ლეგალური ნარკოტიკი, რომელიც კლავს და აკრძალული ნარკოტიკი, რომლითაც ადამიანებს კურნავენ

გასულ კვირას სტატია იმ ვარაუდით დავიწყე, რომ ნარკოპოლიტიკა 2018 წელს საქართველოში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება-მეთქი. არ გასულა რამდენიმე დღე და ქვეყანაში არსებული უკიდურესად კრიმინალიზებული ნარკოპოლიტიკის გამო თემა ისე გააქტიურდა, რომ სასამართლო პროცესებს საპროტესტო აქციები გადაება, თანაც რამდენიმე ქალაქში ერთდროულად.

გიორგი გიორგანაშვილისთვის, იგივე ბახალასთვის, რვა წლით პატიმრობის მისჯა საზოგადოებრივი მღელვარების მორიგი კატალიზატორი გახდა. დღევანდელ სტატიაში საქმის დეტალებს არ ჩავუღრმავდებით, თუმცა ყველასთვის ცნობილ ნიუანსებზე ყურადღებას მაინც გავამახვილებთ. საზოგადოების გარკვეული ჯგუფების პროტესტი და უკმაყოფილება, უპირველეს ყოვლისა, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბახალას 0.3 გრამი ბუპრენორფინის ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენს მიზანს დღეს ბახალას არც წამებულ გმირად გამოყვანა და არც მისი დემონიზაცია წარმოადგენს. მთავარია მოცემულობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი ასეთი დრაკონული ნარკოპოლიტიკის წყალობით. ბახალა მაგალითია იმისა, რასაც ნულოვანი ტოლერანტობა ჰქვია. ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც გრამის მესამედის ფლობა ნარკორეალიზატორობად ფასდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველი მესამე პატიმარი საქართველოში ნარკოდანაშაულის გამო იხდის საჯელს. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ 0.3, ან კიდევ 0.4 გრამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი გაუფორმეს, როგორც რეალიზაციის მიზნით ფლობა და რვა, ათი და მეტი წელი მიუსაჯეს, როგორც ბარიგებს. ყველამ იცის საქართველოში, რომ მათი 80% მომხმარებელია და არა ბარიგა, მაგრამ „კანონმდებელმა“ ისეთი ნორმები ჩაწერა კანონში, რომ ნებისმიერ მომხმარებელს გააფორმებ, როგორც რეალიზატორს. მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი სახის, ანუ მძიმე თუ მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელსაც პატიმრობა ელის.
ბახალას საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო გარემოება არსებობს: თუ საზოგადოების ერთი ჯგუფი იმას აპროტესტებს, რომ 0.3 გრამი ბუპრენორფინის ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა არაადეკვატურად ბევრია, მეორე ჯგუფი და თავად ბახალა ირწმუნებიან, რომ საერთოდ არავითარი ნარკოტიკი არ ყოფილა და ის 0.3 გრამიც მას ჩაუდეს. ასეთმა გაორებულმა პოზიციამ საზოგადოების მესამე ნაწილი, ცოტა არ იყოს, დააბნია. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვერც იმას გავცემთ ერთმნიშვნელოვან პასუხს, ჩაუდეს თუ არა, მაგრამ ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ ნარკოტიკების ჩადება საქართველოში ადამიანის დასაკავებლად ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ე. ი. ბახალა, ერთდროულად, ორი პრობლემის ერთგვარი კრებითი სახელი გახდა, _ პრობლემის, რომელსაც ჰქვია „ჩადება“ და პრობლემის, რომელსაც ჰქვია დრაკონული კანონმდებლობა, როცა ადამიანს გრამის მესამედის ფლობისთვის 8 წლით ციხეში სვამენ, თუნდაც ეს 0.3 გრამი 30 ტაბლეტ სუბუტექსში იყოს გადანაწილებული. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არავინ საუბრობს მძიმე ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, ან, თუნდაც, დეკრიმინალიზაციაზე. დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენს ჩადების პრაქტიკის აღმოფხვრა და მომხმარებლებისთვის, რეალიზატორების მუხლის მიყენება.
რაც შეეხება თავად მომხმარებლებს, დეკრიმინალიზაციის საკითხი სწორედ მათთან დაკავშირებით შეიძლება განვიხილოთ. მთელი ცივილიზებული მსოფლიო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მომხმარებელი უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის ზრუნვისა და არა სამართალდამცველთა მხრიდან დევნის ობიექტი. ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი, ჯერ კიდევ, ორადაა გაყოფილი, ძირითადად, ობიექტური ინფორმაციის არარსებობის ბრალია. ქვეყანაში, სადაც ჰეროინიც და მარიხუანაც ერთი და იგივე კატეგორიის ნარკოტიკი ჰგონიათ, ბუნებრივია, რომ საღ აზრს ემოციური ფონი სჭარბობს. ინფორმაციის არარსებობა, საზოგადოებისთვის საინტერესო თემებთან მიმართებით ვაკუუმს ქმნის, რომელიც, ძირითადად, დეზინფორმაციით ივსება ხოლმე. ასეთ დროს ძალიან იოლია თემით სპეკულირება და მისი დემონიზება. სწორედ ამ დემონიზაციის კატეგორიიდანაა ის სტერეოტიპი, რომ მომაკვდინებელი ჰეროინი და თითქმის უვნებელი მარიხუანა ერთი და იგივე კატეგორიაში გადის. ბუნებრივია, სტერეოტიპების შექმნაში ლომის წილი ჩვენმა საკანონმდებლო ბაზამ შეიტანა. როცა ადამიანები ხედავენ, რომ ჰეროინის, კოკაინისა და მარიხუანის მოხმარება ან ფლობა ერთი და იგივე პატიმრობით ისჯება, ძნელია, ხალხს აუხსნა, რომ მათ შორის განსხვავება ისეთივეა, როგორც ცა და დედამიწა.
მიუხედავად ასეთი არასწორი წარმოდგენებისა, მდგომარეობის გამოსწორება აუცილებელია. ამის ერთადერთი საშუალება კი საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ თემაზე ღია მსჯელობა. საზოგადოება, რომელსაც ეცოდინება რეალობა, ეცოდინება, რას ნიშნავს მძიმე ნარკოტიკი, რას ნიშნავს მსუბუქი, ე. წ. კლუბური ნარკოტიკი, რას მოაქვს ზიანი და რას _ არა, ეცოდინება, რა შედეგი მოუტანა დეკრიმინალიზაციამ უამრავ ქვეყანას, აღარ მოითხოვს ნარკომანისა და, მით უმეტეს, მარიხუანის მომხმარებლის ციხეში ამოლპობას. ჩვენი სტატიის დარჩენილი ნაწილიც სწორედ ამ საინფორმაციო ვაკუუმის შევსებას მინდა დავუთმო და წარმოგიდგინოთ იმ ქვეყნების საინტერესო მაგალითები, რომლებმაც ნარკომანიის გავრცელებასთან ბძოლის გზად დეკრიმინალიზაციის სხვადასხვა ფორმა აირჩიეს და საოცარი შედეგებიც მიიღეს.
მაშ, ასე! დავიწყოთ იმ ქვეყნებით, რომლებმაც მსუბუქი ნარკოტიკების, ანუ მარიხუანის, სოკოს, ელესდესა და ექსტაზინის დეკრიმინალიზაცია გამოაცხადეს. მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ყველაზე მსუბუქი კანონმდებლობა მოქმედებს ავსტრალიაში, კანადაში, ჩილეში, კოსტა-რიკაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ინდოეთში, იამაიკაზე, მექსიკაში, ჰოლანდიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ურუგვაისა და აშშ-ის ზოგიერთი შტატში, ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ეგვიპტე, ინდონეზია, მალაიზია, ნიგერია, ფილიპინები, საუდის არაბეთი, სინგაპური, ტაილანდი, ვიეტნამი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, დაბოლოს, საქართველო, კანაფის მოხმარების ყველაზე მკაცრი კანონებია.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია, გაცილებით ვრცელია. არსებობს ასევე დეკრიმინალიზაციის სხვადასხვა ფორმა, რამაც შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს და დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციაში არ უნდა აგვერიოს. მაგალითისთვის: ავსტრიაში 2016 წლის იანვრიდან 5 გრამამდე რაოდენობის მარიხუანის შენახვა და მოხმარება დეკრიმინალიზებულია; ბელგიაში კი 2003 წლიდან სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის 3 გრამამდე მარიხუანის შენახვა და ერთი ძირის მოყვანა ნებადართულია;
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩეხეთის რესპუბლიკაში ნარკოპოლიტიკა, ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია: 2013 წლიდან მოყოლებული ჩეხეთში 15 გრამამდე მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია. სამედიცინო მიზნებისთვის გაყიდვა-შეძენა ასევე 15 გრამამდეა ლეგალური, ხოლო სხვისთვის გადაცემა, მხოლოდ და მხოლოდ, სპეციალური სამედიცინო ლიცენზიითაა შესაძლებელი, ასევე 15 გრამის ოდენობით. უნებართვოდ მოყვანა კანონით აკრძალულია, თუმცა ლიცენზიის ქონის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, 5 ბუჩქი მარიხუანა მოიყვანოს; საინტერესოა გერმანიის მაგალითი: აქ მარიხუანის მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებაა ლეგალური, ვინაიდან მისი მოხმარება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებად მიიჩნევა და კრიმინალურ აქტს არ წარმოადგენს. მარიხუანის გაყიდვა, ტრანსპორტირება და მოყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ლეგალური, თუ Federal Institute of Drugs and Medical Devices მიერ გაცემულ ნებართვას ფლობთ;
საბერძნეთში მარიხუანა ასევე დეკრიმინალიზებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაოდენობა, რომელსაც ადამიანი ფლობს, არ აღემატება 0.5 გრამს; იტალიაში პოლონეთსა და მაკედონიაში, ისევე როგორც ხორვატიაში, მარიხუანის შენახვა/მოხმარება დეკრიმინალიზებულია მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების მიზნით; მალტაზე კი თავისუფლად შეგიძლიათ 3.5 გრამამდე მარიხუანის შენახვა/მოხმარება; ასევე მცირე დოზით მარიხუანის შენახვა/მოხმარება, ტრანსპორტირება და მოყვანა კრიმინალურ დანაშაულად არ მიიჩნევა მოლდოვაში; საქართველო იმდენად ჩამორჩა მსოფლიო ტენდენციებს, რომ ავტორიტარულმა რუსეთმაც კი გვაჯობა _ მარიხუანა რუსეთში აკრძალულია, მაგრამ მისი შენახვისთვის, მოხმარებისთვის და ტრანსპორტირებისთვის ციხეში არავინ ჩაგაყუდებთ. აქ ექვს გრამამდე მარიხუანის ფლობისთვის და ათ ძირამდე მარიხუანის მოყვანისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით დაისჯებით; დეკრიმინალიზებულია მარიხუანის შენახვა და მოხმარება სლოვაკეთშიც; დეკრიმინალიზაციის ძალიან საინტერესო ფორმას მიაგნეს ესპანეთში, _ კანაფის რეალიზაცია უმკაცრესად ისჯება პატიმრობით, თუმცა მარიხუანის ტრანსპორტირება დეკრიმინალიზებულია. რაც შეეხება მარიხუანის შენახვა/მოხმარებას, ლეგალურია მხოლოდ პირად სივრცეში გამოყენების შემთხვევაში და არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. აგრეთვე ლეგალურია მცენარის მხოლოდ პირადი დანიშნულების მიზნით მოყვანა. მარიხუანის მცენარე არ უნდა იყოს დათესილი ღია სივრცეში, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; თურქეთში, სადაც კანაფის მიმართ არსებული კანონმდებლობა არცთუ ისე მსუბუქად მიიჩნევა, მარიხუანის შენახვა და მოხმარება მაინც დეკრიმინალიზებულია, თუმცა მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების მიზნით. ასევე დეკრიმინალიზებულია მცენარის მოყვანა სამედიცინო ან სამეცნიერო დანიშნულებით; უკრაინაში მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობა რუსეთის მსგავსია: აკრძალულია, მაგრამ თუ რაოდენობა არ აღემატება 5 გრამს, ხოლო დათესილი მცენარეების რაოდენობა 10 ძირს, სასჯელი მხოლოდ ფულადი ჯარიმაა, 300-დან 1700 გრივნამდე. რუსეთის მსგავსად, უკრაინის კანონმდებლობაც ვერ დაიკვეხნის პროგრესულობით, მაგრამ საქართველოს დრაკონულ კანონებს ასი თავით მაინც სჯობია.
ახლა რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც ნარკომანიასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მსოფლიო ლიდერებად იქცნენ მას შემდეგ, რაც რეალური დეკრიმინალიზაცია გაატარეს. პორტუგალია _ ეს ქვეყანა მართლაც რომ ნარკომანიასთან ბრძოლის ყველაზე წარმატებულ მაგალითადაც იქცა. 2001 წელს პორტუგალია მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, სადაც დეკრიმინალიზაცია ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას შეეხო. თუმცა დეკრიმინალიზაციის ნამდვილ პიონერად მაინც ჰოლანდია რჩება. ჰოლანდიაში მარიხუანა დეკრიმინალიზებულია 1976 წლიდან. 5 გრამამდე მარიხუანის შენახვა/მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ე. წ. coffeeshop-ებში დეკრიმინალიზებულია. გაყიდვა/ტრანსპორტირება კი დეკრიმინალიზებულია მხოლოდ coffeeshop-ებში. აგრეთვე დეკრიმინალიზებულია 5 ძირი კანაფის მოყვანა.
ინფორმაცია დეკრიმინალიზაციის შესახებ არაფრისმომცემი იქნებოდა, რომ არა ის უმნიშვნელოვანესი შედეგები, რაც გამოიწვია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციამ. თითოეული აქ ჩამოთვლილი ქვეყანა იმის მაგალითია, თუ როგორ შემცირდა ჰეროინდამოკიდებული ადამიანების რაოდენობა; თუ როგორ შემცირდა ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობა; თუ როგორ შემცირდა შიდსით დაავადების ახალი შემთხვევები და ა. შ. ყველაზე ნათელი მაგალითი დეკრიმინალიზაციის პოზიტიური შედეგებისა, როგორც აღვნიშნეთ, არის პორტუგალია. ქვეყანა, რომელიც 2001 წელს ყველაფერში, რაც კი ნარკოტიკებს უკავშირდებოდა, ლიდერი იყო, 15 წელიწადში სრულიად საპირისპირო მაჩვენებლებით ამაყობს. სწორედ დეკრიმინალიზაციის წყალობით, პორტუგალია არ გახდა მთელი მსოფლიოს ჰეროინ-მომხმარებლების ცენტრი, როგორც ამას ლიბერალური მიდგომის მოწინააღმდეგეები ვარაუდობდნენ. პირიქით, ამ ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბი და ზიანი. ყველაზე კარგად ამაზე სტატისტიკა მეტყველებს: 2001 წელს პორტუგალიაში შიდსის 1000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2012 წელს კი – 56; 2001 წელს ზედოზირებით 80 ადამიანი დაიღუპა, 2012-ში – 16; თუ 2001 წელს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული 14 ათასი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, 2012-ისთვის ეს ციფრი 6 ათასამდე შემცირდა. „ნარკოტიკებისა და ნარკოტიკების მოხმარების მონიტორინგის ევროპული ცენტრის“ ინფორმაციით, დღეს ზედოზირებით სიკვდილიანობის კუთხით პორტუგალია ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება. დეკრიმინალიზაციის შემდეგ ნარკოტიკების გავრცელების კოეფიციენტებმა საგრძნობლად იკლო ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ყველაზე დიდ გამარჯვებად მკვლევრები იმას მიიჩნევენ, რომ 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მოხმარება წლიდან წლამდე სტაბილურად იკლებს. თუმცა არავინ იფიქროს, რომ პორტუგალიამ ნარკომანია დაამარცხა. ასეთი რამ ჯერ ვერც ერთმა ქვეყანამ მოახერხა მსოფლიოში. პორტუგალიაში დღესაც ებრძვიან ამ სენს, თუმცა ებრძვიან შედეგიანად და არა ისე, როგორც ჩვენ, _ ვითომ ვებრძვით და სინამდვილეში კი მისი მასშტაბების ზრდას ვუწყობთ ხელს.
და კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი და სტატისტიკა იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოაქვს დეკრიმინალიზაციას ნარკოდანაშაულის შემცირების კუთხით:
ოთხი წლის წინათ კოლორადო ამერიკის პირველი შტატი გახდა, სადაც მარიხუანის დამზადება, მოხმარება და გაყიდვა ლეგალური გახდა. ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული დასკვნების გაკეთება, სოციალური ტენდენციების შესახებ, ნაადრევია. თუმცა 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ, როდესაც შტატის მარკეტებში პირველად გამოჩნდა მარიხუანა, გამოქვეყნებული მონაცემები მაინც მრავლისმთქმელია.
განსაკუთრებით ის, რომ FBI-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, დენვერში დანაშაულის დონე შემცირებულია. 2013 წელთან შედარებით ზოგადი კრიმინალის დონე 10.1%-ით არის დაწეული, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის რაოდენობა 5.2%-ით. ასევე შემცირებულია ძარცვა-ყაჩაღობის დონე. დღეს უკვე კოლორადოს ყველა სამართალდამცველი დარწმუნებულია, რომ მოსაზრება, თითქოს, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია დანაშაულის დონეს გაზრდის, ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
იმისთვის, რომ სწორ ნარკოპოლიტიკამდე მივიდეთ, საზოგადოებას მკაფიო წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ რომელი ნარკოტიკი კლავს ადამიანს და რომელი _ არა? რომელი იწვევს მიჩვევას და რომელი _ არა? რომელია მომხმარებლებისთვის და გარშემომყოფთათვის საშიში და რომელი _ არა?
როცა ყველას ეცოდინება პასუხი ამ კითხვებზე, აღარავის ექნება პანიკური შიში იმის გამო, რომ „რა გვეშველება, მარიხუანა ხომ მთელ მომავალ თაობებს გაგვინადგურებს“. ამ ფრაზას ძალიან ხშირად იმ უფროსი თაობის ადამიანებისგან გაიგონებთ, რომლებსაც ხელში სიგარეტი უჭირავთ. მათ რომ იცოდნენ, თამბაქო ასჯერ და ათასჯერ უფრო საშიში და მომაკვდინებელი ნარკოტიკია მარიხუანასთან შედარებით, ალბათ, სხვაგვარად იმსჯელებდნენ. მარიხუანის საწინააღმდეგო პროპაგანდა ხშირად ალკოჰოლით სავსე ჭიქით ხელში წარმოებს ხოლმე. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ადამიანებმა არ იციან, რომ ალკოჰოლი დამღუპველ ნარკოტიკებს შორის პირველ ადგილზეა და ვერავითარი ჰეროინი და ოპიუმი მას კონკურენციას ვერ უწევს.
ბრიტანელების ამ კვლევის მიხედვით სწორედ ის ავადსახსენებელი ბუპრენორფინი, რომლის 0.3 გრამის გამო ბახალას 8 წელი მიუსაჯეს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების კუთხით, ბოლოდან მეორე ადგილზეა, ალკოჰოლი კი რომლითაც ჩვენი შვილების მომავალს ვლოცავთ ხოლმე, _ პირველ ადგილზე. ისეც არ მინდა გამომივიდეს, ვინმემ ალკოჰოლის საწინააღმდეგო კამპანიაში დამადანაშაულოს. პირიქით, ღვინის დიდი პატივისმცემელი და მოამაგე გახლავართ, უბრალოდ, მუდამ უნდა გვახსოვდეს ზომიერება.
იმისთვის, რომ კრიმინალიზაციასა და დეკრიმინალიზაციას შორის სწორი არჩევანი გავაკეთოთ, ზედაპირულად მაინც უნდა ვიცნობდეთ იმ ათეულობით ათასი კვლევის შედეგს, რომელთა მეშვეობითაც მეცნიერები მარიხუანის დადებით და უარყოფით მხარეებს იკვლევენ. ჰარვარდის მკვლევარმა და პედიატრმა, მერი მაკკომრიკმა, მეცნიერებისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული 400-გვერდიანი ნაშრომი წარმოადგინა, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ, დასკვნები კი თავად გააკეთეთ.
მაშ, ასე! ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სხვა ბევრ თვისებასთან ერთად კანაფინოიდების (კანაფის აქტიური კომპონენტები) გამოყენება შეიძლება ძლიერი ტკივილების გასაყუჩებლად, განსაკუთრებით კი ქრონიკული შემთხვევებისთვის. მარიხუანის მოხმარება არ იწვევს პირის ღრუს, საყლაპავი მილისა თუ ფილტვის კიბოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მარიხუანის აქტიურად მოხმარებამ ორსულობის დროს შესაძლოა, ნაყოფის წონაში კლება გამოიწვიოს.
საბოლოოდ დაინგრა სტერეოტიპი, თითქოს, მარიხუანის მოწევა ვნებდეს ტვინის უჯრედებს და იწვევდეს აზროვნების პროცესის გაუარესებას. როგორც აღმოჩნდა, ადამიანის გონება, მხოლოდ და მხოლოდ, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ და მიღებიდან ცოტა ხნის განმავლობაში არის გაფანტული. ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ კანაფის მოწევამ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები დააჩლუნგოს. მარიხუანის წვლილი სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებში (ინსულტებში, ან გულის შეტევებში) ასევე უმნიშვნელოა. მოხსენების მიხედვით, მარიხუანა არ იწვევს უფრო მძიმე ნარკოტიკების მოთხოვნილებასაც. ასე რომ, მარიხუანის „კარიბჭის ეფექტი“ უარყოფილია.
ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო ხშირად ფიქსირდება მარიხუანის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენების ფაქტები, მათ შორის, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ალცჰაიმერის დაავადება, ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, დიაბეტი, დისტონია, ფიბრომიალგია, გასტროენტერალური დაავადებები, გლიომა, ჰეპატიტი C, ჰიპერტენზია, სკლეროზი, ოსტეოპოროზი, რევმატიული ართრიტი და შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომიც (შიდსი) კი.
როგორც ხედავთ, მთელი ცივილიზებული სამყარო უკვე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პლანის მოწევა ჩამპალ ნარკომანობას არ ნიშნავს. მთავარია, როდის მივალთ ჩვენ მაქამდე? ფაქტია, რომ როგორც კი სტერეოტიპებით ცხოვრებას დავასრულებთ, იმ დღიდან დავიწყებთ ნარკომანიასთან და მასთან დაკავშირებულ ყველა უარყოფით მოვლენასთან რეალურ ბრძოლას.

დემნა ვეშაპიძე