ლაშა შუკაკიძე: „რა შუაშია თვითმკვლელობა, როცა, სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა?“

ადვოკატი ლაშა შუკაკიძე გასული წლის აგვისტოში მტკვარში ნაპოვნი ზურაბ ხუციშვილი-ელიბაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. დამცველი გამოძიებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. შუკაკიძის აზრით, საქმე ეხება მკვლელობას, რომელსაც გამოძიება საგანგებოდ მალავს.

„ქრონიკა+“ ადვოკატ ლაშა შუკაკიძეს ესაუბრება:

_ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: გასული წლის პირველ აგვისტოს ზურაბ ხუციშვილი სოფელ გლდანიდან, დაახლოებით, ღამის ორ საათზე, დედასთან და ძმასთან შესახვედრად აეროპორტისკენ გაემართა. ისინი საფრანგეთიდან მოფრინავდნენ. ამის შემდეგ ეს ადამიანი დაიკარგა, ანუ აეროპორტში არ მისულა და ოჯახის წევრებმა მისი ძებნა მაშინვე დაიწყეს.

შედეგად, მათ ბელიაშვილის ქუჩაზე მიტოვებული მანქანა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ყველგან განაცხადეს: პოლიციაში, პროკურატურაში, სადაც უპასუხეს, რომ მომხდარზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. შემდეგ მანქანა ავტოსაჯარიმოზე გადაიყვანეს.

მესამე დღეს ზურაბ ხუციშვილი მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს. ბუნებრივია, საქმეში დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჩავერთეთ ადვოკატები. მას შემდეგ, რაც დაზარალებულის სტატუსი მივიღეთ და საქმის მასალებს გავეცანით, აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს მთელი გზა საპატრულო ეკიპაჟი უკან მისდევს და მას აჩერებს.

შემდეგ ის დაუყოვნებლივ ტრიალდება და უკან, სახლისკენ მოემართება მტკვრის მარცხენა სანაპიროთი. ჩოლოყაშვილის ხიდთან ის კვლავ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რაც კამერებში ვნახეთ და დავაფიქსირეთ. ამის შემდეგ ამ ადამიანის კვალი იკარგება. 3 აგვისტოს იგი უკვე გარდაცვლილი აღმოაჩინეს მტკვარში.

მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ჩვენ არაერთი განცხადება შევიტანეთ სასამართლოში, პროკურატურასა და ა. შ., პროკურატურა, პოლიცია ამ საქმეს საგანგებოდ მალავს.

ვიმეორებ, რომ ეს ადამიანი ძალიან მშვიდად მიემართება აეროპორტისკენ, რაც ვიდეოკამერებიდან ამოღებულია. შემდეგ ჩანს, რომ აღნიშნულ გზაზე საპატრულო ეკიპაჟი მისდევს. სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ეს ადამიანი მოტრიალდება და უკან გამორბის.

ანუ პროკურატურამ რა კადრებიც ამოიღო, იქაც კარგად ჩანს, რომ დანაშაული სახეზეა, რაც პატრულის ეკიპაჟმა ჩაიდინა, _ უკან მისდევენ და შემდეგ ეს ადამიანი ქრება.

ამ დროს პოლიციას მის მიმართ არანაირი ოფიციალური ძებნა, დევნა არ განუხორციელებია. მეორე დღეს მამა საძებნელად მიდის და ვითომ არაფერი, აღნიშნულ მანქანასაც ატანენ.

ამიტომ, სავარაუდოდ, იგი დევნისას შემოაკვდათ და კვალის დასაფარავად მტკვარში გადააგდეს, ხოლო შემდეგ ამასთან დაკავშირებით არანაირ საგამოძიებო მოქმედებას არ ახორციელებენ.

მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ყველა ეს ადამიანი ფორმალურად მხოლოდ 4-5 თვის შემდეგ დაიკითხა.

ვიდეოკადრების მიხედვით, იქ, დაახლოებით, პატრულის 15 თანამშრომელი შეინიშნება. ცოტა ხანში ადგილზე საპატრულოს ექვსი ეკიპაჟი იყრის თავს.

ამის შემდეგ 8 ადამიანი დაკითხულია, 4 კი დღემდე _ არა. ვეკითხებით, რომ ეს ოთხი ადამიანი დაადგინონ, მაგრამ არ აკეთებენ. ცუდად შეკერილ და შეფუთულ საქმეს საგანგებოდ მალავენ. ეჭვი გვაქვს, რომ ეს მკვლელობა იყო.

_ პატრულის დევნა რამ გამოიწვია, მანამდე პოლიციასთან რამე პრობლემები ჰქონდა?

_ პრობლემები არ ჰქონია. როგორც გითხარით, გაჩერებისას, შესაძლოა, პატრულმა უხეშად მიმართა, ან შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მისი პასუხი, რეაგირება მოჰყვა. შემთხვევამდე, დაახლოებით, 20 წუთით ადრე ის ძალიან მშვიდად დედასთან და ძმასთან შესახვედრად მიემართებოდა. გამორიცხულია, აეროპორტში არ მისულიყო.

მერე კადრებს ვნახულობთ, როდესაც გაგიჟებული ვიღაცებს გაურბის, ეკიპაჟი კი უკან მისდევს. როდესაც ამ კონკრეტულ საკითხებზე ვეკითხებით, ამაზე არანაირ საგამოძიებო მოქმედებას არ მიმართავენ.

საქმეში ორი მხარეა, _ ადამიანი გარბის, მისდევს პატრული, მეორე დღეს კი მტკვარში გარდაცვლილს ნახულობენ.

კონკრეტულ კითხვებს ვსვამთ, _ რატომ არ არის ეს ხალხი დაკითხული, კადრები ამოღებული? რატომ არ არის ბრალი წაყენებული? საქმე რატომ არ არის აღძრული მკვლელობაზე? აქ თვითმკვლელობამდე მიყვანა რა შუაშია? და ა. შ. შსს ამაზე არანაირ პასუხს არ გვცემს.

კიდევ ერთი გარემოება: ამ ადამიანს გარდაცვალებამდე დაზიანებები აქვს მიყენებული თავის, მუხლის, წვივის არეში. კონკრეტულად, რა შელაპარაკება მოუვიდათ და რა მოხდა, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის უცნობია.

მანამდე სამართალდამცველებთან არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არ ჰქონია. არ იყო ის ადამიანი, რომ პატრულს გაჰქცეოდა.

პროკურორი ამბობს, რომ ჩვენ კადრი არ გვაქვს, სადაც მას კლავენო, მაგრამ შე, მამაცხონებულო, პატრულის ეკიპაჟი ფეხით უკან მისდევს, ამის შემდეგ მტკვარში პოულობენ… რატომ არ იძიებენ ამ ყველაფერს სათანადოდ?

პატრულის ყველა თანამშრომელი რატომ არ დაკითხეთ? მოწმეები რატომ არ დაიკითხნენ, რომლებიც კადრებში ჩანან? _ ამაზე პასუხი არ გააჩნიათ.

კადრში ჩანს, რომ იმ მომენტში მათთან ვიღაც მოქალაქე მიდის და მაშინვე ტერიტორიიდან აგდებენ, იშორებენ. ამაზე არც შსს-ს და არც პროკურატურას პასუხი, ასევე, არ გააჩნია და არც კონტაქტზე გამოდის. ასეთ სირაქლემის პოზაში რჩებიან.

მოვითხოვთ საქმის გადაკვალიფიცირებას და გამოძიებას. რა შუაშია თვითმკვლელობა, როცა, სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა?! შოთაძის უწყებამ საქმე გამოიძიოს და დამნაშავეს პასუხი აგებინოს!

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვპირდებით, რომ ეს საქმე სხვა საქმეებს დაემსგავსება, რომლებმაც წინა ხელისუფლება შეიწირა.

 

გელა მამულაშვილი