ლარის გაუფასურების მიზეზები

არასრულყოფილი სავალუტო კურსის ფორმირების სისტემა ეროვნული ბანკის დამსახურებაა?

 

ლარის კურსის ცვალებადობა ის თემაა, რიგითი მოქალაქის ჯიბზე რომ ახდენს გავლენას, მისი სტაბილურობა კი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

 

მაშინ, როდესაც ზაფხულის დაწყებასთან ერთად ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდა, გაჩნდა მოლოდინები, რომ ტურისტული ნაკადი, ლარიზაციის პროგრამა და საგარეო ვალის დაფარვის გეგმის მიხედვით თანხების გადინების დაუგეგმაობა, ჯამში, სტაბილურ კურსს უზრუნველყოფდა და ზაფხულიც, შემდეგ კი ადრეული სექტემბრის პერიოდი შედარებით მშვიდი და წინასწარ განსაზღვრული იქნებოდა. თუმცა აგვისტოს შუა რიცხვებში ლარის კურსი სწრაფად შეიცვალა და თუ მანამდე სტაბილური კურსი დოლართან მიმართებით 2.39-2.40 ლარს უდრიდა, შემდეგ უკვე 2.45-2.5 გახდა. სხვაობა იმდენად სწრაფად დაფიქსირდა, რომ ყველას უჩნდებოდა კითხვა, თუ რა მოხდა რეალურად და რა ფაქტორებმა განაპირობა მსგავსი ცვლილება?

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა იყო რეალური მიზეზი ლარის კურსის სწრაფი ცვლილებისა და, შესაბამისად, იმ ექსპერტთა შეფასებასაც გთავაზობთ, რომელთაც ჩვენი სეზონის ბოლო ნომრისთვის ლარის კურსის სტაბილურობა ივარაუდეს:

 

პაატა შეშელიძე _ ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორი, ეკონომისტი:

_ ბოლო პერიოდის მანძილზე ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ გაამკაცრა პოლიტიკა. მიმდინარე გაუფასურება  მოკლევადიანი იყო და მთავრობის ხარჯებს უკავშირდებოდა, რომლებიც მას ამ ზაფხულში ხანძრებთან ბრძოლის დროს დასჭირდა.

დაიხარჯა მეტი ფული, ვიდრე გეგმავდნენ, რასაც არ ექნება გრძელვადიანი ეფექტი და შესაბამისად, კურსი გაუფასურებას არ განაგრძობს. ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო, რასაც ვერავინ ივარაუდებდა წინასწარ და მთავარია, ე.ბ.-ს თუ დააკვირდებით, მისი პოლიტიკა მკვეთრად არის შეცვლილი, მათ შორის, რეფინანსირების სესხებია მკვეთრად შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფულის მასის ზრდა არ მომხდარა. რეზერვებიდან იყო მასები გამოყენებული.

შეიძლება კიდევ ერთი ნიუანსი იყოს, რომელიც ასევე არ არის  მონეტარული პოლიტიკის საკითხი. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ხარჯები გაიწიოს წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად. ვგულისხმობ იმას, რომ  მთავრობამ დაიწყო გეგმური, მაგრამ აქტიური ხარჯები, რომ წაახალისოს მოსახლეობა. მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით, რაიმე რადიკალური ცვლილება არ ფიქსირდება.

 

დემურ გიორხელიძე _ ეკონომისტი:

_ ლარის კურსის ამგვარი ცვლილებით ახალი არაფერი მომხდარა და ეს იმ ფუნდამენტური პრობლემის შედეგია, რასაც ჩვენს ქვეყანაში არასწორი მონეტარული პოლიტიკა ჰქვია, სწორედ ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ლარის კურსს, ამიტომაა, რომ ლარი პერიოდულად ხან ეცემა, ხან პირიქით. ორივე შემთხვევაში, დანაკარგი საზოგადოებასა და ბიზნესზე აისახება.

ჩვენ ყოველ მოძრაობაზე ვიხდით ფულს, მაგრამ ამ გადახდით ვიღაც სოლიდურად სარგებლობს. ლარის კურსს განსაზღვრავენ ბანკების ვაჭრობები ბლუმბერგზე (Bლოომბერგ) და ის მითოლოგენები, რაც ქართულ პოლიტიკას უდევს საფუძვლად. ეს არის გავრცელებული ზღაპრები, რომ ვითომ ე.ბ. არ ერევა ბაზრის საქმიანობაში, ასეთ სისულელეს პროფესიულ დონეზე ვერსად გაიგებთ!

მის წინაშე არასწორი საკითხია დასმული, ეს არის ინფლაციის კონტროლი. საუბედუროდ, იგი მაკროეკონომიკის #1 პრობლემად რჩება. საქართველოს მწირი ეკონომიკა ეროვნული ვალუტით მხოლოდ 18%-ითაა გადაფარული, დანარჩენი 82%-იანი დეფიციტი შევსებულია უცხოური ვალუტით, ლარის ფულადი მასა ძალიან ცოტაა ქვეყანაში და ამიტომაა, რომ თითოეული არასწორი ნაბიჯი კურსის ცვლილებას იწვევს.

 

ვახტანგ ხომიზურაშვილი, _ ექსპერტი:

_ მაკროეკონომიკური პარამეტრები და არც სხვა ინდიკატორები არ მიუთითებს რაღაც ცვლილებაზე.

ლარის სწრაფი გაუფასურების გამომწვევი 2 ძირითადი მიზეზი არსებობს:

1) კომერციული ბანკების სპეკულაციური ოპერაციები სავალუტო ბაზარზე;

2) სპეკულაციური ოპერაციების ხელშეწყობა ე.ბ.-ს მიერ.

სპეკულაციებს, ამ შემთხვევაში, ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ვალუტის ფორმირების წესები, იმ სახით, როგორც ე.ბ.-ს მიერაა შემოღებული, შესაძლებლობას იძლევა, პატარა თანხებით სავალუტო კურსი შეიცვალოს. ანუ, რეალურად, შეიძლება სავალუტო ბაზარზე მოცულობები იყოს არც თუ ისე დიდი და კურსის ცვლილება მოხდეს ერთი მიმართულებით, რაც, რასაკვირველია, ეკონომიკაში არსებულ სიტუაციას არ ასახავს. ამ ფაქტორს შემოაქვს გარკვეული ნეგატიური რეზონანსი. თვითონ ლარიზაციის პროგრამამაც ლარის გამყარებას შეუწყო ხელი, მაგრამ, ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად გაურკვეველ სიტუაციას სავალუტო კურსთან მიმართებით და ეს არასრულყოფილი სავალუტო კურსის ფორმირების სისტემა, პირველ რიგში, ე.ბ.-ს დამსახურებაა. ეს უნდა გადაიხედოს.

 

სოსო არჩვაძე _ ექსპერტი:

_ კურსს გაუფასურებისკენ აქვს მიდრეკილება და თანაც, ქვეყნის მთავრობისთვის ბიუჯეტის შესრულება ბევრად მარტივია, თუ ეროვნული ვალუტა სუსტია და არა პირიქით _ ძლიერი. ეს ელემენტარული ეკონომიკური ჭეშმარიტებაა.

როცა მოკლევადინ პერიოდზე ვსაუბრობთ, იქ ყოველთვის მაღალია იმის ალბათობა, რომ სუბიექტური შეფასების ტყვეობაში აღმოჩნდე, ვალუტის კურსზე მოქმედებს როგორც ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები, ისე სუბიექტური ფაქტორები და ამ უკანასკნელის როლი შეიძლება ძალიან დიდი იყოს. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე თუ დავიწყეთ საუბარი, მაშინ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეგზოგენურმა ფაქტორებმა განაპირობონ სერიოზული გავლენა ლარზე, მხედველობაში მაქვს ინვესტიციების შემოდინების დინამიკა, ფულადი გზავნილების დინამიკა და, აგრეთვე, ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, რომელიც სერიოზულად შემცირდა.

კურსს უფრო მიდრეკილება აქვს გაუფასურებისკენ, ვიდრე გამყარებისკენ. ამაზე სუბიექტური ფაქტორიც მოქმედებს. როცა საკანონმდებლო ორგანო 2017 წლის საბიუჯეტო გეგმას იღებდა, მასში ჩადებული იყო კურსი:  1 დოლარი=2.5 ლარს.

ლარის გაუფასურების ტალღა აგორდა 21 აგვისტოდან, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ხანძრების ეპოპეა დაიწყო. გარკვეული კორელაცია არის მათ შორისაც და სწორედ ამ ხანძრების, სტაბილური გარემოს დაკარგვის გამო, ზოგიერთმა ინვესტორმაც თავი შეიკავა აქ მუშაობის დაწყებისგან.

 

ლარის კურსი 2.46-იან ნიშნულს უტოლდება. მთავრობა, ეროვნული ბანკი და ექსპერტები საგანგაშო სურათს ვერ ხედავენ. სარგებელს ვიწრო წრე ნახულობს, ამ დროს კი ნებისმიერი ცვლილება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე ისახება.

ნინო ტაბაღუა