„ლაზიკა კაპიტალის“ სკანდალური საქმე _ ვინ და რატომ მფარველობს პროკურატურაში ბიზნესის წინააღმდეგ დანაშაულში თანამონაწილეთა დაუსჯელობას?!

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებას მორიგ ხმაურიან და სკანდალურ კვლევას აცნობს. საქმე ეხება ქართულ საფინანსო ბაზარზე მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საქმეს.

ორგანიზაციის კვლევამ პასუხი გასცა კითხვებს: რატომ ფერხდება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება? ვინ მოქმედებს ბიზნესის წინააღმდეგ? მფარველობენ თუ არა საჯარო მოხელეები კომპანიის მიმართ ჩადენილ დანაშაულში დასახელებულ პირებს? საქმეში ფიგურირებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელთა კერძო ინტერესებიც, რაც პირდაპირ აფერხებს მიუკერძოებელი და გავლენისგან თავისუფალი გამოძიების ჩატარებას.

„ქრონიკა+“ ამ საქმის დეტალებზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელს, კვლევის ერთ-ერთ თანაავტორს, არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრა:

 

_ არჩილ, რა გახდა „ლაზიკა კაპიტალის“ საქმის შესწავლის მიზეზი, რა პრეტენზიები არსებობს მიმდინარე გამოძიების მიმართ და რა ეტაპზეა ამჟამად პროცესი?

_ მოცემული საქმე საყურადღებო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული მოქმედებების დამოუკიდებელი ანალიზით, რაც საქმეზე შერჩევითი სამართალწარმოების განხორციელების დასაბუთებას ტოვებს და ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებებზე მიუთითებს, როდესაც არ ხდება კომპანიის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიება. შესაბამისად, ორგანიზაციამ შეისწავლა საქმე და წარმოადგინა კონკრეტული რეკომენდაციები. „ლაზიკა კაპიტალი“ დასავლეთ საქართველოში მოქმედი ცნობილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც 2000-2007 წლებში, საერთაშორისო ბრიტანული ორგანიზაცია Oხფამ-ის უშუალო მონაწილეობით და მასთან ერთად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, შეიქმნა. კომპანია გამოწვევის წინაშე დადგა 2010 წელს, როდესაც საჯაროდ გახდა კომპანიაში ჩადენილი ფინანსური დანაშაულის თაობაზე. კომპანიის მენეჯმენტმა სამართლებრივი მოქმედებები დაიწყო საკრედიტო ოფიცერ სოსო ზარქუასა და მანანა მიქავას მიმართ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ სოსო ზარქუამ და მანანა მიქავამ შეთანხმებით, ყალბი სესხების გაცემით, 807 471,76 ლარის ოდენობით (დანაშაულის გამოვლენის მომენტისთვის დარჩენილი ბალანსი _ ძირი თანხა) ზიანი მიაყენეს კომპანიას. ძიებამ დაადგინა, რომ „ლაზიკა-კაპიტალის“ კრედიტოფიცერი სოსო ზარქუა გაურიგდა მანანა მიქავას და ორგანიზაციიდან სესხებს, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, თაღლითურად გასცემდა. კომპანიამ შესაბამისს უწყებებს სწრაფი გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა და დანაშაულის გამოვლენის პერიოდში საკადრო ცვლილება განახორციელა და კომპანიის ოპერაციების მენეჯერი ე.ც., რომელსაც ევალებოდა გაცემული სესხების შემოწმება, მონიტორინგი, სესხის საკრედიტო პოლიტიკასთან შესაბამისობა, მიზნობრიობის დადგენა, თანამდებობრივად დააქვეითა. ამ დროისთვის, მნიშვნელოვანია კომპანიის კიდევ ერთი გადაწყვეტილებაც _ 2010 წლის 1-ლ დეკემბერს ნოტარიული წესით დამოწმდა „აქციონერთა თანხმობის“ დოკუმენტი, სადაც ყველა აქციონერი უპირობოდ იღებდა ვალდებულებას, თუკი დაარღვევდა კომპანიის კორპორაციულ ეთიკას, პროცედურულ და საკრედიტო პოლიტიკის ნორმებს, აცხადებდა თანხმობას, სრულად და უპირობოდ, კომპანიის სხვა აქციონერების ან/და აქციონერთა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაეცა და ნომინალურ ფასად დაებრუნებინა საკუთრებაში არსებული აქციების წილი. 2013 წლის შემოდგომაზე კომპანიის მენეჯმენტმა საჯარო გახადა ე. ც.-სა და სოსო ზარქუას, ასევე ე. ც.-სა და სესხის სხვა ოფიცერთა შორის 2008 წლის 26 დეკემბრის, 2009 წლის 1-ლი ოქტომბრის, 2010 წლის 15 თებერვლის, 10 მარტის, 11 ივნისის, 3, 4 და 24 აგვისტოს სამსახურებრივი ელექტრონული მიმოწერის შინაარსი, რაც კომპანიისთვის ტოვებდა გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ფლობდა ინფორმაციას და, ასევე, დაკავშირებული იყო კომპანიაში ჩადენილ ფინანსურ დანაშაულთან. ე. ც. დაიკითხა მოწმის სახით, კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა აღიარებითი ხასიათის ჩვენება მისცა გამოძიებას, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ დრომდე ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და ფინანსური დანაშაულის სრული შეფასებისთვის. ამასთან, დღემდე მიმდინარეობს დავალიანების იძულებით გადახდევინების პროცესებიც.

_ თქვენი კვლევის მიხედვით, საქართველოს პროკურატურა არ ახორციელებს საქმეზე დანაშაულის მომზადებაში ჩართული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას. რა გარემოებები გახდა ცნობილი, როგორც გასაჯაროვებული მიმოწერის, ასევე გამოძიების მიმდინარეობის პროცესში?

_ საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მხრიდან, გამოძიების პროცესში, მუდმივად იყო მითითებები იმის შესახებ, რომ კომპანიის წინააღმდეგ დანაშაულის მომზადებაში, ბრალდებულად ცნობილი პირების გარდა, კომპანიის სხვა პირებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამასთან, იმ ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც 2010 და 2013 წლებში კომპანიამ გამოავლინა, „ლაზიკა კაპიტალის“ მენეჯმენტმა დანაშაულის მომზადებაში ორგანიზებული ჯგუფის მთავარ ხელშემწყობად მიიჩნია კომპანიის ყოფილი ოპერაციების მენეჯერი, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა სესხების გაცემის ორგანიზაციულ-სამართლებრივ პროცესზე ზედამხედველობა. „ლაზიკა კაპიტალის“ მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც ეხება კომპანიის სესხის ოფიცერ სოსო ზარქუასა და ე. ც.-ს შორის ელექტრონულ მიმოწერას, დასაბუთებულია, რომ კომპანიიდან სესხი გაიცემოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების მიმართაც. 2006 წლის 13 ოქტომბრიდან 2010 წლის 23 თებერვლამდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის _ მესტიის რაიონული პროკურატურის ყოფილი პროკურორის, ფელიქს ჯალაღონიას მიმართ გაიცა 4 სესხი. აღნიშნულის პარალელურად, 3 სესხი გაიცა ამავე პროკურორის მეუღლის მიმართ. მხარეთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერის შინაარსიდან გამომდინარე, სოსო ზარქუასა და ე. ც.-ას შეთანხმებების საფუძველზე, სესხი გაიცემოდა სხვადასხვა სამოქალაქო პირზე, რომლებიც წარმოადგენდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ ადამიანებს და ასევე, ე. ც.-ს ახლო ნათესავებსა და მეგობრებს. აღნიშნული მიმოწერებიდან და შემდგომში, კომპანიის უფლებამოსილი თანამდებობის პირთა ჩვენებებითა და ახსნა-განმარტებით ბარათებში ჩანს, რომ კომპანიიდან სესხები თანამდებობის პირებსა თუ მათთან დაკავშირებულ სამოქალაქო პირებზე გაიცემოდა იმ წესებისა და პროცედურების დაუცველად, რომელიც კომპანიაში აღიარებულ და სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენდა. სესხები გაიცემოდა საკრედიტო კომიტეტზე დამტკიცების გარეშე, ან კომიტეტის წევრების მანიპულირებით, რამაც კომპანიას, საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენა. აღნიშნული ელექტრონული მიმოწერის ავთენტურობა დადგენილია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით. როდესაც კომპანიამ ე. ც.-ს მიმართ სამოქალაქო დავა დაიწყო ზიანის ანაზღაურების, აქციისა და დივიდენდის დაბრუნების, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე, საქმის მასალებში ვხედავთ ფელიქს ჯალაღონიას მიერ მენეჯერის მიმართ გაცემულ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიებას მასთან არავითარი კითხვები არ გააჩნია. კომპანიამ ყველა დავა წააგო. ჩვენ შევნიშნავთ, რომ წერილის გაცემის თარიღი ემთხვევა პერიოდს, როდესაც ფელიქს ჯალაღონია, კომპანიაში დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის დროისთვის, იკავებდა მესტიის მუნიციპალიტეტის პროკურორის თანამდებობას. წარმოდგენილი შიდა მიმოწერის დოკუმენტაცია მიუთითებს, რომ ფელიქს ჯალაღონიასა და მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ, კომპანიის განმარტებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, სისტემატურად გაიცემოდა სესხები. მას შემდეგ, რაც კომპანიამ საჯარო გახადა, მათ შორის, 2010 წლის 4 აგვისტოს ე. ც.-სა და კომპანიის ფილიალის მენეჯერ ლ. ქ.-ს შორის სამსახურებრივი მიმოწერის შინაარსი, დოკუმენტში ე. ც. აღნიშნავს, რომ „ფელიქს ჯალაღონია ჩვენი ახლობელია. ყოველ მოსვლაზე და ყოველ სესხზე ხომ არ გეტყვი თავიდან?! ფელიქსი ახლობელია და აუცილებლად უნდა მიეცეს სესხი, რამდენჯერაც მოითხოვს“ (სტილი დაცულია). რაც შეეხება წერილის მომზადებისა და გაცემის კომპეტენციასა და უფლებამოსილებას, _ 2014 წლის ივლისის მდგომარეობით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდა ფინანსური პოლიცია, რომელსაც ზედამხედველობდა პროკურორი მირანდა წერეთელი, ხოლო ფელიქს ჯალაღონია წარმოადგენდა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსს. აღნიშნულ საკითხს მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან გაცემული წერილის ავტორი, ყველა მოქმედებით, უნდა ყოფილიყო პროკურორი მირანდა წერეთელი და წერილი საკითხზე არ უნდა მოემზადებინა ფელიქს ჯალაღონიას. თუ რა მოტივით შეიძლება ეთქვა უარი მირანდა წერეთელს წერილის მომზადებაზე მისი შინაარსიდან გამომდინარე და რატომ შეიძლებოდა განეცხადებინა თანხმობა ფელიქს ჯალაღონიას, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. ამასთან, ყურადღება უნდა დაეთმოს იმ გარემოებას, რომ 2014 წლის 18 მარტს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მიიღო განჩინება და დააკმაყოფილა მირანდა წერეთლის შუამდგომლობა კომპანიიდან 2008-2010 წლებში განხორციელებული შიდა ქსელური მიმოწერების ამოღებასთან დაკავშირებით. სასამართლოს ამ განჩინებისა და პროკურორის შუამდგომლობის საფუძველი გახდა, თავის მხრივ, ე. ც.-სა და სოსო ზარქუას აღიარებით ჩვენება. 2014 წლის 18 მარტის განჩინების პირობებში, სრულიად წარმოუდგენელია ფელიქს ჯალაღონიას წერილის შინაარსი, როდესაც, ფაქტობრივად, მტკიცებითი ფორმით გამორიცხავს ყოფილი მენეჯერის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ფელიქს ჯალაღონიას წერილი, იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა თანამდებობის პირმა 2014 წლის 18 მარტის განჩინების არსებობის შესახებ, გაიცა კომპანიასთან მხარის სამოქალაქო დავის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, რითაც ყოფილმა მენეჯერმა შეძლო, სასამართლოში საკუთარი პოზიციები დაესაბუთებინა.

_ კვლევის თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში „ლაზიკა კაპიტალის“ მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტის გამოძიებას, შესაძლებელია, ფელიქს ჯალაღონია და იმ პირთა წრე უშლიდეს ხელს, რომელსაც, თავის დროზე, ყოფილი თანამშრომლის დახმარებით, კომპანიისგან სასესხო თანხები აქვს მიღებული?

_ „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე ორგანიზაცია გაეცნო საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, სასამართლოების მხრიდან სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ასკვნის, რომ გაჭიანურებული საგამოძიებო მოქმედებები არ პასუხობს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესსაქმიანობის მიმართ სათანადო დამოკიდებულების სტანდარტს, ვხედავთ შერჩევითი სამართალწარმოების ნიშნებს, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, საქმისადმი პირადი დაინტერესების მაღალი ალბათობის გამო, იკვეთება დანაშაულის ერთობლიობაში მონაწილეთა სავარაუდო მფარველობა, რაც არ პასუხობს მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და კანონიერების პრინციპებს. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ პრინციპს: „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. არავინ არის ვალდებული, თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. იმავდროულად, კვლევა პასუხობს საქმეზე მაღალ საჯარო ინტერესს. საზოგადოება უფლებამოსილია მიიღოს სხვადასხვა ინსტრუმენტით ინფორმაცია დაუბრკოლებლად, საზოგადოების ყურადღების დაკმაყოფილება კი მოითხოვს, რომ მსგავსი დისკუსია არ უნდა აკრძალოს დათრგუნვილმა სასამართლომ, ან საგამოძიებო ორგანომ, რადგან დემოკრატიის საყრდენი ღერძი არის სწორედ საჯარო დებატები და საჯარო დისკუსია. ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს კომპანიის მხრიდან სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებისთვის წარდგენილ შიდა ელექტრონული კომუნიკაციის დოკუმენტს და საჭიროდ მიიჩნევს, გამოძიებამ სათანადო ყურადღება დაუთმოს მტკიცებულების ყოველმხრივ და ობიექტურ კვლევას ფინანსური დანაშაულის ჩადენაში სხვა პირთა დადგენისა და გამოვლენის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის ავთენტურობა დადგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის თებერვალში მომზადებული დასკვნით, თუმცა კითხვებს აჩენს, თუ რატომ არ იზიარებს საგამოძიებო ორგანო საქმეში არსებული წინამდებარე დოკუმენტის შინაარსს, მიმოწერაში წარმოდგენილი მხარეების ურთიერთკავშირსა და ერთმანეთის მიმართ გამოთქმულ ვალდებულებებს? აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობა კიდევ უფრო ხელშესახებია, როდესაც ვხედავთ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განჩინებას კომპანიიდან 2008-2010 წლებში განხორციელებული შიდა ქსელური მიმოწერების ამოღების შესახებ. სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია: „სს ,,ლაზიკა კაპიტალის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მოწმის სახით დაკითხვისას და სხვა მასალათა ერთობლიობით არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სს „ლაზიკა კაპიტალის“ სესხის ოფიცერს, სოსო ზარქუასა და სს „ლაზიკა კაპიტალის“ ოპერაციების მენეჯერ ე. ც.-ს შორის 2008-2010 წლებში არსებობდა საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები. დასადგენად იმისა, 2008-2010 წლებში არსებობდა თუ არა სოსო ზარქუასა და ე. ც.-ს შორის საბანკო-შიდა ქსელური დანაშაულებრივი მიმოწერები, დაინიშნა კომპიუტერული კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, რითაც გამოვლინდა ამ პირების არამართლზომიერი ქმედება სესხების გაცემასთან დაკავშირებით“. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს განჩინება პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებაა საქმეზე ობიექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის, დანაშაულის მომზადებაში ჩართული დამატებითი პირების გამოვლენისთვის, რომლითაც საქართველოს მთავარი პროკურატურა უნდა ხელმძღვანელობდეს. მიუხედავად ამისა, 2015 წლის 30 იანვრიდან დღემდე, რაც საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა განიხილავს, ბრალდების მხარეს არანაირი რეალური საქმიანი შედეგის მომტანი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია. მეტიც, კომპანია 2014 წლის ივლისიდან დღემდე, უშედეგოდ ითხოვს, პროკურატურამ სასამართლოდან გამოითხოვოს და საქმეს დაურთოს ის მტკიცებულებები და მასალები, რომელიც დაადგენს, ნამდვილად არსებობს თუ არა სოსო ზარქუასა და ე. ც.-ს დაკითხვის (გამოკითხვა) ოქმები, სადაც ჩადენილი დანაშაულის შესახებ აღიარებაა. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ აღნიშნული პროცესუალური მოქმედების განხორციელება უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დადგინდება: 1. თუკი დაკითხვის (გამოკითხვა) ოქმში კომპანიის ყოფილი თანამშრომელი დანაშაულებრივ მოქმედებებში მონაწილეობას აღიარებს, ასეთი აღიარება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; 2. თუკი დაკითხვის (გამოკითხვა) ოქმი წარდგენილია, თუმცა არ ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, აღნიშნული პირდაპირ დააყენებს საგამოძიებო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს და მიუთითებს პროცესის მიკერძოებულობაზე. სახელმწიფოს აღნიშნული ვალდებულება მით უფრო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, როდესაც ვხედავთ კომპანიის მხრიდან დასაბუთებულ ვარაუდს და მტკიცებას იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ორგანო კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების გასვლას იმედოვნებს, რადგანაც გამოძიებამ არ დაადგინოს ფინანსურ დანაშაულში მონაწილე დამატებითი პირები და არ გამოკვეთოს სავარაუდო დამნაშავეთა დამატებითი წრე. სამწუხაროდ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არც ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ და დასმულ კითხვებს უპასუხა.

_ თქვენ ახსენეთ საქმეზე სამოქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. რა შედეგებით დასრულდა წარმოებული დავები?

_ კომპანიასა და ყოფილ თანამშრომელს შორის, საქართველოს საერთო სასამართლოებში 2013-2015 წლებში, დავა მიმდინარეობდა რამდენიმე საკითხზე და მიმართულებით: ზიანის ანაზღაურება, აქციისა და დივიდენდის დაბრუნება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; „ლაზიკა კაპიტალის“ აქციონერთა საერთო კრების 2014 წლის 17 მაისის ოქმის (გადაწყვეტილება) გაუქმება ე. ც.-ს წილის გაუნაწილებელ დივიდენდად გამოყოფის ნაწილში. სასამართლოებმა არ გაიზიარეს და საქმეზე არ დაურთეს მხარის იურიდიული ინტერესის მქონე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 მარტის ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტი კომპანიას დაგვიანებით წარმოდგენილად ჩაუთვალა, როდესაც მტკიცებულება მომზადდა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასრულების შემდგომ, სააპელაციო ეტაპისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, სასამართლოებმა კომპანიის პროცესში თანასწორუფლებიანობის პრინციპი უხეშად დაარღვიეს. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, კიდევ უფრო მეტად საკამათოა სასამართლოს დასკვნები, როდესაც ე. ც.-ს მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების, კომპანიის მიმართ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის დამალვის, კომპანიის კორპორაციული ეთიკის, პროცედურული ნორმებისა და კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების უხეში დარღვევის ფაქტებზე აპელირებას ეხება. ფაქტია, ყოფილმა მენეჯერმა მოიგო სამოქალაქო დავები, თუმცა, პროფესიული თვალსაზრისით, საკამათოა სასამართლოს გადაწყვეტილებები, როდესაც საქმეზე დელიქტური ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლებს გამორიცხავს. დავის _ ზიანის ანაზღაურება, აქციისა და დივიდენდის დაბრუნება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, განხილვის დროს, სასამართლოს ქცევა კითხვებს აჩენს. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის საქმეზე: #2/ბ-1129 მიღებულ განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში აღნიშნულია: „ს.ს. „ლაზიკა კაპიტალის“ 2013 წლის 23 სექტემბრის #128 ბრძანებით, მენეჯერი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შრომითი დავა, სასამართლოს განმარტებით, უკვე კანონიერ ძალაში იყო შესული. სინამდვილეში, მხარეთა შორის წარმოებული კიდევ ერთი დავა სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომელზედაც მსჯელობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, კანონიერ ძალაში არ იყო შესული. ამ დავაზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა 2015 წლის 16 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღებიდან 28-ე დღის შემდეგ. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლომ სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით, მნიშვნელოვნად შელახა ბიზნესკომპანიის კანონიერი უფლებები. სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცება იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენდა საფუძვლიანი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩებოდა ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდებოდა აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. შედეგად, კომპანიამ მიიღო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე უარი, ხოლო მენეჯერმა ოჯახის წევრების მიმართ გადააფორმა კუთვნილი ქონება, რაც წარმოადგენს სასამართლოს დაინტერესებულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კომპანიის 2014 წლის 17 მაისის აქციონერთა კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების წლიური მოგების აქციონერებს შორის განაწილების შესახებ მათი წილის პროპორციულად, სადაც ასევე ერთ-ერთ აქციონერ ე. ც.-ს კუთვნილი დივიდენდი გამოიყო, როგორც გაუნაწილებელი დივიდენდი, აქციონერთა კრება, საზოგადოების წესდების თანახმად, უფლებამოსილი იყო, მიეღო ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, ამას წინ უსწრებდა აქციონერთა შეთანხმების დოკუმენტი, რაც სასამართლოებმა, ასევე, არ გაიზიარეს.

_ რას მოითხოვთ?

_ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმეზე უზრუნველყოს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, ვინაიდან არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ვლინდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი და გამოძიების გაჭიანურებამ არ უნდა გააგრძელოს კომპანიის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების უხეში დარღვევის პროცესი. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გონივრული სტანდარტის პრინციპზე დაფუძნებით, არსებული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების, საექსპერტო დასკვნების ერთობლიობის საფუძველზე, ს.ს. „ლაზიკა კაპიტალი“ ცნოს დაზარალებულ სუბიექტად; მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ბიზნესინტერესების განხორციელებას და დაცვას; გაკეთდეს მკაფიო აღნიშვნები ბიზნესის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიუკერძოებლად ჩატარების თაობაზე; მნიშვნელოვანია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელოს საქმეზე საზედამხედველო უფლებამოსილება, შეაფასოს საქმის წარმოების პროცესის კანონიერება და მისი შესაბამისობა სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპებთან.

 

თამარ ბატიაშვილი