„კრედიტინფო საქართველო“, ანუ რატომ გიმტკიცდებათ სესხი?

იცით თუ არა, საიდან აქვთ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს ინფორმაცია თქვენ შესახებ, ანუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით წყვეტენ ისინი, დაგიმტკიცდეთ თუ არა კონკრეტული სესხი?
საინფორმაციო ბაზა, სადაც თქვენი საკრედიტო ისტორია თავიდან ბოლომდეა თავმოყრილი, ისლანდიური კომპანია „კრედიტინფო ჯგუფის“ მიერაა საქართველოში დაარსებული და „კრედიტინფო საქართველო“ ჰქვია. ჩვენს ქვეყანაში მისი „მოღვაწეობა“ კი უკვე 12 წელიწადს ითვლის.

„ქრონიკა+“ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს _ ალექსანდრე გომიაშვილს ესაუბრა:
_ როდის და რა იდეით შეიქმნა კომპანია „კრედიტინფო საქართველო“?
_ კომპანია შეიქმნა 2005 წელს. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბანკებსა და სხვა ფინანსურ დაწესებულებებს არ გააჩნდათ სრული ინფორმაცია პოტენციური მსესხებლების შესახებ. ანუ როდესაც პიროვნება მიდიოდა და ბანკისგან სესხს ითხოვდა, ბანკს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეს კლიენტი შეეფასებინა. კლიენტს კი სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია უნდა წარმოედგინა და რთული იყო მათი შეფასება. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, რამდენიმე კვირა სჭირდებოდა სესხის აღებას.
პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო სამომხმარებლო სესხების გაცემა, რადგან როდესაც ფინანსურ ინსტიტუტს კლიენტის შეფასება არ შუძლია, შესაბამისად, ვერ იღებს გადაწყვეტილებას.
ჩვენი საინფორმაციო ბაზის შექმნისას გაითვალისწინეს საერთაშორისო გამოცდილება იმ ქვეყნებისა, სადაც განვითარებულია საკრედიტო ბაზარი. ყველა ამ ქვეყანაში მუშაობენ საკრედიტო ბიუროები, ამიტომ, რა თქმა უნდა, ინიციატივა მოდიოდა კერძო კომპანიიდან. ზოგადად, „კრედიტინფო ჯგუფი“ არის ისლანდიური კომპანია, სწორედ მათგან წამოვიდა ინიციატივა და, ასევე, მათი ქართველი პარტნიორებისგან, რომ ბანკებისთვის შეეთავაზებინათ ამ ბაზის შექმნა, ისინიც დათანხმდნენ.
_ თავდაპირველად, რომელი ბანკები და ორგანიზაციები იყვნენ აქციონერები?
_ თავიდან, 2005 წელს, აქციონერები იყვნენ „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „პროკრედიტ ბანკი“, რამდნეიმე თვეში შემოგვიერთდა „ბანკი რესპუბლიკა“ და „კრედიტინფო ჯგუფი“, ასევე, ქართული კომპანია „ენ-სი-აი-ბი“. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით „ენ-სი-აი-ბიმ“ კომპანიის თავისი წილი დანარჩენ აქციონერებს მიჰყიდა, „ბანკი რესპუბლიკა“ გავიდა ბაზრიდან და დღეს არიან „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „პროკრედიტ ბანკი“ და „კრედიტინფო ჯგუფი“. ეს უკანასკნელი არის ერთ-ერთი წამყვანი და სწრაფად მზარდი საკრედიტო ბიურო მსოფლიოს მასშტაბით. დღეს, დაახლოებით, 30-მდე ქვეყანაში აქვს ბიურო და მათ სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას, რისკკონსალტინგისა და სხვა პროდუქტების კუთხით აწვდის ინფორმაციას.
_ რა ტიპის ინფორმაცია იცვლება „კრედიტინფო ჯგუფის“ მიერ?
_ თავიდან იცვლებოდა მხოლოდ ნეგატიური ინფორმაცია. თან იმ მომენტისთვის, 2005 წლისთვის, რაიმე სტანდარტებიც კი არ არსებობდა ბანკებისთვის _ ზოგიერთი ბანკი სესხზე ვადაგადაცილებად თვლიდა 15, ზოგი 40, ზოგიც 45 დღეს, ჩვენი ორგანიზაციის შექმნამ კი, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო სტანდარტიზაციას. დღეს ფიზიკური პირებისთვის ვადაგადაცილებად ითვლება 30 დღეზე მეტი და იურიდიული პირებისთვის _ 60 დღეზე მეტი. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფორმაციის ხარისხიც. იმ დროისთვის არავინ ახდენდა ინფორმაციის სწორ ფორმატსა და ხარისხში შენახვას, იყო შემთხვევები, როცა ბანკი სესხს გასცემდა და ამ დროს მსესხებლის პირადი ნომერიც კი არ იცოდა, მხოლოდ პირადობის მოწმობის ნომერს ინიშნავდნენ, რომელიც, ყველამ ვიცით, რომ იცვლება. ანუ „კრედიტინფოს“ შექმნამ ხელი შეუწყო ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებას, სტანდარტიზაციას და ბანკებს შესაძლებლობა მიეცათ, შეეფასებინათ თავიანთი კლიენტები.
ბანკები თანდათანობით მიხვდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ასეთი ინფორმაციის გაცვლა და უკვე 2007-2008 წლებიდან დავიწყეთ პოზიტიური ინფორმაციის გაცვლა.
აქამდე ინფორმაცია იცვლებოდა მხოლოდ ვადაგადაცილებულ სესხებზე, შემდეგ შეთანხმდნენ, რომ როგორც კი პიროვნება აიღებდა სესხს, ეს ინფორმაცია პირდაპირ წამოსულიყო ჩვენთან და მათ შეეძლებოდათ კარგი გადამხდელი კლიენტურის იდენტიფიცირებაც. თავიდან პოზიტიური ინფორმაცია მხოლოდ 20 000 დოლარამდე სესხებზე იცვლებოდა, შემდეგ 100 000$-მდე სესხებზე და დღეს ეს ზღვარი არის 500 000 აშშ დოლარი. აქაც უკვე დავიწყეთ განხილვა, რომ ან გავზარდოთ ეს ლიმიტი, ან საერთოდ მოვაშოროთ და ნებისმიერი რაოდენობის სესხზე გაიცვალოს ინფორმაცია.
როცა ჩვენმა კომპანიამ მუშაობა დაიწყო, ამ პერიოდს დაემთხვა ბანკებისა და მიკროსაფინანსოების გააქტიურება, განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხების მიმართულებით და ქვეყანაში დარეგულირება გაიზარდა.
_ რომელი ფინანსური ინსტიტუტები შედიან თქვენს ბაზაში?
_ დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი კლიენტია ყველა ბანკი, მიკროსაფინანსო კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა (ხშირ შემთხვევაში ორგანიზაციები დარეგისტრირებულები არიან მიკროსაფინანსოებად, მაგრამ არიან ლომბარდები; ისინი, სამწუხაროდ, ჩვენი მეშვეობით ინფორმაციას არ ცვლიან), სალიზინგო კომპანიები, ინტერნეტ გამსესხებლები, სადაზღვევო კომპანიები, დისტრიბუტორები და სხვადასხვა მსხვილი კომპანია. მთლიანობაში, დაახლოებით, 150-მდე ობიექტი.
_ როგორ მუშაობს სისტემა?
_ ისინი გვაწვდიან და იღებენ ინფორმაციას, ანუ აქ სისტემა მუშაობს ასე: თქვენ იღებთ იმ ტიპის ინფორმაციას, რა ტიპსაც თავად აწვდით. თუ თქვენ ცვლით მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას, შესაბამისად, მხოლოდ იმავე ტიპს იღებთ, თუ პოზიტიურსაც ცვლით, მათაც იღებთ.
_ გარდა ბანკებისა, ვისგან იღებთ ინფორმაციას?
_ დღეს ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ მოვალეთა რეესტრიდანაც, ასევე შსს-ს ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ და შემოსავლების სამსახურიც გვაწვდის ინფორმაციას ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების შესახებ, თუ ეს თანხა არის 1000 ლარზე ნაკლები. რეალუარდ, ეს იმისთვისაა გაკეთებული, რომ როდესაც პიროვნება ბანკში მიდის, ბანკმა აცნობოს, რომ მას აქვს ძალიან დიდი საგადასახადო დავალიანება, რათა პიროვნებამ დროულად დაფაროს დავალიანება, შემდეგ საგადასახადომ ამ პიროვნების ქონება არ დააყადაღოს, ამან კი არ გამოიწვიოს გარკვეული უხერხულობა, ან პირობლემა.
_ სულ რამდენი ადამიანია თქვენს ბაზაში რეგისტრირებული?
_ თუ ერთხელ მაინც აქვს პიროვნებას სესხი აღებული, ჩვენთან აუცილებლად დაფიქსირდება. ამჟამად 2,5 მლნ ფიზიკური პირია რეგისტრირებული. ეს ინფორმაცია კი ახლდება თვეში 2-ჯერ, თუმცა ზოგი ორგანიზაცია, განსაკუთრებით ონლაინ გამსესხებლები, ყოველდღიურად აახლებენ ინფორმაციას, რადგან მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უახლესი ინფორმაციის მიღება.
_ რაიმე პრობლემა თუ შეგქმნიათ მუშაობისას?
_ აქ გლობალური პრობლემა არ გვხვდება, რადგან ყველა დაინტერესებულია, რომ ამ სისტემამ კარგად იმუშაოს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქმნება საკრედიტო ბიურო _ მსოფლიო ბანკი კონკრეტული ქვეყნის ეროვნულ ბანკს ავალდებულებს, რომ მიიღოს კანონმდებლობა საკრედიტო ბიუროების შესახებ და, თავის მხრივ, ყველა ფინანსური ინსტიტუტი დაავალდებულოს, რომ გაცვალოს ინფორმაცია, შემდეგ კი ამ სერვისით ისარგებლოს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარებისთვის, ანუ ყველაფერი ასე ხდება: როცა „კრედიტინფო ჯგუფი“ ტენდერში მონაწილეობს, ეს ძირითადად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც მსოფლიო ბანკის დახმარებით მიღებულია კანონმდებლობა, რომლითაც ბანკებს წარმოექმნებათ ვალდებულება, რომ საკრედიტო ბიუროს ინფორმაცია მიაწოდონ. შემდეგ ე.ბ. ატარებს ტენდერს, რომ საერთაშორისო მოთამაშე შემოვიდეს ბაზარზე.
საქართველოს მაგალითი ყველგან გამოიყენება იმისთვის, რომ აჩვენონ, თუ რამდენად განვითარებულები არიან ფინანსური ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის შეფასებითაც უმაღლესი ქულები გვაქვს. ჩვენც კმაყოფილები ვართ და ფინანსური ინსტიტუტებიც. თუმცა ზოგჯერ არის გარკვეული პრობლემები ინფორმაციის დროულად მოწოდებასთან დაკავშირებით, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზებით, თუმცა ვინაიდან ყველა თვითონ არის დაინტერესებული, რომ ინფორმაცია დროულად და ზუსტად გაიცვალოს, ძალიან დიდი მონდომებით აკეთებენ ამას.
_ რეალურად, ბანკებს აღნიშნული ინფორმაციის გარეშე სესხის გაცემა არ შეუძლიათ?
_ განსაკუთრებით მსხვილ ბნაკებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ თითოეული კლიენტის შესახებ, თუმცა იმისთვის, რომ ბანკმა აბსოლუტური ინფორმაცია მიიღოს მათზე, სრული სურათი სჭირდება, რადგან შესაძლოა, პიროვნება ერთ ბანკში იხდიდეს ვალდებულებებს და მეორეში _ არა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას პრობლემები აქვს ვალდებულებების დაფარვასთან და, ბოლოს და ბოლოს, იმ ბანკშიც, სადაც კარგად იხდის, დიდია ალბათობა, რომ პრობლემები შეექმნება, ამიტომ რაც უნდა მსხვილი იყოს ბანკი და რაც უნდა ბევრი ინფორმაცია ჰქონდეს, მისთვის რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება ჩვენი მონაცემთა ბაზის გარეშე.
_ ონლაინ გამსესხებლები ხომ თითქმის ყველა ადამიანს უმტკიცებენ სწრაფ სესხს?
_ ჩვენ სრულ ინფორმაციას ვაწვდით მათ, თუმცა თვითონ ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა გააანალიზოს იგი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. ვინაიდან ამ ბაზრის არანაირი რეგულირება არ იყო და მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი დაერიცხათ თავიანთი კლიენტებისთვის, ისინი მეტ ყურადღებას აღარ აქცევდნენ კლიენტების სწორ შეფასებას, შესაბამისად, ამ ორგანიზაციებში იმ კლიენტების წილი, რომელთაც ვადაგადაცილება და დაუფარავი სესხები ჰქონდათ, გაცილებით მაღალი იყო. მათ შეექმნათ პრობლემები, განსაკუთრებით, როცა რეგულაციები შემოვიდა.
_ თითოეულ მომხმარებელს როგორ შეუძლია საკუთარი საკრედიტო ისტორიის ნახვა?
_ თუ გაინტერესებთ, თქვენ შესახებ რა საკრედიტო ისტორიაა, რათა შეაფასოთ, რამდენად გაქვთ იმის შანსი, რომ ესა თუ ის პროდუქტი ან მომსხაურება მიიღოთ ამა თუ იმ ფინანსური ინსტიტუტისგან, ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელსაც ჰქვია „ჩემი კრედიტინფო“, სადაც ადამიანს შესაძლებლობა აქვს, თვალი ადევნოს საკუთარ საკრედიტო ისტორიას და იმ საკრედიტო ქულას, რომელიც მას მიენიჭა. ეს მარტივია, ინტერნეტით ყველას შეუძლია დარეგისტრირდეს, მიიღოს ინფორმაცია ცვლილების შესახებ, ან იმის შესახებ, თუ ვინმე მასზე მოიძიებს ინფორმაციას. ერთხელ დარეგისტრირდებით, შეიტანთ მომსახურების თანხას და მთელი წლის მანძილზე გექნებათ წვდომა, თუმცა, ასევე, წელიწადში ერთხელ ადამიანს აქვს უფლება, რომ საკუთარი საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიიღოს უფასოდ. ოღონდ იქიდან გამომდინარე, რომ დისტანციურად პიროვნების იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ, ეს პირი ჩვენს ოფისში უნდა მოვიდეს.
_ როგორ ფასდება საკრედიტო ბიუროები მსოფლიო მასშტაბით და ამ კუთხით რა დონეზე ვართ?
_ ჩვენი საკრედიტო ბიუროები ფასდება, პირველ რიგში, ინფორმაციის ხარისხის მიხედვით, ამ კუთხით მსოფლიო ბანკი მაქსიმალური ქულით გვაფასებს და ყურადღება მახვილდება ასევე დაფარვის ხარისხზე, ანუ მოსახლეობის რა პროცენტს ფარავს საკრედიტო ბიურო. ჩვენს შემთხვევაში აქტიური მოსახლეობის 95%-ზე მეტს ფარავს და ამ კუთხითაც ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ.
_ კონკრეტულ ადამიანს სხვაზე ინფორმაციის მოპოვება არ შეუძლია?
_ აქ არის მხოლოდ ერთი შესაძლებლობა, თუ ჩართული გაქვთ სერვისი „ჩემი კრედიტინფო“ და რაიმე სახის გარიგებას დებთ, ვთქვათ, ბინას ქირაობთ, ბინის მფლობელი კი გთხოვთ თქვენს საკრედიტო ისტორიას, მაშინ თქვენივე ნებართვით ამ ინფოს აჩვენებთ მას, ლინკის გაგზავნით.
უახლოეს მომავალში, 2 თვის მანძილზე, ვაპირებთ მობილური აპლიკაციის დამატებას.
_ გარდა ფინანსური სექტორისა, სხვა ინსტიტუტებთანაც ხომ არ გეგმავთ შეთანხმებას?
_ დღეს ფინანსურ სექტორს სრულიად ვფარავთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სექტორში მომუშავე სხვადასხვა კომპანიამაც გაცვალოს ესა თუ ის ინფორმაცია. ჩვენ წელს დავდეთ ხელშეკრულება დისტრიბუტორთა ასოციაციასთან და სხვა რამდენიმე კომპანიამაც უკვე დაიწყო ჩვენთან ურთიერთობა. ველით, რომ სხვებიც დაიწყებენ ამას, რადგან ამა თუ იმ პირებს ან კომპანიებს დავალიანება აქვთ არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, არამედ ჩვეულებრივი კომპანიების მიმართაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. შესაძლოა, რომელიმე კომპანია დროულად იხდის ბანკის სესხს, მაგრამ, ამავდროულად, მომწოდებლის მიმართ აქვს დავალიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, ბოლოს უჩივლებს მას და შესაძლოა, სასამართლო წესით მოაგვარონ ეს საკითხი.
როდესაც თქვენ ხართ ნებისმიერი ტიპის კომპანია და გინდათ ურთიერთობის დაწყება სხვასთან, ხომ უნდა გაინტერესებდეთ, ამ ორგანიზაციას როგორი ურთიერთობა აქვს სხვებთან?! აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტების ინფორმაცია ხვდებოდეს ჩვენთან, არამედ, მოვიცვათ, რაც შეიძლება, დიდი სექტორი.
_ რამდენი ადამიანი გყავთ ახლა დასაქმებული?
_ თავიდან 5 თანამშრომელი გვყავდა, ახლა 20 გვყავს. ეს ოდენობა იმიტომაა, რომ მთელი ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა, სერვერები ქვეყნის გარეთ, ჩეხეთშია განთავსებული.
_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს სერვისში?
_ მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მშრალ საკრედიტო ინფორმაციას ვაძლევთ კლიენტებს, არამედ ე. წ. დამატებით მოდელებს, ანუ „სქორინგის“ მოდელებს, „ბენჩმარკებს“, მონიტორინგსა და ა. შ სწორედ ამის მიხედვით სტატისტიკურად ფასდება იმის შესაძლებლობა, თუ როგორ განახორციელებს ესა თუ ის სუბიექტი ვალების მომსახურებას მომავალი ერთი წლის განმავლობაში?

მაშ, ასე! _ ნებისმიერ თქვენგას შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი საკრედიტო ისტორიის შესახებ და თავად ნახოთ, თუ რა „დონეზე“ დგახართ. ამისთვის კი წლიურად 20 ან 30-ლარიან პაკეტს შეიძენთ და მუდმივად თვალს ადევნებთ საკუთარ ისტორიას, ან წელიწადში ერთხელ ესტუმრებით მათ ოფისს თბილისში თარხნიშვილის ქუჩა #2-ში და უფასო მომსახურებას მიიღებთ.
მათი არსებობა კი ცალსახად მნიშვნელოვანია როგორც ყველა ფინანსური ინსტიტუტისთვის, ისე რიგითი მოქალაქისთვისაც.

ნინო ტაბაღუა