაზრდები არიან და მენანებიან ამ ყველაფრისთვის. ასე რომ, თუკი მათ ვინმე ჰყავთ დამრიგებელი, მინიმუმ, მოუნიშნავენ და ისე მაინც წააკითხებენ, შეიძლება თვითონ არ და ვერ კითხულობენ და არ ახსოვთ ის პერიოდი.

_ იმ სახით, როგორითაც კონსტიტუციის პროექტი ჩამოყალიბდა, ასეთი კონსტიტუციის პირობებში რა სურათს მივიღებთ და, სავარაუდოდ, როგორ აისახება იგი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?

_ შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ კონსტიტუციაზე მსჯელობის დროს, უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება და შემდგომ უკვე მყისიერი გავლენა ექნება პოლიტიკაზე და ჩვენს ცხოვრებაზე, ორი საკითხია. პირველი: კონსტიტუციის პროექტში ასახული ე. წ. შეთავსებითი მოქალაქობის კონცეფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს შეეძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება. დღეს ეს არ არის შესაძლებელი. ამ იდეის ავტორებს არც უფიქრიათ, რა საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ დაკარგული გვაქვს ტერიტორიები, ჩვეი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ეს დამალული არ არის, სწორედ ეს არ გაითვალისწინეს! თუკი მედიას გადახედავთ, მაისიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აქცენტირებულად ვიტყვი, აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთი და მისი ადგილობრივი მარიონეტები რას აკეთებენ _ გამალებული მცდელობები აქვთ სხვადასხვა ფორმითა თუ ხერხით, რომ დაიწყონ და განახორციელონ პასპორტიზაცია. ეუბნებიან, _ უარი თქვი საქართველოს მოქალაქეობაზე და აქაური მოქალაქეობა მიიღეო. ადგილობრივი, გალის მოსახლეობა, რა თქმა უნდა, მათ უარს ეუბნება, რადგან საკუთარ სამშობლოში შემოსვლისას კანონდამრღვევები აღმოჩნდებიან. შეთავსებით მოქალაქობის ეს შემოთავაზებული მოდელი, ამ შემთხვევაში, ხელ-ფეხს ვის გაუხსნის?! _ რუსეთს, რა თქმა უნდა! რას მივიღებთ საქართველოში?! ლეგალიზებულ რუსეთს! „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის ამ პროექტით ახდენს რუსული პასპორტიზაციის ლეგალიზებას! ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთმა სადაც პასპორტიზაცია განახორციელა, იმის გაგრძელება რა იყო, ყველგან სამწუხარო შედეგები დადგა, თავისი მოქალაქეების დაცვის დროშის ქვეშ! მერე საერთაშორისო ასპარეზზე თავს იმართლებდა, მე ჩემს მოქალაქეებს ვიცავო! ამ შემთხვევაში რუსეთს ანექსია აღარ დასჭირდება! ელემენტარულ საკითხზე მიწევს ყურადღების გამახვილება, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს პოლიტიკოსებს სჭირდებათ მინიშნება! მერე ძალიან გვიან იქნება, ეს ვერაფრით გამოსწორდება, ეს კონსტიტუცია თუ ასე მიიღეს, ერთ თვეში დამთავრდება ყველაფერი! ბუნებრივია, არჩევანს გააკეთებენ ამ გადაწყვეტილებიდან თავიანთ სასარგებლოდ, რა მექანიზმები დაგვრჩება მერე ჩვენ თუნდაც რუსეთის სახელმწიფოსთან სასაუბროდ, ან იგივე გალის მოსახლეობასთან, საქართველოს მოქალაქეებთან რაიმე კავშირის შესანარჩუნებლად?! ანალოგიური პრობლემა შეიქმნება მეორე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, „სამხრეთ ოსეთში“ და არ დავკონკრეტდები, რადგან ხელისუფლებისგან და მათი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, სხვაგანაც შეიძლება ვიხილოთ ამგვარი მოვლენა. ეს არის პირველი საფრთხე! ჩემთვის საარჩევნო სისტემა არ არის პრიორიტეტული, _ პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირ თუ არა, უპირველესია ის საკითხი, რაზედაც ახლა ვილაპარაკეთ! შემდეგ შეიძლება გადავიდეთ ამ საკითხებზე.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელშიც წარმოჩინდება არა მხოლოდ პრობლემა, არამედ, თუ როგორ ატყუებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობას, ასევე ქვეყნის გარეთ. გვახსოვს, „ვენეციის კომისიას“ ერთი პროექტი გაუგზავნეს და კენჭისყრაზე სხვა გავიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გახსოვთ, ალბათ, არა მხოლოდ კონსტიტუციის შემუშავების პროცესში, არამედ, წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მხოლოდ შეიზღუდებოდა სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება. ჯერ ერთი, ასეთი ფორმულირებით თავისთავად არ არის სწორი საუბარი, როდესაც ასეთი მცირე ეკონომიკა გაქვს და ოკუპირებული ტერიტორიები, საინვესტიციო გარემო ადვილად გასაუმჯობესებელი არ არის, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, სინამდვილეში, იცით, რა ჩაწერა მმართველმა ძალამ? საუბრობდა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე და კონსტიტუციაში წერია, _ მიწა, ანუ უცხოელებს არა მხოლოდ სასოფლო, არამედ ყველა სახის მიწის საკუთრება შეუზღუდა. თბილისში ან ქუთაისში უცხოელს რომ აქვს აშენებული სასტუმრო, ან აპირებს აშენებას, იმ უფლებასაც კი უზღუდავს. ეს რა გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე, როგორც მინიმუმ, კვირიკაშვილმა უნდა იცოდეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ იცის ეკონომიკა, მაგრამ თვითონ ხომ ამბობს, ვიცი და ის თანამდებობის პირი ვარ, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე პასუხისმგებლობას ვიღებო. არ იცის ეს, რა გავლენას მოახდენს საინვესტიციო გარემოზე არა საშუალოვადიან პერსპექტივაში, არამედ მიღებისთანავე. შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ ეს სწორედ უცხოელმა თქვა, რომელიც არაერთი წელია, საქართველოშია და რომელიც ავტორიტეტული ამერიკული სავაჭრო პალატის წარმომადგენელია საქართველოში. ეს ძალიან სახიფათოა და ძალიან მკაფიო სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, თორემ ჩემთვის ისედაც არის. ეს გახლავთ ის კონსტიტუცია, რომლის მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ორი მოსმენა აქვს გავლილი, პოლიტიკოსები ცდილობენ, ვირეშმაკობით საზოგადოებას შემოასაღონ თითოსდა შესაძლებელია მესამე მოსმენაზე რაიმე შეიცვალოს, ვერ შეიცვლება! ამას არ იცნობს არა მხოლოდ ქართული კანონმდებლობა, არამედ, საერთაშორისო სისტემა, როდესაც შინაარსობრივი მოსმენა, გადაწყვეტილებები მასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია და მესამე, ტექნიკურ ნაწილზე არსობრივი ცვლილება შეიძლება განიცადოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებამ. საბოლოო ჯამში, ეს არის ის საკითხები, რის გამოც არ შეიძლება ამ კონსტიტუციის მიღება. არც თეორიაში და არც პრაქტიკაში, არსად არ არსებობს პრეცედენტი, რომ მესამე, ტექნიკური განხილვის დროს შეიცვალოს შინაარსობრივი გადაწყვეტილება. ასე რომ, ვერ მოვტყუვდებით და თუკი ამ დოკუმენტს, კონსტიტუციის პროექტი რომ ჰქვია, საბოლოო სახით მივიღებთ, საინვესტიციო გარემო შეიცვლება, რაც ეკონომიკისთვის ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს, ასევე პასპორტიზაციისთვის, შიდა პოლიტიკური სტაბილურობისთვის (საარჩევნო სისტემა იქნება თუ პარლამენტის არჩევის კომპლექტაცია) არასტაბილურობის საფრთხე იქნება პროცესების განვითარებისა, ასევე სახელმწიფოს მეთაურის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია პარლამენტის კომპლექტაციასთან. ანალოგიურად, ერთად განიხილება პარტიულ პოლიტიკას დაქვემდებარებული სახელმწიფოს მეთაური. საბოლოო ჯამში, დემოკრატიის აქ რაღა რჩება?! დემოკრატია ამ ქვეყანაში აღარ დარჩება! თუ ამ ყველაფერს იმასაც დავუმატებთ, რაზედაც, სამწუხაროდ, აქცენტი არ კეთდება და მე მხოლოდ ორი პრობლემა გამოვყავი _ შეთავსებით მოქალაქეობისა და მიწის საკითხები, _ სამწუხაროა, რომ არც პარლამენტის, არც ოპოზიციის, არც სხვა ჯგუფების მხრიდან კონსტიტუციის განხილვის პროცესში აქცენტი ამაზე არ გაკეთებულა და სამწუხაროა, რომ ამაზე მე მიწევს საუბარი. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია არჩევნები. არ ვაკრიტიკებ, შეიძლება, ეს მათი პრიორიტეტი იყოს და უფრო რადიკალური პოზიცია დაიკავონ შეთავსებით მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

მესამე საკითხი, რომელსაც ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ: კონსტიტუციაში იცვლება კონსტიტუციის ცვლილების წესი. დღეს ერთ პარლამენტს შეუძლია კონსტიტუციაში ცვლილებების მიღება და ამოქმედება, ამ პროექტის მიხედვით კი ორი პარლამენტი დასჭირდება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას. ეს კონსტიტუცია თუ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ამ პარლამენტის პირობებში კიდევ შეუძლია ერთი ცვლილების გაკეთება, რომელიც ასევე ამოქმედდება, მაგრამ სამომავლოდ მათ კონსტიტუციური უმრავლესობა თუ დაკარგეს, შენარჩუნებას მაინც შეძლებენ იმიტომ, რომ ვერც ერთი ჯგუფი მოაგროვებს იმდენ ხმას, ჩემი აზრით, უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში, რომ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოაგროვოს. ვინ ისარგებლებს ამით? თვით „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში და იმ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს არ არის დემოკრატიული გზა!

 

თამარ ბატიაშვილი